"ვხედავდი, როგორ განიცდიდა ამ ყველაფერს ჩემი მეუღლე, ის კი ამ დროს ჩემს დახმარებას ცდილობდა" - მეგან მარკლი პირად ტრაგედიაზე პირველად ალაპარაკდა - კვირის პალიტრა

"ვხედავდი, როგორ განიცდიდა ამ ყველაფერს ჩემი მეუღლე, ის კი ამ დროს ჩემს დახმარებას ცდილობდა" - მეგან მარკლი პირად ტრაგედიაზე პირველად ალაპარაკდა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ახალი ამბებითა თუ საინტერესო ისტორიებით მუდამ ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამჯერად ტაბლოიდების ყურადღება სასექსის ჰერცოგინიამ, პრინცი ჰარის მეუღლემ, მეგან მარკლმა მიიპყრო.

New York Times-თან ინტერვიუში მეგან მარკლმა განაცხადა, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში იყო და დიდი ტრაგედია გადაიტანა.

მარკლის თქმით, 2020 წლის ივლისში ის მეორე ბავშვს ელოდებოდა, თუმცა მუცელი მოეშალა და ორსულობა შეუწყდა.

"როცა ერთ ხელს ჩემს პირველ შვილს ვუჭერდი, ვხვდებოდი, რომ ამ დროს მეორე შვილს ვკარგავდი" - ამბობს ინტერვიუში პრინცი ჰარის მეუღლე.

შეგახსენებთ, რომ მეგანსა და პრინც ჰარის 2019 წლის 6 მაისს ვაჟი, არჩი შეეძინათ.

სასექსის ჰერცოგინია New York Times-ს მოუყვა, თუ როგორ დაკარგა ბავშვი:

"დილით უეცარი კრუნჩხვები დამეწყო და მაშინვე საავადმყოფოში წამიყვანეს. ვიწექი საავადმყოფოს საწოლზე და ვხედავდი, როგორ განიცდიდა ამ ყველაფერს ჩემი მეუღლე, ის კი ამ დროს ჩემს დახმარებას ცდილობდა."

"ბავშვის დაკარგვა აუტანელი ტკივილია, ამას უამრავი ადამიანი განიცდის, თუმცა ამგვარ ამბავზე ძალიან ცოტა თუ ლაპარაკობს. ამ ტკივილის გადატანის შემდეგ მე და ჩემმა მეუღლემ გავიგეთ, რომ, თურმე, 100-დან 10-20-მდე ქალს ორსულობა უწყდება. ამდენი შემთხვევის მიუხედავად, ამ თემაზე თითქმის არავინ ლაპარაკობს, ის დახურულად ითვლება და სირცხვილადაც კი აღიქვამენ".

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის იანვარში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ბრიტანეთის სამეფო ვალდებულებების შესრულებაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს. ისინი საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდნენ. მათი ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყვითელ პრესასთან ურთიერთობა გახლდათ. ამჟამად ისინი არ სარგებლობენ სამეფო ტიტულებით, თუმცა სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად მაინც იწოდებიან. ჰარი ისევ პრინცის სტატუსს ატარებს. (წყარო)