განქორწინება 600 მილიონ დოლარად, როცა ქალი ქმარსაც უჩივის და შვილსაც - როგორ ინაწილებენ ახმედოვები რუსეთში შეძენილ კაპიტალს ლონდონის სასამართლოში?
განქორწინება 600 მილიონ დოლარად, როცა ქალი ქმარსაც უჩივის და შვილსაც - როგორ ინაწილებენ ახმედოვები რუსეთში შეძენილ კაპიტალს ლონდონის სასამართლოში?
ინგლისის მართლმსაჯულების ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული განქორწინება ახალ გახმაურებულ სასამართლო პროცესად გადაიქცა. მილიარდერმა ფარჰად ახმედოვმა ცოლს - ტატიანას ოთხი წლის წინ, მისთვის დაკისრებული ასობით მილიონი დოლარი არ გადაუხადა, ახლა კი, ტატიანა უფროს ვაჟს - თემურს უჩივის.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დედა და შვილი ლონდონის უმაღლეს სასამართლოში ჩვენებებს აძლევდნენ, სადაც ნათლად აღწერეს დიდი ხნის ოჯახური დრამების დეტალები. ვილები, პირადი რეაქტიული თვითმფრინავი, ვერტმფრენი და 150-მილიონიანი ხელოვნების კოლექცია. ლონდონში მდებარე 50-მილიონიანი ბინა და
ა.შ.

ამ ჩვენებებისა და დოკუმენტების საფუძველზე, თემურ ახმედოვის ადვოკატები მოსამართლე გვინეტ ნოულზს თავიანთ არგუმენტებს წარუდგენენ და საბოლოოდ გადაწყდება, დაეხმარა თუ არა შვილი მამას ქონების დამალვაში.

მიმდინარე სასამართლო განხილვა ოჯახის ისტორიაში პირველი საჯარო დავაა.
წყვილი 1990-იანი წლების დასაწყისში დაქორწინდა, თუმცა სიმდიდრე 2012 წელს მოიპოვა, როდესაც ფარჰად
ახმედოვმა Northgas გაზის კომპანიაში თავისი წილი 1,4 მილიარდ დოლარად გაყიდა. 2013 წელს ტატიანამ განქორწინების შესახებ განაცხადი ინგლისის სასამართლოში შეიტანა, სადაც 1994 წლიდან ცხოვრობდა. ინგლისში გაიზარდა მათი ორი ვაჟიც.
ფარჰადი განქორწინების პროცესში არ მონაწილეობდა. მან დიდ ბრიტანეთთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა, პენსიაზე გავიდა და ინგლისის სასამართლოსთვის მიუწვდომელ ტერიტორიაზე გადავიდა საცხოვრებლად. საქმიანობას ეწევა რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და იახტა "ლუნას" ბორტიდან, რომელიც 2014 წელს რომან აბრამოვიჩისგან, დაახლოებით, 350 მილიონ დოლარად იყიდა.

სასამართლო დავა ვალზე, რომელიც მისი არ არის

სხვა საკითხია უფროსი ვაჟი თემური. ტატიანას მსგავსად, იგი ბრიტანეთის მოქალაქეა და ინგლისში ცხოვრობს. მას არ შეეძლო სასამართლოში არ გამოცხადებულიყო, მაგრამ ამასთან დაკავშირებით გაჩნდა პანიკა, რადგან პროცესს ჩაშლა ემუქრებოდა. სასამართლო პროცესის პირველ დღეს თემური დუბაიდან ლონდონის ნაცვლად მოსკოვში გაფრინდა.
"დავისტრესე, შეშინებული ვიყავი, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა", - შესანიშნავი ინგლისურით განუმარტა მან მოსამართლეს ვიდეოზარის საშუალებით. - "მე მხოლოდ 27 წლის ვარ, ბოლოს და ბოლოს, დედაჩემმა მიჩივლა. მე ბევრს ვსვამ. მჭირდება გარანტია, რომ პასპორტს არ ჩამომართმევენ. "

მოსამართლე ამგვარი "ულტიმატუმით" გაკვირვებული იყო. მან მოითხოვა, რომ თემური დაბრუნებულიყო შინ და სასამართლო პროცესზე, კვალიფიციური ადვოკატების თანხლებით, სიტყვით გამოსულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც საბანკო საქმეს სწავლობს და ბირჟაზე ვაჭრობით არის დაკავებული, თავის დაცვა დისტანციურად მოუწევს, რადგან მისი ფინანსები სასამართლო პროცესის დასრულებამდე გაყინულია, ხოლო მიმდინარე ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხა ადვოკატებისთვის საკმარისი არ არის.
თემურ ახმედოვი
საჭირო იყო ვალის აღება, მაგრამ სესხის აღება თემურს მხოლოდ პირადად, ლონდონში ყოფნისას შეეძლო, სადაც საბოლოოდ ჩავიდა კიდეც. ამით მან თავი აარიდა ჯარიმის და ციხეს სასამართლოს უგულებელყოფისთვის.

გახმაურებულმა პროცესმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო არა მხოლოდ ქონებრივი დავის მასშტაბებით, არამედ იმით, რომ მან ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი და "განქორწინების დედაქალაქში" სამომავლო სასამართლო პროცესებისთვის პირველი პრეცედენტი შექმნას.

მთავარმა მოსამართლემ - ნოულზმა უკვე უპასუხა ერთ-ერთ შეკითხვას, რომელიც ტატიანა ახმედოვას საშუალებას აძლევს, სხვისი ფულისთვის იჩივლოს და შეთანხმებების დეტალები არ გაამჟღავნოს.

როგორ დავმალოთ მილიარდი ყოფილი მეუღლისგან
ინგლისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტატიანა და ფარჰადი 2016 წლის დეკემბერში განქორწინდნენ და მას საერთო ქონების ნახევარზე ოდნავ ნაკლები შეხვდა. ტატიანას 450 მილიონი დოლარი ნაღდი ფული და თანამედროვე ხელოვნების 150-მილიონიანი კოლექცია უნდა მიეღო.

4 წლის შემდეგ ტატიანამ სასამართლოს განუცხადა, რომ მან მხოლოდ 5 მილიონი მიიღო. იგი ყოფილი მეუღლის აქტივებზე მთელ მსოფლიოში ნადირობს. რუსეთიდან და მარშალის კუნძულებიდან დაწყებული, კვიპროსამდე, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებამდე დამთავრებული. აგვისტოში ტატიანამ იახტა "ლუნასთვის" იურიდიული ბრძოლა წააგო.

ფარჰადი არასდროს მალავდა, რომ დაკისრებულის გადახდას არ აპირებს. სასამართლო პროცესის დროს, ეს დაადასტურა ვაჟის ადვოკატმაც და თავად თემურმა. სასამართლოზე წარმოადგინეს მიმოწერა, სადაც აღნიშნულია, რომ ფარჰადს ურჩევნია ფული დაწვას, ვიდრე ტატიანას გადაუხადოს.
ფარჰად ახმედოვი ფულის გაგზავნას ჯერ ყატარში ცდილობდა, შემდეგ - არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, მაგრამ მას სირთულეები შეექმნა და უკვე მზად იყო ყველაზე ექსტრემალური ვარიანტისთვის - ყველაფერი რუსეთში გადაეტანა. ბოლოს და ბოლოს, ბოლო მომენტში იგი ლიხტენშტაინს ენდო.

ტატიანა და მისი ადვოკატები დარწმუნებული არიან, რომ თემური მამას ფულის დამალვაში აქტიურად ეხმარებოდა.
თემური არ დავობს იმ ფაქტზე, რომ მამამისს აქტივების სხვა ქვეყანაში გატანის ორგანიზებაში დაეხმარა, თუმცა აცხადებს, რომ მას ამაში მხოლოდ მდივნის როლი ჰქონდა და სინამდვილეში ყველაფერი მოიგონეს მამამ და "სერიოზულმა კაცებმა კოსტუმებში", რომლებსაც ენდობოდა.
მას, უბრალოდ, უნდოდა როგორც უფროს ვაჟს, მამის ნდობა გაემართლებინა.
სასამართლოში მიმავალი დედა-შვილი
შვილზე ზრუნვა თუ ცოლზე შურისძიება?

განქორწინების წინ ფარჰადმა თემურს თითქმის 70 მილიონი დოლარი გადაურიცხა. მისი ყოფილი ცოლის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ამ გზით მან ცოლს ფული დაუმალა.
თემური და მისი ადვოკატთა გუნდი ამ ბრალდებებს სასაცილოს და ალოგიკურს უწოდებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ყველა ეს გადარიცხვა არის მამაშვილური ზრუნვა უფროსი ვაჟის მიმართ.
განქორწინებამდე ტატიანა ამაში ცუდს ვერაფერს ხედავდა. მან სასამართლოში აღიარა, რომ 19 წლის თემურისთვის ლონდონში მდებარე 55-მილიონიანი ულტრამოდური ბინის შეძენაში ცუდს ვერაფერს ხედავდა. თუმცა ორიოდე წლის შემდეგ თემურის ანგარიშზე გადარიცხულ 70 მილიონს იგი არა - საჩუქრად, არამედ - ფარჰადის აქტივების გადატანად მიიჩნევს.
ტატიანა ახმედოვას შვილის არ სჯერა. იგი აცხადებს, რომ სასამართლო დავის დროს ვაჟმა საკმაოდ აგრესიულად დაიჭირა მამის მხარე.

როგორ და როდის შეიძლება დასრულდეს სკანდალური დავა
ტატიანა ახმედოვას და მის ადვოკატებს ორი მიზანი აქვთ: თემური ფარჰადის თანამონაწილედ გამოაცხადონ და აიძულონ, ტატიანას 100 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადონ.
ამასობაში ფარჰადის პოზიცია იგივე რჩება და, თემურის ჩვენებით თუ ვიმსჯელებთ, ვაჟი მამის აზრს იზიარებს.
მამა და შვილი მიიჩნევს, რომ სინამდვილეში ტატიანას ვაჟის წინააღმდეგ ჩივილი არ უნდოდა და ამის გაკეთება ადვოკატებმა აიძულეს, რადგან ლაპარაკი დიდძალ ქონებაზეა, საიდანაც ადვოკატები კოლოსალურ ანაზღაურებას მიიღებენ.

თემური ირწმუნება, რომ მამამისმა ტატიანას 100 მილიონი დოლარი, ლონდონის მახლობლად მდებარე სასახლე და შვილებთან ერთად ნახატების კოლექციის ერთობლივი მფლობელობა არაერთხელ შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
მოსმენა კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება. მოსამართლეს, როგორც წესი, განაჩენის გამოსატანად რამდენიმე თვე სჭირდება. ამის შემდეგ, შესაძლებელია გასაჩივრება და სავარაუდოა, რომ გასაჩივრების შემდეგ პროცესს კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება. (წყარო)

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა

კატო
15 დეკემბერი 2020 22:35
თეონა, ძვირადღირებული ერთი სიტყვაა
.აწი მაინც გეცოდინებათ...
+++++
15 დეკემბერი 2020 17:29
ეს არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა არ არის. ინგლისი თავისი სასამართლო სისტემით სამოთხეა ასეთებისთვის!!! რუსი (ასევე თათარი/რუსეთის თათრები) ქალები ასევე წარმატებით ფცქვნიან ადგილობრივ, ინგლისელ კაცებსაც. სასამართლო სისტემაც თავის სარგებელს ეძებს რუსი ოლიგარქების განქორწინებაში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები