კორონავირუსის ახალი შტამის გამო, კანადამ და ევროპის ქვეყნებმა ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა აკრძალეს - კვირის პალიტრა

კორონავირუსის ახალი შტამის გამო, კანადამ და ევროპის ქვეყნებმა ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა აკრძალეს

კორონავირუსის სწრაფად გავრცელებადი შტამის გამო ევროპის ქვეყნებმა გაერთიანებულ სამეფოსთან საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, საფრანგეთმა კვირიდან 48 საათის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოდან ყველა მოქალაქის შესვლა, სატვირთო გადაზიდვები, საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მოძრაობა აკრძალა.

გერმანიამ, იტალიამ და ნიდერლანდებმა ბრიტანეთიდან ფრენები შეწყვიტეს. გაერთიანებული სამეფოდან ავია და საზღვაო რეისებზე შეზღუდვები დააწესა ირლანდიამაც. ამასთან, ქვეყანასთან საჰაერო და სარკინიგზო საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება ბელგიამაც მიიღო.

"ცოტა ხნის წინ ლონდონში აღმოჩენილი კორონავირუსის ვარიანტი შემაშფოთებელია და ის მეცნიერების მხრიდან გამოკვლევას საჭიროებს. მანამდე კი მაქსიმალჯური წინდახედულობის გამოჩენას ვამჯობინებთ,"- განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანზამ.

"ეს (ვირუსის მუტაცია) ჯერ გერმანიაში არ არის გამოვლენილი, მაგრამ ბრიტანეთიდან მიღებულ ინფორმაციას, რასაკვირველია, ძალიან სერიოზულად განვიხილავთ," - განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოსთან მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს ავსტრია, შვედეთი, რუმინეთი, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი და ჩეხეთი.

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, გაერთიანებული სამეფოდან ფრენებს 72 საათით წყვეტს კანადაც, - მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გააკეთა.

"კანადაში დიდი ბრიტანეთიდან ყველა ავიარეისი აიკრძალება", – აღნიშნა ტრუდომ.

მისი თქმით, კანადაში გაერთიანებული სამეფოდან კვირას ჩასული მგზავრები სავალდებულო სკრინინგს გაივლიან.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა კანადის მთავრობამაც, სადაც აღნიშნულია, რომ აკრძალვა სატვირთო ავიარეისებს არ ეხება.

თურქეთი, კორონავირუსის ახალ შტამის გამო, გაერთიანებული სამეფოდან, დანიიდან, ნიდერლანდებიდან და სამხრეთ აფრიკიდან ფრენებს დროებით წყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ "ტვიტერში" დაწერა, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტისა და ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის კოორდინაციის შედეგად მიიღეს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით