რა ხდება ბელარუსში - კვირის პალიტრა

რა ხდება ბელარუსში

"როცა ვუყურებ ჩვენი მილიციის სისასტიკეს, თუ როგორ ნადირობს "ომონი" საკუთარ მოქალაქეებზე ხელკეტებით, ცრემლსადენი გაზით და თუ საჭიროდ ჩათვლის, ცეცხლსასროლი იარაღითაც, სხვა ქვეყნების აქციების დარბევაზე მწარედ მეცინება..."

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამო დაწყებული საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება. მოსახლეობის თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკო და მისი "უსუსურები" (ასე მოიხსენიებენ ბელარუსები ძალოვანებს) დემონსტრანტების სასტიკ დარბევას განაგრძობენ. მხოლოდ 100 დღის განმავლობაში ქვეყანაში 30 000 ათასზე მეტი კაცი დააკავეს. უმეტესობამ უკვე გაიარა სასამართლო და ციხე. დაკავებულთა შორის არიან ავტორიტეტული გამოცემების ჟურნალისტებიც: tut.by-ის ჟურნალისტი კატერინა ბორისოვიჩი და სასწრაფო დახმარების ექიმი არტემ სოროკინი, რომელიც მხატვარ რომან ბონდარენკოს მკვლელობის დეტალების გამჟღავნებისთვის დააკავეს და მოგვიანებით შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ადამიანის უფლებების დარღვევის, ძალადობისა და არაერთი მსხვერპლის გამო ევროკავშირმა სანქციები გააფართოვა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ სანქციები საწარმოებსა და ბიზნესზეც აისახოს.

უფრო ადრე, სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც დაუწესა სანქციები, თუმცა ლუკაშენკოს რეჟიმი რეპრესიებს განაგრძობს.

რომან შუმანი ერთ-ერთი მათგანია, ვინც აქციებში თითქმის პირველივე დღიდან მონაწილეობს. როგორც ამბობს, ლუკაშენკოს რეჟიმს ეგონა, როგორც კი აცივდებოდა, საპროტესტო აქციები შენელდებოდა, თუმცა გამოსვლები არ შეწყვეტილა.

- მიტინგებზე სიარულის ოთხთვიანი სტაჟი მაქვს. ბოლო დროს "ომონი" აქციის მონაწილეებს პირდაპირ ქუჩაში აკავებდა. ამიტომ უსაფრთხოებისთვის ბრძოლის მეთოდის შეცვლა გადავწყვიტეთ - ახლა პროტესტის გამოსახატავად საკუთარ ეზოებთან ვიკრიბებით, რათა "ომონის" გამოჩენისთანავე დავიშალოთ. დემონსტრანტთა უმრავლესობა მინსკში დააპატიმრეს, დანარჩენები - სხვა ქალაქებში. დაკავებულია ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი დმიტრი კრუკიც. ლუკაშენკო ყოველდღიურად ამკაცრებს ზეწოლას. გარდა ძალოვანების სასტიკი დამოკიდებულებისა, აქციებზე სიარულს სხვა საფრთხეც ახლავს - "კოვიდ-19", ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღე იზრდება. თუმცა, თუ ახლა ოპოზიცია დანებდა, ეს ფაშისტური რეჟიმი, რომელიც მოქალაქეებს ცხოველებივით ექცევა, კიდევ დიდხანს გაგრძელდება, მოქალაქეებს კი, რომლებმაც ბევრი რამ დათმეს აქციებზე დასასწრებად, იმედი გადაეწურებათ.

ეტყობა, ლუკაშენკო ფიქრობდა, რომ მინსკიდან სხვა ქალაქებში გადანაწილებული აქციები მისთვის შვება იქნებოდა, რადგან რამდენიმე ათასი კაცისგან შემდგარი ტალღა არ იბობოქრებდა, მაგრამ მოტყუვდა, უარესი მიიღო - ომი ახალ ტერიტორიებზე. ვინც ერთ რაიონში ან ქუჩაზე ცხოვრობს, სოციალურ ქსელში ჩატს ქმნის, სადაც აქციაზე გასვლის დეტალებს სხვა მონაწილეებთან ათანხმებს. ვარჩევთ ადგილს, სად უნდა შევიკრიბოთ. ზოგიერთი ჯგუფი რისკზე მიდის და ამა თუ იმ პროსპექტის ცენტრში იკრიბება. ასე ვცდილობთ დაკავებების მაქსიმალურად შემცირებას. ყველამ თავისი უბანი და ეზო კარგად იცის და ხელკეტებიანი "ომონის" გამოჩენისთანავე დროულად გადიან სამშვიდობოს.

- ვიცი, რომ არაერთი დაღუპულიც გყავთ. - დიახ, რამდენიმე დღის წინ სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა მხატვარი რომან ბონდარენკო ცემით მოკლეს და ახლა ლუკაშენკოს რეჟიმი იმას ამტკიცებს, ბონდარენკო მთვრალი იყო და სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიაო. სინამდვილეში არსებობს ექსპერტიზის პასუხი და ის ფხიზელი იყო, ომონელებს შემოაკვდათ. არაერთი დაღუპული და უფრო მეტი დასახიჩრებული გვყავს. შესაძლოა ბევრმა მათგანმა ვერასდროს გაიაროს. ხელისუფლებები შეიცვლებიან, ისინი კი ჯანმრთელობას ვერასდროს დაიბრუნებენ. ჩემს სტუდენტობის მეგობარს, რომელიც დღე-დღეზე პირველ შვილს ელოდება, ციხეში ისე სცემეს, ეტლით გადაადგილდება. ასეთებს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, იქნებ ჯობია გავჩერდეთ-მეთქი, მაგრამ ვინც ამ ბრძოლას ჯანმრთელობა შესწირა, მათ მითხრეს, რეჟიმი, რომელსაც ლუკაშენკო თავის შთამომავლობას გადააბარებს, ჩვენს შვილებსაც ასე გადატეხს ხერხემალშიო. კიდევ ერთ მეგობარს ჯერ აქციაზე სცემეს, შემდეგ კი მიკროავტობუსამდე რამდენიმე მეტრი ათრიეს. ჩამტვრეული ჰქონდა 7 მალა, თავი გატეხილი და ვიდრე მედიამ, მათ შორის უცხოურმა, სკანდალი არ ატეხა, ციხის საავადმყოფოდან ქალაქის კლინიკაში არ გადაიყვანეს. რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა. ახლა მარჯვენა ხელი გაუქმებული აქვს. განსაკუთრებით მძიმეა მისი მდგომარეობა, ვისაც საპატიმროს გამოვლა უწევს, უფრო უარეს დღეში არიან ისინი, ვინც ჯერ კიდევ პატიმარია - საშინელ პირობებში ყოველდღე სიკვდილს უყურებენ თვალებში. უფლებადამცველები გამუდმებით საუბრობენ მათი ჯანმრთელობის უმძიმეს მდგომარეობაზე, თუმცა არაფერი იცვლება.

- ვიცი, რომ თავადაც იყავით დაკავებული. - ორჯერ 24-24 საათით და მხოლოდ ხელკეტების დერეფნის გავლამ მომიწია. უშიშროებას აქციების ორგანიზატორებზე ამომწურავი ინფორმაცია აქვს და დაუნდობლად ექცევიან. როცა ვუყურებ ჩვენი მილიციის სისასტიკეს, თუ როგორ ნადირობს "ომონი" საკუთარ მოქალაქეებზე ხელკეტებით, ცრემლსადენი გაზით და თუ საჭიროდ ჩათვლის, ცეცხლსასროლი იარაღითაც, სხვა ქვეყნების აქციების დარბევაზე მწარედ მეცინება. ჩვენ გვდევნიან ყველა შესაძლო ფიზიკური თუ მორალური მექანიზმით, ბლოკავენ ინტერნეტს, სოციალურ ქსელებს, უსმენენ ჩვენს საუბრებს და ამის საფუძველზე აკავებენ ჩვენს თანამოაზრეებს. პუტინისგან წაქეზებული ლუკაშენკო მისივე მეთოდებით მოქმედებს.

რამდენიმე დღის წინ პენსიონერებმა გამართეს "სიმამაცის მარში" და გვაინტერესებდა, მოხუცებს მაინც თუ დაინდობდნენ, "ომონი" მათაც დაერია. სოციალურ ქსელშიც გავრცელდა, როგორ მიათრევენ მოხუცებს მიკროავტობუსებში. გამვლელებმა მათი დაცვა დააპირეს, თუმცა "ომონმა" მოხუცები ხელიდან გამოსტაცეს და წაათრიეს. სახელისუფლებო მედია გააფთრებული ცდილობს ანტისახელმწიფოებრივ ძალად წარმოგვაჩინოს, "90-იანი წლების ბანდიტებს" გვეძახიან და მოსახლეობას მოუწოდებენ, არ აჰყვნენ, "ბნელ ძალას". გვქონია შემთხვევა, როცა ლუკაშენკოს მომხრეები დაგვპირისპირებიან. ისინი "დასავლეთის ფსევდოგმირებს", "სოროსის ზომბებს" გვიწოდებენ. რეჟიმი მხოლოდ ფიზიკურად კი არა, მორალურადაც გვებრძვის, ძალაუფლების შესანარჩუნებლად სამოქალაქო ომის გაჩაღებას ცდილობს. ამის შემდეგ უფრო მარტივად შეძლებს ოპოზიციური ძალების განეიტრალებას, რადგან ყველაფერს ჩვენ დაგვაბრალებს.

- რას გეგმავს ოპოზიცია? - ოპოზიციის დევნილ ლიდერს სვიატლანა ციხანოუსკაიას პუტინთან შეხვედრა სურს. ცხადია, ცდილობს მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობის მოგვარებას, თუმცა რამდენიმე დღის წინ მინსკში ჩამოსულმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავისი განცხადებით აშკარა გახადა, რომ რუსეთი თავს არ დაგვანებებს. "ჩვენ მუდმივად ჩავერევით!" - გვითხრა კრემლმა მკაფიოდ, ლუკაშენკოს პუტინის სალამი გადასცა და ბელარუსში მიმდინარე პროცესებში დასავლეთის ინტერესებზე ისაუბრა. მინსკიდან ისე წავიდა, ოპოზიციასთან შეხვედრის სურვილი არც გამოუხატავს. ახლა ციხანოუსკაია ბაიდენთან შეხვედრას აპირებს. ვიცით, რომ შეხვედრის დრო ზუსტდება.