5 მიზეზი, რის გამოც ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო - კვირის პალიტრა

5 მიზეზი, რის გამოც ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო

აშშ-ში წინასაპრეზიდენტო კამპანია საკმაოდ დაძაბულ და რთულ ვითარებაში მიმდინარეობდა. საზოგადოების გადაწყვეტილების მიღებაზე საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა პანდემია, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. ექსპერტთა აზრით, ბაიდენის გადაწყვეტილება - მიეღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში და დაპირისპირებოდა მოქმედ პრეზიდენტს, რთულ საქმეს წარმოადგენდა, რადგან უკვე არჩეულ პრეზიდენტს, უმეტეს შემთხვევაში, მეორე ვადითაც უპრობლემოდ ირჩევენ ხოლმე. თუმცა, ბაიდენმა სცადა და შედეგიც მიიღო. პრეზიდენტად კენჭისყრის მესამე ცდაზე ბაიდენმა ტრამპი რამდენიმე მილიონი ხმით დაამარცხა და ამერიკის 46-ე პრეზიდენტიც გახდა.

გთავაზობთ 5 ძირითად მიზეზს, რომლის წყალობითაც, ავტოდილერის ვაჟი შტატ დელავერიდან დღეს უკვე მთელი ქვეყნის მმართველია:

1. "კოვიდი, კოვიდი, კოვიდი“

შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებში გამარჯვება თავად ბაიდენზე 100%-ით ნამდვილად არ იყო დამოკიდებული, რადგან ახალმა კორონავირუსმა, რომელიც გადაუჭრელ პრობლემად იქცა, 230 ათას ამერიკელზე მეტი შეიწირა, ამან კი მეტნაკლებად შეცვალა ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრებაც და პოლიტიკაც.

ეს კარგად ესმოდა დონალდ ტრამპსაც და ვისკონსენში გამართულ მიტინგზე განაცხადა კიდეც:

"რაც შეეხება ფეიკნიუსებს, ეს არის კოვიდი, კოვიდი და კიდევ ერთხელ კოვიდი“. თუმცა საზოგადოების ყურადღების მიმართვა კორონავირუსისკენ კი არ აყალიბებდა მოსახლეობის აზრს, არამედ, პირიქით - აშფოთებდა. როგორც გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა,  აშშ-ის მოსახლეობას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქმედებები კრიზისის პერიოდში არ მოსწონდა.

როგორც ამბობენ, კორონავირუსმა ტრამპს გამოაცალა შანსი, საზოგადოებასთან ქვეყნის წინსვლასა და ეკონომიკურ ზრდაზე ელაპარაკა. სწორედ პანდემიისას დაინახა საზოგადოებამ ყოფილი პრეზიდენტის ნაკლოვანებები: საკითხებში ღრმად გარკვევის სურვილის უქონლობა; მეცნიერებისადმი უნდობლობა და ჩვევა, მოისმინოს მხოლოდ ერთი აზრი და ასე მიიღოს გადაწყვეტილება. კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილმა კრიზისმა საზოგადოებაში პრეზიდენტ ტრამპის მიმართ უნდობლობა გამოიწვია.

2. კამპანია კულისებიდან

საკუთარი პოლიტიკური კარიერის ისტორიაში ბაიდენმა 2-ჯერ სცადა საპრეზიდენტო კანდიდატი გამხდარიყო - 1987 და 2007 წლებში, თუმცა ორივე შემთხვევა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამ ყველაფერს კი, ყველა სხვა მიზეზთან ერთად, ორატორული ხელოვნების უქონლობასაც უკავშირებდნენ.

ბაიდენი არც ამ საარჩევნო კამპანიის დროს გამოირჩეოდა მაღალფარდოვანი სიტყვებითა და მჭერმეტყველებით, თუმცა ამას ფარავდა ის ვითარება, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსმა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა გამოსვლებმა და ეკონომიკურმა კრიზისმა შექმნა.

სწორად მოქმედებდა მომავალი პრეზიდენტის შტაბიც. ისინი გამუდმებით არ ახვედრებდნენ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატს საზოგადოებას და გაუთავებელი შეხვედრებით ხალხს ბაიდენი არ მოაბეზრეს, ამით კი თავიდან აიცილეს ხალხის გაღიზიანებაც და იმის შესაძლებლობაც, რომ მას რამე გაუთვალისწინებელი არ ეთქვა.

ჩვეულებრივ სიტუაციაში საპრეზიდენტო კანდიდატს წინასაარჩევნოდ მსგავსი პასიურობა უარყოფით შედეგს მოუტანდა, თუმცა კორონავირუსით შექმნილმა ვითარებამ და ტრამპის უტაქტო განცხადებებმა საზოგადოების თვალში ბაიდენი საკმაოდ დადებითად წარმოაჩინა.

