"საბჭოთა ალენ დელონი", ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული დამნაშავე და ქალთა მაცდუნებელი, რომლის "ანგარიშზეც" 72 მოტყუებული ქალი ირიცხებოდა - კვირის პალიტრა

"საბჭოთა ალენ დელონი", ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული დამნაშავე და ქალთა მაცდუნებელი, რომლის "ანგარიშზეც" 72 მოტყუებული ქალი ირიცხებოდა

1975 წლის მარტის დასაწყისი საბჭოთა კრიმინალურ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული და, იმავდროულად, გაქნილი დამნაშავის დახვრეტით აღინიშნა - იური ლაჯუნის მიმართ გამოტანილი განაჩენი სისრულეში მოიყვანეს. "ალენ დელონად“ წოდებული საქორწინო აფერისტი იოლად აცდუნებდა ხოლმე მიმნდობ ქალბატონებს და შემდეგ - მათ გულწრფელ გრძნობებს თავისი დანაშაულებრივი მიზნების სარეალიზაციოდ იყენებდა.

1960-იანი წლების შუახანებში საბჭოთა ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "შავი ტიტა“, რომელშიც მთავარ როლს ფრანგი მსახიობი ალენ დელონი ასრულებდა. ლამაზი მსახიობი, რომელიც მამაცი, გაბედული და კეთილშობილი გმირების როლებს ასრულებდა, ელვისებურად გახდა საბჭოთა ქვეყნის სუსტი სქესის წარმომადგენელთა გულების დამატყვევებელი. ვიდრე საბჭოთა მაყურებელი ალენ დელონის გმირით იყო აღფრთოვანებული, მილიციაში საკმაოდ შეშფოთდნენ მოუხელთებელი აფერისტის მოქმედებით, რომელიც გარეგნობით ძალიან ჰგავდა ფრანგ მსახიობს, ეშმაკობითა და გაქნილობით კი - იმავე ხანებში ეკრანებზე გამოსული საბჭოთა ფილმის - “12 სკამის“ გმირს - ოსტაპ ბენდერს, რომელიც მადამ გრიცაცუევას გულის მონადირებას ცდილობდა.

მილიციონერებისთვის ამ მოხერხებული თაღლითის შესახებ მონაცემები პირველად 1960-იანი წლების მეორე ნახევარში გახდა ცნობილი. სამართალდამცველები გაკვირვებულები იყვნენ დამნაშავის გაწაფულობით. მას რამდენიმე დღეში შეეძლო, ერთბაშად რამდენიმე ქალის ნდობა მოეპოვებინა და, არა მარტო ნდობა, არამედ - მათთვის  თავი შეეყვარებინა და, საბოლოოდ, მათი ბინები პირწმინდად გაეძარცვა კიდეც. მილიციელებმა აღარ იცოდნენ, რა ექნათ, რადგან აფერისტი არანაირ კვალს და სამხილს არ ტოვებდა.

ბოლოს და ბოლოს დამნაშავის მოძიება-შეპყრობა გამომძიებელ მიხეილ დეინეკოს დაავალეს. აფერისტი კი, სხვათა შორის, თავის დანაშაულებრივ გზას მხოლოდ და მხოლოდ იწყებდა...

კალუგური სატრფიალო

1966 წელს იური ლაჯუნი ქალაქ კალუგაში გამოჩნდა და ადგილობრივ სასტუმროში დაბინავდა. იგი ადმინისტრაციას მოსკოველი მეცნიერ-მუშაკის -  ნიკოლაი პუშინის სახელით წარუდგა. იქვე მან გაიცნო 30 წლის ნატალია ორლოვსკაია, რომელიც მივლინებაში იმყოფებოდა. იური ლაჯუნს დიდხანს არ უფიქრია და ქალიშვილი კინოთეატრში მიიპატიჟა, სადაც ალენ დელონის მონაწილებით ფილმი გადიოდა. ნატალიამ თავიდანვე შენიშნა, რომ მისი ახლადგაცნობილი თანამგზავრი ძალიან ჰგავდა ფრანგ მსახიობს. კინოთეატრის შემდეგ "მეცნიერ-მუშაკმა“ ნიკოლაიმ ქალიშვილი რესტორანში წაიყვანა, სადაც თავისი სამსახურის შესახებ უამბო - გასაიდუმლოებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ვმუშაობო. ქალიშვილმა სწრაფად დაუჯერა აფერისტს, მით უმეტეს, რომ იგი, რომ იტყვიან, კომპლიმენტებს აფრქვევდა. მარტოხელა ქალის გული სიმპათიური მამაკაცის მიმართ ღრმა გრძნობით განიმსჭვალა.

რამდენიმე დღის შემდეგ ნატალია მოსკოვში უნდა წასულიყო, რაც თავის ახალ მეგობარს გაუმხილა - წავალ და ისევ მალე დავბრუნდებიო. იური ლაჯუნმა სწრაფად მოახდინა სიტუაციაში ორიენტირება და ქალს გაუმხილა, რომ სრულიად უფულოდ იყო დარჩენილი. აფერისტის ნაამბობით გულაჩუყებულმა ნატალიამ თვითონ შესთავაზა - თუ გინდა, 250 მანეთის ოდენობით (რაც იმ დროს საკმაოდ თანხას წარმოადგენდა) ფულის სესხება შემიძლიაო. "მეცნიერ-მუშაკი“ ისე იქცეოდა, თითქოს რცხვენოდა და ნატალიას ხვეწნაც კი დასჭირდა... მოკლედ, ქალი უკან რომ დაბრუნდა, აფერისტი უკვე გაურკვეველი მიმართულებით იყო გაუჩინარებული.

ორლოვსკაიამ მილიციაში ჩვენების მიცემისას იური ლაჯუნი ასე აღწერა: მამაკაცი 30-35 წლის, სიმაღლით 180 სმ. ჩვეულებრივი აღნაგობის მქონე, შავი თმით. გარდა ამისა, ქალმა ყურადღება გაამახვილა მისი ლაპარაკის სამხრეთულ მანერაზე. მიუხედავად საკმაოდ უზუსტო აღწერისა, სასტუმროს თანამშრომლების დაკითხვისას მილიციელებს მცირე სამხილიც გაუჩნდათ - აფერისტს სოციალისტური შრომის დამკვრელის მოწმობა ჰქონდა ნიკოლაი პუშინის სახელზე, რითაც სასტუმროს ადმინისტრაციას წარუდგა და ნომერიც ამიტომ მისცეს, პასპორტი კი შინ "დარჩენოდა“.

სულ მალე ნამდვილი ნიკოლაი პუშინიც გამოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი სოციალისტური შრომის დამკვრელის მოწმობა მოპარული იყო - ტექსიში ვიღაც იურისთან ერთად ვიჯექი, გამომელაპარაკა და, ჩემდა სამწუხაროდ, მისამართიც ვუთხარი, თან ისიც გავანდე, რომ მივლინებაში მივდიოდიო. მოვლენები ასე განვითარდა: მეორე დღეს იური ლაჯუნი პუშინის სახლში მივიდა, მის ცოლს გაეცნო, თავაზიანად უთხრა - თქვენი მეუღლის მეგობარი ვარ, არ ვიცოდი თუ შინ არ დამხვდებოდა, არადა, ღამის გასათევი არსად არ მაქვსო. აფერისტის მანერებით მოხიბლულმა ქალმა ღამის გათევის ნება მისცა... მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ქმარი სახლში დაბრუნდა, გაირკვა, რომ ბინიდან მოპარული იყო მოწმობა და ფულის მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომელსაც ცოლ-ქმარი ავტომანქანის საყიდლად აგროვებდა.

ბინაში მისულმა მილიციელებმა ცოლ-ქმარს სთხოვეს, რომ ეჭვმიტანილის სახე აღეწერათ. რაოდენ იყო მათი გაკვირვება, როდესაც ქალმა აიღო ჟურნალი და მის ყდაზე დაბეჭდილი ალენ დელონის ფოტო აჩვენა - აი, ამ მსახიობს  ჰგავს ძალიანო. რა თქმა უნდა, აფერისტს კვალი არ დაუტოვებია.

კემეროვო-მინსკი: ფიზიკოსობიდან - "უცხოეთის აგენტამდე“

მესამე ცნობა მილიციაში კემეროვოდან მიიღეს. ადგილობრივ რესტორანში ცრუპუშინმა ერთ-ერთი ქალი გაიცნო, ტრადიციულად, გაუშინაურდა, თავი შეაყვარა და ბოლოს - ქალბატონმა საფულეც დაკარგა და დოკუმენტებიც... მოგვიანებით ნოვოსიბირსკში იური ლაჯუნი როგორღაც დაუახლოვდა ბირთვულ ფიზიკოს პშენცოვს, რომელსაც საბუთები და ფული მოჰპარა... სწორედ ამ დროს, როგორც უკვე ვთქვით, გამოძიებას სათავეში  მიხეილ დეინეკო ჩაუდგა.

გამომძიებელი დარწმუნებული იყო, რომ აფერისტი ამჯერად ფიზიკოს პშენცოვის საბუთებით ისარგებლებდა, რადგან ამ პრესტიჟული დარგის სპეციალისტები, გასაგები მიზეზების გამო, ავტორიტეტით სარგებლობდნენ და ლაჯუნიც იოლად მოახერხებდა გარშემომყოფების ნდობის მოპოვებას.

აფერისტის ძებნა გრძელდებოდა. იგი მინსკში გამოჩნდა. როცა იური ლაჯუნი ბელარუსიის დედაქალაქში დინჯად დასეირნობდა, მისი ყურადღება მიიპყრო კარგად ჩაცმულმა ქალიშვილმა, სახელად ნადიამ. აფერისტმა გადაწყვიტა, მის წინაშეც ჩვეული სპექტაკლი გაეთამაშებინა: ნადიას გაეცნო, ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერად წარუდგა და გაანდო, რომ მასზე უცხოური სპეცსამსახურის აგენტები ნადირობდნენ. რაკი საიდუმლო გაანდო, ნადია, როგორც ჭეშმარიტი კომკავშირელი ქალიშვილი, მას უნდა დახმარებოდა და მნიშვნელოვანი დოკუმენტები გადაემალა.

ეფექტიანად გათამაშებული ეპიზოდის შემდეგ, აფერისტი უკვე მეორე დღეს გამოუტყდა ქალიშვილს, რომ ერთი ნახვით შეუყვარდა და მას ქორწინება შესთავაზა. მოხიბლული გოგონა სწრაფად დათანხმდა, მაგრამ მისი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა - ქორწინების მეორე დღესვე ლაჯუნი გაუჩინარდა და თან მეუღლის ძვირფასი ნივთებიც გაიყოლა... ერთ-ერთი დაზარალებული აღმოჩნდა ფლოტის ოფიცერი, გვარად ჩურკინი, რომელმაც ისტორიული ქორდიკი და საშვებულებო მოწმობა დაკარგა.

