ვინ არიან თურქული წარმოშობის ცოლ-ქმარი, რომლებმაც covid-19-ის პირველ წარმატებული ვაქცინა შექმნეს - კვირის პალიტრა

ვინ არიან თურქული წარმოშობის ცოლ-ქმარი, რომლებმაც covid-19-ის პირველ წარმატებული ვაქცინა შექმნეს

რამდენიმე დღეა, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ გერმანული და ამერიკული კომპანიების - Biontech-ისა და Pfizer-ის ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა - BNT162b2. ვაქცინის შექმნაში, რომელსაც მთელი მსოფლიო სულმოუთქმელად ელოდა, უამრავი მეცნიერი მონაწილეობდა, განსაკუთრებული წვლილი კი თურქული წარმომავლობის გერმანიაში მცხოვრებ ცოლ-ქმარს - უგურ შაჰინსა და ოზმელ თურეჩს მიუძღვის.

კვლევების თანახმად, ვაქცინა BNT162b2-ის ეფექტურობა 90%-ს უდრის, ტესტირება კვლავ გრძელდება, თუმცა ვაქცინის უკუჩვენება ჯერ არ დაფიქსირებულა.

როგორც კომპანია Biontech-ის დამფუძნებელი და დირექტორი - 55 წლის უგურ შაჰინი გამოცემა Wirtschafts Woche-ისთან საუბრობს, მას არასდროს დაუკარგავს იმედი, რომ ვაქცინას შექმნიდა. ვაქცინის დარეგისტრირება აშშ-ში მომავალ კვირას იგეგმება. ცნობილია ისიც, რომ ამ წლის ბოლომდე კომპანია ვაქცინის 50 მილიონი დოზის შექმნას გეგმავს.

უგურ შაჰინი და ოზმელ თურეჩი თურქი მიგრანტების ოჯახიდან არიან. მათ ერთად შექმნეს კომპანია Biontech და სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზე მუშაობდნენ, თუმცა... რამდენიმე თვის წინ ჟურნალ Lancet-ში შაჰინმა წაიკითხა ჩინეთში გავრცელებულ ახალ ვირუსზე, რომელიც დიდ დარტყმას აყენებდა სასუნთქ გზებს. როგორც სხვა მეცნიერები, შაჰინიც მალე დარწმუნდა, რომ ეს არ იყო ადვილად დასამარცხებელი ვირუსი. მან სიმსივნის ვაქცინაზე მუშაობა დროებით გვერდით გადადო და მეუღლესთან ერთად ახალ საქმიანობას შეუდგა.

პროექტი Light speed ვირუსის აღმოჩენიდან სწრაფადვე დაიწყო და მასში მონაწილეობას უამრავი მეცნიერი იღებდა. საქმე, რომელსაც ჩვეულებრივ წლები სჭირდება, მეცნიერებმა შაჰინის ხელმძღვანელობით რამდენიმე თვეში შეასრულეს. მათ შეისწავლეს ნიმუშები და გაითვალისწინეს ისიც, რომ ინფექცია არ არის ლოკალური და მთელ მსოფლიოში გავრცელდებოდა. რამდენიმე დღეში მეცნიერებმა შეიმუშავეს გეგმა, როგორ გაანადგურონ ვირუსი, რომელიც საზოგადოებამ Sars-Cov-2-ის სახელით გაიცნო.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია ეწინააღმდეგებოდა ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნას, რაც შეიძლება მალე გამოეშვათ ვაქცინა, რადგან ამ შემთხვევაში უსაფრთხოების ნორმები ვერ იქნებოდა დაცული.

ვაქცინის შესახებ ბოლო ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ბაზარზე კომპანია Biontech-ის აქციები 20%-ით გაიზარდა. ამით დიდი მოგება ნახა თავად მეცნიერმაც. დირექტორის წილი კომპანიაში 18%-ია. ახლა შაჰინი ყველაზე მდიდარ გერმანელთა შორის არის, მაგრამ როგორც მეცნიერი ამბობს, ეს საკითხი მას არ აინტერესებს:

"ჩემი სააქციო პაკეტის ღირებულება არ მაინტერესებს. ჩვენ გვსურს შევქმნათ ისეთი ღირებული რამ, რაც დროს გაუძლებს“, - განაცხადა მეცნიერმა.

ვინ არიან უგურ შაჰინი და ოზმელ თურეჩი?

მომავალი მეცნიერი უგურ შაჰინი 4 წლის იყო, გერმანიაში დედასთან ერთად რომ ჩავიდა. თურქეთიდან წასულ მიგრანტებს გერმანიის ქალაქ კიოლნში ელოდათ მამა, რომელიც Ford-ის ქარხანაში მუშაობდა.

უგურმა კიოლნის სამედიცინო უნივერსიტეტი დაასრულა, ხშირად გვიანობამდე მუშაობდა ლაბორატორიაში და საღამოს შინ ველოსიპედით ბრუნდებოდა. როგორც ამბობენ, იგი ახლაც ხშირად დადის ველოსიპედით სამსახურში.

“ის არ შეცვლილა და საოცრად თავმდაბალ ადამიანად დარჩა“, - ამბობს მეცნიერზე მათიას კრომაიერი, რომელიც შაჰინის კომპანიის პირველი ინვესტორი გახლდათ.

შაჰინისგან განსხვავებით, ოზმელმა მომავალი პროფესია მამის ზეგავლენით აირჩია - იგი ექიმი იყო და შინაც მუშაობდა.

"როცა პატარა ვიყავი, მაშინაც კი ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ რამე სხვა პროფესიას ავირჩევდი“ - ამბობს წარსულის გახსენებისას ოზმელი.

ისინი 2002 წელს დაქორწინდნენ, მაშინ, როდესაც პროფესორი შაჰინი ქალაქ მაინცის სამედიცინო უნივერსიტეტში მუშაობდა.

მათ biotech-ი 2001 წელს დააარსეს და სიმსივნის საწინააღმდეგო წამლის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა. კომპანიის წილი კი 2016 წელს გაყიდეს, თუმცა დირექტორის პოზიციას ისევ შაჰინი იკავებს. ამჟამად კომპანიაში 1300-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

(სპეციალურად საიტისთვის)