"აქ სიცოცხლე აღარ არის" - რა ხდება მთიან ყარაბაღში მოლაპარაკებების შემდეგ?
"აქ სიცოცხლე აღარ არის" - რა ხდება მთიან ყარაბაღში მოლაპარაკებების შემდეგ?
მთიან ყარაბაღში მოსახლეობა ომის შემდეგ მიყენებულ ზარალს ითვლის... მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ახლა უკვე აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა, ყარაბაღის დატოვებას ცდილობს და საცხოვრებელ სახლებსაც წვავენ.

ყარაბაღში აქტიური საომარი მოქმედებები 6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. 10 ნოემბერს კი რუსეთის მონაწილეობით შედგა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანის მხარეს გადაეცა მთიანი ყარაბაღის ის რაიონები, რომლებიც ახლა უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება. ეს ტერიტორია აზერბაიჯანმა 1990-იან წლებში მომხდარი დაპირისპირებისას დაკარგა, მას შემდეგ მთიანი ყარაბაღის ეს ნაწილი სომხეთის
კონტროლირებად ტერიტორიად ითვლებოდა.

დღეს კი, ომის დასრულების შემდეგ სტეფანაკერტში მცხოვრები 65 წლის ვაჩაგან მელკუმიანი და სხვები საკუთარი სახლის კედლებზე ასახული ომის შედეგს ყოველ დღე ხედავენ და ჩამონგრეული კედლების ისევ აღდგენას ცდილობენ. ვაჩაგანის ფანჯრიდან ის მთის ფერდობი ჩაინს, საიდანაც სტეფანაკერტის მიმარულებით ჭურვებს ისროდნენ. ჭურვის რამდენიმე ნაწილი
მისი სახლის კედელშია ჩარჩენილი. როგორც ყარაბაღის მცხოვრები ამბობს, დაბომბვებისას ის მეზობლებთან ერთად 25 დღის განმავლობაში სარდაფს აფარებდა თავს.

"ადრე ომის დროს ყველა მხრიდან ტყვიამფრქვევის ხმა ისმოდა, ახლა სხვა იარაღს იყენებდნენ და ხმაც უფრო საშინელი იყო".

"აქ ისევ იცხოვრებს ჩემი მეუღლე, შვილები და შვილიშვილები. როცა ისინი დაბრუნდებიან, ნივთების დალაგებას დავიწყებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, ისევ კარგად რომ ვიცხოვროთ" - ამბობს ყარაბაღის მკვიდრი.

ლტოლვილთა ახალი ნაკადი

სადემარკაციო ხაზის გადაწევის შემდეგ, უამრავმა ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში მთიან ყარაბაღში ცხოვრობდა, არ იცის რომელ მხარეს მდებარეობს მათი სახლი. სტეფანაკერტში ყოველ დღე ათასობით ლტოლვილი ჩადის. სტეფანაკერტის მერის დავიდ სარქისიანის განცხადებით, უახლოეს მომავალში აქ კიდევ 25 ათასამდე ლტოლვილი ჩავა. თავად სტეფანაკერტში 50 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

"სანამ ახალ საცხოვრებელ სახლებს ავაშენებთ, დიდ სასტუმროებს შევუთანხმდით და ლტოლვილები სასტუმროებში იცხოვრებენ... ლტოლვილთა ნაკადს რომ გავუმკლავდეთ, მათი ნაწილი ახლო მდებარე სოფლებში დასახლდება" - ამბობს სარქისიანი.

სომხური მხარის ცნობით, ომის შემდეგ მთიანი ყარაბაღიდან სომხეთის ტერიტორიაზე 90 ათასამდე ლტოლვილი გადავიდა. აზერბაიჯანის მხარე კი ამტკიცებს რომ ლტოლვილთა რიცხვი 40 ათასს არ აჭარბებს.

"ფაშინიანი - მოღალატეა!" - ლტოლვილთა ბრაზი

ომის დასრულების შემდეგ ყარაბაღის ქუჩები განადგურებულია, ყველგან ნახავთ ჭურვის ნაწილებს, გადამწვარ სახლებსა და მანქანებს. დაცარიელებულია სოფლები, სადაც აქამდე უამრავი ადამიანი ცხოვრობდა.

ანაიტ გრიგორიანი და მისი ხანში შესული დედა, არეგა, სტეფანაკერტში ავტობუსით ჩავიდნენ, მათ რუსი სამხედროები აცილებდნენ. აქამდე ლტოლვილი ქალბატონები ერევანში იყვნენ გახიზნული, ისინი ქალაქ შუშადან არიან.

"არც ვიცით რა ვქნათ, სად ვიცხოვროთ",- ამბობს მუხუცი ქალბატონი, რომელიც უკვე ლტოლვილია. "შუშაში სახლი გვაქვს, გამოვიქეცით და ყველაფერი იქ დაგვრჩა". როგორც ანაიტი ამბობს, აქამდე ნათესავებთან ცხოვრობდნენ, თუმცა იქაც დიდი ხნით ვერ გაჩერდნენ. საუბრისას ქალბატონებს განწყობა შეეცვალათ და სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი გაახსენდათ.

როგორც აღმოჩნდა, ფაშინიანის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მთიანი ყარაბაღის კიდევ სხვა მცხოვრებლებს აქვთ, რომელთაც სახლ-კარი დაკარგეს და ოჯახის წევრები დაეღუპათ.

ნოემბერში სომხეთში აქციებიც გაიმართა, სადაც ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ: "ფაშინიანი - მოღალატეა!" - სკანდირებდნენ დემონსტრანტები. დღესაც, როცა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშაა, მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ის სომხეთის ტერიტორიაა. საზოგადოება ფიქრობს, რომ ფაშინიანმა, რომელმაც შეთანხმებას ხელი მოაწერა, ამით უღალატა ქვეყანას და გაყიდა სამშობლოს ტერიტორია.

ყარაბაღის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები სერგეი არაკელიანი ამბობს, რომ არ ელოდა თუ მის მშობლიურ სოფელს დატოვებდა:

"მე ამ სოფელში დავიბადე. აქ ცხოვრობდა მამაჩემიც და ბაბუაჩემიც. ეს სახლი მამაჩემის ჩაყრილ ფუნდამენტზეა აგებული. კიდევ ორი სახლი ჩემი ვაჟებისთვის ავაშენე... დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ჩვენი სამშობლოა. ერთ მშვენიერ დღეს კი მათ უბრალოდ გაყიდეს ჩვენი სამშობლო და ის ხალხი, ვინც ამ მიწაზე ცხოვრობს. როცა შეთანხმებას ხელი მოაწერეს, მაშინ მივხვდით, რომ აქ სიცოცხლე აღარ არის, დასრულდა, აქამდე იმედი გვქონდა, რომ ასე არ იყო" - ამბობს ყარაბაღის მცხოვრები. (წყარო)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები