სოფელი კარების გარეშე - 300-წლიანი ისტორიის საიდუმლო - კვირის პალიტრა

სოფელი კარების გარეშე - 300-წლიანი ისტორიის საიდუმლო

მსოფლიოში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული კულტურა და ტრადიცია არსებობს და ინდოეთი მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. იშვიათია ნახო ქვეყანა, სადაც ყველა წესსა თუ ტრადიციას ასეთი შემართებით იცავდეს ხალხი. წინაპართა მიერ დატოვებული მონაგარი, გათხოვებისა თუ დაკრძალვის ცერემონიები, ზედმიწევნით სრულდება და დაცულია.

წარმოიდგინეთ, ინდოეთის დასავლეთით, შტატ მაჰარაშტრაში, სოფელი შანი შინგნაპური არსებობს, სადაც არათუ კარის საკეტი, არამედ - კარიც არავის აქვს. იქ მაღაზიები, სახლები, ეკლესიები და ყველა შენობა მუდამ ყველასთვის ღიაა და სოფლის მკვიდრნი არც ფიქრობენ, რომ შეიძლება მათი სახლიდან რაიმე ნივთი დაიკარგოს ან თანასოფლელელებმა მოიპარონ.

შანი შინგნაპურის ამ უცნაურობას - უკარო შენობებს თავისი ისტორიული ახსნა აქვს. უძველესი დროიდან დღემდე სოფლის მცხოვრებლები პატივს სცემენ თავიანთ წინაპარ რორ შანის, რომელიც სოფელს სატურნის ღმერთთან ერთად იცავს და მფარველობს. უკარო სოფლის ისტორია 300 წლის წინ დაიწყო.

ლეგენდის თანახმად, 300 წლის წინ სოფელში ძლიერი წვიმა მოვიდა. წვიმამ სოფლის ნაწილი დატბორა და როდესაც წყლის დონემ დაიწია, ხალხმა მდინარე პანასნალას სანაპიროსთან დიდი შავი ქვის ფირფიტა იპოვა, რომელიც სადღაც, სოფლის ტერიტორიიდან წამოეღო წყალს. როდესაც სოფლის მაცხოვრებლები ამ ქვას შეეხნენ, იგი მოულოდნელად გაიბზარა და ქვიდან სისხლი გადმოვიდა.

იმავე საღამოს სოფლის მეთაურმა - შანიმ, წყალდიდობის ღამეს ნანახი სიზმარი გაამჟღავნა და შავი ქვის ფირფიტა სოფლის კერპად აღიარა. შანიმ ბრძანა, ფირფიტა სოფელში შეენახათ და საგულდაგულოდ დაეცვათ. ფირფიტა უნდა ყოფილიყო იქ, სადაც ხალხი იცხოვრებდა. სიზმრისა და უცნაური დამთხვევის გამო შეშინებულმა ხალხმა ქვის ფირფიტა აკურთხა და მას სოფლის დაცვა შესთხოვა.

მას შემდეგ, რაც ქვის კერპი სოფლის შუაგულში დაიდგა, ხალხმა გადაწყვიტა, რომ ირგვლივ არცერთ სახლს არც კარი ჰქონოდა და არც რამე საკეტი, მათ ეს აღარ სჭირდებოდათ, რადგან კერპი ხალხსა და სოფელს ყოველთვის ყველანაირი უბედურებისა და ავისგან დაიცავდა.

ეს ამბავი უკვე წლებია, გრძელდება. ყოველდღე 40 000 მნახველი მხოლოდ კერპის სანახავად მიდის სოფელში და დღეს შანი შინგნაპურში დახურულ კარს ვერსად ნახავთ. იშვიათად შეხვდებით პატარა ხის ღობეებს, რადგან ღამე სახლში მაწანწალა ძაღლი არ შევიდეს, სხვა დაცვის საშუალება თითოეული მკვიდრისთვის უბრალოდ მიუღებელია. ხალხი ფულს და ძვირფას ნივთებს ყველასთვის მისაწვდომად, ღია სახლში ტოვებს. მათ სწამთ, რომ ვინც უნდა მოვიდეს, მათ ნივთებს ხელს არავინ ახლებს.

საყურადღებოა, რომ ტრადიცია საპირფარეშოებსაც ეხება და არც ისინი იკეტება. შანი შინგნაპურში ყველა საზოგადოებრივ საპირფარეშოში წვრილი ფარდაა ჩამოფარებული და ინდოეთის კონსტიტუცია, მთავრობა და ხალხი პატივს სცემს სოფლის წესებს.

2015 წლის სექტემბერში სოფელში პირველი პოლიციის შენობა გაიხსნა. პოლიციას მოსახლეობისგან დღემდე არცერთი საჩივარი არ მიუღია და, რა თქმა უნდა, შესასვლელი კარი სხვა შენობებივით არც პოლიციის შენობას აქვს. 2011 წელს გაერთიანებულმა კომერციულმა ბანკმა ინდოეთში პირველი "უსაკეტო“ ბანკი გახსნა. ფილიალი კვლავ ფუნქციონირებს და ბანკს ერთი თხელი, შუშის ავტომატურად გამღები კარი აქვს, სხვა დაცვის სისტემა, სოფლის მოსახლეობის რწმენის გათვალისწინებით, შენობას არ სჭირდება.

შანი შინგნაპურელების ლეგენდა და რწმენა იმდენად ძლიერია, რომ მისი დარღვევა დამღუპველია თითოეული მაცხოვრებლისთვის. რამდენიმე წლის წინ ერთმა თანასოფლელმა, ტრადიციის მიუხედავად, სახლში კარი ჩამოჰკიდა, მეორე დღეს იგი ავარიაში მოჰყვა. ხალხი ამბობდა, რომ მან წესების შეურაცხყოფისთვის ღმერთი გააბრაზა.

ამ უცნაური ამბის გამო, შანი შინგნაპურში ინდოეთის ქალაქებიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტები ყოველდღე ჩადიან. ბევრისთვის დაუჯერებელია, როგორ შეიძლება იცხოვრო უკარო სახლსა და ქალაქში.

იმის მიუხედავად, რომ შანი შინგნაპური სრულიად დაცულია ქურდობისგან, 2010 წელს ერთ-ერთ ოჯახში მისულმა ტურისტმა სოფლის მაცხოვრებელს ავტომობილი, ძვირფასი ნივთები და 35 000 რუპია მოპარა. 2011 წელს 70 000 რუპიის ღირებულების ოქროს მონეტებიც მოიპარეს, თუმცა სოფელში ბრალდებული ვერ იპოვეს, რადგან მოსახლეობა ამტკიცებდა, რომ ქურდობას მათი თანასოფლელი არ ჩაიდენდა.

სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ დანაშაულის დაბალი მაჩვენებელი შანი შინგნაპურში იმითაა განპირობებული, რომ სოფელი ინდოეთისგან მოშორებითაა და უფლის თუ შავი ფირფიტის მადლი აქ არაფერ შუაშია.

უძველესი სოფელი გრამ-ფანჩაიატი შანი შინგნაპურის წესებს ეწინააღმდეგება და დღემდე ითხოვს, შინგნაპურელებს კარების დაყენება მოსთხოვონ, თუმცა ინდოეთის ხელისუფლება წესების დარღვევას არ აპირებს და სოფელს რადიკალურ მოთხოვნებს არ უყენებს. შანი შინგნაპურელები იმედოვნებენ, რომ ტრადიცია დიდხანს გაგრძელდება და სოფელს შავი ქვის ფირფიტა ბოროტი თვალისგან კიდევ დიდხანს დაიცავს. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)