"პუტინის ყველაზე დიდი შიში - პასუხისმგებლობა იმ მხეცობებისათვის, რომელიც მისმა მთავრობამ ჩეჩნეთში, საქართველოში, უკრაინაში და სირიაში ჩაიდინა" - კვირის პალიტრა

"პუტინის ყველაზე დიდი შიში - პასუხისმგებლობა იმ მხეცობებისათვის, რომელიც მისმა მთავრობამ ჩეჩნეთში, საქართველოში, უკრაინაში და სირიაში ჩაიდინა"

აშშ-ის გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" («The Washington Post») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ვლადიმერ პუტინის ყველაზე დიდი შიში - პასუხისმგებლობა მისი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო", სადაც განხილული და განმარტებულია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ ერთ-ერთი კანონპროექტის მიღების მიზეზი - საქმე ეხება ქვეყნის პრეზიდენტების სამუდამო იმუნიტეტს სამართლებრივი დევნისაგან.

“გასულ კვირას რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ მორჩილად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტებს სამართლებრივი დევნისაგან მუდმივ იმუნიტეტს ანიჭებს. ეს კანონი, ასევე, ითვალისწინებს ყოფილი პრეზიდენტების სამუდამო სენატორობას - ასეთი პრაქტიკა ჩილის გამოცდილებას მოგვაგონებს, როცა იქაურმა პარლამენტმა თავის დროზე დიქტატორ პრეზიდენტს - აუგუსტო პინოჩეტს სენატორის სამუდამო სტატუსი მისცა“, - აღნიშნულია სტატიაში.

"ამ საკანონმდებლო ინიციატივამ დასავლურ მასმედიაში სპეკულაციები გამოიწვია. პრესაში ლაპარაკი იყო კანონპროექტის დაჩქარებული მიღების მიზეზებზე, რომ თითქოს რუსეთის ხელისუფლება წინასწარ იღებს სიფრთხილის ზომებს. მით უმეტეს, რომ ამ სტატიებს დაემთხვა ტაბლოიდებში გაჟღერებული ხმები ვლადიმერ პუტინის სავარაუდო ავადმყოფობის თაობაზე, რომლის გამოც იგი ახალი წლის შემდეგ თანამდებობიდან გადადგება და ა.შ. თუმცა ამ საკანონმდებლო ნაბიჯების მიზეზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმების გარეშეც გასაგებია.

“პრეზიდენტების იმუნიტეტის შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთი თანაავტორის, ანდრეი კლიშასის განცხადებით, სამართლებრივი ნორმა გამიზნულია იმისთვის, რომ არ მოხდეს "სახელმწიფოს ყოფილი მეთაურების უსაფუძვლო სამართლებრივი დევნა". სიტყვა "უსაფუძვლოს" მიუხედავად (სხვათა შორის,  დამხობილი დიქტატორები, სლობოდან მილოშევიჩით დაწყებული და ალბერტო ფუხიმორით დამთავრებული, ყველა თავს უსაფუძვლოდ დევნილად მიიჩნევდა), რუსი მაღალჩინოსნის ნათქვამი მაინც გასაკვირია. გამოდის, რომ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრი ანდრეი კლიშასი ადასტურებს იმას, რასაც ანალიტიკოსები დიდი ხნის წინ ამბობდნენ: ვლადიმერ პუტინს დიდი შიში აქვს - ვაითუ მას პასუხისმგებლობა მოუწიოს თავის მოქმედებაზე, როცა დამცველ ოფისს - კრემლის კედლებს დატოვებს.

