"თურქული გამბიტი: როგორ მოჩანს რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობა საჭადრაკო დაფაზე" - რას წერს რუსული გამოცემა
02-12-2020
"თურქული გამბიტი: როგორ მოჩანს რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობა საჭადრაკო დაფაზე" - რას წერს რუსული გამოცემა
"სამწუხაროდ, რუსეთი განწირულია თურქეთთან როგორც მეგობრობისთვის, ასევე - ბრძოლისთვის. ისტორიულად, ჯერ კიდევ შორეული 1569-70-იანი წლებიდან იკვეთებოდა ჩვენი ინტერესების ზონები. მაშინ რუსეთმა ასტრახანის სახანო მიიერთა, თურქეთის სულთანმა კი თავისი "ინტერესების ზონაში" ჯარი გამოგზავნა, ტერიტორიის უკან წასაღებად. ივანე მრისხანემ თურქები გაანადგურა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო - მას შემდეგ რუსეთმა და თურქეთმა ერთმანეთთან კიდევ 12-ჯერ იბრძოლეს, პირველი მსოფლიო ომს თუ არ ჩავთვლით. ყველაზე უსიამოვნო ის არის, რომ ამ რამდენიმე ასეული წლის განმავლობაშიც
კი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის ყველა მტკივნეული წერტილი დღესაც აქტუალურია - თურქეთის მიერ ამ წერტილებით მანიპულირება აქტიურად ხდება. ანკარას არც მოსკოვი ჩამორჩება: კრემლიც მოქმედებს და ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს მუდამ ტონუსში ამყოფებს. საჭადრაკო-პოლიტიკური პარტია ბევრია და, უმეტეს შემთხვევაში დაუსრულებელიც, მხარეები თამაშს მხოლოდ იწყებენ ", - ნათქვამია გაზეთ "კომსომოლსკაია
პრავდა"-ში ("Комсомольская правда") გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - "თურქული პოლიტიკა: როგორ მოჩანს რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობა საჭადრაკო დაფაზე".

პუბლიკაციაში გაანალიზებულია თურქეთისა და რუსეთის ურთიერთშეხება რამდენიმე მიმართულებით: ყირიმის საკითხში, უკრაინის, მთიანი ყარაბაღის, სირიის მიმართ და ა.შ.

გთავაზობთ პუბლიკაციის ძირითად ნაწილს შემოკლებული სახით:

ყირიმული გამბიტი
თურქეთმა ყირიმისადმი დაინტერესება 1991 წლიდან დაიწყო. მიდიოდა მუშაობა ყირიმელ თათრებთან. თურქებმა ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე რამდენიმე რელიგიურ-ექსტრემისტული ორგანიზაცია შექმნეს (ჩანერგეს). ყველა რელიგიურ საკადრო საკითხს თურქეთი წყვეტდა. თურქების მუშაობა ყირიმში "რბილი ძალის" ნიმუშს წარმოადგენს. 2012 წლისთვის თურქეთის ვაჭრობამ ყირიმთან 1,8 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ყირიმისათვის ძალიან დიდ მოცულობას წარმოადგენს. თურქეთიდან ფინანსდებოდა ყირიმელი თათრების თითქმის ყველა მასმედია, რიგი ფონდების საქველმოქმედო პროგრამები... ე.წ "ყირიმელი თათრების მეჯლისი", რომელიც ამჟამად აკრძალული და გაძევებულია, მთლიანად თურქების ხელიდან იკვებებოდა. არსებობს არგუმენტირებული აზრი -  2014 წელს რუსეთს ყირიმი რომ არ მიეერთებინა, მას თურქეთი დაასწრებდა.

უკრაინული ენდშპილი
თურქეთი და რუსეთი ათეულობით წლების განმავლობაში ებრძოდნენ ერთმანეთს აზოვისპირეთისა და შავიზღვისპირა თავრიდისთვის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თურქეთი ამ მიწებს ისევ თავისად მიიჩნევს. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, უკრაინა თურქეთისთვის "რუსეთთან მუშაობის ინსტრუმენტს" წარმოადგენს. თუ 2014 წლამდე მატერიკული უკრაინისა და თურქეთის ურთიერთობა მდორედ მიედინებოდა, მაიდნის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა: თურქეთმა სწრაფი რეაგირება მოახდინა კიევის ანტირუსულ პოლიტიკაზე და მხარი დაუჭირა, უკრაინამაც ანკარას იმედის მზერა მიაპყრო. დაიწყო თანამშრომლობაც სამხედრო სფეროში. უკრაინა იმედოვნებს, რომ ყირიმსა და დონბასს თურქეთის დახმარებით დაიბრუნებს...

