"ახალი მატრიარქატი: ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სულ უფრო მეტ კაბიან პრეზიდენტს ვხედავთ" - რას წერს რუსული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ახალი მატრიარქატი: ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სულ უფრო მეტ კაბიან პრეზიდენტს ვხედავთ" - რას წერს რუსული გამოცემა?

რუსულ გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდაში" ("Комсомольская правда") გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ახალი მატრიარქატი: ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სულ უფრო მეტ კაბიან პრეზიდენტს ვხედავთ". მასალაში განხილულია "ლედი პრეზიდენტების და პრემიერების" პოლიტიკური პორტრეტები (ავტორი - იულია ალიოხინა). გთავაზობთ სტატიას შემოკლებული სახით:

"რუსეთის გარშემო ალყა სულ უფრო ვიწროვდება... არა, მტრის ჯარების კი არა, ქალი პოლიტიკოსების ალყა. მათ ახლახან დამატებითი ძალები მიიღეს - მოლდოვაში პრეზიდენტად მაია სანდუ იქნა არჩეული. შეიძლება ითქვას, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ქვეყნის საჭესთან სულ უფრო ხშირად "ქალთა ბრიგადა" დგება.

მოლდოვა: ანტირუსი, მორიდებული და გაუთხოვარი

მაია სანდუსთვის მოლდოვას პრეზიდენტად არჩევა, შეიძლება ითქვას, ამერიკული ოცნების განხორციელებას წარმოადგენს. იგი ქვეყნის განაპირას მდებარე სოფელში დაიბადა, დღეს კი ქვეყნის მეთაურია, თანაც - ჰარვარდში სწავლაც მოასწრო... მაგრამ რას იზამ - სანამ სწავლობდა და შემდეგ - მთავრობის სტრუქტურებში მუშაობდა, ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო, დღემდე უქმარშვილოა. მოლდოვაში ხმები გავრცელდა, რადგან მაია სანდუ გეი-აღლუმების ჩატარების მხარდამჭერია, თვითონაც არატრადიციული ორიენტაცია აქვსო. ამას წინათ მას ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ამ მხრივ თავის მართლებაც კი მოუხდა და განაცხადა - ლესბოსელი არ ვარ, ეჭვი არ შეგეპაროთ ჩემშიო. თუმცა მის ცხოვრებაში მომხდარი სკანდალები საკმაოზე ბევრია: მაგალითად, როცა მაია ქვეყნის განათლების მინისტრი იყო, სასკოლო პროგრამიდან რუსული ენის სწავლება ამოიღეს. იგი მომხრეა, რომ მოლდოვა რუმინეთს შეუერთდეს. ზოგიერთის აზრით, პრეზიდენტი, მოსახლეობის მოსაჩვენებლად, რომ იგი მოკრძალებული და მორიდებულია, სპეციალურად ცხოვრობს ოროთახიან, 74 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ბინაში და გადაადგილდება 13-წლიანი "ტოიოტით". მოკლედ, "არ ვიპარავ და მოპარვის საშუალებას სხვასაც არ მივცემ".

ლიეტუვა: უშვილოდ, მაგრამ კარიერით

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე 46 წლისაა და ჯერაც არ დაოჯახებულა, სამაგიეროდ, კარგი კარიერა გაიკეთა. მისი მკაცრი ხელი ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს გამოიკვეთა, როცა სოციალური დახმარებები შეამცირა. ორი წლის წინ მან განაცხადა, რომ დროა, ლიეტუვაში ერთსქესიანთა ქორწინებები დაკანონდესო.

ესტონეთი: პრეზიდენტი "ცისარტყელას ფერებში"

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სიამაყით ატარებს "ცისარტყელას ფერების" ნიშანს, რომელიც მას ადგილობრივმა "ლგბტ"-აქტივისტებმა მადლობის ნიშნად გადასცეს. საქმე ის არის, რომ ქალბატონი კერსტი სისტემატურად გამოდის ერთსქესიანი წყვილების დასაცავად. სხვათა შორის, პრეზიდენტმა ამ დღეებში უარი თქვა დიპლომატიური სამსახურის კანონის ხელმოწერაზე და, იცით, რატომ? - იმიტომ, რომ კანონში ჩაწერილია გარანტიები მხოლოდ იმ დიპლომატების ოჯახებისთვის, რომლებსაც ტრადიციული სექსუალური ორიენტაცია აქვთ და არაფერია ნათქვამი ერთსქესიანებზე. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ თვითონ პრეზიდენტს ტრადიციული ოჯახის შექმნის დიდი გამოცდილება აქვს - ორჯერაა გათხოვილი და შვილებიც ჰყავს.

საქართველო: სამშობლოს სიყვარული ფრანგულად

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპულად აღზრდილ ქალბატონს წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ ოჯახის მხრივ მას საფრანგეთთან უფრო მეტი კავშირი აქვს, ვიდრე - სამშობლოსთან... სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში, პარიზში დაიბადა, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. მან საფრანგეთშივე დაიწყო დიპლომატის კარიერა: მუშაობდა საფრანგეთის საელჩოებში: იტალიაში, აშშ-ში, ჩადში, ნატოში, ბოლოს კი - საქართველოში. მიხეილ სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტიბის დროს "პარიჟანკა" ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. 2018 წელს კი სალომე ზურაბიშვილი თვითონ გახდა საქართველოს პრეზიდენტი. აღსანიშნავია, რომ იგი რუსეთს მტრად მიიჩნევს და მოსკოვთან ყოველგვარ თანამშრომლობას გამორიცხავს.

ბელარუსი: დიასახლისობიდან თითქმის პრეზიდენტობამდე

ბელარუსის მოსახლეობის ნაწილს მტკიცედ სჯერა, რომ 2020 წლის აგვიტოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებში დიასახლისმა და ბლოგერის ცოლმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გაიმარჯვა. ანუ ჩვენ მომსწრე ვართ იმისა, თუ როგორ რეალიზდება ლენინური მაქსიმა - "სახელმწიფოს მართვა ყოველ "კუხარკას" (მზარეულს) შეუძლიაო". ალექსანდრე ლუკაშენკოს მეტოქედ იგი სრულიად მოულოდნელად იქცა - მას შემდეგ, რაც "ბატკას" მოწინააღმდეგე კანდიდატები, ყველანი ციხეში აღმოჩნდნენ, მათ შორის - სვეტლანას ქმარიც, ბლოგერი სერგეი ტიხონოვსკი.

სვეტლანაზე ამბობენ, რომ მას სხვები მართავენ ანუ იგი "ვიღაცების" ნაკარნახევ სიტყვებს იმეორებს. შეიძლება მართლაც ასეა. "მთავარია, რომ ლუკაშენკო დავამხოთ, დანარჩენი მერე გაირკვევა", - ეს "თითქმის პრეზიდენტის" სიტყვებია. ასობით ათასი ბელარუსი ოთხი თვეა, მიტინგებზე დადის, მაგრამ ისინი სვეტლანა ტიხანოვსკაიას სასარგებლოდ კი არ გამოდიან, არამედ - ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ.

აზერბაიჯანი: პირველი მზეთუნახავი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევია, სსრკ-ის კომპარტიის პოლიტბიუროს ცნობილი წევრის, შემდგომში კი, რესპუბლიკის პრეზიდენტის - ჰეიდარ ალიევის ვაჟი... საინტერესოა, რომ, იმავდროულად, ქვეყნის პირველი ვიცეპრეზიდენტის პოსტი მის ცოლს - მეჰრიბანს აქვს დაკავებული. იგი ნამდვილი აღმოსავლელი მზეთუნახავია - ტანკენარი, ინტელექტუალი...

