"ტანდაბალი, ჩაფსკვნილი, წინ გამოშვერილი გრძელი ცხვირით..." - როგორ ახასიათებს ბარაკ ობამა პუტინს თავის მემუარებში? - კვირის პალიტრა

"ტანდაბალი, ჩაფსკვნილი, წინ გამოშვერილი გრძელი ცხვირით..." - როგორ ახასიათებს ბარაკ ობამა პუტინს თავის მემუარებში?

ბრიტანულმა ცნობილმა გაზეთ "სანმა" («The Sun») გამოაქვეყნა სტატია სათაურით "ვლადიმერ პუტინის "დაუსრულებელი" - 45-წუთიანი ლაპარაკი ამერიკაზე ბარაკ ობამასთან პირველი შეხვედრის დროს" (ავტორი - ემა პერი).

ვლადიმერ პუტინი ბარაკ ობამასთან თავისი პირველი შეხვედრისას "დაუსრულებელი", 45-წუთიანი მამხილებელი სიტყვით გამოვიდა ამერიკის წინააღმდეგ  - ამაზე თავად ყოფილი პრეზიდენტი წერს თავის ახალ მემუარებში.

ამას წინათ ვლადიმერ პუტინმა, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს იწინასწარმეტყველა, რომ მას კარგი ურთიერთობები ექნებოდა ჯოზეფ ბაიდენთან, რადგან აშშ-ის დემოკრატიული პარტია  მის "ლიბერალურ ღირებულებებს" იზიარებს (სინამდვილეში, რუსეთის პრეზიდენტი ამას ირონიულად ამბობდა, პასუხობდა რა ჟურნალისტის კითხვას, - რომლის გამარჯვებას ამჯობინებთ არჩევნებში - დონალდ ტრამპისა თუ ჯო ბაიდენისასო? ამ, საკმაოდ პროვოკაციულ კითხვაზე პასუხის გაცემისას ვლადიმერ პუტინმა ორივე შეაქო და გაიხსენა, რომ საბჭოთა კავშირის კომპარტია, რომლის წევრი თავადაც იყო 18 წლის განმავლობაში, ასევე, იბრძოდა აშშ-ის ფერადკანიანი მოსახლეობის უფლებებისათვის, როგორც ახლა ამას ჯოზეფ ბაიდენი და მისი დემოკრატიული პარტია აკეთებს - რედ.).

“მიიწვია რა ბარაკ ობამა საუზმეზე, 2009 წლის ივლისში ანუ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი ვიცეპრეზიდენტი გახდა, რუსეთის ლიდერს აშშ-ზე კარგი აღარაფერი უთქვამს“, - ამის შესახებ წერს აშშ-ის ექსპრეზიდენტი თავის ახალ წიგნში - "აღთქმული მიწა" (A Promised Land), რომელსაც მკითხველი 17 ნოემბერს იხილავს.

შეხვედრა ვლადიმერ პუტინის აგარაკზე გაიმართა, მოსკოვის ახლოს. აგარაკი უზარმაზარი შენობა აღმოჩნდა, მაღალი მესრით შემოღობილი.

"როგორც ბარაკ ობამა თავის წიგნში გვიამბობს, ფოტოსურათების გადაღებისას  ვლადიმერ პუტინი მას მაინცდამაინც სოლიდურ კაცად არ მოეჩვენა. "ტანდაბალი, ჩაფსკვნილი, წინ გამოშვერილი გრძელი ცხვირით და თეთრი თვალებით, რომლითაც იგი ყურადღებით უმზერს მოსაუბრეს", -  ასე ახასიათებს აშშ-ის ექსპრეზიდენტი თავის წიგნში ვლადიმერ პუტინს", - ამბობს გაზეთის ერთ-ერთი წყარო.

“ასევე, ბარაკ ობამა  იხსენებს, თუ როგორ მოუტანეს ტრადიციულ რუსულ, გლეხურ ტანსაცმელში გამოწყობილმა ოფიციანტებმა მას ხიზილალიანი კვერცხი, დაუსხეს ჩაი... შემდეგ ვლადიმერ პუტინმა დაიწყო "დაუსრულებელი" მამხილებელი ლაპარაკი იმაზე, თუ რა უსამართლო პოლიტიკას ატარებს ამერიკა და რა ცუდად ექცევა ამერიკელი ხალხი რუს ხალხს.

“ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მას უფრო მეტად პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მოსწონს. რუსმა ლიდერმა გაიხსენა, 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ როგორ დაურეკა პირადად პრეზიდენტს, სოლიდარობა გამოუცხადა და  სადამ ჰუსეინთან ურთიერთობაში დახმარებაც შესთავაზა... შემდეგ პუტინმა აღნიშნა, რომ ჯორჯ ბუშმა ერაყში შეჭრით არასწორი ნაბიჯი გადადგა, რითაც ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზება განახორციელა".

"აშშ-ის პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლები, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, ვლადიმერ პუტინის ლაპარაკის დაწყებიდან 30-ე წუთზე შეეცადნენ, რომ რუსეთის ლიდერს თავისი "მამხილებელი" გამოსვლა შეეწყვიტა, მაგრამ, როგორც ბარაკ ობამა წერს, მან გადაწყვიტა, ვლადიმერ პუტინი არ გაეჩერებინა და სათქმელი დაესრულებინებია. მას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს, მის რუს კოლეგას ამ გამოსვლის რეპეტიცია ჰქონდა გავლილი. 45 წუთის შემდეგ ვლადიმერ პუტინი გაჩერდა. შემდეგ კი ბარაკ ობამამ მას საყვედურიანი გამოსვლის ყველა პუნქტზე უპასუხა. მოკლედ, ორსაათიანი შეხვედრა ნამდვილ მარათონად იქცა".

751-გვერდიანი მემუარები ორტომიანი წიგნის პირველ ნაწილს წარმოადგენს.

2017 წელს გამომცემლობამ Penguin Random House 65 მილიონი დოლარი გადაიხადა მიშელ და ბარაკ ობამების მემუარების გამოქვეყნების უფლების მისაღებად. პრეზიდენტის ავტობიოგრაფიისთვის ეს რეკორდული თანხაა.

ბარაკ ობამა წიგნში წერს თავის ახალგაზრდობის პერიოდზე, ასევე, 2008-2011 წლებზე - უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის მომენტამდე.

"აღთქმულ მიწაში", აგრეთვე, გადმოცემულია, რა მძიმე აღმოჩნდა ბარაკ ობამასათვის უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის გადაწყვეტილების მიღება. პრობლემა ის იყო, რომ მას არ შეძლო ტერორისტის განადგურების გეგმის განდობა თავისი ცოლისთვის - მიშელისთვის, ეს სრულიად საიდუმლო ოპერაციას წარმოადგენდა. როგორც პრეზიდენტი წერს, იგი ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას და როცა თეთრმა სახლმა ტერორისტის გვამის ფოტოსურათი მიიღო, იგი ბევრს ხუმრობდა.

სხვათა შორის, წიგნში ბარაკ ობამა აღნიშნავს, რომ მას დონალდ ტრამპმა, როდესაც იგი ჯერ კიდევ სამშენებლო ბიზნესში იყო, თეთრ სახლში ფართო საცეკვაო დარბაზის მოწყობა შესთავაზა, მაგრამ მას თავაზიანი უარი განუცხადა. წყარო:

მოამზადა სიმონ კილაძემ