"არაფერი ყოფილა უფრო აბსურდული" - როგორ უპასუხა კადიროვმა აშშ-ის მიერ მისთვის დაწესებულ სანქციებს და კიდევ ვის დაუწესეს სანქციები მისი გარემოცვიდან - კვირის პალიტრა

"არაფერი ყოფილა უფრო აბსურდული" - როგორ უპასუხა კადიროვმა აშშ-ის მიერ მისთვის დაწესებულ სანქციებს და კიდევ ვის დაუწესეს სანქციები მისი გარემოცვიდან

ჩეჩნეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის ურთიერთობები იძაბება. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისთვის" რამზან კადიროვის წინააღმდეგ საქციები წესდებოდა.

"სახელმწიფო დეპარტამენტი საჯაროდ უწესებს სანქციას რუსეთის მოქალაქე რამზან კადიროვს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების ჩადენისთვის, წამების, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მკვლელობების, იძულებითი გაუჩინარებების ჩათვლით. ჩვენ უყოყმანოდ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ ამ დარღვევებზე პასუხისმგებლობა დადგეს". - გამოაქვეყნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 20 ივლისს twitter-ზე.

აღნიშნულის შესახებ ივლისში ოფიციალური განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც, სადაც აღნიშნულია, რომ კადიროვს სანქციები სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციების და დაკავშირებული პროგრამული ასიგნებების 2020 წლის აქტის საფუძველზე დაეკისრა. 7031(ც) მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფო მდივნის უფლებამოსილებას, საჯაროდ ან ფარულად განსაზღვროს ის პირები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც მის ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციით, ჩართულები არიან ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში ან კორუფციულ დანაშაულებებში და აუკრძალოს მათ აშშ-ში შესვლა.

"სახელმწიფო დეპარტამენტი ფლობს სანდო წყაროზე დაფუძნებულ ინფორმაციებს იმის შესახებ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში კადიროვი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევის მრავალ შემთხვევაზე, მათ შორის წამებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მკვლელობების შემთხვევებზე.

სანქციები იმოქმედებს კადიროვის ცოლზე, მედნი კადიროვაზე და მის შვილებზე, აიშატ კადიროვასა და კარინა (ხადიჟატ) კადიროვებზე. თანამოაზრე სახელმწიფოებს იმავე ზომების გატარებისკენ მოვუწოდებთ.

აქტის მიზანია, შევატყობინოთ კადიროვს, რომ მის მონაწილეობას ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში შედეგები მოჰყვება, როგორც მისთვის, ისე მისი ოჯახისთვის და რომ შეერთებული შტატები კვლავ მზადაა, გამოიყენოს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა უზრუნველვყოთ ასეთ შემზარავ ქმედებებში მონაწილეებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

რეაგირებამ არ დააყოვა. აშშ-ის გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უპასუხა.

"რუსეთი იპოვის გზას, რომ აშშ-ის მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უპასუხოს. სარკისებური პასუხის გაცემა რთული იქნება, მაგრამ რამეს მოვიფიქრებთ", - გაავრცელა მარია ზახაროვამ "ფეისბუქზე".

ზუსტად ხუთი თვის შემდეგ, აშშ-მა რამზან კადიროვსა და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს, რომლებიც აშშ-ში ფუნქციონირებენ, ახალი სანქციები დაუწესა. "აღმასრულებელი ბრძანების 13818"-ის საფუძველზე, ჩეჩნეთის მეთაურს, მის ოჯახს და რამდენიმე კონკრეტულ ადამიანს ფინანსური საქციები დაედოთ. აკრძალვები ეხება კადიროვის აქტივებს, მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს, მათ შორის, საფეხბურთო კლუბ "ახმატს", რომლის საპატიო პრეზიდენტია".

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს, მასთან დაკავშირებულ 5 კერძო პირსა და რუსეთში რეგისტრირებულ 6 კომპანიას ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა.

"აღნიშნული პირები შედიან "შავ სიაში". "აღმასრულებელი ბრძანების 13818"-ის საფუძველზე, რომელიც ახორციელებს აშშ-ის გლობალურ მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტს, რაც აშშ-ის იურისდიქციაში არსებული ნებისმიერ აქტივის გაყინვას ითვალისწინებს. ამასთან, არაამერიკელ აქტორებს მათთან ბიზნესის კეთებისთვის "შავ სიაში" მოხვედრის საფრთხე ემუქრებათ",- წერს გამოცემა.

სანქცირებულთა შორის ასევე არიან:

ჩეჩნეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დანილ მარტინოვი;

ჩეჩნეთის ვიცე-პრეზიდენტი ვაჰიტ უსმაევი;

კადიროვის წარმომადგენელი ზიაიდ საბსაბი;

კადიროვის ცხენების მწვრთნელი სატიშ სიმარი;

კადიროვის წარმომადგენელი ევროპაში ტიმურ დუგაზაევი;

აჰმედ კადიროვის ფონდი;

საფეხბურთო კლუბი "გროზნოს ახმატი";

ჩემპიონატი "ახმატი";

"ახმატ MMA";

"ჩეჩნეთის მინერალური წყლები";

"მეგასტროინვესტი".

კადიროვის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო დიდმა ბრიტანეთმაც.

სიაში შეიყვანეს:

ჩეჩნეთის ქალაქ არგუნის პოლიციის ყოფილი უფროსი აიუბ კატაევი;

ჩეჩნეთის შს მინისტრის მოადგილე აპტი ალაუდინოვი და ასევე სპეცდანიშნულების რაზმი "ტერეკი".

ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეს კონკრეტული პირები პირდაპირ აფინანსებდნენ, ან მონაწილეობდნენ ჩეჩნეთში ლგბტ პირთა გატაცებაში, წამებასა და მკვლელობებში.

თავად კადიროვის შეფასებით, სანქციები ჩეჩნეთზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.

"ამერიკამ დაიწყო ბრძოლა სპორტთან, ცოლებთან, შვილებთან, საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, სპორტსმენებთან, ცხენებთან. კაცობრიობის ისტორიაში არაფერი ყოფილა უფრო აბსურდული", - განაცხადა კადიროვმა.

ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეყვანილ კადიროვს აშშ-ის ხელისუფლება აბრალებს ბორის ნემცოვის მკვლელობასთან კავშირს და ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებს. ყველანაირი ქონება, რომელთანაც კადიროვს შეხება აქვს ამერიკის ტერიტორიაზე ან რომლებიც ამ ქვეყნის კანონების იურისდიქციის ქვეშაა, დაიბლოკება და კონფისკაციას დაექვემდებარება. ამერიკის ყველა მოქალაქეს ან კომპანიას კადიროვთან ან მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან ყოველგვარი ფინანსური ურთიერთობა ეკრძალება.

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა