აიზენახელი ავტომშენებლების მიერ დადებული სანაძლეო მარშალ გიორგი ჟუკოვთან, ანუ როგორ გადაურჩა ლეგენდარული BMW-ების ქარხანა საბჭოთა კავშირში გატანას - კვირის პალიტრა

აიზენახელი ავტომშენებლების მიერ დადებული სანაძლეო მარშალ გიორგი ჟუკოვთან, ანუ როგორ გადაურჩა ლეგენდარული BMW-ების ქარხანა საბჭოთა კავშირში გატანას

გერმანია. 1945 წლის ოქტომბერი. ქალაქ აიზენახში მდებარე ავტოქარხანას საბჭოთა კავშირში გასატანად ამზადებენ. როგორ უნდა გადარჩეს საწარმო, რომელიც მთელ რეგიონს კვებავს? გაბედული იდეა აიზენახელებს ლეგენდარული BMW-ების ("ბუმერების") ქარხნის გერმანიაში დატოვებასა და ავტომობილების წარმოების აღდგენაში ეხმარება...

გთავაზობთ რადიო "დოიჩე ველეს" ("Deutche Welle") მიერ გამოქვეყნებულ მასალას, სადაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების ჟამს მომხდარი ერთობ უცნაური და, იმავდროულად, საინტერესო ფაქტია გადმოცემული. რადიოს კორესპონდენტი ესაუბრება აიზენახის ყოფილ მერს მათიას დოტს, რომელიც თავის დროზე ავტოქარხნის ინჟინერ-კონსტრუქტორად მუშაობდა, ამჟამად კი, ტრადიციებით მდიდარი ქარხნის ავტომუზეუმს ხელმძღვანელობს.

--------------

1945 წლისთვის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში მდებარე თიურინგიის მხარის სამრეწველო ქალაქი აიზენახი ნანგრევებად იყო ქცეული, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ანტიჰიტლერული კოალიციის - მოკავშირეთა ავიაციის დაბომბვის შედეგად განადგურებულია ლეგენდარული აიზენახის საავტომობილო ქარხნის ნახევარი, რომელიც ჯერ კიდევ 1896 წელს დაარსდა და ქალაქის ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენს. თუმცა დავაზუსტებთ - საამქროებში არსებული ტექნიკისა და დაზგა-დანადგარების თითქმის ორი ათასამდე ერთეული წინასწარ უსაფრთხო ადგილზე იქნა გატანილი და ქალაქის ახლოს მდებარე შახტში ინახებოდა. მაგრამ რად გინდა? - ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირში უნდა გაზიდულიყო იმ რეპარაციის სახით, რომელიც ომით დაზარალებული საბჭოთა მრეწველობის აღდგენას უნდა მოხმარებოდა.

ქარხნის ხელმძღვანელობას და მუშებს მხოლოდ ერთი საფიქრალი აქვთ: როგორ გადაარჩინონ ქარხანა, რომელსაც მთელი რეგიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს?

მოულოდნელად იბადება გეგმა, რომელიც დაუჯერებლად მოჩანს, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, შედეგის მომტანია: ქარხანა აიზენახში რჩება და მუშაობას იწყებს. საოცარია, მაგრამ გასატანად გამზადებული ქარხნის ადგილზე ამუშავების ბრძანებას ხელს აწერს... არც მეტი და არც ნაკლები, თვითონ საბჭოთა საოკუპაციო ჯარების მთავარსარდალი, საბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გერმანიაში, საბჭოთა კავშირის მარშალი გიორგი ჟუკოვი!

დახურვის საფრთხე

მეორე მსოფლიო ომის წლებში აიზენახის ავტოქარხანამ პროფილი შეიცვალა და საშუალო კლასის სოლიდური ავტომობილების ნაცვლად სამხედრო თვითმფრინავების მაკომპლექტებელი დეტალების მასობრივი გამოშვება დაიწყო. ომის დასრულების შემდეგ კი შრომისმოყვარე გერმანელებმა უმოკლეს ვადაში მოიყვანეს წესრიგში დაბომბვისგან გადარჩენილი საამქროები და შექმნეს პირობები იმისთვის, რომ სწრაფად განახლებულიყო ტრადიციული პროდუქციის წარმოება.

"თავდაპირველად ავტომობილებზე ლაპარაკი არ ყოფილა. საქმე ის იყო, რომ ომის დასასრულს აიზენახში ათასობით იძულებით გადაადგილებული ადამიანი, ლტოლვილი მოვიდა, საჭირო იყო მათი უზრუნველყოფა ბინით და ცხოვრებისთვის აუცილებელი საგნებით. ამიტომაც 1945 წლის მაისიდან ქარხანა საყოფაცხოვრებო საგნების - ქვაბების, ვედროების, ურიკების გამოშვებას შეუდგა. მათი გაყიდვით მიღებული ფული კი ქარხნის დანგრეული საამქროების გაწმენდასა და მათ ფორსირებულად მშენებლობას ხმარდებოდა, რათა რაც შეიძლება სწრაფად გადმოეტანათ შახტში შენახული დაზგა-დანადგარები ავტომობილების წარმოების გასაახლებლად.

მაგრამ გაჩნდა პრობლემა: ქალაქი აიზენახი, რომელიც თავდაპირველად, 1945 წლის აპრილში აშშ-ის ჯარებმა დაიკავეს, სამი თვის შემდეგ საბჭოთა ჯარების კონტროლქვეშ მოექცა. საბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციამ კი  აიზენახის ავტოქარხნის სრული დემონტაჟი და, რეპარაციის სახით, მთელი მოწყობილობის საბჭოთა კავშირში გაზიდვა გადაწყვიტა. ეს ნიშნავდა, რომ BMW-ების ქარხანა თავისი ცნობილი კონკურენტის - საქსონიის ავტომწარმოებელი Auto Union-ისა და ათასობით სხვა გერმანული ქარხნის ბედს გაიზიარებდა - ისინი უკვე გადატანილი ჰქონდათ საბჭოთა კავშირში.

მიზნობრივი საჩუქარი

და მაშინ ავტოქარხნის ხელმძღვანელობამ, დირექტორ ალფრედ შმარეს მეთაურობით, გაბედული ნაბიჯის გადადგმა განიზრახა: ისინი ადგნენ და პირდაპირ ბერლინში, კარლჰორსტში, საბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციის შტაბ-ბინაში გაემართნენ. მათ ძალზე ჭკვიანური იდეა მოიფიქრეს და წაიღეს დიდებული საჩუქარი მარშალ გიორგი ჟუკოვისთვის - ახალთახალი, გაკრიალებული შავი ავტომობილი წითელი საჯდომებით - მოდელი BMW-321.

საჩუქარი მიზნობრივი იყო: "აი, პატივცემულო ამხანაგო ჟუკოვ, ჩვენ შეგვიძლია და მზად ვართ საბჭოთა კავშირისთვის ასეთი ავტომობილები ვაწარმოოთ".

და მართლაც, გიორგი ჟუკოვს იმდენად მოეწონა ავტომობილი, რომ გადაწყვიტა, გარკვეულ დათმობაზე წასულიყო - იგი დათანხმდა ქარხნის დემონტაჟის შეჩერებას, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით - თუ მუშები კიდევ ხუთ ანალოგიურ ავტომობილს ააწყობდნენ. მარშალმა ქარხნის ხელმძღვანელობას მხოლოდ ერთი კვირის ვადა მისცა. ამრიგად, დაიდო სანაძლეოს მსგავსი პირობა. გიორგი ჟუკოვს არ სჯეროდა, რომ აიზენახელი ავტომშენებლები სანაძლეოს მოიგებდნენ, მაგრამ... მოტყუვდა.

ავტომობილები ვადაში რომ აეწყოთ, მუშები დღე და ღამე შრომობდნენ. მუშახელი სამყოფი იყო, მაგრამ ავტომანქანების ასაწყობ ნაწილებთან მიმართებით დიდი პრობლემები გაჩნდა: მაკომპლექტებელი დეტალების მიმწოდებელი ქარხნები უმეტესწილად ან დანგრეული იყო და აღარ მუშაობდა, ან ამერიკის საოკუპაციო ზონაში მოხვდა და აიზენახელებისთვის დახმარება არ შეეძლო. მაშინ ავტოქარხნელებმა მხარდაჭერისთვის ახლოს მდებარე ავტოსახელოსნოებს მიმართეს... და დეტალები მოიძებნა.

"გამარჯვების მარშლის" ბრძანებით...

"დაუღალავი მუშაობის შედეგად საოცრება მოხდა: უმოკლეს ვადაში ხუთი დიდებული ლიმუზინი მზად იყო. პირობები, რომლის დროსაც ავტომობილები ააწყეს, იმდენად პრიმიტიული გახლდათ (ელექტროდენის მუდმივი გამორთვა, გასათბობი ქვანახშირის არარსებობა), რომ მუშების შრომა ჭეშმარიტად მაღალ დონეზეა შესაფასებელი", - ამბობს მატიას დოტი.

თავის მხრივ, მარშალმა გიორგი ჟუკოვმაც შეასრულა პირობა - 1945 წლის 13 ოქტომბერს მან გამოსცა ბრძანება ნომერი 93, აიზენახში საავტომობილო ქარხნის ამუშავების შესახებ. საწარმო გატანას გადაურჩა და გახდა საბჭოთა ადმინისტრაციის მიერ შექმნილი გერმანული სააქციო საზოგადოების - "ავტოველოს" წევრი, რომელიც საბჭოთა კავშირისათვის BMW-ებს აწყობდა. საბჭოთა ავტომოყვარულებს შავი "ბუმერები" მოსწონდათ და ძალიან აფასებდნენ მათ მაღალი საიმედოობის გამო.

1952 წელს განხორციელდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) სააქციო საზოგადოების - "ავტოველოს" რეორგანიზაცია - იგი გარდაიქმნა სახალხო საწარმო "აიზენახის საავტომობილო ქარხნად" და BMW-ეს მარკის ავტომობილებისა და მოტოციკლების გამოშვებას აგრძელებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მიუნჰენში (გფრ-ში) მყოფმა BMW-ეს ბრენდის ნამდვილმა მფლობელებმა მარკის შეცვლა მოითხოვეს და სასამართლოში შეტანილი სარჩელი მოიგეს, თიურინგიის ქარხნის კონვეიერიდან გადმოსულ ავტომანქანებზე უკვე ახალი ემბლემა - EMW გაჩნდა. 1955 წლიდან საწარმომ ახალი მარკის - wartburg-ის ავტომობილების გამოშვება დაიწყო.

გერმანიის გაერთიანების შემდეგ, 1991 წელს, აიზენახის ქარხანა დაიხურა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გაიხსნა Opel-ების მწარმოებელი განახლებული ავტოსაწარმო. ამრიგად, აიზენახი დღესაც რჩება გერმანული ავტომრეწვის ქალაქად. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