"იგი მაშინაც მომწონდა, როცა ერთმანეთს "შუბლით ვეჯახებოდით" - რას წერს თავის მემუარებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებზე
"იგი მაშინაც მომწონდა, როცა ერთმანეთს "შუბლით ვეჯახებოდით" - რას წერს თავის მემუარებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებზე
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ბი-ბი-სის რუსულმა სამსახურმა ("BBC Russian") გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "ბარაკ ობამას მემუარები: რას ფიქრობს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინზე, რეჯეფ ერდოღანზე, ანგელა მერკელსა და სხვა ლიდერებზე".

გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:

"ამ კვირაში დაიბეჭდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მემუარები სახელწოდებით - "აღთქმული მიწა". პირველსავე 24 საათში მხოლოდ აშშ-ში და კანადაში წიგნის 890 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა, რაც საგამომცემლო სახლის Penguin Random-ის რეკორდს წარმოადგენს. როგორც მოსალოდნელია, ამერიკის შეერთებული შტატების
44-ე პრეზიდენტის გულახდილი მოგონებები პრეზიდენტთა მემუარების ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი იქნება.

თავის წიგნში ბარაკ ობამა ჰყვება არა მხოლოდ ამერიკისა და საკუთარი ოჯახური ცხოვრების პრობლემებზე, არამედ - მემუარების მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება მის საზღვარგარეთულ ვიზიტებს და, ბუნებრივია, მსოფლიოს ლიდერებთან შეხვედრებს.

ვინ მოახდინა შთაბეჭდილებები ამერიკის პრეზიდენტზე და კონკრეტულად -
როგორი?

ვლადიმერ პუტინი
ბარაკ ობამა რუსეთს პირველად აშშ-ის პრეზიდენტის რანგში, 2009 წლის ზაფხულში ეწვია. ვიზიტის წინ "თეთრი სახლის" მეთაურს კონსულტაცია გაუწია აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამშრომელმა მაიკლ მაკფოლმა, რომელიც მოგვიანებით მოსკოვში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა.
იმ პერიოდში რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იყო. მან ბარაკ ობამაზე "თანამედროვე პოლიტიკოსის" შთაბეჭდილება დატოვა, რომელიც აშშ-ისთან კარგი ურთიერთობების დამყარების სურვილს ამჟღავნებდა. მემუარების თანახმად, მაიკლ მაკფოლმა ბარაკ ობამა წინასწარ გააფრთხილა, რომ დიმიტრი მედვედევი მართლაც ცდილობს მსოფლიო არენაზე "თავისი სერიოზული როლი დაადასტუროს".

"თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ გადაწყვეტილებას ძველებურად მაინც ვლადიმერ პუტინი იღებს", - შეახსენა მრჩეველმა პრეზიდენტს.

ეს გარემოება დიმიტრი მედვედევთან ამერიკის პრეზიდენტის პირველივე შეხვედრის დროს დადასტურდა. იმ ხანებში ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საქართველოსთან მომხდარი "სამდღიანი ომი" იყო. ბარაკ ობამა იხსენებს, რომ როგორც კი საუბარი ამ საკითხს შეეხო, დიმიტრი მედვედევმა, "თითქოს იგი მოკლე თოკით იყო დაჭერილი", რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური თვალსაზრისი გაიმეორა, ხოლო სხვა საკითხების განხილვისას მან ცოტა თავისუფლად ამოისუნთქა და კმაყოფილებით გააგრძელა ლაპარაკი. "იგი თითქოსდა ცდილობდა ჩემთვის ეჩვენებინა, რომ საკუთარი ნათქვამის თვითონ არ სჯეროდა", - წერს ბარაკ ობამა.

ამის შემდეგ ამერიკელი სტუმარი ნოვო-ოგარიოვოში შეხვდა ვლადიმერ პუტინს, რომელსაც იმ დროს რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა.
მასპინძელმა ბარაკ ობამა მიიღო რეზიდენციის ვერანდაზე, სადაც "მდიდრულად გაშლილი მაგიდა იდგა", ხოლო რუსული ეგზოტიკის სახით, იქვე ახლოს გლეხურხალათიანი მამაკაცი, ჩექმით ხელში, სამოვარს უბერავდა.

ბარაკ ობამას თქმით, რუსმა ლიდერმა მას ის ადამიანები გაახსენა, ვისაც ჩიკაგოში ადრეც შეხვედრია, პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყების ჟამს - "[ვლადიმერ პუტინი] რაიონული მნიშვნელობის ბოსს ჰგავდა, ოღონდ ისეთს, რომელსაც ბირთვული იარაღიც აქვს და - ვეტოს უფლებაც გაეროს უშიშროების საბჭოში".
"ვლადიმერ პუტინმა მე ადამიანთა ის ტიპი გამახსენა, რომელიც ერთ დროს ჩიკაგოში კორუფციულ სიტუაციას მართავდა ან ნიუ-იორკში დემოკრატიული პარტიის კანდიდატების წამოყენებას არეგულირებდა... ამგვარი ადამიანები ქუჩაში გაზრდილები იყვნენ, ხისტი ტიპები, ყოველგვარ სენტიმენტალობას მოკლებულები, ვიწროშუბლიანები, რომლებიც არასოდეს მოქმედებდნენ თავიანთი შეზღუდული გამოცდილების მიღმა და რომლებისთვისაც ქრთამი, მოტყუება, შანტაჟი და სხვა ძალადობა მოქმედების კანონიერ მეთოდებს წარმოადგენდა", - წერს ბარაკ ობამა.

როგორც "თეთრი სახლის" ყოფილი მეთაური იხსენებს, რუსეთის ლიდერმა საუბრის დაწყებისთანავე არჩია, რომ აშშ-ისთვის ყველა თავისი პრეტენზია გამოეხატა.

"ძლივს დავასრულე ჩემი კითხვა, რომ მომეჩვენა, ვლადიმერ პუტინმა "დაუსრულებელი მონოლოგი" დაიწყო“, - ამტკიცებს ბარაკ ობამა თავის მემუარებში, - “იგი ვრცლად ლაპარაკობდა ამერიკისა და ამერიკელების მიერ დაშვებულ უპატივცემულობაზე რუსების მიმართ. პუტინმა გაიხსენა, რომ სწორედ მან დაურეკა პირველმა ჯორჯ ბუშს 11 სექტემბერს და დაზვერვის მონაცემების გაზიარება შესთავაზა".

ამერიკელ სტუმართან საუბრისას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ასევე, ახსენა ნატოს გაფართოებისა და "ფერადი რევოლუციების" საკითხი, რომლებიც ამერიკის მიერ იყო ორგანიზებული "რუსეთის გავლენის სფეროებში"; ილაპარაკა "მთელ მსოფლიოში დომინირებისთვის" ამერიკის მცდელობაზეც. ვლადიმერ პუტინმა თქვა ისიც, თუ როგორ დაეხმარა იგი ამერიკას, როცა უზბეკეთისა და ყირგიზეთის ხელმძღვანელები აშშ-ის სამხედრო ბაზების განთავსებაზე დაითანხმა. როგორც ბარაკ ობამა წერს, ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ჯორჯ ბუშმა ყური არ ათხოვა მის გაფრთხილებებს" და ერაყში შეჭრით "მთელი ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზება მოახდინა".
ვლადიმერ პუტინმა თავის მონოლოგში თქვა, რომ აშშ რუსეთს არ მიიჩნევს თავის თანასწორუფლებიან პარტნიორად და რომ ასეთ პირობებში რთულია მას ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი ჰქონდეს.
ბარაკ ობამას მტკიცებით, ვლადიმერ პუტინის აქტიური მონოლოგი ზუსტად 45 წუთს გრძელდებოდა. ამერიკელი ლიდერი შეეცადა, ვრცლად გაეცა პასუხები წამოყენებულ პრეტენზიებზე, თუმცა გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრისთვის მისი ახსნა-განმარტებები საინტერესო არ იყო: "იგი ყურადღებით არ მისმენდა".

დევიდ კამერონი
იტონის ცნობილ კოლეჯში აღზრდილი, კონსერვატიული პარტიის ლიდერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 2010-2016 წლებში დევიდ კამერონი ბარაკ ობამას წინაშე "დახვეწილი მანერებით და საკუთარ თავში დაჯერებული" წარდგა. "იგი ისეთ სიმშვიდეს აფრქვევდა, რომ იფიქრებდი, ამ ადამიანს რთული ცხოვრება არ გამოუცდიაო".

ბარაკ ობამა აღიარებს, რომ შეხვედრების დროს მიდამი გარკვეულ სიმპათიებს გრძნობდა ("მე, პირადად, იგი მაშინაც მომწონდა, როცა ერთმანეთს შუბლით ვეჯახებოდით"), მაგრამ არ მალავს იმასაც, რომ ბრიტანელ ლიდერს ეკონომიკური პოლიტიკის გატარების საკითხში არ ეთანხმებოდა.
"დევიდ კამერონი მთლიანად უჭერს მხარს თავისუფალი ბაზრის ტრადიციულ პოლიტიკას და თავის ამომრჩევლებს ჰპირდებოდა, რომ მისი პოლიტიკური პლატფორმა დეფიციტის შემცირებისა და სახელმწიფო სექტორში ხარჯების შეზღუდვით, ვაჭრობის გაფართოებისა და რეგულირების სისტემის რეფორმასთან ერთად, დასაწყისს მისცემდა ბრიტანეთის ახალ კონკურენტუნარიანობას, მაგრამ, ამის ნაცვლად, გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა უფრო ღრმა რეცესიაში აღმოჩნდა".