(...) ეს შიში გასაგებია: ხელისუფლებაში ყოფნის 20 წლის განმავლობაში ვლადიმერ პუტინმა ბევრი ისეთი რამ მოიმოქმედა, რის გამოც შეიძლება იგი პასუხისგებაში მისცენ, როგორც რუსეთის შიდა კანონმდებლობით, ისე - საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების მიხედვითაც, კერძოდ, არჩევნების გაყალბებისთვის, ოპონენტების საპყრობილეში გაგზავნისთვის, მასმედიაზე განხორციელებული ზეწოლისა და ხელისუფლების ბოროტად სარგებლობის სხვა ფაქტებისთვის - მაგალითად, იმ მხეცობებისთვის, რომელიც მისმა მთავრობამ ჩეჩნეთში, საქართველოში, უკრაინასა და სირიაში ჩაიდინა. არსებობს, აგრეთვე, ეჭვი ვლადიმერ პუტინის პირადი მონაწილეობის შესახებ იმ დანაშაულში, რომელიც 2015 წელს მოხდა - მისი მთავარი ოპონენტის, ყოფილი ვიცეპრემიერის - ბორის ნემცოვის მკვლელობაში. ეუთოს მიერ ამას წინათ გამოქვეყნებული მოხსენება შეიცავს მოწმეთა ისეთ ჩვენებებს, რომელშიც ჩანს, თუ სად და როგორ გასცა ვლადიმერ პუტინმა ბორის ნემცოვის მკვლელობის ბრძანება. გასაკვირი არაა, რომ რუსმა გამომძიებლებმა ამ ფაქტების იგნორირება მოახდინეს.

რუსი სამართალმცოდნეები და უფლებადამცველები ვრცლად აღწერენ ამ და სხვა სამართალდარღვევებს ახალ "თეთრ წიგნში", რომელიც მართლმსაჯულების განხორციელების ერთგვარი სახელმძღვანელო უნდა იყოს პოსტპუტინური რუსეთისთვის. იმ ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, სადაც მკაცრი ავტორიტარული რეჟიმები იყო გამეფებული - ჩილეთი და სალვადორით დაწყებული, სამხრეთ აფრიკითა და ყოფილი იუგოსლავიით დამთავრებული - ავტორებს მოჰყავთ ბევრი დასაბუთება სასამართლო პროცესის გამართვის სარგებლიანობაზე, რომელიც უზრუნველყოფს პასუხისმგებლობას სახელმწიფოს მიერ დაკვეთილ დანაშაულზე. ამგვარი პროცესი მიმართული იქნება, ერთი მხრივ, სასამართლოს გარეშე განხორციელებული შურისძიების თავიდან ასაცილებლად, როგორც ეს, მაგალითად, რუმინეთსა და სირიაში მოხდა (ნიკოლაე ჩაუშესკუსა და მუამარ კადაფის არასამართლებრივი დახვრეტები), ხოლო მეორე მხრივ, არ გაგრძელდება ის ტოტალური დაუსჯელობა, რითაც სარგებლობდნენ კომპარტიისა და “კაგებეს" წარმომადგენლები რუსეთში საბჭოთა რეჟიმის დამხობის შემდეგ.

(...) ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, ამისთვის უკვე ემზადება. თვით ის ადამიანიც კი, ვინც ხელისუფლებაში 20 წელიწადია, იმყოფება და შესაძლოა, რეალობის აღქმის უნარსაა მოკლებული, ისიც კი შენიშნავს რეჟიმისთვის გამაფრთხილებელ სიგნალებს, რომელიც მოსკოვსა და ხაბაროვსკში გამართული ქუჩის პროტესტებიდან მოდის, რაც დასტურდება სახელისუფლებო პარტიის დამამცირებელი მარცხით ადგილობრივ არჩევნებში და ვლადიმერ პუტინის რეიტინგის მკვეთრი ვარდნით, ასევე, ოპოზიციონერ ალექსი ნავალნის პოპულარობის მატებით.

მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2024 წელს უნდა ჩატარდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მომავალი არჩევნებიც ისევე მანიპულირებული იქნება, როგორიც წინა იყო, მაშინ სულ უფრო გაიზრდება რუსეთში ისეთი მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ალბათობა, რომელმაც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ავტორიტარული მმართველები იმსხვერპლა. შესაბამისად, ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ზომები თავის დაზღვევის უზრუნველყოფის მცდელობას წარმოადგენს. მაგრამ ვლადიმერ პუტინისთვის პრობლემა ის არის, რომ დამხობილი დიქტატორების მიმართ იშვიათად თუ მოქმედებენ იმავე დიქტატორების მიერ დაწერილი კანონებით. ვისაც არ სჯერა, გენერალ პინოჩეტს ჰკითხოს".   წყარო:

მოამზადა სიმონ კილაძემ