"ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს არაბ შეიხებს ახალი რეალობა ელოდებათ" - რა შეიცვლება არაბულ ქვეყნებში - კვირის პალიტრა

"ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს არაბ შეიხებს ახალი რეალობა ელოდებათ" - რა შეიცვლება არაბულ ქვეყნებში

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ბი-ბი-სის რუსულმა სამსახურმა («BBC russian») გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "არჩევნები აშშ-ში: ჯოზეფ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს არაბ შეიხებს ახალი რეალობა ელოდებათ“, სადაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფონზე, აშშ-ისა და არაბული ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების პერსპექტივაა გაანალიზებული: როგორ შეიცვლება დონალდ ტრამპის მიერ გატარებული პოლიტიკა ჯოზეფ ბაიდენის პოლიტიკით (ავტორი - ფრენკ გარდნერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"ბოდიში, რომ ყურადღებას ვერ გაქცევთ, - მითხრა საუდის არაბეთის ელჩმა ლონდონში და კიდევ ერთხელ მიაპყრო თვალი თავის სმარტფონს, - ვისკონსინიდან შედეგებს ველოდები“.

ეს რვა დღის წინათ იყო, როცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, თუ ვინ იქნებოდა იანვარში თეთრ სახლში. და როცა მასმედიამ ჯო ბაიდენის გამარჯვების ამბავი გამოაცხადა, ელ-რიადი მილოცვას აგვიანებდა - უფრო მეტად, ვიდრე იმ დროს, როცა საპრეზიდენტო რბოლა დონალდ ტრამპმა მოიგო.

გასაკვირი არაფერია: მათ უმაღლესი პოსტის მქონე მოკავშირე დაკარგეს.

ჯოზეფ ბაიდენის გაპრეზიდენტებას კი საუდის არაბეთისა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებისთვის შორს მიმავალი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. მათი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან 1945 წლიდან გრძელდება და, ცხადია, არსად გაქრება, მაგრამ მოხდება რაღაც ცვლილებები და მათგან ყველა არ გამოიწვევს სიხარულს სპარსეთის ყურის სახელმწიფოთა დედაქალაქებში...

მნიშვნელოვანი მეგობრის დაკარგვა

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცნობილი იყო, როგორც საუდების სამეფო ოჯახის ენერგიული მხარდამჭერი და მოკავშირე. როცა მან პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, 2017 წელს, პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი ელ-რიადში განახორციელა. დონალდ ტრამპის სიძემ ჯარედ კუშნერმა კი მჭიდრო კონტაქტები გააბა ყოვლისშემძლე საუდელ კრონპრინც მუჰამედ ბინ სალმანთან. დონალდ ტრამპი, ჯარედ კუშნერი

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის სპეცსამსახურები საუდელ მემკვიდრეს ეჭვის თვალით უყურებდნენ - ბევრი ფაქტი ადასტურებდა იმას, რომ სწორედ მუჰამედ ბინ სალმანი იდგა 2018 წელს ოპოზიციური ჟურნალისტის - ჯამალ ჰაშოგის მკვლელობის უკან  - დონალდ ტრამპი პირდაპირი ბრალდებისგან თავს იკავებდა.

აშშ-ის პრეზიდენტი, ასევე, არ აჰყვა კონგრესმენთა დაჟინებით მოწოდებებს საუდის არაბეთში იარაღის ექსპორტის აკრძალვის თაობაზე, ჯამალ ჰაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით.

გასაკვირი არაა, რომ კრონპრინცის გარემოცვა ამერიკის პრეზიდენტის გარემოცვის პროსაუდისტურ მოქმედებაზე პოზიტიურად რეაგირებდა: "ჩვენ თქვენს პატივისცემას და მხარდაჭერას არ დავივიწყებთ“.

მაგრამ ახლა საუდის არაბეთი და შედარებით უფრო ნაკლებად - ბაჰრეინი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, თეთრ სახლში მოკავშირეს კარგავენ. დაველოდოთ და ვნახოთ, კონკრეტულად რა შეიცვლება. მუჰამედ ბინ სალმანი - საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე

ომი იემენში: შეწყდება თუ არა?

ბარაკ ობამა, რომლის მმართველობის დროს ჯოზეფ ბაიდენი რვა წელიწადის განმავლობაში იყო აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი, ყოველთვის უკმაყოფილებას ამჟღავნებდა იმის გამო, რომ საუდის არაბეთი [მას ჯარი შეჰყავდა სამოქალაქო ომით მოცულ მეზობელ იემენში] ადგილობრივ მმართველ ძალას ეხმარებოდა და ხუსიტ აჯანყებულებს ებრძოდა. თეთრი სახლიდან ბარაკ ობამას წასვლის მომენტისთვის საუდელთა შეტევები ხუსიტებზე ორ წელიწადს მიმდინარეობდა, მაგრამ - უშედეგოდ. სამაგიეროდ, იემენის ისედაც სუსტი ეკონომიკა თითქმის მთლიანად დაინგრა. იცოდა რა, რომ ეს ომი “კაპიტოლიუმის ბორცვზე“ (აშშ-ის კონგრესში) პოპულარული არ იყო, ბარაკ ობამამ საუდის არაბეთს სამხედრო და სადაზვერვო დახმარება მნიშვნელოვნად შეუმცირა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კი პირიქით აკეთებდა - საუდელთა სამეფოს იემენში სრული მოქმედების უფლება მისცა.

ახლა კი ყველაფერი ისევ თავდაყირა დგება: დემოკრატმა ჯო ბაიდენმა უკვე განაცხადა საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოში, რომ დაასრულებს აშშ-ის მხარდაჭერის პოლიტიკას საუდის არაბეთის მიმართ იემენის საკითხში და კომპლექსურად გადახედავს აშშ-საუდის არაბეთის ურთიერთობას [მასში მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანის მიზნით].

ანუ, როგორც ჩანს, უნდა ველოდოთ, რომ თეთრი სახლის ზეწოლა საუდებზე და მათ იემენელ მოკავშირეებზე, მშვიდობის დამყარების მიზნით, გაძლიერდება.

საუდებმაც და საამიროებმაც ამას წინათ თვითონაც გააცნობიერეს, რომ იემენში სუფთა სამხედრო გამარჯვებას ვერ მიაღწევენ და ამიტომ კომპრომისული ვარიანტის ძიება დაიწყეს, მაგრამ მათ კომპრომისი ისე უნდათ, რომ თავიანთი სახე არ დაკარგონ და არ დაუშვან ხუსიტების დაბრუნება სახელისუფლებო პოზიციებზე, რომელიც მათ სამოქალაქო ომის დაწყებამდე - 2015 წლამდე ეკავათ.

ირანი და საუდის არაბეთი:

ბრძოლა სპარსეთის ყურეში დომინირებისთვის

ახლო აღმოსავლეთში ბარაკ ობამას მიერ გატარებული პოლიტიკის მთავარ "მემკვიდრეობას“ ირანთან დიდი წვალებით მიღწეული ბირთვული გარიგება წარმოადგენს - მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის მიერ მოწონებული მოქმედების ყოვლისმომცველი გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ირანისგან ეკონომიკური სანქციების მოხსნას და თეირანის ატომურ ობიექტებზე საერთაშორისო ინსპექციის განხორციელებას. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი წინამორბედის მიღწევას "აშშ-ის ისტორიაში ყველაზე უარესი გარიგება“ უწოდა და 2018 წელს ბირთვული შეთანხმებიდან ამერიკის გამოსვლა გამოაცხადა. მის მემკვიდრეს - ჯო ბაიდენს განზრახული აქვს "ყოვლისმომცველ გეგმას“ მეტ-ნაკლებად დაუბრუნდეს.

საუდის არაბეთისთვის ეს საშინელება იქნება იმიტომ, რომ სპარსეთის ყურეში სუნიტური საუდელები და შიიტური ირანი დომინირებისთვის იბრძვიან.

გასულ შემოდგომაზე, როცა საუდის არაბეთის ნავთობის მომპოვებელი საწარმოები უცნაური სარაკეტო შეტევის ობიექტები გახდნენ, მე ელ-რიადში ვიყავი და საგარეო საქმეთა მინისტრის - ადელ ჯუბეირის პრესკონფერენციას დავესწარი, რომელიც ირანთან დადებულ ბირთვულ გარიგებას ყველანირად აკრიტიკებდა. მისი თქმით, ამ გარიგებამ რეგიონს კატასტროფული შედეგები მოუტანა იმიტომ, რომ ირანმა შეინარჩუნა თავისი სარაკეტო პროგრამა და არ აკრძალა ახლო აღმოსავლეთის მარიონეტული სამხედრო დაჯგუფებების მიმართ დახმარების გაწევა. მინისტრმა ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას უსაყვედურა, რომ მან თავის დროზე სერიოზულად არ შეაფასა საფრთხე, რომელიც ირანისაგან მოდიოდა.

მიმდინარე წლის იანვარში საუდებმა და მათმა მოკავშირეებმა სპარსეთის ყურეში ჩუმი ზეიმით აღნიშნეს ამერიკული დრონით გენერალ ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციის ფაქტი, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვარგარეთულ ოპერაციებს.

ახლა საუდები და მისი მოკავშირეები ძალიან შიშობენ - ხომ არ დაჰყვება თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია მათ ხარჯზე თეირანთან მოლაპარაკების ცდუნებას?

გამოვიდა რა საუდის არაბეთის უმაღლესი საკანონმდებლო-სათათბირო ორგანოს - შურას საბჭოს სხდომაზე, მეფე სალმანმა, მართალია, პირდაპირ არ უხსენებია აშშ და ჯო ბაიდენი, მაგრამ გასაგებად მოუწოდა მსოფლიოს საზოგადოებას, მტკიცე პოზიცია დაიკავოს ირანის რეჟიმის მიმართ, რომ მას არც ბირთვული იარაღის დაუფლების ნება არ მისცეს და არც ბალისტიკური რაკეტების განვითარების უფლება, რათა თეირანი საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას არ დაემუქროს. ფაქტობრივად, მეფე სალმანის ეს გამოსვლა "მაგატეს“ მიერ 10 ნოემბერს გამოქვეყნებული მოხსენებისადმი პასუხს წარმოადგენდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ირანში გამდიდრებული ურანის მარაგმა დაშვებულ დონეს 12-ჯერ გადააჭარბა.

თეირანი ამგვარ ბრალდებას თავიდან იცილებს და აცხადებს, რომ აშშ-ის გასვლა ბირთვული შეთანხმებიდან ირანს ვალდებულების შესრულებისგან ათავისუფლებს.

ყატარი, არაბული "კვარტეტი“ და აშშ

ყატარში, ალ-უდეიდში, აშშ-ის ისეთი სამხედრო-საჰაერო ბაზა არის დისლოცირებული, რომელიც სპარსეთის ყურის რეგიონში უდიდესია და უმნიშვნელოვანესი. სწორედ აქედან ახორციელებს ამერიკა საჰაერო ოპერაციებს სირიასა და ავღანეთს შორის მდებარე სივრცეში, რომელიც ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში შედის. თანაც ყატარი ბოიკოტს უცხადებს არაბულ კვარტეტს საუდის არაბეთის, გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინისა და ეგვიპტის შემადგენლობით - ძირითადად, იმიტომ, რომ კვარტეტი მხარს უჭერს დაჯგუფება "ძმა მუსლიმანებს“ და მსგავს რადიკალურ ისლამისტებს. ბოიკოტი დაიწყო იმის შემდეგ, რაც უკვე ზემოთ ვთქვით - ელ-რიადში დონალდ ტრამპის ვიზიტის გამო, 2017 წელს.

თავდაპირველად დონალდ ტრამპმა კვარტეტის ქვეყნებს საჯაროდ მხარი დაუჭირა, მაგრამ შემდეგ მრჩევლებმა აუხსნეს, რომ ყატარიც აშშ-ის მოკავშირეა და იქ განლაგებულ ბაზას პენტაგონისთვის დიდი მნიშვნელობა აქვსო.

მოკავშირეებს შორის (იგულისხმება ყატარსა და კვარტეტს შორის) დავა არც თვითონ მათ და არც აშშ-ის ინტერესებში არ შედის. ჯოზეფ ბაიდენი, ალბათ, მაქსიმალურად შეეცდება, დიპლომატიურად მოაგვაროს ეს საკითხი და დაპირისპირება გაანეიტრალოს.

პრიორიტეტი - ადამიანის უფლებები

ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სპარსეთის ყურის რამდენიმე სახელმწიფოს ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ საკითხს ყურადღებას არ აქცევდა და არ ავლენდა "უხეში მმართველების“ აღზრდის სურვილს. იგი მიიჩნევდა, რომ აშშ-ის სტრატეგიული ინტერესები და ბიზნესგარიგებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - ქალთა მოძრაობის აქტივისტების დაჭერები, უცხოელ მუშა-მოსამსახურეთა დისკრიმინაცია ყატარში და ჯამალ ჰაშოგის მკვლელობა.

ჯოზეფ ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია კი, უნდა ვივარაუდოთ, დონალდ ტრამპივით შემწყნარებელი არ იქნება.

წყარო: მოამზადა სიმონ კილაძემ