ნიკოლა სარკოზი
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი "ემოციური და ენაწყლიანი კაცის განსახიერებას" წარმოადგენდა და ბარაკ ობამას "ანრი ტულუზ-ლოტრეკის სურათის პერსონაჟს" აგონებდა. "ნიკოლ სარკოზისთან საუბარი ერთდროულად საინტერესოც იყო და დამღლელიც. იგი ხელებს არ აჩერებდა, მუდმივად ამოძრავებდა... ემოციების დროს მკერდი ბანტამის [ინდონეზიური] მამალივით უდიდდებოდა. მას მუდმივად გვერდით ედგა პირადი თარჯიმანი, რომელიც გამალებით ცდილობდა გაემეორებინა პრეზიდენტის ყოველი ჟესტი და ინტონაცია, ვიღაცის მიმართ პირფერობიდან მუქარაში გადასული, მაგრამ არასდროს სცილდებოდა საწყის მიზანს, რომელიც მთელი ამ მოქმედების ცენტრი უნდა ყოფილიყო, სარგებლის მიღების თვალსაზრისით".

ანგელა მერკელი
გერმანიის კანცლერი, ბარაკ ობამას შთაბეჭდილებით, წარმოადგენს "საიმედო, ღირსეულ ადამიანს, იმავდროულად, მკაცრი ინტელექტის მქონეს და ბუნებით კეთილს". აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ თავდაპირველად ანგელა მერკელი მისდამი საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი, ძირითადად, მაღალფარდოვანი სიტყვებისა და საზოგადოების წინაშე დახელოვნებული გამოსვლების გამო (სხვათა შორის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სამართლიანად ამაყობს თავისი ორატორული ნიჭით).
"მე არ მწყენია მისი დამოკიდებულება, ვიფიქრე, რომ გერმანიის ლიდერისთვის ზიზღი ყოველგვარი დემაგოგიის მიმართ სინამდვილეში სრულიად საღ რეაქციას წარმოადგენს", - აღიარებს მემუარების ავტორი.

ვაცლავ კლაუსი
ბარაკ ობამა არასოდეს მალავდა, რომ იგი ვაცლავ ჰაველის - "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ არჩეული ჩეხეთის პრეზიდენტის თაყვანისმცემელი იყო, მის მემკვიდრეს ვაცლავ კლაუსს კი "თეთრი სახლის" ყოფილი მეთაური თავის მემუარებში "პრობლემატურს" უწოდებს.
ბარაკ ობამა შიშობდა, რომ ჩეხეთის ევროსკეპტიკოსი ლიდერი ევროპაში მემარჯვენე პოპულიზმის აღორძინების ინიციატორი გახდებოდა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ვაცლავ კლაუსი იმის მკაფიო მაგალითად იქცა, თუ როგორ გამოიწვია 2008-2009 წლების მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ნაციონალიზმის, ანტიამერიკული განწყობებისა და სკეპსისის ზრდა [ევროპული] ინტეგრაციის მიმართ.
“დემოკრატიზაციის, ლიბერალიზმისა და ინტეგრაციის დიდი იმედების მომცემი ტალღა, რომელმაც ცივი ომის შემდეგ მთელი მსოფლიო მოიცვა, თანდათან ჩაცხრა", - ხაზს უსვამს აშშ-ის ყოფილი მეთაური.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
თურქეთის ლიდერი ბარაკ ობამას მიმართ "თბილ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა" და "მთლიანობაში, თუ რამეს სთხოვდი, გულისხმიერებას იჩენდა", - აღიარებს ექსპრეზიდენტი.
თუმცა "მკაფიოდ გამიჩნდა შთაბეჭდილება, რომ მისი დაინტერესება დემოკრატიის პრინციპებისა და კანონის უზენაესობის დაცვაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს, თუ ისინი მისი ხელისუფლების შენარჩუნებას ემსახურება", - წერს ბარაკ ობამა.

მანმოჰან სინგჰი
ინდოეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი წიგნში ნაჩვენებია როგორც "ბრძენი, ჩაფიქრებული, უმწიკვლო და ღირსეული პოლიტიკოსი", აგრეთვე, "ინდოეთის ეკონომიკური ტრანსფორმაციის მთავარი არქიტექტორი".
მანმოჰან სინგჰი "თავმდაბალი, უპრეტენზიო ტექნოკრატი ადამიანია, რომელმაც თავისი ხალხის ნდობა არა მათი გრძნობებზე მოხდენილი გავლენით მიიღო, არამედ - იმის ხარჯზე, რომ მან ადამიანებს უფრო შედარებით მაღალი ცხოვრების დონე მოუტანა და პატიოსანი, არაკორუმპირებული მმართველის დამსახურებული რეპუტაცია შეინარჩუნა", - ასკვნის ბარაკ ობამა.


მოამზადა სიმონ კილაძემ

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები