"მოსკოვს "ბრალი მიუძღვის" იმაშიც, რომ..." - რას წერს ჩინური გამოცემა რუსეთ-თურქეთსა და მათთან ჩინეთის დამოკიდებულებაზე - კვირის პალიტრა

"მოსკოვს "ბრალი მიუძღვის" იმაშიც, რომ..." - რას წერს ჩინური გამოცემა რუსეთ-თურქეთსა და მათთან ჩინეთის დამოკიდებულებაზე

"როცა რუსეთი აღმასვლაშია და ძლიერდება, თურქეთი დაღმასვლას განიცდის და სუსტდება"

ჩინური გამოცემა "გუანჩა" ("Guancha// 风闻") აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ჩინეთი რუსეთს და თურქეთს შორის", რომელშიც გადმოცემულია ორი მეზობელი ქვეყნის - რუსეთისა და თურქეთის ხუთასწლოვანი ურთიერთობის ტენდენციები. ამავე დროს, მასალაში ნაჩვენებია ჩინეთის დამოკიდებულება თურქეთის "ამბიციური პოლიტიკის" მიმართ. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთი და თურქეთი ორ, ერთმანეთთან მტკიცედ დაკავშირებულ პარტნიორსა და, იმავდროულად - კონკურენტს წარმოადგენენ: კონკურენციიდან ისინი მტრობაში გადადიან, შემდეგ კი, დიდი ხნის განმავლობაში, ისევ პარტნიორები ხდებიან.

ისტორია გვაჩვენებს, რომ ძალთა თანაფარდობა ერთმანეთის მდგომარეობაზეა დამოკიდებული: როცა რუსეთი აღმასვლაშია და ძლიერდება, თურქეთი დაღმასვლას განიცდის და სუსტდება. ასეთი ტენდენცია მათ წარსულ ურთიერთობაში ნამდვილად შეიმჩნევა, მაგრამ ორივე მხოლოდ ბედის იმედად არ იყო - თითოეული საკუთარ პოლიტიკას თავისი სპეციფიკით ატარებდა: რუსეთი უხეშობდა და სხვას ანგარიშს არ უწევდა, ქვეყანა დიდი იყო და მაინც მიწის შემატებაზე ფიქრობდა, ეს განსაკუთრებით თურქეთის მიმართ იგრძნობოდა. თურქეთიც ბოროტად და აგრესიულად მოქმედებდა, მუდმივად დაპირისპირებას პროვოცირებდა, თან შუბლმაგარიც იყო.

ყოველ შემთხვევაში, აუცილებელია გავიხსენოთ, რომ რუსებს არასდროს ეშინოდათ თურქეთის წინააღმდეგ ომის დაწყების: "თუ რამე სარგებელი ჩანს, საჭიროა, დავარტყათ და მოგება მივიღოთ... თურქეთი უსიამოვნებას გვაყენებს? ესე იგი, ომით ჭკუა უნდა ვასწავლოთ". ბოლო ხუთასი წლის განმავლობაში მოსკოვის პატარა სამთავროდან რუსეთმა თავისი ტერიტორიები გრანდიოზულად გააფართოვა: დაიკავა დღევანდელი უკრაინის, პოლონეთისა და საქართველოს ტერიტორიები... მოსკოვს "ბრალი მიუძღვის" იმაშიც, რომ ოდესღაც დიდი ოსმალეთის იმპერია დღეს მხოლოდ თანამედროვე თურქეთის ტერიტორიით არის წარმოდგენილი.

სხვათა შორის, თურქებსაც არ ეშინოდათ, რომ რუსეთთან ომში დამარცხდებოდნენ: "თუ არის გამარჯვების შანსი, საომარი მოქმედების გეგმა უნდა შევიმუშაოთ... თუ რუსები ჩვენს წყენას შეეცდებიან, ჩვენც სამაგიერო უნდა მივუზღათ, უნდა დავარტყათ და ვებრძოლოთ. არა უშავს, თუ დღეს მათ ტერიტორია დავუთმეთ ან ხარკს ვუხდით, ხვალ ისევ დავიბრუნებთ".

საერთოდ, თურქები ყოველთვის იმედოვნებდნენ, რომ ერთხელაც დიდი ომი მათ სასარგებლოდ დასრულდებოდა, ერთხელაც დადგებოდა ის ბედნიერი შემთხვევა, რითაც ისინი ყველა წარსული დამარცხებისთვის რუსეთისაგან კომპენსაციას მიიღებდნენ. მოლოდინში ხუთასი წელი გავიდა, მაგრამ სიტუაცია არ შეცვლილა, თურქეთი ისევ ისეთ პოლიტიკას ატარებს. ზედმეტია კითხვის დასმა - "რატომ, რისთვის?". თურქებს ნაკლებად აღელვებდათ ის, თუ როგორ მიაღწევდნენ მიზანს - ხისტი ძალით, რბილი, დიპლომატიური მოქმედებით თუ შემთხვევითობით. ამრიგად, იმ ისტორიული ომების რაოდენობა, რომელიც თურქების მიერ იყო პროვოცირებული და იმ ომების რაოდენობა, რომელზეც მათ პასუხის გაცემა მოუხდათ, დაახლოებით, ერთნაირია. მსხვერპლი ორივე მხარისთვისაც თითქმის თანაბარი იყო.

მაგრამ არის ერთი მომენტი, რასზეც ბევრი არ ფიქრობს: რუსები ყოველთვის მოთმინებით მოქმედებდნენ თურქების მიმართ. ჩვეულებრივ, რუსებს, დაახლოებით, 20 წელიწადი სჭირდებოდათ თურქეთზე შურისძიებისთვის, ხოლო თურქეთისთვის ხშირად ათი წელიც საკმარისი იყო რევანშის მცდელობისთვის. არავინ იცის, საიდან აქვთ თურქებს ეს სწრაფვა.

2015 წელს თურქეთმა რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო. ეს ფაქტი მსოფლიოს საზოგადოებამ უჩვეულო, საოცარ მოვლენად მიიჩნია - მსგავსი ნაბიჯის გადადგმას საბჭოთა კავშირი და ამერიკაც კი ვერ გაბედავდნენ ერთმანეთთან ცივი ომის დროს. მართალია, ყველაფერი მშვიდობის შენარჩუნების სურვილით მოგვარდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს თურქების გაბედულების შეუფასებლობას: განა რომელიმე ქვეყანა მსგავს მოქმედებას გაიმეორებს?

იმავდროულად, აშკარაა, რომ მთელ მსოფლიოს ქვეყნებს შორის რუსეთი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი სახელმწიფოა, ვისაც თურქეთისთვის "ჭკუის სწავლება" შეუძლია. ევროპის ქვეყნები (და ევროპელი პოლიტიკოსები) თურქეთისგან თავს შორს იჭერენ, რაც ძალიან ჰგავს ზოგიერთ ჩინურ ფრთხილ მიდგომას სულებისა და აჩრდილების მიმართ.

ჩინელი ხალხი არ არის მიჩვეული ისეთ ხალხთან ურთიერთობას, რომელსაც თურქების მსგავსი ბუნება აქვს. მათ საკადრისი პასუხი უნდა გაეცეთ. აბა, წარმოვიდგინოთ, თუ როგორ თამამად შედის თურქეთის მიერ კონტროლირებულ სრუტეებში ჩინური ავიამზიდი იმის საპასუხოდ, რომ თურქეთი აქტიურად უჭერს მხარს სინძიან-უიღურელთა სეპარატიზმს, რომელთაც თურქების მსგავსი ბუნება აქვთ. ამ შემთხვევაში ისღა დაგვრჩენია, რომ თურქებს თავიანთი მძიმე ხასიათის გამო მივუსამძიმროთ.

საერთოდ კი, იმ თურქეთის რეალურად დასუსტება და დაშლა, რომელიც თამამად აცხადებს, რომ მისი გავლენის სფერო ადრიატიკის ზღვიდან ჩინეთის დიდ კედლამდეა, მხოლოდ ქურთებს შეუძლიათ. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