"კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულმა ვაქცინაციამ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია" - რას წერენ ბრიტანული გამოცემები? - კვირის პალიტრა

"კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულმა ვაქცინაციამ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია" - რას წერენ ბრიტანული გამოცემები?

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სის რუსული სამსახური (BBC Russian) ყურადღებას უთმობს ლონდონის გადაწყვეტილებას კორონავირუსის ვაქცინაციის ცალმხრივად დაწყების თაობაზე და აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის ამ ნაბიჯმა გერმანიასთან დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია.

პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისა და ბრექსიტის მომხრეების აზრით, ევროპული ბიუროკრატიისგან გათავისუფლებამ დიდ ბრიტანეთს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი მოქალაქეების ვაქცინაცია უფრო სწრაფად დაეწყო. ევროკავშირში კი ამბობენ, რომ "კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ მიმართული აცრების ჩატარებისას სიჩქარე მთავარი არ არის.

აი, როგორი განცხადება გააკეთა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა "Times Radio"-ს ეთერში: "ბრექსიტმა შესაძლებლობა მოგვცა, სხვებისგან დამოუკიდებლად, მხოლოდ ბრიტანული რეგულატორის - მსოფლიოს კლასის რეგულატორის დასკვნების საფუძველზე სწრაფად მიგვეღო გადაწყვეტილება [ვაქცინაციის დაწყებაზე]. ჩვენ უარი ვთქვით ევროპელთა ტემპზე, ისინი ძალიან დაყოვნებულად მოქმედებენ".

ბრიტანელ მინისტრს თავისმა გერმანელმა კოლეგამ იენს შპანმა განაწყენებით უპასუხა: "აზრი პირველობას კი არ აქვს, არამედ იმას, რომ პანდემიის დროს საკუთარი მოქალაქეები უსაფრთხო, ეფექტიანი და სანდო ვაქცინით უზრუნველყო".

გაზეთ “გარდიანში“ ("The Guardian") გამოქვეყნებული სტატიის თანახმად (სათაურით "აცრები მომავალ კვირას დაიწყება"), ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს წამლების ევროპულ სააგენტოსთან ფორმალური კოორდინაცია მხოლოდ პირველ იანვრამდე ანუ ბრექსიტის გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე უნდა ჰქონდეს, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვადებს წინ გაუსწრო.

სხვათა შორის, მინისტრ მეთ ჰენკოკის განცხადება ბრიტანულ მასმედიაში მოწონებით სარგებლობს. მაგალითად, გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" ("The Daily Telegraph"), რომელიც კონსერვატორებისადმი სიმპათიით გამოირჩევა, სტატიაში სათაურით "ევროპა იხდის იმ ბიუროკრატიის ფასს, რომლისგანაც დიდი ბრიტანეთი მარჯვედ გათავისუფლდა", წერს: "ვაქცინაციასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული ბარიერების გამო, ევროპის კონტინენტზე კორონავირუსს დიდი ზიანის მიყენება შეუძლია, [დიდი ბრიტანეთი კი, რომელიც ევროკავშირისგან თავისუფლდება] ამ გართულებებს თავიდან აიცილებს. ელვისებური ვაქცინაციით ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღას და ეკონომიკურ კრიზისს უკეთესად გაუმკლავდება, ევროპას კი არ გაუმართლა". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