მოკლედ - კვირის პალიტრა

მოკლედ

ლიბია. უცხოური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, საფრანგეთის სამხედრო ავიაციამ 19 მარტს, 19 საათსა და 45 წუთზე პირველი დარტყმა მიაყენა ლიბიაში სახმელეთო სამიზნეებს.

საფრანგეთის სამხედრო თვითმფრინავები ბენღაზის გარშემო 100-150 კილომეტრის ზონაში მოქმედებენ.  ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში კი კადაფის მომხრეები ცოცხალ ფარად დაუდგნენ მის რეზიდენციას.

რამდენიმე წუთში ფრანგულმა ავიაციამ ოთხი ტანკი გაანადგურა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ამერიკა ლიბიაში სახმელეთო ჯარებს არ შეიყვანს, საერთაშორისო ძალებს მხოლოდ ზონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება.

ლიბიის ქალაქ ბენღაზს კადაფის ოპოზიცია მთლიანად აკონტროლებს, ხოლო ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფრანგული გამანადგურებლები ბატონობენ.

მუამარ კადაფის ოპოზიცია ფრანგული მოიერიშეების ავიადარტყმებს ოვაციით შეხვდა. როგორც ლიბიელი ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, სამთავრობო ძალების იერიშებმა ათეულობით დემონსტრანტი შეიწირა. კადაფის მხარდამჭერებმა დახვრიტეს ის სამხედროებიც, რომლებმაც ოპოზიციის საწინააღმდეგო ოპერაციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

ბოლო ინფორმაციით, ლიბიაში სამხედრო ოპერაციებში ესპანური თვითმფრინავებიც ჩაერთვნენ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ ვენ ძიბაოს განკარგულებით, უსაფრთხოების სტანდარტების თავიდან შემოწმებამდე შეჩერებულია ახალი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა. ჩინეთი ამ სექტორში ინვესტიციების დარგში მსოფლიო ლიდერია, ქვეყანაში 25 ახალი სადგურის აგება იგეგმება.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ სასწრაფოდ მიღებული გადაწყვეტილება, ქვეყანაში ჩვიდმეტი რეაქტორიდან შვიდის დახურვაზე, დიდ მოულოდნელობად იქცა. საზოგადოებამ ეს საკმაოდ ცუდად მიიღო. ანალიტიკოსების თქმით, ამ გადაწყვეტილებამ სერიოზულად შეულახა რეპუტაცია მერკელს, რომელიც მანამდე თავის პოლიტიკურ მოკავშირეებთან ერთად ამტკიცებდა, რომ გერმანიის ატომური რეაქტორები უსაფრთხოა.

თურქმენეთი და აშხაბადი ემზადებიან ტრანსკასპიის გაზსადენის პროექტის ერთობლივი რეალიზაციისათვის. პირველ რიგში პროექტის მონაწილეები შეაფასებენ ეკოლოგიურ რისკს, რომელიც ახლავს კასპიის ფსკერზე გაზსადენის გაყვანას. ექსპერტების აზრით, გაზსადენი მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს "ნაბუკოს" სისტემით ევროპულ ბაზარზე თურქმენული საწვავის მოწოდებაში.