"ვაქცინებმა ჩემნაირ ადამიანებამდე ჯერ ვერ მოაღწიეს" - კვირის პალიტრა

"ვაქცინებმა ჩემნაირ ადამიანებამდე ჯერ ვერ მოაღწიეს"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიური პრესკონფერენცია გამართა, რომელიც ოთხ საათს გაგრძელდა. BBC მთავარ თემებზე და აქცენტებზე ანალიტიკურ მასალას აქვეყნებს.

პანდემიის გამო, წელს პრეზიდენტს ყოველწლიური პრესკონფერენციის ფორმატის შეცვლა მოუხდა. პუტინმა უპასუხა შეკითხვებს ნოვო-ოგარიოვოში მდებარე რეზიდენციიდან. მას ჟურნალისტები ვიდეო ბმულით უკავშირდებოდნენ. ფედერალური და უცხოური პრესის წარმომადგენლები სავაჭრო ცენტრ "კრასნაია პრესნაში" შეიკრიბნენ და შესაძლებლობა ჰქონდათ თვალყური "პრეს ცენტრებიდან" ედევებიათ.

ამავდროულად, პრესკონფერენციის დაწყებამდე ერთი საათით ადრე აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტების ნაწილი პუტინის რეზიდენციაში შეუშვეს - პრეზიდენტთან შეხვედრამდე მათ ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი გაიარეს.

ნავალნი...

პუტინმა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნავალნი შეიძლება მოწამლული ყოფილიყო ფსბ-ს ოფიცრების მიერ, "ამერიკული სპეცსამსახურებისგან მასალების ლეგალიზაცია" უწოდა. მან აღნიშნა, რომ სურვილის შემთხვევაში, რუსეთის სპეცსამსახურები დავალებას ბოლომდე მიიყვანდენ.

"არ არის გამოძიება, არამედ ეს არის მასალების ლეგალიზაცია ამერიკის სპეციალური სამსახურებიდან. ბერლინის კლინიკის პაციენტი სარგებლობს აშშ-ს სპეცსამსახურების მხარდაჭერით. ვის სჭირდება იგი? თუ გვინდოდა, ალბათ ამას ბოლომდე მივიყვანდით"- თქვა პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, ნავალნი, რომელსაც მან "ბერლინის კლინიკის პაციენტი" და "ცნობილი ბლოგერი" უწოდა, თავს ესხმის მაღალჩინოსნებს, რათა "თავი გარკვეულ დონეზე აწიოს და საზოგადოებამ თქვას: "ყურადღება მიაქციეთ, ეს ჩემი პარტნიორია და მე იგივე კალიბრის ადამიანი ვარ." - აღნიშნა პუტიმა.

"ჩვენ თეთრები და ფაფუკები ვართ"

BBC- ს კორესპონდენტმა სტივ როზენბერგმა ჰკითხა პუტინს - "გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობის ნაწილს მაინც რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაუარესების გამო?" ჟურნალისტმა მაგალითად მოიყვანა რუსეთის ბოლო წლების ქმედებები - "ყირიმის ანექსიიდან დაწყებული, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, ქალაქ სოლსბერიში ქიმიური იარაღის გამოყენებით დამთავრებული".

"მე პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება რუსეთთან და მის ხალხთან. ყველაფერს გავაკეთებ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე", - უპასუხა პუტინმა.

მან ასევე თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით, რუსეთის ხელისუფლება "თეთრი და ფუმფულაა" (ასეთი ფორმულირება თავდაპირველად BBC– ს კორესპონდენტმა მის კითხვაში მოახდინა, რაც ვლადიმირ პუტინმა საპასუხოდ გაიმეორა).

"თქვენთან შედარებით, დიახ! ჩვენ ვართ თეთრები და ფაფუკები. იმიტომ, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ გავათავისუფლოთ ის ქვეყნები და ხალხი, ვისაც სურდა დამოუკიდებლად განვითარება გარკვეული საბჭოთა დიქტატისგან. მოვისმინეთ თქვენი გარანტიები, რომ "ნატო" არ წამოვა აღმოსავლეთისკენ მაგრამ თქვენ არ შეასრულეთ დანაპირები ", - თქვა პუტინმა.

"ვაქცინებმა ჩემნაირ ადამიანებამდე ჯერ ვერ მოაღწიეს"

ყველაზე მეტი კითხვა კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებას ეხებოდა. პუტინის განცხადებით, პანდემიისთვის მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ აღმოჩნდა მზად, მაგრამ მისი აზრით, რუსეთი ბევრად უკეთ იყო მომზადებული.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა. კითხვაზე, ვაქცინაცია გაუკეთეს თავად მას, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ჯერ არ შეუძლია - ასაკის გამო (ოქტომბერში იგი 68 წლის გახდა).

"ექსპერტები გვეუბნებიან, რომ ის ვაქცინები, რომლებიც სამოქალაქო ბრუნვაში გადადის, გათვალისწინებულია გარკვეული ასაკობრივი ზღვარის მოქალაქეებისთვის. ვაქცინებმა ჩემნაირ ადამიანებამდე ჯერ ვერ მოაღწიეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ თვალსაზრისით მე საკმაოდ კანონმორჩილი ადამიანი ვარ, ვუსმენ ჩვენი სპეციალისტების რეკომენდაციებს და ამიტომ ჯერ არ გამიკეთებიათ ეს ვაქცინა. მაგრამ ამას აუცილებლად გავაკეთებ, როგორც კი შესაძლებელი გახდება ", - განაცხადა პუტინმა.

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა