"ფემინიზმი ფინურად" - როგორ გახდა საცხობში მომუშავე ვეგეტარიანელი გოგონა ფინეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი - კვირის პალიტრა

"ფემინიზმი ფინურად" - როგორ გახდა საცხობში მომუშავე ვეგეტარიანელი გოგონა ფინეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი

1985 წლის 16 ნოემბერს ჰელსინკში პატარა გოგონა, სანა მირელა მარინი დაიბადა. მას ალკოჰოლიკი მამა ჰყავდა. როდესაც სანას მშობლები დაშორდნენ, დედა-შვილი სახელმწიფო შემწეობით ირჩენდა თავს. მარინი საკუთარ თავს "ცისარტყელას ოჯახში" გაზრდილს უწოდებს, რადგან იგი ერთნაირსქესიანმა მშობლებმა აღზარდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მარინი იყო პირველი ადამიანი მისი ოჯახიდან, ვინც უნივერსიტეტში სწავლობდა.

ეს ისტორია, არც მეტი, არც ნაკლები, ფინეთის ვეგეტარიანელი პრემიერ-მინისტრის, სახელმწიფოს ყველაზე ახალგაზრდა ქალი-ლიდერის ცხოვრებაზეა. სანა მირელა მარინი სულ უფრო პოპულარული ხდება, მის მიერ გაკეთებული პოლიტიკური სვლები კი მართლაც იმ იშვიათ გამონაკლისს მიეკუთვნება, როდესაც უმრავლესობა თანხმდება, რომ მარინის პოლიტიკური სტრატეგია ამართლებს.

სანა მარინმა ფინეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი 2019 წლის 10 დეკემბერს დაიკავა. ფინელი პოლიტიკოსი "სოციალ-დემოკრატიული" პარტიის წარმომადგენელია. 2015  წლიდან იგი ფინეთის პარლამენტის წევრი იყო, 2019 წლის 6 ივნისიდან 10 დეკემბრამდე კი - ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

2019 წლის საფოსტო გაფიცვის ფონზე, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის - ანთი რინის გადადგომის შემდეგ, ქვეყნის პრემიერი 35 წლის მარინი გახდა.

მას ხშირად კანადის ლიდერს, ჯასტინ ტრუდოს ადარებენ. მათი იდეოლოგია და დამოკიდებულება ბევრ საკითხში მართლაც ემთხვევა.

ვინ არის სანა მირელა მარინი?

2020 წლის 23 ნოემბერს BBC-მ ახალგაზრდა პოლიტიკოსი პლანეტის ყველაზე "ინსპირაციულ" და გავლენიან ქალად გამოაცხადა. გამოცემის შეფასებით, იგი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც მსოფლიო მასშტაბების ცვლილებებს ახორციელებს. "ფემინიზმი ფინურად. ქვეყანა, რომელსაც ახალგაზრდა ქალები მართავენ"- სწორედ ასეთი ეპითეტით მოიხსენიებს ახალგაზრდა, რომანტიკულ და მოსიყვარულე პოლიტიკოსს გავლენიანი BBC.

COVID

სანა მირელა მარინის კოვიდ-19-თან ბრძოლა პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებისთანავე მოუხდა. ამ დროის განმავლობაში მან მსოფლიოს აჩვენა, რომ შეუძლია ეფექტიანად ებრძოლოს პანდემიის შედეგად გამოწვეულ სხვადასხვა კრიზისს. მან, აგრეთვე, მოამზადა ამბიციური - "თანასწორობის პროგრამა."

ვირუსის გავრცელებისთანავე მარინი და მისი კოლეგები მზად იყვნენ მოქმედებისთვის. 16 მარტს მათ არა მარტო ქვეყნის ჩაკეტვა გამოაცხადეს, არამედ, მიიღეს კანონი “საგანგებო უფლებების შესახებ“, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის გამოუყენებია. სინამდვილეში, ეს არის ომისდროინდელი კანონი - იგი  მთავრობას უფლებას აძლევს, დაარეგულიროს ხელფასები და, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს იძულებითი შრომა.

მედიამ ეს ნაბიჯი გააკრიტიკა, მაგრამ, გამოკითხვების თანახმად, ფინელთა უმეტესობა კანონის ამოქმედებას დათანხმდა.

მოსახლეობამ მიიღო უმთავრესი ინსტრუქცია: დარჩით სახლში! ტესტირება მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანებსაც ჩაუტარდათ. შედეგად, ფინეთში 5,5 მილიონი მოსახლეობიდან მხოლოდ 384 ადამიანი დაიღუპა.

საყვარელ მამაკაცზე, ყოფილ პროფესიონალ ფეხბურთელ მარკუს რაიკონენზე მარინი 2020 წლის აგვისტოში დაქორწინდა. ცერემონია გაიმართა ბალტიის სანაპიროზე, კესარანტაში მდებარე ხის აგარაკზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციას წარმოადგენს. მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი კალევას რაიონშია.

2018 წლის იანვარში წყვილს ქალიშვილი ემა შეეძინა.

კარიერა...

მარინმა 2004 წელს, 19 წლის ასაკში პირკალას საშუალო სკოლა დაამთავრა. 2006 წელს "სოციალ-დემოკრატ" ახალგაზრდობას შეუერთდა და 2010-დან 2012 წლამდე მისი პირველი ვიცეპრეზიდენტი იყო.

სტუდენტობისას მარინი საცხობში, მოლარედ მუშაობდა. არ ეთაკილებოდა სხვადასხვა დამატებითი სამუშაოს შესრულება, რადგან ფინანსური მდგომარეობა მისი ძლიერი მხარე ნამდვილად არ იყო.

ამბიციურმა სანამ ტამპერეს უნივერსიტეტში ადმინისტრაციული მეცნიერების ფაკულტეტი დაამთავრა.

მარინი პოლიტიკაში 20 წლიდან აქტიურად ჩაერთო. ტამპერეს საკრებულოს არჩევნებში თავდაპირველად წარუმატებლად მონაწილეობდა, მაგრამ 2012 წელს გაუმართლა და უმრავლესობის მხარდაჭერაც მოიპოვა. რამდენიმე თვე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიც ეკავა. მან პოპულარობა Youtube-ის საშუალებით მოიპოვა, როდესაც მისი დებატების ვიდეოკლიპები გავრცელდა.

2014 წელს მარინი "სოციალ-დემოკრატიული" პარტიის თავმჯდომარის მეორე მოადგილედ აირჩიეს. 2015 წელს ფინეთის პარლამენტში, პირკანმას საარჩევნო ოლქის დეპუტატის წოდებით მოხვდა, ოთხი წლის შემდეგ იგი ხელმეორედ აირჩიეს. 2019 წლის 6 ივნისს კი ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი გახდა.

2020 წლის 23 აგვისტოს მარინიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრი ანტი რინი შეცვალა.

მისი ხუთპარტიული კაბინეტის მინისტრების უმრავლესობა ქალია. იგი მესამე მთავრობის მეთაური ქალია ფინეთში, ანელი იუთეტნამკისა და მარი კივინეიმის შემდეგ.

თანასწორობის პროგრამა

სანა მარინის "თანასწორობის პროგრამა" მიზნად ისახავს მშობლების წახალისებას სახელმწიფო დონეზე, რომ თანაბარი მონაწილეობა მიიღონ ბავშვებზე ზრუნვაში; ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას; ქალთა და კაცთა შორის არსებული სახელფასო უთანასწორობის შემცირებას; ღარიბი ბავშვებისა და ემიგრანტების ბავშვებისთვის მეტი საგანმანათლებლო შესაძლებლობების უზრუნველყოფას და ა.შ.

მთავრობას, ასევე, სურს, შეცვალოს ე.წ. ტრანსგენდერი კანონი, რომლის თანახმად, ადამიანი, რომელსაც სურს შეიცვალოს სქესი, რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა იყოს ფსიქიატრების მეთვალყურეობის ქვეშ და გაიაროს იძულებითი სტერილიზაცია.

"ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი პიროვნების განსაზღვრის უფლება", - ამბობს სანა მარინი.

1906 წელს ფინეთი რუსეთის იმპერიის ნაწილად მიიჩნეოდა და ავტონომიური პროვინციის სახელს ატარებდა. ფინელი ქალები პირველები იყვნენ მსოფლიოში, რომლებმაც ხმის მიცემისა და პარლამენტში ყოფნის უფლება მიიღეს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ძალიან მალე ფინეთის სეიმში 19 ქალი აირჩიეს.

2000 წელს ფინეთში პირველად გამოჩნდა ქალი-პრეზიდენტი - ტარჯა ჰალონენი, ხოლო 2003 წელს - პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი - ანელი იატენმაკი.

იხილეთ ფოტოგალერეა

თეონა რამაზაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)