The Economist - "აზერბაიჯანი ტერიტორიებს იბრუნებს, თურქეთი და რუსეთი კი გავლენის სფეროებს არკვევენ" - როგორ დასრულდა სისხლისღვრა მთიან ყარაბაღში - კვირის პალიტრა

The Economist - "აზერბაიჯანი ტერიტორიებს იბრუნებს, თურქეთი და რუსეთი კი გავლენის სფეროებს არკვევენ" - როგორ დასრულდა სისხლისღვრა მთიან ყარაბაღში

"იმ დროს, როცა ბაქოში მთიანი ყარაბაღის ომში გამარჯვებას ზეიმობდნენ, ეროვნულ ჰიმნს მღეროდნენ და თავიანთ ძლევამოსილ ლიდერს ქება-დიდებას უძღვნიდნენ, ერევანში სამგლოვიარო განწყობა იყო, გამძვინვარებული სომხები თავიანთ ლიდერს ნიკოლ ფაშინიანს დაეძებდნენ და წყევლას უგზავნიდნენ დამარცხების გამო“, - ასე იწყება ბრიტანულ გავლენიან და პოპულარულ ჟურნალ "ეკონომისტ“-ში («The Economist») გამოქვეყნებული სტატია სათაურით "სამშვიდობო შეთანხმებით მთიან ყარაბაღში სისხლისღვრა დასრულდა // აზერბაიჯანი ტერიტორიებს იბრუნებს, თურქეთი და რუსეთი კი გავლენის სფეროებს არკვევენ“.

ვრცელ მასალაში განხილული და შეფასებულია მოსკოვში ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმება (ერთობლივი განცხადება) მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ: "იმ დროს, როცა აზერბაიჯანის არმიამ შუშაზე გამარჯვების დროშა ააფრიალა, დემორალიზებულ და გაწამებულ სომხეთის ჯარს წინააღმდეგობის გაწევა უკვე აღარ შეეძლო. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი სომხებისათვის უდიდესი ისტორიული დამცირების ტოლფასი იყო. მათი აზრით, პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა ომისთვის მოემზადებინა და მარცხი თავიდან აეცილებინა“, - აღნიშნულია სტატიაში.

"დადებული შეთანხმება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური რყევის შედეგს სამხრეთ კავკასიის არასტაბილურ რეგიონში, რომელიც ევროპის, ცენტრალური აზიის და ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო დაწყებული ომი იმ დროს სომხეთის გამარჯვებით დასრულდა, კონფლიქტი დროებით "გაიყინა“,მაგრამ 2020 წლის სექტემბრის ბოლოს ისევ იფეთქა... აზერბაიჯანმა, თურქეთის ქმედითი დახმარებით, თავისი კონტროლი აღადგინა წინა ომში დაკარგულ ტერიტორიებზე.

ეს ომი გარდაუვალი იყო. პირველი მიზეზი - აზერბაიჯანი გამდიდრდა და საკუთარი ძალა იგრძნო, პარალელურად ბაქო სულ უფრო მწვავედ განიცდიდა პროგრესის არქონას სომხეთთან მოლაპარაკების დროს. მეორე მიზეზი - თურქეთის მზარდი თავდაჯერებულობა, რომ მას შეუძლია თავისი სიტყვა თქვას და მოკავშირეს რეალურად დაეხმაროს - იარაღით და დაქირავებულებით. მესამე - რუსეთის მდუმარე თანხმობა აზერბაიჯან-თურქეთის ტანდემის მოქმედებაზე: ადრე ბაქოს მაინც შიში ჰქონდა, ვაითუ მოსკოვმა ერევანს დახმარება გაუწიოს სამოკავშირეო დამოკიდებულების საფუძველზეო, მაგრამ შემდეგ აზერბაიჯანის ლიდერი ილჰამ ალიევი მიხვდა - რუსეთი არ დადგება პოპულისტ ნიკოლ ფაშინიანის გვერდით.

ბოლო ათწლეულში კრემლი არ აღიარებს იმ ლიდერებს, რომლებიც ხელისუფლებაში რევოლუციების შედეგად მოვიდნენ. ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინი ძალიან გააბრაზა იმითაც, რომ ციხეში ჩასვა მისი მეგობარი რობერტ ქოჩარიანი და როცა პუტინი ერევანში იყო, მას პატიმარი მეგობრის ნახვის უფლება არ მისცა. მეოთხე ფაქტორი - აშშ-ის პასიურობა რეგიონის საქმეების მოგვარებაში. დონალდ ტრამპის დროს ვაშინგტონის ინტერესების კლების პროცესი დაჩქარდა, შესაბამისად, რუსეთისა და თურქეთის ავტოკრატულმა ლიდერებმა შეძლეს ამ გარიგების დადება სხვების ჩაურევლად.

შეთანხმების თანახმად, მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალები შედიან - ესაა მთავარი პირობა, მაგრამ საინტერესოა, რომ დოკუმენტში საერთოდ არ არის ნახსენები მთიანი ყარაბაღის სტატუსი, რომელსაც წინა დღეებში ილჰამ ალიევი ავტონომიას პირდებოდა აზერბაიჯანის ფარგლებში. სამაგიეროდ, გაჩნდა ათი ათასობით ლტოლვილი, რომლებმაც აზერბაიჯანის არმიის მიახლოებისთანავე შუშა, სტეფანაკერტი და სხვა ქალაქ-სოფლები დატოვეს.

მოსკოვს დიდი ხანი სურდა ლაჩინის დერეფნის გაკონტროლება და ახლა ეს მიზანი შეისრულა. თავის მხრივ, ილჰამ ალიევი კრემლის სურვილის რეალიზებას ეწინააღმდეგებოდა: აზერბაიჯანის ლიდერს თვალწინ ედგა რუსეთის სამშვიდობო ძალების "გამოცდილება“ მშვიდობის დაცვის საქმეში - მეზობელი საქართველოს მაგალითზე. 2008 წლის ომის შემდეგ ილჰამ ალიევს არანაირი სურვილი არ ჰქონდა რუსი ჯარისკაცები მთიან ყარაბაში ენახა, მაგრამ იგი იმასაც აცნობიერებდა, რომ ომის შემდგომი გაგრძელება რუსეთის არმიასთან შეტაკების რისკებს ზრდიდა.

თურქეთმა, როგორც ჩანს, აზერბაიჯანი დაარწმუნა, რომ შეთანხების პირობებს დათანხმებულიყო. მართალია, თურქეთი სამმხრივ დოკუმენტში მოხსენიებული არ არის, მაგრამ ანკარამ მაინც მიიღო თავისი სარგებელი: თურქეთს ახლა შეუძლია გამოიყენოს სატრანსპორტო კომუნიკაციები ნახჭევნის ავტონომიიდან საკუთრივ აზერბაიჯანისაკენ, სომხეთის ტერიტორიის ტრანზიტით, კასპიის ზღვისაკენ, რითაც ანკარამ ცენტრალურ აზიასთან კავშირები უზრუნველყო. ანატოლია კიდევ ერთი გზით ჩაერთო აგრეთვე ჩინურ "ერთი გზა - ერთი სარტყლის“ ინივიატივაშიც.

საინტერესოა ის გარემოება, რომ გზას, რომლითაც პერსპექტივაში თურქული და ჩინური პროდუქცია იქნება გადატანილი, რუსეთი გააკონტროლებს, ანუ მოსკოვიც გარკვეულ სარგებელს მიიღებს: "ამ სავაჭრო მარშრუტს რეგიონის შეცვლა შეუძლია და პრობლემების მოგვარების მნიშვნელოვანი საფუძველს წარმოადგენს”, - ამბობს მიხეილ ჯაბაროვი, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი, რომელმაც განათლება აშშ-ში მიიღო.

შესაძლოა, სწორედ მსგავსი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის პერსპექტივა გახდა იმის მიზეზი, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამ დღეებში სამხრეთ კავკასიას [საქართველოს] უნდა ეწვიოს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოთხწლიანი უყურადღებობის შემდეგ, მაიკ პომპეო დიდი დაგვიანებით ჩადის იქ, სადაც წინ მრავალი სირთულე მოჩანს. წყარო:

მოამზადა სიმონ კილაძემ