"პუტინის განგსტერულ რეჟიმს არსებობისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება" - რას წერს ცნობილი ბრიტანული გამოცემა?
26-11-2020
"პუტინის განგსტერულ რეჟიმს არსებობისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება" - რას წერს ცნობილი ბრიტანული გამოცემა?
ბრიტანულ გაზეთ "ტაიმსში" ("The Times") 25 ნოემბერს გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "ვლადიმერ პუტინის განგსტერულ რეჟიმს არსებობისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება", რომელშიც განხილულია რუსეთის ხელისუფლების დღევანდელი მდგომარეობა: პრეზიდენტის ძალა და გავლენა ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ სულ უფრო მცირდება, კრიზისული სიმპტომები ძლიერდება (ავტორი - როჯერ ბოისი).

"როცა მოსკოველმა ანალიტიკოსებმა ვლადიმერ პუტინი გააფრთხილეს, რომ აშშ-ის ახალი სავარაუდო ლიდერი, დემოკრატი ჯოზეფ ბაიდენი ბევრ საკითხში თავისი წინამორბედის - ბარაკ ობამას პოლიტიკას გააგრძელებსო, რუსეთის
ლიდერს, უეჭველია, გული ცუდად გაუხდა. 68 წლის ვლადიმერ პუტინი დღეს მარტოდმარტო ცხოვრობს სტერილურ რეზიდენციაში, მოსკოვთან ახლოს. კოვიდ-19-ის გამო, მასთან მისვლა მხოლოდ სქელი, პლასტიკური გვირაბით არის შესაძლებელი, სტუმრებს კი მადეზინფიცირებელ ნივთიერებას ასხურებენ. რუსეთის პრეზიდენტი დღეს ისე გამოიყურება, რომ თითქოსდა მზად აღარ არის კიდევ ერთი მორიგი შეტაკებისთვის,
საერთაშორისო ლიდერობის მოსაპოვებლად. ვლადიმერ პუტინს და ბარაკ ობამას ერთმანეთი არ მოსწონდათ, ახლა კი რუსმა ლიდერმა, როგორც ჩანს, თავისი რესურსები უკვე ამოწურა და მას ძალა აღარ ეყოფა აშშ-ისთან მორიგი დაპირისპირებისთვის", - წერს "ტაიმსი".

ბოლო 20 წლის განმავლობაში მუდამ აქტუალურია კითხვა: დარჩება ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის პოსტზე თუ წავა? და თუ იგი წასვლას აპირებს, როდის და რა პირობებით? გაყალბებულად ჩატარებულმა საკონსტიტუციო რეფერენდუმმა ვლადიმერ პუტინს გზა გაუხსნა იმისთვის, რომ მისი კანდიდატურა კიდევ ორი ვადით - 2024 და 2030 წლებში - იქნეს წარდგენილი პრეზიდენტის პოსტზე. და თუ იგი ამას გააკეთებს და გაიმარჯვებს, მაშინ პუტინი 2036 წლამდე იქნება ქვეყნის მმართველი, ანუ იქამდე, ვიდრე იგი 85 წლის ასაკს მიაღწევს.
ჯერჯერობით კი არანაირი ნიშნები არ ჩანს იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი რომელიმე ახალგაზრდა ტალანტს ეძებდეს, რომლისგანაც პოლიტიკური მემკვიდრის გამოზრდა შეიძლება, - აღნიშნავს გაზეთი.

ავტორის აზრით, ჩნდება კითხვა იმუნიტეტისა და სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე მას შემდეგ, როცა იგი თავის პოსტს დატოვებს. ვლადიმერ პუტინს მტკიცე გარანტიები სჭირდება - უფრო მეტი, ვიდრე მის წინამორბედს ბორის ელცინს ჰქონდა. სწორედ ამიტომაც მიიღო გასულ კვირას სახელმწიფო სათათბირომ კანონი, რომელიც გარანტიას აძლევს პრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებს, დაცულები იყვნენ ყოველგვარი გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნისგან.

ვლადიმერ პუტინი ყოველთვის ცდილობს, რაც შეიძლება მეტად იყოს დაზღვეული მოულოდნელობებისგან. ერთი მხრივ, მან ყველაფერი ისე ააწყო თავის სახელმწიფოში, რომ მმართველობა სიცოცხლის ბოლომდე შეუძლია, მეორე მხრივ კი, ხელი შეუწყო ისეთი კანონის მიღებასაც, რომელიც ნებას აძლევს, თანამდებობიდან პენსიაზე მშვიდად წავიდეს. მას შეუძლია დამსახურებულად დაისვენოს.
მაგრამ რომელ შესაძლებლობას აირჩევს ვლადიმერ პუტინი - პრეზიდენტად ყოფნას თუ არყოფნას?

რეალობა კი ისეთია, რომ მისი სამფლობელოს ირგვლივ სიტუაცია უარესდება: საითაც კი გაიხედავ, ყველგან კრიზისული სიტუაციაა - კავკასიაში (სადაც სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დაფიონი ისევ ჩანს), მოლდოვაში (სადაც არჩევნები კრემლის კანდიდატმა წააგო), ბელარუსში (სადაც რუსეთის მოკავშირე რეჟიმს მძიმე დღეები დაუდგა)... მოკლედ, ისე ჩანს, რომ რუსეთი კარგავს თავის პოზიციებს. კარგავს არა მარტო დედამიწაზე, არამედ - კოსმოსშიც (ამერიკამ უარი თქვა რუსული წარმოების კოსმოსური რაკეტებით სარგებლობაზე)... რაც შეეხება რუსეთის ეკონომიკას, იგი იძირება არა იმდენად პანდემიის, არამედ - ნავთობის ფასების მორიგი ვარდნის გამოც.

ვლადიმერ პუტინის ადგილზე ისეთი ლიდერი, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენია ენერგია, ძალებს მოიკრებდა და საკუთარ თავს რაღაც ახალი, კეთილი საქმის გაკეთებით გამოიჩენდა, ვთქვათ, სასკოლო განათლების რეფორმას განახორციელებდა იმ სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, რამაც თავი იჩინა პანდემიის პერიოდში, ანდა ისეთ საქმეს იპოვიდა, რაც მას ხალხის სიმპათიის აღდგენაში დაეხმარებოდა. ამის ნაცვლად ვლადიმერ პუტინი ტელევიზორს არის მიწებებული და დონალდ ტრამპის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს, ვიდრე მის წინაშე თავისით არ გაჩნდება რაღაც, ახალი შესაძლებლობები. ალბათ, რუსები ძალიან მალე მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ვლადიმერ პუტინის სისტემამ ვერ გაამართლა და რომ ეს ადამიანი და მისი ნიღაბი უკვე განუყრელები გახდნენ, - ნათქვამია პუბლიკაციის დასასრულს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?
თვის კითხვადი სტატიები