"ისლამური სახელმწიფო" ისევ შეეცდება ფეხის მოკიდებას და "აღორძინებას"... ჯინი გაშვებულია და რადიკალიზმი ევროპაში უკვე მოქმედებს" - კვირის პალიტრა

"ისლამური სახელმწიფო" ისევ შეეცდება ფეხის მოკიდებას და "აღორძინებას"... ჯინი გაშვებულია და რადიკალიზმი ევროპაში უკვე მოქმედებს"

2 ნოემბერს ვენაში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის - 20 წლის თავდამსხმელის, ეთნიკურად ალბანელების ოჯახში დაბადებული კუიტიმ ფეიზულაის სიცოცხლე, 22 ადამიანი კი - დაშავდა. მშვიდ და ნეიტრალურ ავსტრიაში მსგავსი სახის ტერორისტული აქტი 30 წელიწადზე მეტია, არ მომხდარა. თეთრებში ჩაცმული თავდამსხმელი, ვენის ცენტრში, სადაც უამრავი კაფე და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტია განლაგებული, უკონტროლოდ, მაგრამ აუღელვებლად ესროდა გამვლელებს. მას თან ჰქონდა ავტომატი, პისტოლეტი და მაჩეტე. მეორე დილით ტერორისტის ინსტაგრამზე აღმოჩნდა "ისლამური სახელმწიფოსთვის" მიცემული ფიცი.

საინტერესოა, რომ 2019 წელს 20 წლის ტერორისტს სირიაში საბრძოლველად გამგზავრების მცდელობა ჰქონდა, რა დროსაც დააკავეს. ახალგაზრდული ასაკის გათვალისწინებით, იგი რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. მომხდარი თავდასხმის შემდეგ ავტრიაში 3 დღიანი ტრაური გამოცხადდა მართალია, გაეროს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულმა "ისლამურმა სახელმწიფომ" ვენაში მომხდარი ტერაქტი საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ ექსპერტს ტერორიზმის საკითხებში - ბადრი ნაჭყებიას მიაჩნია, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" ვენაში მომხდარი ტერაქტი საკუთარ თავზე არ აუღია, ფეტვა (კურთხევა) არ ყოფილა. მან უბრალოდ მოიწონა ეს აქტი, მისი ლეგიტიმაცია მოახდინა".

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ "ისლამური სახელმწიფო" ისევ აქტიურია? - "ისლამური სახელმწიფოს", რომელიც სადამ ჰუსეინის ყოფილი გენერლებით და სამხედრო მაღალჩინოსნებით დაკომპლექტდა, გავლენა სირიაში, პრაქტიკულად, ნულამდეა დასული, ერაყში კი მათი კონცენტრაცია შეინიშნება, თუმცა ამ ეტაპზე უფრო კონსერვირებულ მდგომარეობაში არიან, მაგრამ, როგორც კი შეერთებული შტატების ჯარები დატოვებს ამ ტერიტორიებს, ისინი შეეცდებიან, ისევ მოიკიდონ ფეხი და  უკვე ახალი ლიდერის მმართველობის ქვეშ აღორძინდნენ. მაგალითად, ვენის ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე ავღანეთში მოხდა ტერაქტი, რომელსაც 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

29 ოქტომბერს ნიცაში (საფრანგეთი), ნოტრ-დამ ნიცას ბაზილიკაში თავდამსხმელმა მოკლა სასულიერო პირი და ქალი, რომელსაც თავი მოჰკვეთა, ერთი ადამიანი კი მან ეკლესიის გარეთ გამოასალმა სიცოცხლეს. როგორც ცნობილი გახდა, თავდასხმისას იგი "ალაჰუ აკბარს" (“დიდ არს ალაჰი“) გაჰყვიროდა. პრეზიდენტმა მაკრონმა თავდასხმას

"ისლამისტური ტერაქტი" უწოდა.

ცოტა უფრო ადრე, 16 ოქტომბერს, პარიზთან ახლოს მოკლეს სკოლის მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეებს სატირული ჟურნალის -"შარლი ებდოს" წინასწარმეტყველ მუჰამედზე შექმნილი კარიკატურა უჩვენა. პედაგოგ სამუელ პატის 18 წლის ეთნიკურად ჩეჩენმა აბდულაკ ანზოროვმა თავი მოჰკვეთა. თავდამსხმელი პოლიციამ სპეცოპერაციისას მოკლა. ამ თავდასხმების შემდეგ ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ ტერორისტული საფრთხის პრევენციის დონე გაამკაცრა.

ექსპერტის თქმით, დროის ამ მცირე ინტერვალში მომხდარი თავდასხმები გვავარაუდებინებს, რომ ევროპაში სიტუაციის კიდევ უფრო გართულებას უნდა ველოდოთ. იგი ამბობს:

- საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ემანუელ უალსმა 2015 წელს, პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ განაცხადა: "უნდა ვისწავლოთ ტერორიზმთან ერთად ცხოვრება". ევროპაში უკვე სახელმწიფო სახელმწიფოშია შექმნილი თავისი მილიონიანი ანკლავებით, რომლის გაკონტროლებაც მხოლოდ უზარმაზარი რესურსით არის შესაძლებელი - სამხედრო ოპერაციებით, ჯარების შეყვანით და ათასობით დეპორტაციით, რაც ამ ეტაპზე წარმოუდგენლად მეჩვენება. ჯინი გაშვებულია და რადიკალიზმი უკვე მოქმედებს . ---------- ოქტომბერში, პედაგოგ სამუელ პატიზე თავდასხმის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონი შეიძლება ითქვას, შეეცადა, რადიკალურ ისლამზე იდეოლოგიური შეტევა განეხორციელებინა. ეს პრაქტიკულად პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პრეზიდენტი ამგვარად მოიქცა. მან თქვა, რომ "ისლამი კრიზისშია" და საფრანგეთში ხელი უნდა შეწყობოდა განათლებული ისლამის ჩამოყალიბებას, რის გამოც ბევრმა მუსლიმანმა ლიდერმა თუ ცნობილმა სახემ, მაგალითად, ერდოღანმა, კადიროვმა სპორტსმენმა ნურმაგომედოვმა, მაკრონი გააკრიტიკა და მკრეხელობაში დასდო ბრალი. პროტესტი პრეზიდენტ მაკორნის დასჯის მოთხოვნით პაკისტანში, ბანგლადეშში, ლიბანსა და კიდევ  რამდენიმე სხვა ქვეყანაში მუსლიმანი მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა საპროტესტო აქციები გამართა - მან ფრანგულ პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დასჯა მოითხოვა.

პარიზის დიდმა მეჩეთმა და ქვეყნის მუსლიმანურმა ასოციაციებმა დაგმეს პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტი და ფრანგული პროდუქციის ბოიკოტის მოთხოვნით ჩატარებული აქციები.

თავის მხრივ, ვენაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ავსტრიის ისლამური რელიგიური საზოგადოების (IGGÖ) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მომხდარით "შოკირებულები არიან". ორგანიზაციის განცხადებაში IGGÖ-ს წევრებმა, ასევე, მიუსამძიმრეს დაღუპულების ოჯახებს, ხოლო სამართალდამცავებს გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში "შეუზღუდავი თანამშრომლობა" შესთავაზეს.

- ასეთი დაძაბული ვითარების ფონზე, როგორი განწყობა შეინიშნება საფრანგეთში?

ბადრი ნაჭყებია : - საფრანგეთში ერთ-ერთმა კვლევამ (institutmontaigne)  უჩვენა, რომ ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმანების დიდი ნაწილი - 46 პროცენტი კანონმორჩილია და თავისი რწმენის სისტემა მათ საშუალებას აძლევს, მოერგონ ფრანგულ საზოგადოებას და მის ძირითად პრინციპებს. თუმცა არიან უფრო აგრესიულებიც, ძირითადად - ახალგაზრდები, რომლების უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია და უმეტესად  დიდი ქალაქების გარეუბნებში ცხოვრობენ. ისინი  ბოიკოტს უცხადებენ იქაურ ტრადიციულ ცხოვრებას, თუმცა უარს არ ამბობენ პრივილეგიებზე, იქნება ის სოციალური, ჯანმრთელობის თუ ეკონომიკური, რასაც მათ თანამედროვე ევროპა აძლევს. -------- მოლენბეკი-გარეუბანი ბრიუსელში ბრიუსელში, 19 კომუნიდან ერთ-ერთის - მოლენბეკის მცხოვრებლების უმეტესობა მუსლიმანი ემიგრანტია. სირიაში სამოქალაქო ომის პერიოდში, როდესაც "ილსამური სახელმწიფოს" აღზევების ხანა იყო, მხოლოდ ამ მუნიციპალეტიდან 30 ჯიჰადისტი გაემგზავრა საბრძოლველად. დოიჩე-ველეს ერთ-ერთ სიუჟეტში (სადაც მოლენბეკზეა ლაპარაკი) მოლენბეკის მცხოვრები ქაიზ ბუმაიზა, ემიგრანტი მაროკოდან, ახალგაზრდობის რადიკალიზაციის საშიშროებასა და ევროპის უმოქმედობაზე ლაპარაკობს. "ევროპა სუსტია ამ გამოწვევების წინაშე", - ამბობს იგი. სოციალური სამსახურის წარმომადგენლის - ოლივიე ვან დერ ჰეიგენის თქმით კი, ახალგაზრდა მუსლიმანების რადიკალიზაციის ერთ-ერთი მიზეზი უთანასწორობაა. ასევე, პრობლემურია იდენტობის ჩამოყალიბების პროცესი, რასაც სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადღება არ ექცევა. აქედან ჩნდება კითხვა:

რა უწყობს ხელს რადიკალიზაციას და რამდენად საშიში არიან სირიის სამოქალაქო ომიდან დაბრუნებული მებრძოლები?

- უნდა ითქვას, რომ ევროპაში სიტუაციის კონტროლი სულ უფრო რთული ხდება. ფაქტობრივად, იზოლაციაში მცხოვრებ კომუნებში ჩნდება რადიკალური იდეები, რადიკალური თვითგანათლება და სისტემასთან დაპირირისპირების ტენდენცია. სირიიდან დაბრუნებულ მებრძოლებს რაც შეეხება, ისინი სპეციალური სამსახურების მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან და მათი უმეტესობა, რა თქმა უნდა, იდენტიფიცირებულია...

რადიკალიზმზე საუბრისას მხოლოდ ისლამურ რადიკალიზმზე ვერ ვილაპარაკებთ. შეგვიძლია გავიხსენოთ ანდრეს ბრეივიკის თავდასხმა, რომელსაც 77 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - ერთი ქართველი ახალგაზრდაც. მაგალითად, ახალ ზელანდიაში მეჩეთზე მომხდარი თავდასხმისას 51 ადამიანი დაიღუპა. ეს ქრისტიანული რადიკალური ექსტრემიზმის გამოვლინება იყო.

ტერორიზმის ერთ-ერთი სახეა თვითორგანიზებული ტერორიზმიც, როდესაც გარკვეული იდეების, გარკვეული ზედამხედველობის ქვეშ ფორმირდება პიროვნება ან ჯგუფი, რომელიც თვითინიციატივით იღებს ტერორისტული აქტის ჩადენის გადაწყვეტილებას და ასეთი მაგალითი, სამწუხაროდ, ბევრია.

- როგორც საკითხის ექსპერტები ამბობენ, სიტუაციის დასარეგულირებლად სისტემაში კომპლექსური ცვლილებებია საჭირო. როგორ გგონიათ, რა პრევენციული მექანიზმები უნდა ამოქმედდეს?

ბადრი ნაჭყებია : - პირველ რიგში, იმიგრაციის კანონის მიხედვით, ევროპაში შემოსვლა გაცილებით უფრო რთული პროცედურა უნდა იყოს, ასევე, შემომსვლელებისგან ევროპული ფასეულობებისა და თავისუფლების იმ ძირითადი პრინციპების, კანონმდებლობის დაცვისა და გაზიარების მზაობა უნდა იკვეთებოდეს, როგორიცაა, მაგალითად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. თუმცა მსგავსი პროცედურების დამკვიდრებას ევროპაში კონკრეტული გავლენიანი ელიტური ჯგუფები ეწინააღმდეგებიან, რაც პარადოქსულ ვითარებას აჩენს".

პარადოქსულია ისიც, რომ ევროპა, რომელიც ღიაობისა და თავისუფლების მაგალითია, თუ არსებულ ვითარებასთან გამკლავებას აგრესიული მეთოდებით გადაწყვეტს, ამით თავისივე ფასეულობების, პრინციპების, მსოფლმხედველობის სისტემას კარიკატურად აქცევს.

ამასობაში კი, როგორც ისლამისტი რადიკალების, ასევე - მემარჯვენე რადიკალური ჯგუფების რიცხვი იზრდება...

(სპეციალურად საიტისთვის)