ბათუმი: საზღვაო კაპიტნის რანგში

1968 წლის გაზაფხულზე აფერისტი საბჭოთა შავიზღვისპირეთში, სამხრეთ ქალაქებში ჩავიდა - ნოვოროსიისკი, ბათუმი... ამჯერად იგი უკვე „შორეული ნაოსნობის კაპიტნის“ რანგში იმყოფებოდა. ერთ-ერთ ტურისტულ თბომავალზე მან რესტორნის ახალგაზრდა თანამშრომელი, ანა ვორონინა გაიცნო და მას საქმიანი ინტერესების მქონე, სერიოზულ პერსონად წარუდგა. ცრუჩურკინმა ქალს უთხრა, დაგეხმარები და საერთაშორისო რეისებზე გადაგიყვანო... გოგონამ სიხარულისაგან თავი დაკარგა, მით უმეტეს, რომ აფერისტი მისთვის საკმაოდ მდიდრულ საჩუქრებს ყიდულობდა. იმ პერიოდში ძალიან დეფიციტური იყო მოდური ტანსაცმელი, ნეილონის წინდები და სხვა. თაღლითმა კარგად იცოდა, გულის დასატყვევებლად რა უნდა მიერთმია ქალებისათვის... ამ ნივთებს უცხოეთიდან ჩამოტანილად ასაღებდა, რეალურად კი სხვა ქალების ბინიდან იყო მოპარული.

თუმცა, კრუიზის დროს რესტორნებში გაფლანგული ფული რომ შემოაკლდა, აფერისტმა გადაწყვიტა, "ძვირფასი და მომხიბლავი“ ანასთვის ფული ეთხოვა - ხომ მენდობი, მასესხე მცირე ხნითო. გოგონამაც 150 მანეთი მისცა. ამის შემდეგ ცრუჩურკინმა "დიდი ბოდიშის მოხდით, - დროებით მიგატოვებ და არ მოიწყინოო“, - რამდენიმე დღით გამგზავრების ამბავი აუწყა ანას და თან უთხრა, - ვალს შენს მშობლებს მივცემ, ხოლო როცა დავბრუნდები, ახალ სამსახურში მოწყობაში დაგეხმარებიო. იური ლაჯუნი ანა ვორონინას ხანდაზმულ მშობლებს ეწვია, რომლებიც ძალიან აღტაცებულნი დარჩნენ სტუმრის თავაზიანობით... დილით კი აღმოაჩინეს, რომ სტუმართან ერთად საგვარეულო ძვირფასეულობაც გამქრალიყო.

ოდესა: მძინარე ცოლის გაქურდვა

გაქნილი თაღლითი ვეღარ ჩერდებოდა. ყოველ კვირაში საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქიდან მიხეილ დეინეკო ახალ-ახალ ცნობებს იღებდა აფერისტის "გმირობებზე“ . ერთ-ერთი იყო ოდესა, სადაც "ალენ დელონმა“ (მოგვიანებით ასეთი ოპერატიული სახელი უწოდეს იური ლაჯუნის ძებნისა და დაკავების ოპერაციას) ადგილობრივი ქალი - ნატალია სოლონეცი აცდუნა. სულ მალე ისინი შეუღლდნენ, მაგრამ ქორწინების ღამის შემდეგ, დილითვე, ღრმად ჩაძინებულმა პატარძალმა "ქმრის“ გაპარვა ვერც შენიშნა, ამ უკანასკნელმა კი გზად ნატალიას შრომით ნაგროვები ფული და ძვირფასეულობა გაიყოლა.

ვილნიუსი: "ჩუკოტკელი მფრინავი“

მოგვიანებით მილიციაში ცნობა ვილნიუსიდან მიიღეს: ადგილობრივ ბაზარზე იური ლაჯუნს მორიგი მსხვერპლის ბინიდან წაღებული ჩუკოტკური ძვირფასი ბეწვეულის “უნტების“ (ჩექმის) გაყიდვა სურდა. ისე მოხდა, რომ არავინ მის საქონელს ყურადღებას არ აქცევდა - აბა, ბალტიისპირეთში ვის დასჭირდებოდა  ჩუქჩების ეროვნული ჩექმა? აფერისტი ბაზრიდან უფულოდ წავიდოდა, რომ არა ისევ ქალური კეთილი გული და გულისხმიერება... ეკატერინე სურიკოვამ თვალი მოჰკრა უცნაურ ჩექმას და დაინტერესდა. იურიც მოუყვა სულის შემძვრელ ისტორიას, თუ როგორ გაძარცვეს ჩუკოტკიდან ჩამოსული მფრინავი... "მე იური ალექსეევი ვარ“, - ასე გაეცნო იგი ეკატერინეს. 35 წლის ქალბატონი ძალზე დიდსულოვანი აღმოჩნდა და "ჩუკოტკელი მფრინავი“ "მოკლე ხნით საცხოვრებლად“ შინ წაიყვანა. რასაკვირველია, გამოცდილი აფერისტისთვის ძნელი არ იყო, ქალისთვის თავი შეეყვარებინა... თუმცა მათი "რომანი“ მხოლოდ მცირე ხანს გაგრძელდა: ერთ მშვენიერ დილას “პოლარული მფრინავი“ გაქრა და თან ეკატერინე სურიკოვას 3%-იანი ობლიგაციებიც გაიყოლა (საბჭოთა პერიოდში არსებობდა სახელმწიფოს მიერ მოსახლეობაზე გაცემული ფინანსური სესხი ობლიგაციების სახით, რომელიც მომგებიანი იყო).

ლენინგრადი: მოუხელთებელი აფერისტის დასასრული

მილიცია ვერა და ვერ ახერხებდა დამნაშავის დროულად პოვნას და მის დაკავებას. სამართალდამცველებისთვის მისი ნამდვილი ბიოგრაფია და ვინაობა უცნობი იყო. იური ლაჯუნი მათ ყოველთვის ერთი ფეხით ასწრებდა. მისი საქმიანობის გეოგრაფიული არეალის შესწავლისა და ანალიზის შედეგად, სისხლის სამართლის სამძებროს მუშაკები მიხვდნენ, რომ "საკავშირო მნიშვნელობის აფერისტის“ პოვნა მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე - ეს თივის ზვინში ნევსის ძებნის ტოლფასი იყო. მაგრამ მიხეილ დეინეკოც უკან არ იხევდა.. ყველგან დაიგზავნა აფერისტის ფოტორობოტული სურათები...

და მილიციელებს ბედმა გაუღიმა: სვერდლოვსკიდან მიღებული ოპერატიული ცნობის მიხედვით, ერთ-ერთმა იქაურმა მაცხოვრებელმა იური ლაჯუნის ფოტორობოტში თავისი თანაპოლკელი იური ლაჯუნი ამოიცნო. მისი თქმით, იგი შემთხვევით შეხვდა ამ უკანასკნელს მოსკოვი-სვერდლოვსკის მატარებელში და რადგანაც უკვე იცოდა მისი ძებნის ამბავი, შეხვედრის შესახებ მილიციას აცნობა. ამავე დროს მოწმე დარდობდა, - ყოფილმა თანაპოლკელმა ფული მომპარაო.

სისხლის სამართლის სამძებრომ ოპერატიულად იმუშავა: სასწრაფოდ მოიძიეს ინფორმაცია სავარაუდო დამნაშავეზე, დადგინდა მისი ნაცნობ-ნათესავების, ყოფილი თანამშრომლებისა და თანაპოლკელების წრეც. მალე მიიღეს შეტყობინება, რომ ლაჯუნი მოსკოვში, ლენინგრადის ვაგზალზე ნახეს, სადაც იგი რკინიგზის ბილეთს ყიდულობდა "ჩრდილოურ დედაქალაქში“ წასასვლელადო. მოსკოვიდან ნევისპირა ქალაქის მილიციას სასწრაფოდ აცნობეს საორიენტაციო ინფორმაცია, დაკვირვებაზე აიყვანეს იმჟამინდელი ლენინგრადის (დღევანდელი სანქტ-პეტერბურგის) ყველა სასტუმრო და რესტორანი... მოკლედ, უდიდესი მასშტაბის მუშაობა გატარდა. ლენინგრადში გაემგზავრა მიხეილ დეინეკოც, რომელიც აფერისტის დაკავების ოპერაციას ჩაუდგა სათავეში.