უკრაინა: მაიდნიდან ციხეში და უკანვე

უკრაინაში თავის შანსს ჯიუტად ელოდება იულია ტიმოშენკო, რომელმაც ახლახან 60 წლის იუბილე აღნიშნა. მადამ იულიას ისეთი მდიდარი ბიოგრაფია აქვს, შეიძლება სერიალიც კი გადაიღოს კაცმა: მას ხან "გაზის პრინცესას" უწოდებდნენ, ხან "ნაწნავიან ქალს". ყველა თანამდებობა ჰქონდა დაკავებული, პრეზიდენტობის გარდა. მაიდნის ბელადი იყო, ორჯერ - უკრაინის პრემიერ-მინისტრიც, საპყრობილეშიც იჯდა.

ბოლო წლებში იულია დაწყნარდა. მის პარტიას უკრაინის ვერხოვნა რადაში 24 დეპუტატი ჰყავს, მაგრამ თუ საჭირო გახდება, გამოცდილი მებრძოლი ხალხის მღელვარების ტალღაზე ისევ ამოტივტივდება. საინტერესოა, რომ იულიამ გადაიტანა ლეონიდ კუჩმას, ვიქტორ იუშჩენკოს, ვიქტორ იანუკოვიჩის, პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობა...

შუა აზია: დარიგა, ტანზილა, გიულჩატი...

თუ ვინმეს ჰგონია, რომ აღმოსავლური შუა აზია ფემინიზმის საკითხებში ევროპას ჩამორჩება, გარკვეულწილად ცდება: ჯერ კიდევ არ გასულა დიდი დრო იმ პერიოდიდან, როცა ყაზახეთში პირველი პრეზიდენტის, ნურსულთანის ქალიშვილის - დარიგა ნაზარბაევას სახელი ქუხდა. მას პარლამენტის ზედა პალატის სპიკერის თანამდებობა ჰქონდა დაკავებული, მაგრამ... 2020 წლის გაზაფხულზე იგი პოსტიდან გაუშვეს, ცოტა ხანს დაასვენეს და შემდეგ პარლამენტის ქვედა პალატაში შეიყვანეს.

უზბეკეთში სენატის ხელმძღვანელია ტანზილა ნარბაევა, თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე კი გიულჩატ მამედოვა გახლავთ.

რუსეთი: ვალენტინა მატვიენკოდან ქსენია სობჩაკამდე

შესაძლოა მკაცრი ფემინისტების თვალსაზრისით ჩვენ, რუსები, ევროპის საუკეთესო ქალბატონებს "ვერ ვწვდებით", მაგრამ ვერც იმას ვერ ვიტყვით, რომ მთელი ხელისუფლება მხოლოდ კაცებს აქვთ ოკუპირებული. ჩვენთან სახელმწიფოს მესამე პირი ქალია - ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო. მთავრობის ვიცეპრემიერებს შორის კი ორი "გოსპოჟა" გვყავს - ტატიანა გოლიკოვა და ვიქტორია აბრამჩენკო.

ოპოზიციაშიც არიან დიდი თანამდებობის მსურველი ქალები: პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსი ჰქონდა ქსენია სობჩაკს და ირინია ჰაკამადას, თუმცა - წარუმატებლად. ბოლო დროს ქვეყანაში ხმები დადის, რომ "რუსი ტიხანოვსკაია" გამოჩნდებაო - იულია, ბლოგერ ანატოლი ნავალნის ცოლი. მასზე ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი: ამბობენ, ბანკში მუშაობდაო, სპეცსამსახურის რომელიღაც თანამშრომლის თუ მეცნიერის შვილი არისო... ფაქტია, რომ ცოლი ქმარს ძალიან ეხმარება. ნავალნის ჯგუფიდან კიდევ ორი ქალი აქტიურობს - იურისტები ლიუბა სობოლი და წაბლისფერთმიანი მარია პევჩიხი, რომლებიც პირადად იძიებენ ნავალნის საქმეს. ამბობენ, რომ ორივე უცხოეთის აგენტი თუ მეკავშირე არიანო... მოკლედ, რუსეთში ქალთა ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტია... (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