3. “ნებისმიერი, ოღონდ არა ტრამპი“

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ბაიდენის საარჩევნო შტაბმა გაავრცელა საბოლოო სარეკლამო რგოლები.

თუ აგვისტოში გაჟღერებულ მოწოდებებში ბაიდენი დემოკრატებს უხდიდა მადლობას, ამჯერად მისი აქცენტები სრულიად შეიცვალა: ეს არჩევნები არის "ამერიკული სულის გადასარჩენად“ და არის შანსი, საბოლოოდ დაესვას წერტილი 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში გამეფებულ "ქაოსს“, - ამბობდა მომავალი პრეზიდენტი.

ლოზუნგების მიღმა ბაიდენმა მარტივი საკითხი გათვალა - კონფლიქტური და უხეში ტრამპის შემდეგ ამერიკელებს მშვიდი და გაწონასწორებული ლიდერი მოუნდებოდათ.

"დავიღალე ტრამპისგან, როგორც პიროვნებისგან“, - განაცხადა ჟურნალისტთან ამერიკის მცხოვრებმა, 18 წლის ტერი ადამსმა, რომელიც პირველად იღებდა მონაწილეობას არჩევნებში.

დემოკრატებმა შეძლეს და არჩევნები ორ კანდიდატს შორის, ფაქტობრივად, რეფერენდუმად აქციეს. საკითხი უფრო ასე იდგა: აირჩევდა თუ არა ხალხი ისევ ტრამპს. ბაიდენს კი ირჩევდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ იყო ტრამპი.

ბაიდენის არჩევა ნიშნავს იმას, რომ აღარ იქნება საჭირო ქვეყნის პოლიტიკაზე დარდიო, ხშირად  ამბობდნენ ხუმრობით მისი თანამებრძოლები.

4. ცენტრიზმი

დემოკრატიული პარტიის შიგნით ბაიდენი პარტიის მემარცხენე წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. მან ცენტრისტული პოზიცია დაიკავა და უარყო პოზიცია, რომელიც უფასო სახელმწიფო ჯანდაცვას, უფასო უმაღლეს განათლებას და საკუთრებაზე გადასახადების დაწესებას ითვალისწინებდა. ამ გადაწყვეტილებით მან უამრავი ადამიანის ხმა მოიპოვა, მათ შორის - იმ დემოკრატების გულიც მოიგო, ვინც ბაიდენის კანდიდატურას ეჭვის თვალით უყურებდა.

მან ვიცეპრეზიდენტის პოზიციაზე კამილა ჰარისი დაასახელა და არ აირჩია ვინმე, ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც დემოკრატებისთვის უფრო მისაღები და პოპულარული იქნებოდა.

5. მეტი ფული

წლის დასაწყისში ბაიდენის ყულაბა მთლიანად ცარიელი იყო. განსაკუთრებით კი - ტრამპთან შედარებით, რომელიც ამ არჩევნებისთვის 4 წლის განმავლობაში ემზადებოდა და თითქმის მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვა.

თუმცა აპრილის თვის შემდეგ ბაიდენის ფონდში შევიდა შემოწირულობები. საბოლოოდ მან მოწინააღმდეგესთან შედარებით 144 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა და რესპუბლიკელები სატელევიზიო რეკლამებში ჩაძირა.

რა თქმა უნდა, ფული ყველაფერი არ არის, თუ წინა საპრეზიდენტო არჩევნებს გავიხსენებთ. ჰილარი კლინტონიც უსწრებდა ტრამპს ფინანსურ საკითხში, მაგრამ ახლა, როდესაც თავად კანდიდატების აქტიური ჩართულობა წინასაარჩევნო კამპანიაში კორონავირუსის გამო შეიზღუდა, ხოლო ამავე მიზეზით ამომრჩევლები უმეტეს დროს ტელეეკრანებთან და ინტერნეტსივრცეში ატარებდნენ, აქტიური სატელევიზიო სარეკლამო კამპანია მომგებიანი აღმოჩნდა.

მათ სარეკლამო კამპანიები აქტიურად აწარმოეს არა მხოლოდ იმ შტატებში, სადაც არ იცოდნენ ამომრჩეველთა წინასწარი გადაწყვეტილება, ისინი აქტიურად მუშაობდნენ იმ შტატებშიც, სადაც, ტრადიციულად, რესპუბლიკელი ამომრჩეველი ცხოვრობს. ამ სტრატეგიამ არ გაამართლა ტეხასში, ოჰაიოსა და აიოვას შტატებში, თუმცა არიზონაში, სადაც უმეტესი ნაწილი კონსერვატორია, ბაიდენმა გაიმარჯვა.

(სპეციალურად საიტისთვის)