ყარაბაღულ-კავკასიური ცუგცვანგი
კავკასიაში უკანასკნელი ომი რუსეთს თურქეთთან 1916 წელს ჰქონდა (პირველი მსოფლიო ომის ფარგლებში), როდესაც რუსეთის არმიამ ოსმალეთის იმპერიის ანატოლიის ტერიტორიის თითქმის მესამედი დაიკავა, უმეტესად - სომხებით დასახლებული ადგილები. ანუ რუსეთმა ისტორიული სომხური მიწა-წყალი "შეკრიბა". ყარაბაღის ამჟამინდელ ომში კი რუსეთი სტრატეგიულად ყველაზე მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა - მშვიდობისმყოფელისა და მომრიგებლის როლში.
თავის მხრივ,  ყარაბაღის ომი თურქეთისგან დიდ განაცხადსაც წარმოადგენს კავკასიურ პროცესებში მონაწილეობისთვის. სხვათა შორის, ანკარას თავისი ინტერესები ჩრდილოეთ კავკასიაშიც აქვს - ჯერ კიდევ ჯოხარ დუდაევისა და ასლან მასხადოვის ჩეჩნეთ-იჩქერიის დროიდან. თურქეთი იყო ჩეჩენ ბოევიკთა ზურგის სამედიცინო ბაზა და თავშესაფარი, როცა ისინი ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარმა გარეკა, თურქული აგენტურა კი - გაანადგურა.
თურქეთი მუშაობდა აფხაზეთშიც - საკურორტო ბიზნესში ეკონომიკური კონტაქტებით, თანამშრომლობდა საქართველოსთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს და თბილისს საბრძოლო მასალებს, ტექნიკას აწოდებდა. "ხუთდღიან ომში" რუსების მიერ დაზიანებული თურქული "ბრონევიკები" ცხინვალთან საკმაო ხანს ეყარა. ბოლო დროს კი თურქულ ბიზნესს ძალიან მტკიცედ აქვს ფეხი მოკიდებული საქართველოს შავიზღვისპირა კურორტებზე.

სირიული მიტელშპილი
თურქეთ-სირიის საზღვრების სიგრძე 800 კილომეტრს აღწევს. სირიის კონფლიქტში ჩარევით თურქეთს რამდენიმე ამოცანის გადაჭრა სურდა:
პირველი - ტერიტორიების მიერთება ნეოოსმანური კონცეფციის თანახმად: 1918 წლამდე დღევანდელი სირიის ტერიტორია ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა. სირიის ჩრდილოეთ ნაწილში თურქების მონათესავე თურქმანები ცხოვრობენ, ანუ ანექსიის ფორმალური საბაბი არსებობს; მეორე - ბაშარ ასადის რეჟიმის შესაძლო დამხობის შემდეგ, სირიის ტერიტორიაზე ქურთების სახელმწიფოს წარმოქმნა არ უნდა დაშვებულიყო; მესამე - თავიდან უნდა აეცილებინა ლტოლვილთა გადაჭარბებული ნაკადის შესვლა თურქეთის ტერიტორიაზე. სირიის კონფლიქტში რუსეთის ჩარევამ თურქების გეგმებს ხაზი გადაუსვა. ერთადერთი, რაც დღემდე მოქმედებს არააფიშირებული გარიგების სახით, ისაა, რომ რუსეთი ქურთებს მხარს ძველებურად აქტიურად აღარ უჭერს, თუმცა მათ უკვე მონახეს ახალი მფარველი აშშ-ის სახით.

თურქული პარტიის გვერდითი მოვლენები:
ა) "დასავლური ვექტორი"
თურქეთმა თავისი ინტერესების ზონა გააფართოვა დასავლეთით - ლიბიის მიმართულებით და სამხრეთ დასავლეთით - საბერძნეთისა და კვიპროსის მიმართულებით. ყველაფერი ეს ენერგორესურსებს უკავშირდება აფრიკისა და ხმელთაშუა ზღვის შელფზე, განსაკუთრებით - კვიპროსის ნაპირებთან, სადაც თურქმა გეოლოგებმა გაზის დიდი საბადო აღმოაჩინეს. ანკარის ამბიციებმა ნატოს წევრების - საფრანგეთისა და საბერძნეთის შეშფოთება გამოიწვია: ფრანგული სამხედრო ხომალდები ლიბია-კვიპროსის ნაპირებთან გამოჩნდნენ.
ხმელთაშუაზღვისპირეთში უსაფრთხოების სისტემა ირღვევა. რეჯეფ ერდოღანის შეჩერება ჯერ კიდევ შეიძლება, მაგრამ მას ხელში კოზირი აქვს: დაახლოებით, ათი მილიონი თურქი მიგრანტი, რომელიც ევროპაში ცხოვრობს...

ბ) აღმოსავლური ვექტორი
როცა თურქეთი პირველ მსოფლიო ომში ჩაება, იმპერიის უმაღლესმა საბჭომ წმინდა ფეტვა გამოაცხადა, რომელშიც ჩამოთვლილი იყო ქვეყნები, სადაც "დაჩაგრული თურქი მუსლიმანები" ცხოვრობდნენ. ოსმალეთის დიად მიზანს სწორედ თურქული ხალხების გათავისუფლება და მითიური "დიდი თურანის" აღდგენა წარმოადგენდა. დღეს არცერთ ექსპერტს ეჭვი არ შეაქვს, რომ რეჯეფ ერდოღანის მოქმედებას იგივე მიზანი აქვს - ამა თუ იმ ფორმით "დიდი თურანის" შექმნა. ანკარის მზერა მიპყრობილია ცენტრალური აზიისკენ - ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი... არსებობს ზესახელმწიფოებრივი ორგანოც - "თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭო"..

მოკლედ, თურქეთს თავისი გეგმების რეალიზების მიზნით, ყარაბაღის ომის გამოყენება სურდა, მაგრამ მოსკოვმა ანკარა გვერდზე გასწია. თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა, ბევრი რამ ჯერ კიდევ წინაა. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას 1-ლი თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას 1-ლი თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები