"ერევანმა ქრისტიანული რუსეთის მითი დაიჯერა" - რატომ დამარცხდა სომხეთი - კვირის პალიტრა

"ერევანმა ქრისტიანული რუსეთის მითი დაიჯერა" - რატომ დამარცხდა სომხეთი

საფრანგეთის გაზეთ "ლე მონდის“ («Le Monde») 18 ნოემბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით - "რატომ დამარცხდა სომხეთი? ერევანმა ქრისტიანული რუსეთის მითი დაიჯერა“, რომლის ავტორია ოლივიე რუა - ცნობილი ფრანგი პოლიტოლოგი, რელიგიათმცოდნე, ფლორენციის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

"აზერბაიჯანთან პირველ ომში (1992-94 წ.წ.) მიღწეული სამხედრო წარმატების ფონზე სომეხ ლიდერებს, ისევე, როგორც ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსს, შეცდომით მიაჩნდათ, რომ ქრისტიანული მოსკოვი დასავლეთის ბოლო საყრდენად რჩება ისლამთან დაპირისპირებაში. სინამდვილეში კი, ასეთი რწმენა ილუზია აღმოჩნდა.

რატომ მოხდა, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ ამჟამინდელ ომში სომხეთი საკმაოდ იოლად დამარცხდა? რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით ტექნიკური მიზეზები: საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში სომხებს, რომლებსაც ხანგრძლივი სამხედრო ისტორია გააჩნდათ ჯერ მეფის რუსეთის, შემდეგ კი - საბჭოთა არმიაში სამსახურის, საომარ ტრადიციებში უპირატესობა ჰქონდათ, ვიდრე მსგავსი ტრადიციების არმქონე აზერბაიჯანლებს.

შესაბამისად, 1994 წელს სომხებმა გააკონტროლეს მთიანი ყარაბაღი და მის გარშემო დამატებითი აზერბაიჯანული ტერიტორიებიც დაიკავეს, მაგრამ სომეხთა სამხედრო უპირატესობა 2003 წლიდან თანდათან გაჰქრა, აზერბაიჯანის ხელისუფლებაში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოსვლის შემდეგ: ბაქოს სამხედრო ბიუჯეტმა სომხეთისას თითქმის 7-ჯერ გადააჭარბა. აზერბაიჯანის არმიის რიცხვი კი, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, სამჯერ მეტად გაიზარდა. ეს იმ დროს, როცა სომხეთს დემოგრაფიული პრობლემები გაუჩნდა, 1990-იანი წლებიდან.

მაგრამ ყველაფერი ამით ვერ აიხსნება. ყველა ხედავდა, რომ აზერბაიჯანი არმიის გადაიარაღებას ახორციელებდა და ემზადებოდა იმ ტერიტორიის დასაბრუნებლად, რომელსაც თავისად მიიჩნევდა. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელმაც დისტანცირება მოახდინა მამისგან - ჰეიდარ ალიევისგან, ანუ დამარცხებული პრეზიდენტისგან - ქვეყნის გამთლიანება თავის პირად მიზნად გაიხადა და მისი რეალიზებისთვის მატერიალური და ფინანსური რესურსებიც დააგროვა. გულახდილად რომ ვთქვათ, განა აზერბაიჯანის არმიის შეტევას რამე მოულოდნელობის ეფექტი ჰქონდა? - მსგავსი - არაფერი. ყველა ხედავდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე დაძაბულობა ორი წლის განმავლობაში მატულობდა. თავის მხრივ, ეს ყველაფერი კარგად იცოდნენ რუსებმაც, რომლებსაც ორივე ქვეყანაში მტკიცე პოზიციები ჰქონდათ. ამიტომაც გასაკვირია, რატომ არ ელოდებოდა სომხეთი აზერბაიჯანის არმიის შეტევას, რატომ ვერ გათვალა ერევანმა ბაქოს ტაქტიკა და სტრატეგია.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კიდევ ერთმა ფაქტორმა: სომხეთს იმედი ჰქონდა, რომ მოსკოვი ძველებურად ურყევად დაუჭერდა მხარს ერევანს "თურქული“ და მუსლიმანური მუქარების წინააღმდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, სომხებმა დაიჯერეს რუსეთის „ქრისტიანული სახე“, რომელიც დასავლეთის უკანასკნელ ბურჯად ითვლება იმ დიდი რღვევის ხაზზე, რომელიც მას ისლამისგან აშორებს და სადაც სომხეთი შეიძლება ავანგარდში აღმოჩნდეს. რუსეთს შეეძლო აზერბაიჯანისთვის ანტისომხური შეტევა გადაეთქმევინებინა.

ქრისტიანული რუსეთის სახე 20 წლის განმავლობაში დასავლელ გეოპოლიტიკოსებს ტვინს უფორიაქებდათ, განსაკუთრებით - უკიდურეს მემარჯვენეებს, რომლებსაც უყვართ მიგრაციის პრობლემის დაკავშირება გეოსტრატეგიასთან: "ისლამი დასავლეთს ემუქრება როგორც შიგნიდან, ისევე - გარედან... დასავლეთის უკანასკნელ იმედს ქრისტიანული რუსეთი წარმოადგენს“. ასეთი თვალსაზრისი მცდარია და ხელს არ უწყობს რუსული ხედვის გაგებას, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება რუსული რეალური ძალის ბალანსს და არა გეოსტრატეგიის "დასავლურ“ და მით უმეტეს - "ქრისტიანულ“ კონცეფციას.

რუსეთს სურს, თავისი სანუკვარი მოქმედების სივრცე დაიბრუნოს. მოსკოვისთვის მუსლიმანები დაბრკოლება კი არ არის, არამედ - მისი ერთ-ერთი კოზირია, რომელიც მან ერთხელ უკვე გაათამაშა საქართველოს დასამცირებლად, როცა  მხარი დაუჭირა აფხაზეთს და, ასევე, როცა დაიბრუნა კონტროლი ჩეჩნეთზე. სხვათა შორის, ჩეჩნეთი ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ერთადერთი ტერიტორიაა, სადაც შარიათი მოქმედებს და, იმავდროულად, აქებ-ადიდებენ, შეიძლება ასე ითქვას - სრულიად რუსეთის "ქრისტიან მეფეს“, რაც, თავის მხრივ, ხელს არ უშლის მოსკოვის მასმედიას მთელი მსოფლიოს გასაგონად დასცინოს ფრანგული ქალაქების გარეუბნების ისლამიზაციას.

თურქეთი, როგორც ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრე, უკვე აღარ მიიჩნევა რუსეთის დაუძინებელ მტრად და თუმცა რეჯეფ ერდოღანი ხალიფას როლს ასრულებს, მისი პოლიტიკა შედარებით უფრო ნაკლებ ოსმანურია. სამ ფრონტზე - სირიაში, ლიბანში, აზერბაიჯანში - თურქეთის ჯარები და მათი მოკავშირეები რუსეთის ჯარებთან ერთად არიან და ზოგჯერ ზუსტად ვერ გაიგებთ, ვის მხარეს გამოდიან ან თურქები და ან რუსები. ის დანაკარგი და ზარალი, რომელსაც ზოგჯერ ისინი ერთმანეთს აყენებენ, მოსკოვი და ანკარა შემთხვევითობად მიიჩნევენ. ორივე მნიშვნელობას ანიჭებს პრაგმატულ მიდგომებს - კონფლიქტის დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ეს ნორმალურად უნდა აღვიქვათ. სტრატეგიაზე ლაპარაკის დროს ჩვენ კონფლიქტების მიმართ ნაკლებად კულტურალისტური და უფრო მეტად - რაციონალური წარმოდგენები უნდა გვქონდეს. ასეთ მომენტებში რუსული ცინიზმი შეიძლება დაგვეხმაროს ან, უბრალოდ, ამის გაკეთება გვაიძულოს“.

წყარო:

მოამზადა სიმონ კილაძემ