"ეს ის კაცია, ვისაც ცოლად გავყები" - ლეგენდარული წყვილის ხმაურიანი ურთიერთობა, სკანდალები და დაშორება - კვირის პალიტრა

"ეს ის კაცია, ვისაც ცოლად გავყები" - ლეგენდარული წყვილის ხმაურიანი ურთიერთობა, სკანდალები და დაშორება

ჰოლივუდურ სიყვარულის ისტორიებს შორის გამორჩეული ვივიენ ლისა და ლორენს ოლივიეს სიყვარულის ისტორიაც აღმოჩნდა. მათ დღეს ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ, გრძნობით აღსავსე და ემოციურ წყვილად მოიხსენიებენ. უამრავი გულისტკივილისა და წარუმატებელი მცდელობების მიუხედავად, მათ ერთად ყოფნა და მარადიული სიყვარული შეძლეს.

"ოჰ, ჩემი გული უშენოდ ვერ ძლებს", - წერდა ლორენსი ვივიენს.

თეატრისა და კინოს ახალგაზრდა, მომხიბვლელი ბრიტანელი მსახიობი ვივიენ ლი პირველად საზოგადოებაში 1935 წელს გამოჩნდა, რამდენიმე პატარა სპექტაკლის შემდეგ კინოინდუსტრიაში გადაინაცვლა და ჰოლივუდური კარიერის შექმნა დაიწყო. მსახიობთა წრეში თავის დამკვიდრება ვივიენმა მალე შეძლო, რადგან მისი მომხიბვლელობა და ამაყი ბუნება შეუმჩნეველი არავის რჩებოდა. ვივიენმა კარიერის დასაწყისში, ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გადაწყვიტა გათხოვება და ბარისტას, თეატრის მოძულე სიმპათიურ ყმაწვილს გაჰყვა ცოლად.

სხვადასხვა ინტერესისა და მეუღლის სიმკაცრის გამო, ქორწინება უიღბლო და წარუმატებელი აღმოჩნდა და უმშვენიერესი ვივიენი მეუღლეს გაშორდა. ალბათ, ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო, რომ შემდგომ ვივიენი ლორენსს გაეცნო და წყვილს ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი უმშვენიერესი სიყვარულის ისტორია "დაეწერა".

1936 წელს ლონდონში ფილმის - "სათნოების ნიღაბის" გადაღება მიმდინარეობდა, სადაც ვივიენსა და ლორენსს ერთად მოუხდათ თამაში. მაშინ ოლივერი 28 წლის გახლდათ და მსახიობ ჯილ ესმონდზე იყო დანიშნული. არც ვივიენი იყო მარტო - პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ მეორედ გათხოვება და შვილის გაჩენა მოესწრო, თუმცა... ეს არც ერთისთვის და არც მეორესთვის ქცეულა დაბრკოლებად, რადგან მსახიობებს ერთმანეთი დანახვისთანავე მოეწონათ.

"ეს ის კაცია, ვისაც მე ცოლად გავყები", - უთხრა ვივიენმა თავის მეგობარს მას შემდეგ, რაც პირველად ნახა მომხიბვლელი ლოურენსი.

მათი ურთიერთობა ამ გაბედული ფრაზისა და პირველივე ნახვით შეყვარების შემდეგაც არ დაწყებულა, 1936 წელს ოლივიეს ჯილთან ვაჟი შეეძინა და ამ წლის შემდეგ ლოურენსისა და ვივიენის რომანი უკვე სიყვარულში გადაიზარდა.

"მეზიზღებოდა ჩემი თავი, რადგან ჯილს ვღალატობდი, მაგრამ ჩემი და ვივიენის ურთიერთობა სიყვარული იყო, რომელიც, ჩემდა უკითხავად, ღრმად მითრევდა", - იხსენებდა ლოურენსი.

მსახიობების ერთწლიანი რომანის შემდეგ  წყვილს ფილმში - "ცეცხლი ინგლისის თავზე" სასიყვარულო ეპიზოდის თამაში მოუწია. ამან კიდევ უფრო გააღვივა მათი გრძნობები და სასიყვარულო რომანი გადასაღებ მოედანს გასცდა. ისინი უკვე ხშირად ნახულობდნენ ერთმანეთს და, ქორწინების პარალელურად, საიდუმლოდ ინახავდნენ სიყვარულს.

"ეს მხოლოდ ვნებები არ ყოფილა, ეს იყო სიყვარული, რომელიც მისთვის ნამდვილად არ მითხოვია. მაგრამ ამ გრძნობამ გამიტაცა", - ამბობდა ლოურენსი.

