"შავი ზღვა: როგორ უნდა ააცილოს ამერიკამ რეგიონს კონფლიქტი დიდ სახელმწიფოებთან" - რას წერს ამერიკული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"შავი ზღვა: როგორ უნდა ააცილოს ამერიკამ რეგიონს კონფლიქტი დიდ სახელმწიფოებთან" - რას წერს ამერიკული გამოცემა?

ცნობილ ამერიკულ გამოცემაში - "ნეიშენელ ინთერესთში" (The National Interest) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "შავი ზღვა: როგორ უნდა ააცილოს ამერიკამ რეგიონს კონფლიქტი დიდ სახელმწიფოებთან". მასში ლაპარაკია აშშ-ის ინტერესებზე შავი ზღვის რეგიონში, რომელიც, თავის მხრივ, გარკვეულ კონფრონტაციაშია ჩინეთის მიზნებთან. პუბლიკაციის ავტორია ფილიპ ბრედლავი, ევროპაში ნატოს ჯარების ყოფილი სარდალი.

"ბევრი ამერიკელი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოსაზღვრე აღმოსავლეთ ევროპის მთელი ტერიტორია ძალიან შორს მდებარეობს და, აქედან გამომდინარე, მისი მნიშვნელობის გააზრება საკმაოდ ძნელია. მსოფლიოს ამ ნაწილში არსებული ქვეყნები აშშ-ის მასმედიის ახალ ამბებში არცთუ ხშირად მოიხსენიება, იქ არც ამერიკელი ტურისტების დიდი ნაკადი არ შეიმჩნევა. ამ, შორს მდებარე რეგიონში შექმნილი ვითარების გასარკვევად ყურადღება უნდა გამახვილდეს შავი ზღვაზე, როგორც რეგიონის საკვანძო ორიენტირზე. ამ წყალსატევის მნიშვნელობის გარკვევის დროს შეიძლება კარგად გავაცნობიეროთ, თუ რას გეგმავენ რუსეთი და ჩინეთი ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში და რა ზომები უნდა განახორციელოს აშშ-მა საპასუხოდ", - აღნიშნულია სტატიაში.

"შავი ზღვის რეგიონი წარმოადგენს საყრდენ პუნქტს სამი მნიშვნელოვანი და დიდი სახელმწიფოსთვის - რუსეთის, თურქეთისა და უკრაინისთვის. აქვე მდებარეობს რუმინეთი, ბალკანეთის სახელმწიფო ბულგარეთი (დასავლეთის ნაპირებზე) და აღმოსავლეთით - კავკასიური საქართველო თავისი მეზობლებით - აზერბაიჯანითა და სომხეთით. თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი ნატოს წევრები არიან, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მიხედვით, საფრთხის შემთხვევაში აშშ-მა უნდა დაიცვას. რაც შეეხება უკრაინასა და საქართველოს, ორივე ქვეყანა ნატოში გაწევრებას ესწრაფვის და ამრიგად, ისინიც აშშ-ის ინტერესებში არის მოქცეული.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკა უნდა ემზადოს ომისთვის რუსეთთან და ჩინეთთან, რომლებსაც თავისი ინტერესები აქვს და ხშირად ორივეს მიზნები აშშ-ის პოზიციას უპირისპირდება. ჯერ ერთი, რომ შავი ზღვა ძალიან შორს მდებარეობს წყნარი ოკეანიდან და მეორე - ამერიკა მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებთან - რუსეთთან და ჩინეთთან კონკურენციის რეჟიმში იმყოფება და არა - კონფლიქტურ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, ამერიკა უნდა ეცადოს, რომ გავლენის საკითხებში რუსეთს და ჩინეთს აჯობოს", - წერს ავტორი და აანალიზებს ჩინეთის საგარეო-პოლიტიკური ინიციატივის - "ერთი გზა - ერთი სარტყლის" ძირითად მიმართულებებს, რომლის მეშვეობით პეკინი თავის ინტერესებს პრაქტიკულად ახორციელებს მსოფლიოში, მათ შორის - შავი ზღვის რეგიონშიც:

ა) კრედიტების გაცემა რეგიონის ქვეყნებისთვის - ამ მხრივ ჩინეთის კლიენტებს სიფრთხილე მართებთ: პეკინი ფულს იძლევა განსაზღვრული პირობებით. ამერიკა ასეთ ქვეყნებს უნდა დაეხმაროს, რომ თითოეულმა კარგად გააცნობიეროს, რა ვალდებულებას იღებს ჩინეთის წინაშე;

ბ) ჩინეთის დახმარების პროგრამები და ღონისძიებები ითვალისწინებს თანამდევ ოპერაციებს, მაგალითად, მოსახლეობაზე დაკვირვებას, კონტროლს და ა.შ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოები ჩინურ ტექნოლოგიებს შეიძენენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი პეკინის დაკვირვებისა და ყურადღების ცენტრში მოექცევიან. ასეთი პოლიტიკა ჩინეთის კანონმდებლობითაა განმტკიცებული. ჩინური "კანონი ინტეგრაციის შესახებ" ითვალისწინებს სპეცსამსახურების ჩართვასაც. პეკინის მოქმედება ადასტურებს, რომ ეს პრაქტიკაში მართლაც ასე ხდება;

გ) ჩინეთი აქტიურად ყიდულობს იმ საწარმოების აქციებს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს (ან ექნება) უსაფრთხოების სფეროსთვის. ამის ნათელი დადასტურებაა ჩინეთის მიერ ავიაძრავების მწარმოებელი უკრაინული კომპანია "მოტორსის" დაუფლება. საერთოდ, ჩინელები აქტიურები არიან ისეთ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური პრობლემებია და ფული სჭირდებათ. შესაბამისად, ისინი პეკინისთვის - მეგობრული და იმავდროულად ვერაგი ინვესტორისთვის - იოლ ლუკმად მიიჩნევიან;

დ) ჩინური ინვესტიციების მიზიდვა და პერსპექტივაში ჩინური ინფრასტრუქტურის დანერგვა საბოლოოდ იმით მთავრდება, რომ პეკინი ხელში იგდებს კომპანიის საკონტროლო აქციებს იმ ქვეყნებში, სადაც სუსტი ეკონომიკაა. [ადგილობრივი ხელისუფლება კი ჩინურ ექსპანსიას წინააღმდეგობას ვერ უწევს].

საბედნიეროდ, ამერიკას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, რომ შავი ზღვის პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს დაეხმაროს [და მათ ჩინური ექსპანსია თავიდან ააცილოს]. მაგალითად, ისე გააკეთოს, როგორც ეს მალაიზიასთან და პაკისტანთან განახორციელა. ეს ორივე სახელმწიფო მიხვდა, რომ ჩინურ, ერთი შეხედვით, მასშტაბურ პროექტებს მათთვის მაინცდამაინც შესამჩნევი სარგებლობა არ მოაქვს - არ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რადგან ჩინურ ინვესტიციებს თან ჩინური სამუშაო ძალა მოყვება ("ერთი გზა - ერთი სარტყლის" ინიციატივა, ძირითადად, ჩინური მუშახელის გამოყენებას ითვალისწინებს).

მსგავსი პრაქტიკის წინააღმდეგ საბრძოლველად ამერიკას შეუძლია დახმარება გაუწიოს შავიზღვისპირა ქვეყნებს, მონაცემთა ცენტრალური ბაზის შექმნით თვალი ადევნოს ჩინეთის მოქმედებას და დროულად აცნობოს დაინტერესებულ ქვეყანას - აიღოს თუ არა კრედიტი ჩინეთისგან და ხელი მოაწეროს თუ არა კონტრაქტს ინვესტიციების თაობაზე.

მოკლედ, ამერიკა შავი ზღვის რეგიონში უნდა გააქტიურდეს, ის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა უნდა იყოს და ამ მიზნის განხორციელებისთვის უნდა ისარგებლოს დიპლომატიითაც ნატოსთან და ევროკავშირთან. ჯოზეფ ბაიდენის ახალმა ადმინისტრაციამ შავი ზღვა ამერიკისთვის მნიშვნელოვან რეგიონად უნდა აღიაროს. ამასთან, მთავარი აქცენტი დიპლომატიასა და ეკონომიკურ ურთიერთობაზე უნდა გაკეთდეს.

შავი ზღვის რეგიონისთვის დადებითი მომენტია ის, რომ მისი მომავალი ომთან აღარ უნდა იყოს დაკავშირებული. რასაკვირველია, სამხედრო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მთავარი ინსტრუმენტი კი არ უნდა იყოს, არამედ - მხოლოდ ერთ-ერთი. ამერიკამ ეფექტიანად უნდა იმოქმედოს, მოთმინებაც უნდა გამოამჟღავნოს და, თუ გადაწყვეტილებას მიიღებს, შედეგები პოზიტიური იქნება. დადგა დრო მოქმედებისთვის", - ნათქვამია სტატიის ბოლოს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