საკონსტიტუციო წყობის დამხობა, ქრთამის აღება და... - პოსტსაბჭოთა ლიდერები და სისხლის სამართლის საქმეები - კვირის პალიტრა

საკონსტიტუციო წყობის დამხობა, ქრთამის აღება და... - პოსტსაბჭოთა ლიდერები და სისხლის სამართლის საქმეები

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ხშირია შემთხვევები, როდესაც ექსპრეზიდენტები და ქვეყნის ლიდერები სისხლის სამართლის საქმეების ფიგურანტები ხდებიან. ამის არაერთი მაგალითია და მათ შორის გამონაკლისი არც საქართველოა.

მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, სომხეთსა და ყირგიზეთში ორი ექსპრეზიდენტი დააკავეს.

თუ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისტორიას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ უამრავ ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში, ქვეყნის პირველი პირების სახელს სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმე უკავშირდება (უკავშირებენ).

უკრაინა

ქვეყნის პირველმა სამმა პრეზიდენტმა - ლეონიდ კრავჩუკმა, ლეონიდ კუჩმამ და ვიქტორ იუშჩენკომ თანამდებობა მშვიდობით დატოვა.

2014 წელს, მაიდანზე მომხდარი ამბების გამო, მეოთხე პრეზიდენტი - ვიქტორ იანუკოვიჩი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა და რუსეთში გაქცეულიყო.

2019 წელს სასამართლომ იგი ქვეყნის ღალატსა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში დაადანაშაულა. 2020 წლის ივნისში უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ შეამუშავებინა ახალი კანონი, პეტრო პოროშენკოს მომხრეთა ლუსტრაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ისინი სახელმწიფო თანამდებობას ვერ დაიკავებენ.

თავად პოროშენკოს სახელი უამრავ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი ამ საქმეებთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტი აიაზ მუთალიბოვი თანამდებობიდან 1992 წელს გადადგა და წლების განმავლობაში მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

იგი რუსეთში გაიქცა და სამართალს ასე დაემალა, თუმცა 2012 წელს მას იმუნიტეტი მიანიჭეს და ბაქოში სწორედ ამის შემდეგ დაბრუნდა.

სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი გახლდათ აზერბაიჯანის მეორე პრეზიდენტი აბულფაზ ელჩიბეიც, რომელიც ქვეყნის მმართველი თითქმის 1 წლის განმავლობაში იყო. 1996 წელს იგი ჰეიდარ ალიევის წინააღმდეგ გამოვიდა, ამის საპასუხოდ, პრეზიდენტის ღირსების შელახვის გამო, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა საქმე სასამართლომდე არ მისულა.

სომხეთი

სომხეთისთვის ქვეყნის ლიდერის სისხლის საქმეში დადანაშაულება ახალი ისტორიული მოვლენაა. 2018 წელს ქვეყნის ექსპრეზიდენტს - რობერტ კოჩარიანს საკონსტიტუციო წყობის დამხობაში დასდეს ბრალი. საქმე ეხებოდა ქვეყანაში 2008 წელს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც, პოლიტიკური კრიზისის პერიოდში, მან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და არმია გამოიყვანა.

სომხეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს პრეზიდენტობის კანდიდატ ლევონ ტერ-პეტროსიანის ინტერესებს წარმოადგენდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებშიც და სწორედ ამიტომ, კოჩარიანი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს შურისძიებად აღიქვამს.

2019 წელს კოჩარიანს ქრთამის აღებასაც ედავებოდნენ, რასაც ექსპრეზიდენტი არ ეთანხმებოდა.

თავად ნიკოლ ფაშინიანი 2010 წლის 1 ივლისს ნებაყოფლობით გამოცხადდა პროკურატურაში. იგი დააკავეს და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ერთი წლისა და 11 თვის შემდეგ, მას სომხეთის დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ამნისტია შეეხო.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სომხეთის მესამე პრეზიდენტის - სერჟ სარქისიანის წინააღმდეგაც. მას ბრალი წაუყენეს სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 38-ე მუხლის და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი პუნქტის მიხედვით, რაც 1 მილიონ დოლარზე მეტის მითვისება-გაფლანგვასა და მიტაცებას გულისხმობდა. აღკვეთის ღონისძიების სახით, სარქისიანს გაუსვლელობის შესახებ ხელწერილი ჩამოართვეს.

საქართველო

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის პირველი პრეზიენტის - ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ 1992 წელს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას ბრალი ედებოდა სამშობლოს ღალატში, შეიარაღებული ბანდ-ფორმირებების ორგანიზებაში, ტერორისტული აქტების დაგეგმვასა და კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მოწოდებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში. იგი დაუსწრებლად გაასამართლეს და შიდა ძებნაში გადაეცა. საქართველოს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ვერ შეძლეს მისი საერთაშორისო ძებნაში გადაცემა. თავად მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინაში იმყოფება. იგი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ყირგიზეთი

ყირგიზეთის ექსპრეზიდენტს - ალმაზბეკ ატამბაევს 2019 წელს კორუფციულ საქმიანობაში სდებდნენ ბრალს, თუმცა იგი ამ საქმესთან კავშირს უარყოფდა, არ მიდიოდა დაკითხვაზე და ამის ნაცვლად საკუთარი სახლის უსაფრთხოების გაძლიერებით იყო დაკავებული.

2019 წლის აგვისტოში, სოფელ კოი-ტაშთან ატამბაევის სახლის შტურმით აღებისას, რომელიც 2 დღე გრძელდებოდა, დაიღუპა სპეცრაზმის ოფიცერი და 225 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ იგი დააკავეს და ბრალად წაუყენეს მკვლელობა, ხელისუფლების წინააღმდეგ ძალის გამოყენება და მასობრივი არეულობის მოწყობა. იგი პირველი ლიდერი იყო, ვინც ციხეში აღმოჩნდა. თუმცა თავად ატამბაევი საკუთარ თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

ყირგიზეთის კიდევ ერთი ექსპრეზიდენტის- ასკარ აკაევის მიმართ ფორმალურად არასდროს აღძრულა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა იგი მაინც არ ჩადის ქვეყანაში, რადგან ეშინია, რომ იმ სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი გახდება, რომელიც მისი ნათესავებისა და თანამებრძოლების წინააღმდეგ აღძრეს.

მოლდოვა

მოლდოვა საპარლამენტო რესპუბლიკაა. მისი ექსპრემიერი ვლადიმერ ფილატი 2015 წელს კოროფციული საქმიანობის ბრალდებით დააკავეს. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2019 წლის აგვისტოში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფილატს 2 წლით შეუმცირდა სასჯელი. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)