მომდევნო წელი ლისა და ოლივიესთვის რთული აღმოჩნდა. მსახიობების კარიერა წინ მიიწევდა, როდესაც ვივიენს მენტალური პრობლემების პირველი ნიშნები გამოუვლინდა. იმხანად მედიცინს ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ არანაირი მეთოდი არ ჰქონდა და ვივიენს დახმარება ვერავინ გაუწია. 1938 წელს, ერთ-ერთი ფილმის გადაღებისას, ლი უკვე ხასიათის მკვეთრი ცვლილებითა და უცნაური ჩვევებით გამოჩნდა გადასაღებ მოედანზე. მისი დიდება ამ დაავადებამ ფეხქვეშ გათელა და რეჟისორს ვივიენის, როგორც მთავარი როლის შემსრულებლის, ჩანაცვლება მოუხდა. ამან კი მსახიობი ბოლომდე გაანადგურა.

კარიერული კრახი მართლაც დიდი დარტყმა აღმოჩნდა ჰოლივუდის წარმატებული მსახიობისთვის, თუმცა მასზე უზომოდ შეყვარებული ლოურენსი ლის სასიყვარულო წერილებით ანებივრებდა და ამ დარდს მისდამი მარადიული სიყვარულის გამოხატვით უქარწყლებდა.

"ძვირფასო, არაფერი გამიკეთებია საიმისოდ, რომ გიყვარდე, მიყვარხარ იმაზე მეტად, ვიდრე ამას წარმოიდგენ, ყოველთვის, ყოველწამს მიყვარს შენი განსაკუთრებული სული", - წერდა ლოურენსი ვივიენს.

დაავადების ნიშნების გამოვლენიდან მალევე, ვივიენი თავს მოერია და საყვარელ საქმეს დაუბრუნდა. უმშვენიერესი მსახიობი გადაღებიდან გადაღებაზე დადიოდა. ლოურენსი ლის წერილებს კვლავ უგზავნიდა და ახლა უფრო ხშირად ნახულობდა მას. ერთად შესრულებული რამდენიმე როლის შემდეგ ლი პირველი ბრიტანელი ოსკაროსანი ქალი გახდა. მან ფილმ „ქარწაღებულნში“ მთავარი გმირის - სკარლეტ ო'ჰარას როლის შესრულებისთვის პირველი ოსკარი მიიღო.

ამ წარმატების შემდეგ წყვილმა გადაწყვეტილება მიიღო, თავიანთი მრავალწლიანი რომანი ქორწინებით დაეგვირგვინებია. ოლივიე მეუღლეს გაშორდა და ვივიენმაც დაასრულა თავისი ურთიერთობა. 1940 წლის 31 აგვისტოს ლისა და ოლივიეს პატარა ქორწილიც შედგა.

ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, ჰოლივუდი უმშვენიერესი ბრიტანელი მსახიობების ცხოვრებით ტკბებოდა. 1944 წელს ვივიენი და ლოურენსი ჩრდილოეთ აფრიკაში, ტურში წავიდნენ, სადაც ლი ცუდად გახდა, ცხელება და ძლიერი ხველა დაეწყო და ტურნედან წამოსულები, სასაწრაფოდ საავადმყოფოში მივიდნენ, სადაც ვივიენს ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს. მსახიობმა რამდენიმე კვირა საავადმყოფოში გაატარა და ამ ხმის განმავლობაში მეუღლისგან სასიყვარულო წერილებს კვლავ იღებდა.

"გთხოვ, გთხოვ, გთხოვ, ჩემო ანგელოზო, ექიმისგან ნებართვა აიღე, შენთან შემომიშვას. შენ მთელ მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც მე, ჩემს თავსა და ყველაფერზე მეტად შევიყვარე", - წერდა ლოურენსი.

ვივიენმა ტუბერკულოზი დაამარცხა და კვლავ დაუბრუნდა საყვარელ საქმიანობას. თუმცა მშვიდი და წყნარი ცხოვრება მსახიობისთვის ხანმოკლე აღმოჩნდა. გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე წელში ლის ცხოვრებაში ძველმა უკვე მივიწყებულმა ბიპოლარულმა აშლილობამ იჩინა თავი. მსახიობი სცენაზე იჯდა და ისტერიკულად, საათობით ტიროდა. ლიმ თავისი დაავადების კონტროლი დაიწყო და ვიდრე აშლილობა გამწვავდებოდა, ლოურენსის გაფრთხილებას ასწრებდა ხოლმე. თუმცა ბიპოლარული აშლილობის პროგრესის პერიოდში თავის კონტროლი და კარგად მოქცევა ძალიან უჭირდა.

