"მოსკოვი არ დაუშვებს ისეთი კოალიციის შექმნას, რომელიც..." - რა სამხედრო-პოლიტიკური სცენარი მოამზადა ცნობილმა ამერიკულმა კვლევითმა ცენტრმა - კვირის პალიტრა

"მოსკოვი არ დაუშვებს ისეთი კოალიციის შექმნას, რომელიც..." - რა სამხედრო-პოლიტიკური სცენარი მოამზადა ცნობილმა ამერიკულმა კვლევითმა ცენტრმა

ამერიკულმა გავლენიანმა გამოცემამ "ფორბსმა" ("Forbes") გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "რუსეთის ოპტიმალური სტრატეგია შავი ზღვის გასაკონტროლებლად: "გათიშე და იბატონე", რომელშიც ლაპარაკია ცნობილი კვლევითი ცენტრის - "რენდ კორპორეიშენის" (Rand Corporation) მეცნიერთა დასკვნაზე შავი ზღვის რეგიონში რუსეთის პოლიტიკის შესახებ (ავტორი - მაიკლ პეკი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

"ამერიკული კვლევითი ცენტრის "რენდ კორპორეიშენის" მეცნიერთა თვალსაზრისით, უახლოეს წლებში რუსეთის ოპტიმალური სტრატეგია შავი ზღვის რეგიონში იქნება "გათიშე და იბატონეს" ტაქტიკა: მოსკოვი არ დაუშვებს ისეთი კოალიციის შექმნას, რომელიც კრემლს შავ ზღვაზე ბატონობაში შეეცილება. "რუსეთისთვის უფრო ადვილია განხეთქილების შეტანა რეგიონის ქვეყნებში, ვიდრე აშშ-სთვის - ამ ქვეყნების გაერთიანება", - ამბობს "რენდის" პოლიტოლოგი ანიკა ბინენდიკი.

შავი ზღვის რეგიონი ასწლეულების მანძილზე ერთგვარ დენთის კასრს წარმოადგენდა, რადგან იქ ერთმანეთს პირველობას ეცილებოდნენ ჯერ რუსეთის და ოსმალეთის იმპერიები, ამჟამად კი რუსეთი, თურქეთი, უკრაინა და სხვა ქვეყნები. მაგრამ ყველა დანარჩენისაგან განსხვავებით, რუსეთმა ბოლო წლებში შავი ზღვის აკვატორიაში მძლავრი დასაყრდენი შექმნა ყველა თავისი სამხედრო ატრიბუტით - მოსკოვი მას თავის სამფლობელოდ მიიჩნევს. რუსეთმა უკრაინას ყირიმის ნახევარკუნძული წაართვა და იქ დამატებით განალაგა ხომალდები და რაკეტები. რუსეთი ხელს უშლის შავ ზღვაში ნატოს გემების შესვლასაც. ბოლო დროს აქ რეგულარულად იქმნება დაძაბული სიტუაციები რუსეთსა და ნატოს შორის.

მოსკოვის აზრით, შავ ზღვაზე არსებული სიტუაცია მისთვის ნეგატიურად იცვლება - სსრ კავშირის ყოფილი სატელიტები - რუმინეთი და ბულგარეთი დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არიან, ხოლო დამოუკიდებელი უკრაინა [და საქართველო] რუსეთს მტრად მიიჩნევენ. დასავლელი ექსპერტები ნატოს მოუწოდებენ, რომ შავ ზღვაზე სამხედრო ძალების მუდმივი დაჯგუფება შეიქმნას.

თავის მხრივ, "რენდის" მკვლევრებმა მოამზადეს სამხედრო-პოლიტიკური თამაშის სცენარი, რომელშიც, ძირითადად, რუსეთი და აშშ მონაწილეობს, შავიზღვისპირა ქვეყნების ჩართვით.

სცენარის მიხედვით, მოქმედება ხდება 2020-2025 წლებს შორის. ნატო ცდილობს, შავი ზღვის რეგიონში თავისი სამხედრო ყოფნა გააფართოოს, რუმინეთი კი პოსტსაბჭოთა მოლდოვასთან სამხედრო კავშირებს აღრმავებს. რუსეთი ამის საპასუხოდ მრავალვექტორულ სტრატეგიას ატარებს და აგრესიულად აფართოებს თავის ეკონომიკურ ზონას შავ ზღვაზე, პარალელურად, ახორციელებს "საინფორმაციო ომს" და აწყობს კიბერშეტევებს რუმინეთის წინააღმდეგ. დაძაბულობა მატულობს და პიკს აღწევს მაშინ, როცა რუსული მოიერიშე თვითმფრინავი "სუ-24" მცელავი ფრენით ამერიკულ ნაღმოსანს უახლოვდება და რაკეტას ესვრის, იღუპება რამდენიმე ამერიკელი მეზღვაური.

ამ საზღვაო თამაშის დროს ყველა მხარის პირობით გუნდს ჰქონდა უფლება, თავისუფლად მიეღო გადაწყვეტილებები და გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა - გაეთვალისწინებინა სამხედრო-ისტორიული ტრადიციები, მეგობარი ქვეყნების დახმარება, კიბერნეტიკული ომის გამოცხადება, ჯარების მანევრები მოწინააღმდეგის შესაშინებლად და ა.შ.

აშშ-ის გუნდმა პირობით მოწინააღმდეგეზე (ანუ რუსეთზე) სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის განხორციელება აირჩია: ვაშინგტონმა შავ ზღვაში შექმნა ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება, თითქოსდა, ზღვაოსნობის უსაფრთხოების მიზნით, ჩაატარა დამატებითი სამხედრო-საზღვაო მანევრები თავისი შავიზღვისპირა მოკავშირეების მონაწილეობით, პარალელურად, ამერიკამ ისარგებლა მონტრეს კონვენციით [და თავის ნატოელი მოკავშირე თურქეთი რუსეთის გემებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ჩაკეტვაზე აიძულა]. ამით რუსულ შავი ზღვის ფლოტის ხომალდებს ხმელთაშუა ზღვაში გასვლის შესაძლებლობა წაართვა.

სცენარის თანახმად, რუსულმა გუნდმა, ამერიკულისაგან განსხვავებით, დაძაბულობისა და ომის თავიდან აცილების ტაქტიკა აირჩია, რითაც ამერიკელებს პრობლემები შეექმნათ. ამერიკელებს ეგონათ, რომ რუსები ასევე აგრესიულად გაუწევდნენ წინააღმდეგობას, მაგრამ მოტყუვდნენ. მოსკოვისთვის სულაც არ იყო საჭირო აგრესიულობის გამჟღავნება მიზნის მისაღწევად - რუსეთმა გამოიყენა "თაფლაკვერისა და მათრახის" პოლიტიკა, რაც, ერთი მხრივ, ყირიმის გამაგრებაში გამოიხატა დამატებით სამხედრო ძალებით, მეორე მხრივ კი - თითოეულ შავიზღვისპირა სახელმწიფოსთან მოლაპარაკებაში.

რუსულმა გუნდმა თურქეთს და ბულგარეთს რამდენიმე "თაფლაკვერი" მისცა: თურქებს - უმაღლეს დონეზე შეხვედრა-მოლაპარაკება შესთავაზა, სირიაში ერთობლივი სამხედრო მანევრების მოწყობა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარება, ბულგარელებს კი იაფი გაზის მიწოდება აღუთქვა. რაც შეეხება რუმინეთს, მას რუსეთმა სახრე [მათრახი] მოუღერა: რუმინელებმა მიიღეს საინფორმაციო ომი და თავიანთი სავაჭრო გემების კონტროლი რუსული სამხედრო ხომალდების მიერ, უკრაინამ - აზოვის ზღვის ბლოკადა თევზსაჭერი გემებისთვის, საქართველომ კი - რუსეთის არმიის მანევრები ისტორიულ ქართულ ტერიტორიებზე, რომლებიც მოსკოვს აქვს ოკუპირებული.

თუმცა, რუსული "თაფლაკვერ-მათრახის" პრინციპმა არაერთმნიშვნელოვანი შედეგი გამოიწვია: რუმინეთი, უკრაინა და საქართველო რუსეთის მუქარებს არ დაემორჩილენ, თურქეთმა და ბულგარეთმა კი უკან დაიხიეს: მათ უარი თქვეს ნატოს ფლოტილიის წრთვნებში მონაწილეობის მიღებაზე, რის შედეგადაც რუსულმა გუნდმა თამაშში, შეიძლება ითქვას, გამარჯვებას მიაღწია.

მთავარი დასკვნა ასეთია: არავითარ შემთხვევაში არ უნდა შემცირდეს თურქეთის როლი, საჭიროა, ყველანაირი მეთოდით იქნას გაცოცხლებული რუსეთთან მისი ისტორიული კონფლიქტების ხსოვნა: "საბოლოო ჯამში თამაშების შედეგი რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობაზე გახდა დამოკიდებული. რუსების შეთავაზებამ და სტიმულებმა თურქები ჩააფიქრა. მათ, ასევე, გაითვალისწინეს რუსეთთან დაპირისპირების შედეგად მიღებული ზარალი პერსპექტივაში და ამიტომ უარი თქვეს ნატოს მხარდაჭერის მიზანშეწონილებაზე. ის, რომ თურქეთმა და ბულგარეთმა რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა აირჩიეს, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა. განსაკუთრებით, ბულგარეთის პოზიცია, რომელმაც ნატოს მხარი არ დაუჭირა. ამით რეგიონული ერთიანობა შესუსტდა და რუსეთმა გაიმარჯვა".

აღსანიშნავია, რომ სამხედრო თამაშებში დასავლელი ექსპერტები მონაწილეობდნენ და, შესაბამისად, მისი შედეგები კრემლის შესაძლო მოქმედების მიმართ დასავლურ ხედვას გამოხატავს. ის თვალსაჩინოდ მოწმობს იმას, თუ რატომ აძლევდა ნაპოლეონი უპირატესობას კოალიციასთან ბრძოლას და არა - მასში მონაწილეობას.

"სწავლებამ აჩვენა, თუ რა დონეზე შეიძლება რუსეთმა ისარგებლოს არასაომარი მეთოდებით და წყაროებით ისე, რომ ნატოსთან ღია კონფლიქტი არ მოუხდეს, მისი რისკის შესამცირებლად.", - აღნიშნულია "რენდის" დასკვნაში, - თამაში ასევე მოწმობს იმასაც, რომ რუსეთისთვის რეგიონულ ერთობაში ბზარის შეტანა საკმაოდ ადვილია. მოსკოვი კოალიციის ჩამოყალიბებას თვითონ კი არ ცდილობს, არამედ ებრძვის მისი შექმნის მცდელობებს". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