"დაუძინებელი მეგობრები": შესაძლებელია თუ არა ექვსმხრივი თანამშრომლობის ფორმატი სამხრეთ კავკასიაში" - რას პროგნოზირებენ ექსპერტები რუსულ გამოცემასთან? - კვირის პალიტრა

"დაუძინებელი მეგობრები": შესაძლებელია თუ არა ექვსმხრივი თანამშრომლობის ფორმატი სამხრეთ კავკასიაში" - რას პროგნოზირებენ ექსპერტები რუსულ გამოცემასთან?

რუსული გამოცემა "იზვესტია" 12 დეკემბრის ნომერში ვრცელ პუბლიკაციას უძღვნის თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივაზე, რომლის თანახმად, სამხრეთ კავკასიაში ექვსმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა უნდა შეიქმნას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთი, თურქეთი, ირანი, საქართველო, აზერბაიჯანი და თუ დათანხმდება, სომხეთი. რა ფორმატია ეს და რამდენად შესაძლებელია მისი რეალიზება რეგიონში? გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარს:

ძმების ჩანაფიქრი

"ჩვენ დღეს, მე და ჩემმა ძმამ [აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა] კავკასიური პლატფორმის შექმნის შესაძლებლობა განვიხილეთ ექვსი ქვეყნის - აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ირანის, საქართველოს და თუ სურვილი ექნება - სომხეთის მიერ. ეს კარგი თანამშრომლობა იქნებოდა [სამხრეთ კავკასიის] რეგიონის განვითარებისათვის", - განაცხადა რეჯეფ ერდოღანმა ბაქოში გამოსვლისას. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას "სომეხ ხალხთან არანაირი პრობლემა არ აქვს" და ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი სომხეთის ხელისუფლების პოზიციაზეა დამოკიდებული: "თუ ოფიციალური ერევანი პოზიტიურ ნაბიჯებს გადმოდგამს, ჩვენ სომხეთთან საზღვრების გახსნაც შეგვიძლია", - დაასკვნა თურქეთის მეთაურმა.

აზერბაიჯანის დედაქალაქში რეჯეფ ერდოღანი ილჰამ ალიევის მიწვევით ჩავიდა, იმ სამხედრო აღლუმში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მთიან ყარაბაღში ამასწინანდელი საომარი მოქმედებების დასრულებას მიეძღვნა და რომელსაც ბაქო თავის უსიტყვო გამარჯვებად მიიჩნევს. საზეიმო ღონისძიებამდე ორივე ლიდერმა შაჰიდების ("სამშობლოს დამცველების") ხეივანი მოინახულა და მეჩეთშიც შევიდნენ ნამაზის ჩასატარებლად. შემდეგ ორივე ლიდერი აღლუმზე ტრიბუნიდან სიტყვით გამოვიდნენ. რეჯეფ ერდოღანმა, თურქეთის არმიის უმაღლესმა მთავარსარდალმა, ბაქოში თან 2783 თურქი ჯარისკაციც ჩაიყვანა - ზუსტად იმდენი, რამდენიც, ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანმა ბრძოლაში დაკარგა.

რეჯეფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ბაქოსა და ანკარის მომდევნო მიზანია "ბრძოლის გაგრძელება იმისთვის, რომ ყარაბაღის მიწა ადამიანების საცხოვრებლად აღორძინდეს". ილჰამ ალიევმა, თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანის ტერიტორიულ პრეტენზიებზე სომხეთის მიმართ: "ერევანი, ზანგეზური და გიოიჩა [გოგჩის ტბა - ს.კ.] - ჩვენი ისტორიული მიწებია, რომლებზეც აზერბაიჯანელი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა", - განაცხადა მან. მხედველობაშია თანამედროვე სომხეთის ტერიტორია, მათ შორის - ერევანი, სევანის ტბა და სიუნიკის ოლქი.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციაში დაადანაშაულეს, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოდან ხან აქტიურდება, ხან მინავლდება ხოლმე. ამჯერად უკვე ფართო მასშტაბის სიხლისმღვრელი ბრძოლები გაჩაღდა, რომლის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 2660 სომეხი ჯარისკაცი (და 54 მშვიდობიანი მცხოვრები), ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - 2783 ჯარისკაცი (94 მშვიდობიანი მცხოვრები). ომში თურქეთმა მხარი აზერბაიჯანს დაუჭირა და სამხედრო ტექნიკით დაეხმარა.

10 ნოემბერს, გვიან ღამით, დაპირისპირებულმა მხარეებმა, რუსეთის მონაწილეობით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას დაზავების შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, შეწყდა სამხედრო მოქმედებები, დაიწყო ტყვეების გაცვლა, სომხეთმა აზერბაიჯანს უკვე დაუბრუნა 1991-93 წლებში ოკუპირებული რაიონები... ლაჩინის დერეფანს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სომხეთს და მთიან ყარაბაღს, ამჟამად რუსი მშვიდობისმყოფლები აკონტროლებენ. კონფლიქტის დარეგულირებაში თურქეთიც მონაწილეობს, თუმცა ანკარა სამშვიდობო მისიაში უშუალოდ არ არის ჩართული - მისი წარმომადგენლები მხოლოდ მონიტორინგულ ცენტრში მუშაობენ.

ანკარა და ერევანი: აწეწილი ურთიერთობა თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობა სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე გაჩნდა: ანკარა, როგორც ცნობილია, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მხარს ბაქოს უჭერდა, 1993 წლისთვის კი თურქეთმა სომხეთთან საზღვარი დახურა. "ნულოვანი" წლების მეორე ნახევარში ორ მეზობელ ქვეყანას შორის მცირე დათბობის პროცესი დაიწყო. ყველა ფიქრობდა, რომ ანკარა და ერევანი, ისე როგორც არასდროს, ახლოს იყვნენ სიტუაციის ნორმალიზებასთან. დათბობის პროცესს "საფეხბურთო დიპლომატია" უწოდეს: პრეზიდენტები სერჟ სარგსიანმა და აბდულა გიულმა ისარგებლეს იმით, რომ სომხეთი და თურქეთი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ შესარჩევ ჯგუფში მოხვდნენ და ერევანში და ანკარაში ჩატარებული მატჩების დროს ერთმანეთთან ვიზიტები განახორცილეს. მოგვიანებით კი, 2009 წელს ციურიხში ხელი მოეწერა ოქმებს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესახებ. თუმცა აზერბაიჯანის თხოვნით თუ ერთგვარი ზეწოლით, თურქეთმა უკან დაიხია: თურქულმა პარლამენტმა ოქმების რატიფიკაცია გაურკვეველი ვადით გადადო. რამდენიმე ხნის შემდეგ კი ციურიხის ოქმები სომხეთის პარლამენტიდანაც უკან იქნა გაწვეული და მათი ანულირება მოხდა. ამის შემდეგ ორი ქვეყნის ოფიციალური კონტაქტები აბსოლუტურად შეწყდა.

ამ დღეებში მოსკოვში რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების - სერგეი ლავროვისა და არა აივაზიანის ორმხრივი მოლაპარაკება გაიმართა. სომხეთის დიპლომატიური უწყების მეთაურმა მოლაპარაკების შემდეგ ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე "საფეხბურთო დიპლომატიაც" გაიხსენა. - არა აივაზიანმა ხაზი გაუსვა, რომ იმდროინდელი მოლაპარაკება მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. თურქეთმა არ შეასრულა აღებული ვალდებულებები პოლიტიკური კონტექსტების მომიზეზების გამო. მინისტრმა თქვა, რომ ერევანი ყოველთვის იყო დაინტერესებული თავის მეზობლებთან მშვიდობიანი ურთიერთობების განვითარებაში, მათ შორის თურქეთთანაც. მაგრამ იმის გამო, რომ თურქეთი მადესტაბილიზებელ და აგრესიულ როლს ასრულებს, ანკარისადმი ნდობა მცირეა. ანუ თურქეთმა სომხეთის ნდობა უნდა დაიმსახუროს", - ამბობს პოლიტოლოგი არმინე მანუკიანი "იზვესტიის" ჟურნალისტთან საუბარში.

"სომხეთში თურქეთთან და აზერბაიჯანთან შერიგებას ფიქრობენ?" როგორც არმინე მანუკიანი აღნიშნავს, სომხეთში ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ბაქოში გამართულ სამხედრო აღლუმს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გამოსვლას.

- ჩვენ მხოლოდ მტრული განცხადებები მოვისმინეთ, რაც ერევანში ძალზე ნეგატიურად აღიქმება. სომეხ ხალხს მშვიდობა სურს, საზღვრების გახსნა, ქვეყანას ბლოკადის პირობებში სუნთქვა აღარ შეუძლია... მაგრამ არ ვფიქრობ იმას, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მზად არიან ამისათვის. უფრო მეტიც - არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი მხოლოდ იმას იკმარებენ, რაც ამ ომის შედეგად მიიღეს. ჩვენ გვეშინია, რომ აზერბაიჯანი არ დაკმაყოფილდება, - განმარტავს ექსპერტი.

ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის მიერ სამმხრივ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ სომხეთში მძაფრი შიდაპოლიტიკური კრიზისი დაიწყო. ქვეყანაში ყოველდღიურად იმართება საპროტესტო მიტინგები, რომლებზეც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

- ჩემი აზრით, ექვსმხრივი რეგიონული თანამშრომლობისათვის ჯერ-ჯერობით რაიმე ისეთი საინტერესო და ახალი პერსპექტივა არ დამდგარა, რაზედაც პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა ილაპარაკა თავის გამოსვლაში. საეჭვოა, რომ სომხეთის დღევანდელი ხელისუფლება ასეთ არეულ სიტუაციაში მის წინადადებაზე დათანხმდეს. უბრალოდ, სომეხი ხალხი ვერ გაიგებს - ადამიანებმა ომით დიდი დანაკარგები განიცადეს და ასეთ ნაბიჯს ნეგატიურად შეხვდებიან, - ამბობს არმინე მანუკიანი.

თუმცა ასეთ სიტუაციაშიც კი ზოგიერთი სომეხი დეპუტატი ხელისუფლებას მოუწოდებს აზერბაიჯანთან დიალოგი დაიწყოს, დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობა და თურქეთს შეურიგდეს.

- ისინი ამბობენ, რომ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა უნდა დამყარდესო. სხვათა შორის, სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი დარწმუნებულია, რომ მართლაც ასე უნდა იყოს და ეს შესაძლებელია, - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

თავის მხრივ, აღმოსავლეთმცოდნე იური მავაშევი ვარაუდობს, რომ რეჯეფ ერდოღანმა, შესთავაზა რა მეზობლებს სამხრეთ კავკასიაში ექვსმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა, გადაწყვიტა, რომ სომხეთთან მიმართებით "თაფლაკვერისა და მათრახის" მეთოდით იმოქმედოს.

- თურქეთის ლიდერი მიუთითებს, რომ ექვსმხრივი რეგიონული თანამშრომლობის ერთადერთ დაბრკოლებას სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკა წარმოადგენს, ანკარა სომეხი ხალხის წინააღმდეგ არ გამოდის. პრეზიდენტი წინადადებას კონსტრუქივობასა და სიცოცხლისუნარიანობას ის ფაქტიც მატებს, რომ პლატფორმის ფორმულაში ირანიც არის მიწვეული. ეს ერევნისათვის მნიშვნელოვანი ფაქტია, რითაც ბალანსი იქნება დაცული, თვითონ რუსეთის მონაწილეობაზე.ნრომ არაფერი ვთქვათ... მოწოდება მარტივია: ჩვენ გთავაზობთ ინკლუზიურ მოდელს, მაგრამ თუ შენ, სომხეთო, მასზე უარს იტყვი, მაშინ ამით ყველა დანარჩენ სახელმწიფოებს დაუპირისპირდები. რა თქმა უნდა, ასეთ ფონზე სომხეთის არჩევანი მცირეა, - აღნიშნავს ექსპერტი "იზვესტია"-სთან საუბარში.

იური მავაშევის თქმით, მთავარი ინტრიგა იმაშია, თუ რამდენად არის დაინტერესებული მოსკოვი თურქულ ინიციატივაში: "ამ შემთხვევაში მოსკოვმა ან უნდა განაცხადოს, რომ ანკარის ინიციატივასთან საერთო არაფერი არ აქვს, ანდა დაუყონებლივ უნდა შესთავაზოს მხარეებს თავისი მოდელი. გაჩუმება ასეთ დროს არ შეიძლება".

ვის მხარეზეა ირანი?

სამხრეთ კავკასიაში ირანის როლზე საუბრისას აუცილებელია ითქვას, რომ ისლამური რესპუბლიკა 1990-იანი წლებიდან მხარს უჭერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკურად მოგვარებას. მაგრამ თეირანის პოლიტიკას ორმაგი ელფერი დაჰკრავს: ერთი მხრივ, ირანი მხარს არ უჭერს აზერბაიჯანის ოფიციალური საზღვრების შეცვლას, მეორე მხრივ კი, ბაქოს მოუწოდებს სომხეთის ინტერესები გაითვალისწინოს. თეირანის დიპლომატია ტრადიციულად მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც ბაქოსთან, ასევე ერევანთან.

ირანის ჩრდილოეთ ნაწილში თითქმის 30 მილიონამდე ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ისინი ითხოვენ, რომ ირანის ხელისუფლება მხოლოდ აზერბაიჯანს დაეხმაროს. მაგრამ თეირანს ძალიან აფრთხობს ბაქოს მეგობრობა ვაშინგტონთან. აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობის დონეს ირანის ხელისუფლება საკუთარი ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს. გარდა ამისა, ირანს არ მოსწონს თურქეთ-აზერბაიჯანის მჭიდრო ურთიერთობა და ბაქოს სამხედრო თანამშრომლობა ისრაელთან.

ირანში 200 ათასამდე სომეხიც ცხოვრობს - ისინი ღრმად არიან ინტეგრირებულნი ირანულ საზოგადოებაში და იქაურ ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოსტები აქვთ დაკავებული. გავლენიანი სომხური დიასპორა ირანს ლობირებას უწევს დასავლეთის ქვეყნებთან კონტაქტებში. ასე რომ, ირანის ხელისუფლება დაინტერესებულია ერევანთან მჭიდრო ურთიერთობით, თუმცა აშკარაა, რომ ირანს რუსეთთან და თურქეთთან შედარებით ნაკლები ბერკეტები აქვს სამხრეთ კავკასიაზე გავლენის მოსახდენად.

- ანკარა ბოლო დროს თავის საგარეო პოლიტიკაში მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს მიერ შემუშავებული ლოზუნგით მოქმედებს, რომლის თანახმად, თურქეთის საგარეო პოლიტიკა ინიციატივიანი და ჰუმანიტარული, ანუ ადამიანზე ორიენტირებული უნდა იყოს, - აღნიშნავს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევგენი პრიმაკოვის სახ. მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ინსტიტუტის (ИМЭМО РАН) უფროსი თანამშრომელი, დიპლომატიური აკადემიის დოცენტი ვლადიმერ ავატკოვი "იზვესტია"-სთან საუბარში, - ამასთან დაკავშირებით თურქეთი გამოდის ისეთი ინიციატივებით, რომლებიც მისი საგარეო პოლიტიკის ლოგიკაში თავსდება. სამხრეთ კავკასიაში ანკარის ერთ-ერთი საკვანძო ამოცანაა ის, რომ რუსეთმა თურქეთი თანასწორ მოთამაშედ აღიაროს... (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