"მთავარი ამოცანა იყო ჩინეთის ჩაბმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართულ ცივ ომში" - ჰენრი კისინჯერი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის აწმყოსა და პერსპექტივაზე - კვირის პალიტრა

"მთავარი ამოცანა იყო ჩინეთის ჩაბმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართულ ცივ ომში" - ჰენრი კისინჯერი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის აწმყოსა და პერსპექტივაზე

ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა ამ დღეებში   გერმანულ და ფრანგულ გაზეთებს - “დი უელტს“ («Die Welt») და “ლე ფიგაროს“ («Le Figaro») მისცა ინტერვიუ, სადაც მან ისაუბრა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებსა და ჯოზეფ ბაიდენის შესახებ და, ასევე, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის აწმყოსა და პერსპექტივაზე. ინტერვიუ გამოქვეყნებულია სათაურით: "ჰენრი კისინჯერი: "მე ჯო ბაიდენს ვაფასებ როგორც ადამიანს“.

გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი პუბლიკაციიდან:

"(...) მე ჯო ბაიდენს არა ერთი ათეული წელიწადია, ვიცნობ და, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ზოგიერთ პოლიტიკურ საკითხში ერთმანეთს არ ვეთანხმებით, ვიცი, რომ იგი ის კაცი არ არის, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს სხვებს თავს ძალით მოახვევს. ამერიკის მთავარი ამოცანა ახლა შიდა პოლიტიკური კონფლიქტების მართვაში იქნება გამოხატული. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ერთი მანდატი არასდროს იქნება საკმარისი იმ ფუნდამენტალურ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რომელიც ჩვენ წინაშე დგას“, - აღნიშნავს ჰენრი კისინჯერი.

"(...) ჩვენი ერთ-ერთი დიდი პრობლემა უკავშირდება ჩინეთთან ურთიერთობას, რომელსაც ორი უმნიშვნელოვანესი ასპექტი აქვს. პირველი ეხება ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას, რომელსაც გარდაუვლად თან სდევს ძალთა გლობალური ბალანსის ცვლილება; მეორე კი - არსებულ იდეოლოგიურ უთანხმოებას. სამომავლოდ გასარკვევი იქნება, რამდენად მოახდენს ზეგავლენას იდეოლოგიური კონფლიქტი ეკონომიკურ ურთიერთობებზე“, - აღნიშნავს ყოფილი სახელმწიფო მდივანი (ცნობისთვის: ჰენრი კისინჯერი, რომელიც პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, 1972 წელს პეკინში ჩავიდა, შეხვდა მაო ძედუნს, ჯოუ ენლაის და ჩინეთში რიჩარდ ნიქსონის ვიზიტი მოამზადა). ჰენრი კისინჯერი, მაო ძედუნი

"(...) ჩემი, პირადი პოლიტიკური პოზიცია ნატოს შექმნის ეპოქაში ჩამომიყალიბდა, საყოველთაო იდეოლოგიური (კომუნისტური) მოწინააღმდეგის შიშის კონტექსტში. დღეს, როცა ჩვენი მიზნები და ამოცანები ევროპის გარე საზღვრებით აღარ არის შემოფარგლული, სიტუაციის ამგვარი პოზიციით გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. ევროპასა და შეერთებულ შტატებს აუცილებლად ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეთ ჩინეთის მიმართ. ევროპა ვერაფერს მოიგებს, თუ ის დამოუკიდებელ პოზიციას დაიკავებს ჩინეთთან მსოფლიო ბალანსის საკითხში. ვფიქრობ, ევროპა მომავალში არ იქნება იმით დაინტერესებული, რომ ევრაზიის ერთგვარ გაგრძელებად დარჩეს: ჩვენი ერთობლივი, საუკუნეობრივი ფასეულობების შენარჩუნება აშშ-ის ინტერესებსაც პასუხობს და - ევროპისაც“, - ამბობს ჰენრი კისინჯერი.

"(...) თუ ჯოზეფ ბაიდენი გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, მაშინ ირანის მიმართ ამერიკის პოზიცია გადაიხედება, კერძოდ, ვაშინგტონი შეეცდება თეირანის ინტეგრირებას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ყოვლისმომცველ დარეგულირებაში. ამრიგად, ჩვენ ვიმყოფებით აშშ-ისათვის უმნიშვნელოვანესი პერიოდის გარიჟრაჟზე. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამ საკითხს გადავწყვეტთ და წინსვლას გავაგრძელებთ. ამერიკის შეერთებული შტატები უნდა გაერთიანდეს ერთობლივი ფასეულობებისა და მიზნების ირგვლივ და არა - ერთი ბანაკის მეორე ბანაკზე გასამარჯვებლად“, - მიუთითებს ყოფილი სახელმწიფო მდივანი.

"(...) თუ აშშ-ის მთავრობა შეიცვლება, მაშინ ახალმა ადმინისტრაციამ ყურადღებით უნდა განიხილოს ის უთანხმოება, რაც ევროპასა და ამერიკას შორის არსებობს იმ გაგებით, რომ ერთმანეთისგან უნდა განცალკევდეს მეთოდური და არსობრივი კონფლიქტები. ამასთან, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჰარმონიული ურთიერთობა თავისთავად გაჩნდება. ჰარმონია ითხოვს ურყევ ნებას და საერთო სწრაფვას დიალოგისკენ - როგორც ევროპული, ასევე - ამერიკული მხრიდან“, - მიაჩნია ჰენრი კისინჯერს.

"(...) ჩვენ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების საბაზო საფუძვლის არსებობას ნატოს უნდა ვუმადლოდეთ, ამიტომ ამ გზით სიარული უნდა გავაგრძელოთ. მაგრამ კონცეპტუალურ დონეზე სუფთა სამხედრო ალიანსი, რომელსაც ნატო წარმოადგენს, უნდა განვითარდეს ისეთ ალიანსად, რომელიც შეინარჩუნებს თავის ძლიერ სამხედრო ორიენტაციას და, ამავე დროს, გაითვალისწინებს გლობალური რყევების მზარდ რაოდენობას, რომელიც მხოლოდ სამხედრო მიზეზებით არ არის განპირობებული, ანუ იმ მიზნებსა და ამოცანებს, რომელიც პოლიტიკურ გაცნობიერებასა და დელიკატურ მიდგომას ითხოვს. მინდა გავახსენო ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ ჩვენ ახლა გვჭირდება, გამოვიჩინოთ ინტელექტუალური და ემოციური ძალისხმევა ახალი მსოფლმხედველობის მისაღებად. კარგი იქნება, თუ ევროპა ამ საკითხს მიუდგება არა მხოლოდ საკუთარი პრობლემების გათვალისწინებით, რომელთა გადაჭრაში ჩვენ თანამშრომლობა შეგვიძლია“, - მსჯელობს ექსსახელმწიფო მდივანი.

"(...) თუ თქვენ ჩინეთთან ურთიერთობის ევოლუციას შეხედავთ, დაინახავათ, რომ რამდენიმე ფაზის გავლა მოგვიხდა. როცა ურთიერთობა დამყარდა, ვერც რიჩარდ ნიქსონი და ვერც მე ვერ წარმოვიდგენდით, რომ ურთიერთობის განვითარება აუცილებლად მიგვიყვანდა ჩინეთის იდეოლოგიის ცვლილებამდე. იმ დროს ჩვენი მთავარი სტრატეგიული ამოცანა იყო ჩინეთის ჩაბმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართულ ცივ ომში და ჩვენი მოკავშირეების პერსპექტივების გაფართოება იმ ეპოქაში არსებული კოლონიური კონფლიქტების ჰორიზონტს მიღმა“, - იხსენებს ჰენრი კისინჯერი.

"(...) რა თქმა უნდა, იოლი არაა დღევანდელი კონფლიქტური სიტუაციის შეცვლა მშვიდობიანი თანაარსებობით და თანხმობით. მაგრამ, ჩემი შეხედულებით, უკიდურესი უგუნურება იქნებოდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება პერმანენტული შუღლისა და დაპირისპირების შექმნის მიზნით. შეიძლებოდა თუ არა 50 წლის წინათ სხვა პოლიტიკის გატარება? ჩემი აზრით, აშშ-ის პოლიტიკის ღია ხასიათმა ჩინეთის მიმართ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალ მსოფლიო წესრიგში“, - მიიჩნევს მსოფლიოს ერთ-ერთი უხუცესი დიპლომატი.

"(...) როგორც ვთქვი, ჯო ბაიდენს 40 წელია, ვიცნობ. გაგიკვირდებათ, რასაც ახლა გეტყვით: იგი 30 წლისაც არ იყო, როცა სენატორად აირჩიეს და ეს კონსტიტუციით დაწესებული მინიმალური ასაკია. როცა მე ერთ-ერთი მორიგი ვადით ვმუშაობდი სახელმწიფო მდივნად, ჯო ბაიდენი აშშ-ის სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის მაღალი დონის სხდომას ესწრებოდა. დარბაზში რომ შემოვიდა, მას არ ვიცნობდი, ვინ იყო და ამიტომ ვთქვი - "არ მეგონა, რომ ჩვეულებრივ თანამშრომლებს ამგვარი დონის სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ-მეთქი“. ჯო ბაიდენმა გაიგონა, მაგრამ იმ დროს მას ჩემი ნათქვამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუცია. თუმცა მოგვიანებით იგი ამ ისტორიას ხშირად ჰყვებოდა და ცოტა რაღაცებს ამატებდა კიდეც... მოკლედ, მე მას, როგორც ადამიანს, ძალიან ვაფასებ. რა თქმა უნდა, ხშირად გვქონია განსხვავებული ხედვები საგარეო პოლიტიკაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ჯოზეფ ბაიდენი პრეზიდენტი გახდება, იგი ამერიკის საგარეო პოლიტიკის გატარებისას ზომიერად და დაფიქრებულად მოიქცევა. საარჩევნო კამპანიის დროს მას აშკარად გამოცდილი მრჩევლები ეხმარებოდნენ საგარეო პოლიტიკის სფეროში. ჯერ არავინ იცის, რა და როგორ იქნება არჩევნების შემდეგ, მაგრამ მე, პირადად, მთელ ჩემს გავლენას მოვახმარ ამერიკელი ერის ერთიანობის განმტკიცებას“, - ასეთ რეზიუმეს აკეთებს ინტერვიუში ჰენრი კისინჯერი.     წყარო:

მოამზადა სიმონ კილაძემ