"ჩვენ საბოლოოდ ისედაც მოვკვდებით. რატომ გეშინიათ?" - როგორ ებრძვიან "კოვიდ-19"-ს ჩეჩნები და რაში ამხილეს "კავკასიელი ფადიშაჰი" - კვირის პალიტრა

"ჩვენ საბოლოოდ ისედაც მოვკვდებით. რატომ გეშინიათ?" - როგორ ებრძვიან "კოვიდ-19"-ს ჩეჩნები და რაში ამხილეს "კავკასიელი ფადიშაჰი"

ისევე, როგორც საქართველოში, ჩვენს უშუალო მეზობლებთანაც - აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთშიც კორონავირუსის ინფექციის მეორე ტალღამ "კოვიდ-19"-ით დაავადების სწრაფი ზრდა გამოიწვია. ბოლო პერიოდში კორონავირუსის სტატისტიკა მზარდია ჩეჩნეთის რესპუბლიკაშიც. გთავაზობთ ჩეჩნეთში არსებული ვითარების მოკლე მიმოხილვას:

როგორ ებრძოდნენ "კოვიდ-19"-ს ჩეჩნები

ჩეჩნეთის ხელისუფლების დამოკიდებულება პანდემიისადმი სხვადასხვანაირი იყო - თავდაპირველად, თებერვლის დასაწყისში, სოციალურ ქსელებში გაისმოდა ირონიული, აბუჩად ამგდები განცხადებები, "პანიკიორებს" ემუქრებოდნენ ან დასცინოდნენ. მოგვიანებით, ერთი თვის შემდეგ, როცა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში პირველი დაინფიცირებულები გაჩნდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ არ დაეჯერებინათ "ფეიკური" შეტყობინებებისთვის და ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალური ორგანოებისგან მიეღოთ. მაგალითად, ეროვნული პოლიტიკის მინისტრმა ჯამბულად უმაროვმა რუსები დასასვენებლად ჩეჩნეთში მიიწვია და განაცხადა, - ჩვენთან კორონავირუსის გავრცელება გამორიცხულია, ისეთ ღანძილს მოგართმევთ საჭმელად, რომ მისი სუნით კორონა რაკეტის სისწრაფით გაიქცევაო.

ჩეჩნეთის მუფთმა (უმაღლესმა სასულიერო პირმა) სალაჰ მაჯიევმა მუსლიმანებისადმი მიმართვის დროს კორონავირუსი შეაჩვენა და აღნიშნა, რომ ღვთის რისხვა ჩეჩნეთზე არ გავრცელდება.

და ბოლოს, რამზან კადიროვმა ყველას მოუწოდა, რომ კორონავირუსის არ შეშინებოდათ და ორგანიზმი ხალხური ტრადიციული საშუალებებით გაეჯანსაღებინათ. "ჩვენ საბოლოოდ ისედაც მოვკვდებით. რატომ გეშინიათ? შიშით მანამდე თავს ნუ მოიკლავთ. გრიპით ხომ ათასობით ადამიანი კვდება, ესეც იგივე ვირუსია. ვინც ჯანმრთელია, ის გადაიტანს, ვინც არ არის ჯანმრთელი, ის მოკვდება. იმუნიტეტის გასაძლიერებლად შეურიეთ ერთმანეთში ლიმონის წვენი და თაფლი, დალიეთ და კორონა ვერაფერს გიზამთ. ჭამეთ ნიორი, სისხლი გაგეწმინდებათ", - დაარიგა თანამემამულეები ჩეჩნეთის მეთაურმა. რამზან კადიროვი და მაგომედ დაუდოვი

"ის, რაც ეპატიება იუპიტერს..."

რადგანაც რუსეთში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება და ელემენტარული წესების დაცვა, ჩეჩნეთის ადგილობრივი ხელისუფლებაც იძულებული გახდა, გარკვეული შეზღუდვები დაეწესებინა, ჯარიმების ჩათვლით, თუმცა ხელისუფლება თავისივე დადგენილებას ხშირად თვითონ არღვევდა - საკარანტინო ზომები, პირბადის ტარების ჩათვლით, უფრო რიგით მოქალაქეებისთვის იყო სავალდებულო, ვიდრე ელიტისთვის და განსაკუთრებით - რამზან კადიროვისთვის.

ჯერ კიდევ ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დროს, ჩეჩნეთის ლიდერი მეჩეთში პირბადის გარეშე მივიდა, თუმცა მან მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწერა - ყველაფერი "როსპოტრებნადზორის" მიერ დადგენილი წესების დაცვით ჩატარდაო. შემდეგ იგი ერთ-ერთ აგროჰოლდინგს ეწვია, იქაც - პირბადის გარეშე.

ივნისის დასაწყისში რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ის და რუსეთის სათათბიროს ჩეჩენი დეპუტატი ადამ დელიმხანოვი პირბადის გარეშე შედიან მეჩეთში. არცერთ მლოცველს, მათ შორის, მუფთი სალაჰ მაჯიევს, პირბადე არ უკეთიათ. ვიდეოს თანდართულ ტექსტში კი წერია, რომ "ნამაზი ექიმების ბრიგადის კონტროლით ჩატარდა, რომლებიც ტემპერატურას, პირბადის ქონას და სოციალური დისტანციის დაცვას აკონტროლებდნენო".

სასწავლო წლის დაწყების წინ ჩეჩნეთის ტელევიზიით გადაიცა ოპერატიული შტაბის სხდომა, სადაც რამზან კადიროვი აცხადებს: "ვფიქრობ, ყველა მშობელი მომხრე იქნება, რომ მათმა შვილებმა პირბადე ატარონ, ანუ ისინი არ იქნებიან იმის წინააღმდეგნი, რასაც ჩვენ ვამბობთ და მოგიწოდებთ". სხდომიდან ათი დღის შემდეგ კი რამზან კადიროვმა თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ძმისშვილის - აბუბაქარ კადიროვის ქორწილის ამსახველი ვიდეო, სადაც თვითონაც მონაწილეობდა - ჩეჩნეთის მეთაური ცეკვავს და მღერის, მაგრამ არც მას და არცერთ სხვა სტუმარს არც პირბადე უკეთია და არც დისტანციას იცავს.

მოგვიანებით რამზან კადიროვმა ასე განმარტა ქორწილში დაშვებული დარღვევები: "ყველას, ვინც ქორწილში იმყოფებოდა, კორონავირუსი მოხდილი ჰქონდა ან ექიმმა მისცა ცნობა, რომ კოვიდით არ იყო დაავადებული. ამიტომაც არავინ დაავადებულა".

ჭეშმარიტად ასეა, როგორც რომაელები ამბობდნენ ხოლმე - "ის, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს".

მოსახლეობის რეაქცია: ფადიშაჰის უფლებებით?

როგორც პოლიტოლოგი ალი მაგომაევი აღნიშნავს, ტოპ ჩინოვნიკების მიერ პირბადის ტარების წესების დარღვევა ჩეჩნეთის მოსახლეობაში მწვავე ნეგატიურ რეაქციას იწვევს: "რესპუბლიკის მცხოვრებლებს, განსაკუთრებით - ახალგაზრდებს, პრივილეგირებული სტატუსის ასეთი აშკარა წარმოჩენა აღიზიანებთ. გამოდის, რომ რამზან კადიროვს ფადიშაჰის უფლებები აქვს, ხელშეუხებელია, მის ქვეშევრდომებს კი უმცირესი დარღვევისთვისაც მკაცრად სჯიან".

აშკარაა, რამზან კადიროვს ამბავი მიუტანეს, რომ მოსახლეობაში უარყოფითი განწყობა არსებობსო და ამიტომ მან განმარტა: "თუ ავად არ ხარ, ნუ გაიკეთებ პირბადეს... ჩვენ დღეში ორჯერ ვატარებთ ტესტს - დილით და საღამოთი, ანალიზებს გვიკეთებენ, შემოწმებას გავდივართ და შემდეგ ვხვდებით ერთმანეთს ყველანაირ ღონისძიებაზე". თუმცა ჩეჩენი "ფადიშაჰი" ზოგჯერ იძულებული გახდა, რამდენჯერმე სრული დამცავი საშუალებებით აღჭურვილიყო, მაგალითად, გროზნოს კლინიკურ საავადმყოფოში პაციენტებთან და ექიმებთან გასაუბრებისას: მას ისეთივე ამერიკული დამცავი კოსტიუმი ეცვა, როგორიც ვლადიმერ პუტინს ჰქონდა. რამზან კადიროვი ექიმებთან შეხვედრაზე

"აზრზე მოსვლა" "ანტირეკორდის" ფონზე

შემოდგომის დადგომისთანავე რუსეთში და ბუნებრივია, ჩეჩნეთშიც კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია სწრაფად გაუარესდა. 29 ნოემბრისთვის დაინფიცირებულთა რაოდენობა 4262-მდე გაიზარდა, ბოლო დღეებში კი ახალი პაციენტების მატებამ დღე-ღამეში 107 ერთეული შეადგინა, რაც რესპუბლიკისთვის ერთგვარ "ანტირეკორდად" მიიჩნევა.

ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ - მაჰომედ დაუდოვმა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ შექმნილ ოპერატიულ შტაბს ხელმძღვანელობს, ტელეეთერით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ მოსახლეობა ანტივირუსულ წესებს არ დაიცავს, მაშინ დაავადებულთა რაოდენობა სწრაფად მოიმატებს და ექიმები მათ ნაკადს ვერ გაუმკლავდებიან. "იძულებულნი ვიქნებით, კარანტინი დავაწესოთ. თუ ეს არ გინდათ, მაშინ გარეთ გამოდით მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის გამო".

რამზან კადიროვმაც იფიქრა, ცუდად არის საქმეო და მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო თათბირი ჩაატარა. თათბირზე ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემას წარმოადგენდა კერძო კლინიკების საქმიანობა, რომლებიც "კოვიდ-19"-ით ავადმყოფებს არალეგალურ ცნობებს აძლევდნენ.

"არის ფაქტები, როცა კერძო კლინიკები არასწორ დიაგნოზს უსვამენ პაციენტებს და ყალბ ცნობებს გასცემენ, ან არასწორ მკურნალობას უნიშნავენ. არის შემთხვევები, რომ პაციენტების მდგომარეობა მძიმდება", - განაცხადა რამზან კადიროვმა თათბირზე.

გარდა ამისა, ჩეჩნეთის ლიდერმა კერძო კლინიკებში "კოვიდ-19"-ით ინფიცირებულების გამოკვლევის ფასებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ პრეისკურანტი ძალიან მაღალია: "ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის მოსახლეობა ძალიან მაღალ ფასს იხდის და ეს იმ დროს ხდება, როცა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში ასეთი პროცედურები სრულიად უფასოა. ჩვენს ძირითად ამოცანას თანამემამულეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს და ეს ბოლომდე უნდა შევასრულოთ".

ასეთია ჩეჩნეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია და ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება "კოვიდ-19"-თან ბრძოლის საკითხისადმი.

მოამზადა სიმონ კილაძემ