არქტიკაზე თოვლის დნობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - რას პროგნოზირებენ მეცნიერები? - კვირის პალიტრა

არქტიკაზე თოვლის დნობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - რას პროგნოზირებენ მეცნიერები?

დედამიწაზე კლიმატის ცვლილებები დროთა განმავლობაში სერიოზულ საფრთხეს წარმოქმნის. მეცნიერები ამ საფრთხეზე ხშირად ლაპარაკობენ და ხალხს აფრთხილებენ, რომ თუ საზოგადოება ცხოვრების წესს არ შეცვლის და პლანეტაზე გამონაბოლქვი და გლობალური დათბობის ტემპი არ შენელდება, პლანეტა ფატალურ შედეგამდე მივა.

ძლიერი სიცივე, ყინვა, მიუვალი ბუნება და თეთრი დათვებით სავსე ტერიტორია - ეს არქტიკაა, რომელიც თავის ძველ სახეს ვეღარასდროს დაიბრუნებს და მისი გადათეთრებული ბუნების ფოტოები ხალხს მხოლოდ მოგონებად დარჩება.

სულ ცოტა ხნის წინ ეროვნული ოკეანეებისა და ატმოსფეროს ადმინისტრაციამ (NOAA) მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც არქტიკის ტერიტორიაზე თოვლის დნობის რეკორდულად მაღალ მაჩვენებელსა და ადგილ-ადგილ გაჩენილ მწვანე ზონებზე ისაუბრა. ათასწლეულების დაკვირვება ცხადყოფს, რომ ადამიანების არასწორმა ქმედებამ არქტიკა იმ ადგილად გადააქცია, რომელიც მეცნიერებისთვის ჯერ ამოუცნობი და ახალია. NOAA ხალხს აფრთხილებს, რომ არქტიკაში ვითარება საყურადღებოა.

მოხსენების თანახმად, დღევანდელი არქტიკა იმაზე ბევრად უფრო მწვანე და ნაკლებად ყინულოვანია, ვიდრე ეს 15 წლის წინ იყო. ყველაზე ცივ და ყინულოვან ტერიტორიაზე წელს რეკორდულად მაღალი ზედაპირის ტემპერატურა და რეკორდულად დაბალი ზღვის ყინულის დონე დაფიქსირდა, მეცნიერები ასეთ დაბალ მაჩვენებელს და ასეთ კრიტიკულ შედეგს არ ელოდნენ.

"ჩვენ ვფიქრობდით, რომ ცვლილებები გაცილებით დიდხანს გაგრძელდებოდა და დღევანდელი შედეგის მიხედვით, ყველაფერი სხვაგვარადაა. ცვლილებების სიჩქარე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბოლო 20 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში, იმაზე ჩქარია, ვიდრე ამას ვინმე ივარაუდებდა", - ამბობს NOAA-ის საზღვაო გარემოს ლაბორატორიის ოკეანოგრაფი ჯეიმს ოვერლენდი.

მეცნიერთა თქმით, არქტიკის ტერიტორიაზე განხორციელებული რადიკალური ცვლილებები არა მხოლოდ ამ ტერიტორიას, არამედ - მთელ პლანეტას ეხება. არქტიკა გლობალური კლიმატის მაჩვენებელი ადგილია და პლანეტაზე მომხდარი ცვლილებები, ხანძრები და სათბურების გამონაბოლქვი უშუალო გავლენას ახდენს არქტიკის კლიმატის ცვლილებებსა და მასთან ახლოს მყოფ განედებზე.

"ამერიკაში ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ჰაერის ტემპერატურის 2 გრადუსით ცვლილებას, მაგრამ ეს ცვლილებები არქტიკაზე სამმაგად სერიოზულია და ის, თუ როგორ გამოიყურება დღეს არქტიკა, მალე მთელ პლანეტაზე იმოქმედებს", - აღნიშნა ჯეიმს ოვერლენდმა.