სხვათა შორის, მილიციამ იური ლაჯუნი დიდხანს ეძება, მაგრამ ლენინგრადში ვერ იპოვა და შემთხვევით, იქვე ახლოს, ქალაქ გატჩინაში მიაგნო, სადაც იგი რკინიგზის ვაგზლის მებუფეტე ქალის ცდუნებას ცდილობდა. ლაჯუნის საუბედუროდ, ქალმა აფერისტი იცნო და მალევე მილიციაში დარეკა. ადგილზე მისულ "ოპერატივნიკებს“ მოუყვა, რომ "ალენ დელონმა“ მაინც მოახერხა ბუფეტის სხვა თანამშრომელი ქალის მოხიბვლა და მას სახლში გაჰყვაო. მილიცია დაუყარაულდა და, ჰოი, საკვირველებავ! - როგორც იქნა, სამართალდამცველებმა "მორიგი საპატარძლოს“ ბინაში მყოფი იური ლაჯუნი აიყვანეს.

ქალის ცდუნების წესი... იური ლაჯუნისებურად

დაკითხვაზე იური ლაჯუნი ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ, საბოლოოდ, მან ვერ მოახერხა წარდგენილი სამხილების განეიტრალება და ნელ-ნელა აღიარება დაიწყო. ოპერატიული მუშაკები გაკვირვებულები იყვნენ: როგორ შეიძლებოდა ქალებს ეს გათახსირებული ადამიანი შეჰყვარებოდათ - მართალია, "ტკბილად მოუბარი“, მაგრამ მაინც - არამზადა... სხვათა შორის, იური ლაჯუნმა თვითონ განმარტა თავისი წარმატების "საიდუმლო“: უნდა იყო საკუთარ თავში დარწმუნებული, გონებამახვილი, ზომიერად თავხედი, ხაზგასმულად თავაზიანი, მეტ-ნაკლებად განათლებული, ზრდილობიანი და... თუ გარეგნობაც ცოტა ხელს გიწყობს, ქალების გულის დაპყრობა ძალიან იოლია.

გამოძიებით გაირკვა, რომ იური ლაჯუნს პირველი დანაშაული ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში ჩაუდენია. როგორც აღმოჩნდა, იგი, მუშა-მოსამსახურის ოჯახში დაბადებული, მუშაობას აგდებულად უყურებდა და უპირატესობას უწესო გზით მიღებულ, უშრომელ შემოსავლებს აძლევდა.  დამნაშავის ანგარიშზე სულ  72 მოტყუებული ქალი ირიცხებოდა - როგორც ხმები გავრცელდა, თვით მოსკოვის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილის დონეზეც კი. კაცმა რომ თქვას, ქალთა უმეტესობა იური ლაჯუნს კიდევ იოლად გადაურჩა - იგი ზოგიერთ "გაჯიუტებულ“ ქალს კლავდა კიდეც და ფული მაინც მიჰქონდა... საბოლოოდ, ჩადენილი დანაშაულებების გამო, "საბჭოთა ალენ დელონს“ საბჭოურმა სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა.

საკვირველია, მაგრამ ფაქტია: იმ ქალბატონებმა, რომლებიც ბოროტმა აფერისტმა აცდუნა, სასამართლოს მათი ყოფილი "გულთამპყრობელისთვის“ სასჯელის შემსუბუქება სთხოვეს... შესაძლოა, ამის მიზეზი ის იყო, რომ იური ლაჯუნი მათ, თუნდაც მცირე ხნით, იმას აძლევდა, რაც მათ მარტოხელა ცხოვრებაში არ ჰქონდათ და ენატრებოდათ - სიყვარულს, პატივისცემას, ყურადღებას, რომანტიზმს... ასეც ხდება ხოლმე ცხოვრებაში... მაგრამ საბჭოთა უმაღლესი სასამართლო ურყევი იყო - მან ქალების თხოვნა არ გაიზიარა და განაჩენი უცვლელი დატოვა. წყარო:

წყარო2:

მოამზადა სიმონ კილაძემ