თითქოს რა იდეალური იყო ლისა და ოლივიეს სიყვარული, მაგრამ გადასაღებ მოედანზე ოლივიეს რომანები ყოველდღე პრესის განხილვის საგანი ხდებოდა - ახალგაზრდა მსახიობებისადმი ლტოლვას ლიზე შეყვარებული ლოურენსი ვერა და ვერ ივიწყებდა. 1948 წელს ვივიენი და ოლივიე ახალ ზელანდიაში, მორიგ ტურნეში წავიდნენ. ამდენი პრობლემა და დაუსრულებელი სტრესი საყვარლების ურთიერთობას ანადგურებდა. მათი დამოკიდებულებაც უკვე ისეთი აღარ იყო, როგორც ადრე. ისინი ხშირად კამათობდნენ, ვივიენის ბიპოლარული აშლილობა ლოურენსის გაღიზიანებას იწვევდა და იმ ტურნეში მომხდარმა ინციდენტმა მათ ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა.

ერთ საღამოს, ვიდრე ისინი სცენაზე გამოვიდოდნენ, ვივიენმა ფეხსაცმელი დაკარგა. ქალი აფორიაქდა, პანიკაში ჩავარდა. ლოურენსმა ქალის დამშვიდება ვერ შეძლო და გაბრაზებულმა მას სახეში ხელი გაარტყა, ქალმაც იმავე ჟესტით უპასუხა. რამდენიმე წუთში ვივიენი სხვისი ფეხსაცმლით გამოვიდა სცენაზე, იღიმოდა და ბედნიერი ჩანდა, თუმცა ლოურენსი მიხვდა, რომ იმ დღეს მან ვივიენი სამუდამოდ დაკარგა.

1948 წელს მსახიობებს შორის ძველი გრძნობები გაქრა, განელდა და არეულობაც დაიწყო. 1953 წელს, შრი ლანკაზე ყოფნისას, ერთ დილას ვივიენმა სრულიად უცხო კაცთან გაიღვიძა. იგი საკუთარ თავს არ ჰგავდა, მძიმე დეპრესიისა და ნერვული აშლილობის პიკზე იყო. ყვითელი პრესა ცალკე - ვივიენის და ცალკე - ლოურენსის რომანებზე წერდა, თუმცა წყვილი საზოგადოებაში კვლავ ერთად ჩნდებოდა.

1958 წელს,  ქორწინებიდან უკვე მრავალი წლის შემდეგ, ლი მიხვდა, რომ მათი ქორწინება დამთავრებული იყო და მან მსახიობ მერივალთან გააბა რომანი. ამ დროს ოლივერი მასზე 22 წლით უმცროსს ქალს, მსახიობ ჯოან პლიურაითს ხვდებოდა.

დაშორების შემდეგ, წლების განმავლობაში ისინი არც გადასაღებ მოედანზე ხვდებოდნენ, თუმცა პერიოდულად სასიყვარულო წერილებს მაინც უგზავნიდნენ ერთმანეთს. 1967 წელს ვივიენი ტუბერკულოზის ხელმეორე ტალღას ებრძოდა, როდესაც ღამე სააბაზანოში გავიდა, ჩაიკეცა და იქვე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ფილტვებში წყლის ჩადგომა გახდა.

ბოლო სასიყვარულო წერილში ლოურენსმა ვივიენს მისწერა, რომ ამდენი წლის შემდეგაც უსაზღვროდ, უზომოდ უყვარდა ქალი. ჭორების მიხედვით, მათი დაშორების მიზეზი ლოურენსის ახალგაზრდა ქალებისადმი უზომოდ დიდი ინტერესი იყო და იმასაც ამბობდნენ, ლოურენსის საყვარელთა სიაში მერლინ მონროც შედიოდაო. შესაძლოა, მათი დაშორება ვივიენის ბიპოლარულ აშლილობასაც გამოეწვია, ანდა მიზეზი, უბრალოდ, მათი ჩახლართული და ამავდროულად უდიდესი სიყვარული იყო.

დაშორების შემდეგ თითქოს ცხოვრება განაგრძეს, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე ერთმანეთზე შეყვარებულები დარჩნენ. მიუხედავად მეუღლისა და ახალი ოჯახისა, ლოურენსი გარდაცვალებამდე მუდმივად უყურებდა ფილმებს მისი და ვივიენის მონაწილეობით. მათი გენიალური შესრულება ფილმში "ქარიშხლიანი უღელტეხილი" ისტორიას სამუდამოდ დარჩა. (წყარო)

იხილეთ ფოტოგალერია

(სპეციალურად საიტისთვის)