NOAA-ს მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში წერია, რომ 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის სექტემბრამდე  პლანეტამ მეორე ყველაზე ცხელი წელი გადაიარა და ეს მონაცემები ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ამხელა ნიშნულამდე პირველად მივიდა. ამ პერიოდში ზედაპირის ტემპერატურა 1.9 გრადუსი ცელსიუსით უფრო თბილი იყო, იმაზე თბილი, ვიდრე აქამდე ყოფილა. განსაკუთრებული სითბო გამოიკვეთა ციმბირშიც, სადაც ზამთარსა და გაზაფხულზე საშუალო ტემპერატურა 3-5 გრადუსი დაფიქსირდა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2000 წლის შემდეგ არქტიკა ორჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე პლანეტის სხვა ნაწილი, შესაბამისად, ყინულის დნობის პროცესი ყოველდღიურად უფრო და უფრო საშიში ხდება.

იბადება შეკითხვა, რატომ ზრუნავენ მეცნიერები არქტიკის ზღვისა და ოკეანის ყინულზე ასე გადამეტებულად? რადგან არქტიკა უბრალო ყინულოვან მასაზე ბევრად მეტია, იგი დედამიწის კონდიცირების მთავარი სისტემაა, რომელიც ასახავს მზის ენერგიას კოსმოსში და ინარჩუნებს მუდმივ ტემპერატურას პოლუსების გარშემო. თუ დადნება ყინული, დაირღვევა მუდმივი ბალანსი, დაიხოცებიან არქტიკის ტერიტორიაზე მცხოვრები თეთრი დათვები და ოკეანეების დონე საგრძნობლად აიწევს.

გასულ წელს, მაღალი ტემპერატურის გარდა, არქტიკაზე ზღვის ყინულის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელიც დაფიქსირდა, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ დედამიწის კონდიცირების სისტემა ინგრევა და სერიოზული საფრთხის ქვეშაა. ზამთარში ზღვის ყინული იყინება, ზაფხულში კი მისი მცირე ნაწილი დნება. წლევანდელ ზაფხულს 42-წლიან სისტემატურ ჩანაწერებს შორის ყველაზე მეტი ყინულის დნობა და მაღალი ტემპერატურა დაფიქრირდა.

საბედნიეროდ, თოვლი 9 თვის განმავლობაში კვლავ ფარავს არქტიკის უმეტეს ნაწილს, თუმცა ეს მაჩვენებლებიც ნელ-ნელა იცვლება, რადგან ტემპერატურის მომატებით არქტიკის ნაწილზე თოვლის ხანგრძლივობა იკლებს. 2020 წლის ივნისში, უკანასკნელი 54 წლის განმავლობაში, თოვლის საფარის მასშტაბი არქტიკის გარკვეულ ნაწილზე  რეკორდულად დაბალი იყო, ციმბირის ზოგიერთ ნაწილში 2020 წელს რეკორდულად თბილი დღეებიც შენიშნეს და თოვლიც ერთი თვით ადრე დადნა.

სატელიტური კადრებიდან არქტიკის საერთო სურათი ჩანს, სადაც თოვლთან ერთად არქტიკაზე მწვანე საფარი შენიშნეს. მოხსენებაში წერია, რომ თბილი ტემპერატურა ადნობს ყინულს, რაც მწვანე საფარს მართლაც აჩენს და საფარი ნიადაგში თესლის გაღვივებას, ბუჩქებისა და სხვა მცენარეების გაზრდას იწვევს. მცენარეები იზრდებიან ისეთ ადგილებში, სადაც ადრე ყინულის მეტრობით ძლიერი და უტეხი ფენა იყო.

"ეს არ არის მხოლოდ ერთ ტერიტორიაზე ყინულის დნობა ან, უბრალოდ, ზღვის დონის ცვლილება. ამ მონაცემების მიხედვით, მთელი ეკოსისტემა იცვლება, ეს მონაცემები გვეუბნება რომ არქტიკის გარშემო ფუნდამენტური ცვლილებებია დაწყებული, რაც უშუალოდ ადამიანების აქტივობით არის გამოწვეული", - წერია მოხსენებაში.(წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)