პირადი ოჯახური ტრაგედია, შვილთან დაკავშირებული სკანდალი და ბაიდენი საქართველოში - ვინ არის ამერიკის 46-ე პრეზიდენტი - კვირის პალიტრა

პირადი ოჯახური ტრაგედია, შვილთან დაკავშირებული სკანდალი და ბაიდენი საქართველოში - ვინ არის ამერიკის 46-ე პრეზიდენტი

მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებმა, სადაც ერთმანეთს დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი დაუპირისპირდნენ. არჩევნების საბოლოო შედეგებით დონალდ ტრამპი დამარცხდა.

დღეს, ვაშინგტონში, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო და აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.

ვინ არის ჯოზეფ რობინეტ ბაიდენი?

ფოტოგალერეა

ახალგაზრდობა

ჯოზეფ რობინეტ ბაიდენ-უმცროსი 1942 წლის 20 ნოემბერს, პენსილვანიაში კათოლიკეთა ოჯახში დაიბადა და 4 და-ძმას შორის ყველაზე უფროსი იყო. როგორც ამბობენ, დედით ის ირლანდიური წარმოშობისაა. მამის მხრიდან, მისი დიდი ბაბუა კი ბრიტანეთში, სასექსის საგრაფოში დაიბადა, შეერთებულ შტატებში კი ემიგრანტად ჩავიდა.

მომავალმა პოლიტიკოსმა სკოლა უილმინგტონში დაასრულა, დელავერის უნივერსიტეტში კი ისტორიისა და პოლიტოლოგიის განხრით, ბაკალავრის ხარისხი აიღო. ამის შემდეგ დაასრულა იურიდიული სასწავლებელიც.

როგორც თავად ბაიდენი იხსენებს, მას პრობლემები ჰქონდა მეტყველებასთან დაკავშირებით. ის საკუთარი მეტყვლების გამოსასწორებლად სარკესთან მუშაობდა და პოემებს კითხულობდა. არ სვამს ალკოჰოლურ სასმელებს, ერთხელ განაცხადა კიდეც: "ჩემს ოჯახში საკმაო რაოდენობის ალკოჰოლიკი იყო".

1972 წელი ბაიდენის ცხოვრებაში დიდ ტრაგიკულ ამბავს უკავშირდება. ავტოკატასტროფაში მან მეუღლე და შვილი ნაომი დაკარგა. მომავალ პოლიტიკურ ფიგურას ორი ვაჟი ჰყავდა აღსაზრდელი, ამიტომ ვაჟების აღზრდა მის მთავარ გამოწვევად იქცა.

ოჯახი

ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ორჯერ დაქორწინდა, პირველ ქორწინებაში, რომელიც საკმაოდ ტრაგიკულად დასრულდა, მას სამი შვილი ჰყავდა, თუმცა მეუღლესთან ნელია ჰანტერთან ერთად გოგონა, ნაომი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ვაჟებს: ბიუს და რობერტ ჰანთერს მთელი ამერიკული საზოგადოება იცნობს. ბიუ, იგივე ჯოზეფ რობინეტ "ბიუ" ბაიდენ III პოლიტიკოსი და დემოკრატიული პატრიის წევრი გახლდათ, ასევე იყო შტატ დელავერის გენპროკურორი. ის 2015 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. ხოლო რობერტ ჰანთერ ბაიდენი ცნობილი ბიზნესმენია.

ბაიდენი პირველ მეუღლესთან და შვილებთან ერთად

2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას სწორედ ჰანთერის გამო მოუწია თავის მართლება ბაიდენს, ის ვაჟის გამო კორუფციაშიც დაადანაშაულეს. როგორც ცნობილია, რობერტ ჰანთერი ცნობილი უკრაინული ენერგო კომპანიის "ბურისმას" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ. ამბობდნენ, რომ ის იყო გარეული 3 მილიონი დოლარის გათეთრებაში.

წინასაარჩევნო კამპანიისას, დებატებში ჰანტერის შესახებ საკუთარი აზრი ღიად დააფიქსირა დონალდ ტრამპმაც:

"ჰანტერი სამხედრო ძალებიდან გამოაგდეს. ის გამოაგდეს იმიტომ, რომ კოკაინს მოიხმარდა და მას არ ჰქონდა სამსახური, სანამ შენ ვიცე-პრეზიდენტი არ გახდი. შემდეგ მან ქონება იშოვა უკრაინაში, ჩინეთში, მოსკოვში და სხვა ადგილებში", - უთხრა ტრამპმა ბაიდენს.

"ჩემს შვილს, როგორც ბევრ სხვას, ნარკოტიკების პრობლემა ჰქონდა. მან ის დაძლია, გამოასწორა, ამაზე იმუშავა და მისით ვამაყობ", - უპასუხა ბაიდენმა ტრამპს.

პირველი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ბაიდენმა ცოლად შეირთო ჯილ ტრეისი ჯეიკობსი, რომლისგანაც გოგონა, ეშლი ბაიდენი შეეძინა. ეშლი სოციალური მუშაკი, აქტივისტი, ფილანტროპი და ამავე დროს მოდელიერია. ის აქტიურად არის ჩართული ქალთა უფლებების დაცვაში და ახლაც, მამის საპრეზიდენტო კამპანიისას აქტიურად მართავდა შეხვედრებს ქალბატონებთან, მათ აცნობდა იმ პროგრამებს, რომელიც ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ განხორციელდება.

პოლიტიკური კარიერა

ჯოზეფ ბაიდენმა პოლიტიკურ წარმატებას საკმაოდ ადრეულ ასაკში მიაღწია. ის 30 წლის იყო როცა სენატორი გახდა. ეს კი მინიმალური ასაკია სენატორად არჩევისას. 1974 წელს ჟურნალმა TIME,  ის იმ პიროვნებათა რიცხვში შეიყვანა, რომლებიც შექმნიან ისტორიას.

1987-95 წლებში, ბაიდენი სენატში სასამართლო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 1988 წელს პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მას თავის ტვინის ანევრიზმა აღმოუჩინეს და სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ოპერაციიდან 7 თვის შემდეგ, ბაიდენმა ისევ შეძლო სენატში დაბრუნება და საქმიანობის გაგრძელება.

ბაიდენი საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული ყარაბაღის კონფლიქტის საკითხებშიც, 1992 წლიდან ის ამერიკის მხარეს წარმოადგენდა და მხარი დაუჭირა ანტიაზერბაიჯანულ ჩასწორებას. ფინანსური დახმარება კი რომელიც სომხეთმა ამერიკის მხრიდან მიიღო, ბაიდენის საშუალებით მოხდა.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მას სურდა რომ დემოკრატების სახელით ეყარა კენჭი, ამერიკის პოლიტიკურ სივრცეში ის ერთ-ერთი ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი გახლდათ, რომელიც შტატ დელავერის სახელით სენატში უკვე 35 წელი მოღვაწეობდა, თუმცა მან მოხსნა კანდიდატურა და სენატის არჩევნებზე გადაერთო.

მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში ბარაკ ობამა მოვიდა, ჯოზეფ ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი გახდა. 2009 წელს მან დროებით დატოვა თანამდებობა, თუმცა 2012 წელს "დემოკრატიულმა პარტიამ" ისევ წარადგინა მისი კანდიდატურა ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. ბაიდენისა და ობამას წყვილმა ისევ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც 2008 წელს და 2012 წელს ბარაკ ობამა მეორე ვადით აირჩიეს. როგორც ცნობილია, ის ითვლებოდა უკრაინული მიმართულების არაოფიციალურ წარმომადგენლად.

2017 წელს დონალდ ტრამპის ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ, მან თანამდებობა დატოვა და პენსილვანიის უნივერსიტეტში სტუდენტებს ასწავლიდა, თუმცა არ გამორიცხავდა იმასაც, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.

2020 წლის საპრეზიდენტო კამპანია

გამოცდილმა პოლიტიკოსმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ საზოგადოებას 2019 წლის 25 აპრილს განუცხადა. მან "ტვიტერის" პირად გვერდზე დაწერა:

"ამ ერის მთავარი ღირებულებები, ჩვენი მდგომარეობა მსოფლიოში, ჩვენი დემოკრატია, ყველაფერი ის, რამაც ამერიკა ამერიკად ჩამოაყალიბა, სასწორზე დევს. სწორედ ამიტომ, დღეს ვაცხადებ, რომ მივიღებ მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში".

საკმაოდ დაძაბულად წარიმართა ტრამპისა და ბაიდენის წინასაარჩევნო პერიოდი, მათ შორის, ორი საპრეზიდენტო კანდიდატის დებატებიც.

დებატებისას ბაიდენმა თქვა, რომ ტრამპი:

"ერთ-ერთი ყველაზე რასისტი პრეზიდენტია, ვინც კი გვყოლია თანამედროვე ისტორიაში. ის ნავთს ასხამს ყველა რასისტულ ცეცხლზე".

კანდიდატებმა იკამათეს გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სექტორის თაობაზეც. ტრამპმა თქვა, რომ ბაიდენს, ნავთობის ინდუსტრიის დახურვა სურდა. ამის პასუხად ბაიდენმა აღნიშნა, რომ ნავთობის ინდუსტრია გარემოს სერიოზულად აბინძურებს და დროთა განმავლობაში ის სხვა ალტერნატიული საშუალებებით უნდა ჩანაცვლდეს.

ბაიდენი საქართველოში

2009 წლის 22-23 ივლისს ამერიკელი პოლიტიკოსი ჯოზეფ ბაიდენი საქართველოსაც ესტუმრა. თბილისის აეროპორტში ჩამოსულ ვიცე-პრეზიდენტს იმ პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია, საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ტეფტი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. საღამოს საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართა ოფიციალური ვახშამიც. როგორც ბაიდენმა განაცხადა, საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის პროცესს მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ის აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოსა და უკრაინას:

"ნატო-ს პარტნიორებს, როგორებიც არიან საქართველო და უკრაინა მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ, რომ რუსული გავლენების წინაშე უფრო ბრძოლისუნარიანი გახდნენ. რუსეთის გავლენა არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ აშშ-შიც მაშფოთებს. ეს რეალობაა და შეიძლება, დიდ სირთულედაც დაგვიჯდეს, განსაკუთრებით დღეს, როდესაც მარტივია დემაგოგია სხვისი ბრალის ძიებაში", - განაცხადა ბაიდენმა. (წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა