ახალშობილი 400 დოლარად - როგორ ყიდიან და ყიდულობენ ახალშობილებს, მათ შორის - მსხვერპლშეწირვისთვის - BBC - კვირის პალიტრა

ახალშობილი 400 დოლარად - როგორ ყიდიან და ყიდულობენ ახალშობილებს, მათ შორის - მსხვერპლშეწირვისთვის - BBC

ახალშობილებით ვაჭრობა კენიაში გადაუჭრელი პრობლემაა. მოტაცებულ ბავშვებს სულ რაღაც 400 დოლარად ნებისმიერ მსურველზე ყიდიან. ამ კრიმინალური საქმიანობით ბი-ბი-სის აფრიკის სამსახური დაინტერესდა. გამოძიების მიმდინარეობისას ჟურნალისტი შეფარვით კრიმინალურ დაჯგუფებას დაუკავშირდა. რებეკას ვაჟი ახლა უკვე 10 წლის უნდა იყოს. თუმცა ეს მხოლოდ ერთადერთი ინფორმაციაა, რაც რებეკამ შვილის შესახებ იცის. შესაძლოა, ბავშვი ახლა ნაირობიში ცხოვრობს, მაგრამ დედა ეჭვობს, რომ იგი ცოცხალი აღარ არის. ბოლოს მან შვილი 2011 წლის მარტში, ღამის 2 საათზე ნახა, როცა ბავშვი 1 წლის იყო, თავად კი ამ დროს 16 წლის გახლდათ.

იმ ღამეს რებეკამ ცხვირსახოცზე დასხმული საავიაციო საწვავი შეისუნთქა და ღრმად ჩაეძინა. საავიაციო საწვავი, როგორც მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება კენიის ქუჩებში უპრობლემოდ იყიდება. გოგონა, რომელიც 15 წლის ასაკში დედის და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა, იძულებული გახდა ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გასულიყო და თავი ასე ერჩინა.

ქუჩაში დარჩენილი პატარა გოგონა უფროსმა მამაკაცმა შეაცდინა, შემდეგ კი მიატოვა და ასე გაუჩნდა ვაჟი, ლორენს ჟოზაიო.

იგი ვაჟს მარტო ზრდიდა იმ ღამემდე, ვიდრე საავიაციო საწვავის შესუნთქვა ღრმად ჩააძინებდა. ამის შემდეგ რებეკას ლორენსი აღარ უნახავს.

"კიდევ მყავს სხვა შვილები, მაგრამ იგი ჩემი პირველი ვაჟი იყო. მან დედა გამხადა. ყველგან ვეძებდი, ყველა ბავშვთა სახლში, თუმცა ვერსად ვიპოვე“ - ამბობს რებეკა.

რებეკას კიდევ სამი შვილი ჰყავს. ერთხელ უცნობი მამაკაცი მისი უმცროსი გოგონას მოტაცებასაც ცდილობდა, თუმცა რებეკამ შეამჩნია, როგორ უთვალთვალებდნენ მის ბავშვს და შვილის დაცვა მოახერხა.

როგორც აღმოჩნდა, რებეკას ისტორია სულაც არ არის უნიკალური და ერთადერთი შემთხვევა. ნაირობიში ყოველდღიურად უამრავი ბავშვი უგზო-უკვლოდ იკარგება. მათ შორის აღმოჩნდა ესტერის ვაჟიც. მან ბავშვი 2018 წლის აგვისტოში დაკარგა.

"იმ წუთიდან მშვიდად არ გავჩერებულვარ. სად აღარ ვეძებე შვილი, ყველა ბავშვთა სახლი მოვიარე“. მსგავსი ბედი გაიზიარა კიდევ ერთმა დედამ - ქეროლს 5 წლის წინ ორი წლის ვაჟი მოსტაცეს:

"ძალიან მიყვარდა ჩემი ბიჭი. ოღონდ  ჩემი შვილი დამიბრუნონ და ყველას ვაპატიებ, ვინც გაიტაცა“ - ამბობს იგი.

"შავი ბაზარი“

ნაირობიში ბავშვებით ვაჭრობა ყვავის. ბი-ბი-სის ჟურნალისტებმა ერთი წლის გამოძიების შედეგად გამოავლინეს შავი ბაზარი, სადაც მოტაცებულ ბავშვებს დიდი მოგების სანაცვლოდ ყიდიან. ბავშვებს უმეტესად ღარიბი ოჯახებიდან იტაცებენ.

გამოძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ ბიზნესში ჩართული არიან სახელმწიფო საავადმყოფოს ექიმებიც. ამის დასამტკიცებლად ბი-ბი-სის ჯგუფმა გადაწყვიტა, ბავშვი ეყიდა.

ექიმმა თავდაპირველად სრულიად კანონიერად გააფორმა ყველა საბუთი და ბავშვი იშვილა, ხოლო შემდეგ მიჰყიდა ბი-ბი-სის ჟურნალისტს, რომელიც შეფარულად ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებდა.

როგორც აღმოჩნდა, ამ საშინელ საქმეში აქტიურად არიან ჩართულები ნარკომანები და ალკოჰოლიკები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, მორიგი დოზის ფული რომ იშოვონ. მათ რიცხვს მიეკუთვნება ანიტა - გოგონა ღარიბი უბნიდან, რომელიც სამ წლამდე ბავშვებს იტაცებს და შემდეგ ყიდის. ბი-ბი-სის ჯგუფმა მას მეგობრის - "ემას“ დახმარებით მიაგნო. "ემამ“ ჟურნალისტებს სთხოვა, მისი ნამდვილი სახელი არ გაევრცელებინათ.

ემას თქმით, ანიტას ბავშვების მოტაცების სხვადასხვა ხერხი აქვს:

"იგი ხან ბავშვის დედასთან იწყებს საუბარს და აკვირდება, ხომ არ აიღეს ეჭვი ბავშვის მშობლებმა, ზოგიერთ შემთხვევაში კი ბავშვს წებოს აყნოსინებს ან დამაძინებელს ასმევს, ხანდახან ეთამაშება კიდეც და ასე იქცევს პატარის ყურადღებას. ყველა შემთხვევაში, ჩანაფიქრს მაინც ასრულებს“ - ამბობს ემა თავის მეგობარზე.

ბავშვები რიტუალებისთვის

ჟურნალისტი, რომელიც ანიტას ისე გაეცნო, თითქოს ბავშვის ყიდვა სურდა, გოგონას ნაირობის ერთ-ერთ კაფეში შეხვდა. ანიტამ მას ისიც კი გაანდო, ბოლოს როგორ მოიტაცა პატარა. მისი თქმით, ხშირად კლიენტები უშვილო წყვილები არიან და "მათთვის ეს ყველაფერი ბავშვის შვილებას ჰგავს“, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, არიან ისეთებიც, ვინც ბავშვს "მსხვერპლშეწირვისთვის ყიდულობს“, ასეთი ბავშვები კი შემდეგ სრულიად იკარგებიან. ანიტას თქმით, ქალი, რომელიც მისი უფროსია, დაჟინებით მოითხოვს, უფრო მეტი ბავშვი მოიტაცოს. გოგონას მოტაცებისას მას 640 დოლარს აძლევენ, ვაჟის მოტაცებისას კი - 730 დოლარს. გაყიდული ბავშვების ბედი სრულიად უცნობია.

"ეს ქალი არასდროს ამბობს, რა ბედი ეწთ ბავშვებს. ერთხელ ანიტას ვკითხე, იცოდა თუ არა რამე მათ შესახებ, ანიტამ მიპასუხა, რომ მას საერთოდაც არ ადარდებს, ვის ხელში ხვდება ბავშვი, მთავარია, მას ამაში ფულს უხდიან“ - თქვა ანიტას მეგობარმა ემამ.

მეორე შეხვედრისას ანიტას ხელში 5 თვის გოგონა ჰყავდა. როგორც მან თქვა, ბავშვი რამდენიმე წუთის წინ მოიტაცა: "დედამისმა მთხოვა ერთი წამით დამეჭირა ბავშვი, მე მაშინვე გავიქეცი. უკვე კლიენტიც მყავს, რომელიც 50 ათას შილინგს გადამიხდის“ - ლაპარაკში “ემა“ ჩაერთო და უთხრა, რომ მას უკეთესი კლიენტი ჰყავს, რომელიც 80 ათას შილინგს, დაახლოებით, 700 დოლარზე მეტს გადაიხდიდა...

ანიტასა და კიდევ სხვა უამრავი ბავშვის გამტაცებლის გარდა, ამ კრიმინალურ საქმიანობას ხელს უწყობენ ადგილობრივი პატარა კლინიკებიც, რომელიც ახალნამშობიარებ ქალებს სტაცებენ შვილებს. არის შემთხვევები, როცა თავად დედები თანხმდებიან შვილის გაყიდვას.

ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელმა - მარი აიუმამ ჟურნალისტს, რომელსაც, თითქოს, ბავშვის ყიდვა სურდა, ორი ორსული ქალი დაანახა.

"აი, ის ქალი უკვე 9 თვის ორსულია, სულ მალე იმშობიარებს. იგი მიიღებს ფულს და წავა. ჩვენ მათ ყოველთვის ვეუბნებით, რომ ბავშვს უკან ვეღარ დაიბრუნებენ“ - მარი აიუმამ ჟურნალისტს ჯერ დაუბადებელი ბავშვის ყიდვა 412 დოლარად შესთავაზა...

ამ და სხვა მრავალი უკანონო საქმის გამოვლენის შემდეგ, ბი-ბი-სის ჟურნალისტებმა შესაბამის ორგანოებს მიმართეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მარი აიმუმა ისევ მართავს კლინიკას, ანიტამ კი მოახერხა და ისე გაუჩინარდა, რომ პოლიციამ ვერ დააკავა. ისინი დაუსჯელები დარჩნენ.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კენიის სამართალდამცავებმა დააკავეს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სამი მაღალჩინოსანი, სავარუდოდ, ბავშვების გაყიდვით რომ არიან დაკავებულები. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)