"ძლიერი რუსეთი - მშვიდობის სიმბოლო დედამიწაზე" - რას ამბობს სომეხი პოლიტიკოსი საქართველოზე, თურქეთსა და რუსეთზე - კვირის პალიტრა

"ძლიერი რუსეთი - მშვიდობის სიმბოლო დედამიწაზე" - რას ამბობს სომეხი პოლიტიკოსი საქართველოზე, თურქეთსა და რუსეთზე

სომხეთის გაზეთ "ირავუნქში" (Իրավունք//"სიმართლე") გამოქვეყნებულია ცნობილი სომეხი პოლიტიკოსის, ექსდეპუტატ არტაშეს გეგამიანის სტატია სათაურით - "ძლიერი რუსეთი - მშვიდობის სიმბოლო დედამიწაზე". მასში განხილულ-გაანალიზებულია სომხეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკური სიტუაცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგების გათვალისწინებით - ურთიერთობის განმსაზღვრელი ფაქტორები და პერსპექტივა რუსეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და ირანთან.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

"სრული იდიოტი უნდა იყოს ადამიანი, ან მოღალატე (რაც სომხეთის შემთხვევაში სრული იდიოტიზმის ტოლფასია), რომ სომხეთის სახელმწიფოებრიობის ისტორიის თანამედროვე ეტაპზე ვერ (არ) გააცნობიეროს, რომ ჩვენი ხალხისა და ორი სომხური სახელმწიფოს - სომხეთისა და არცახის უსაფრთხო ცხოვრება და განვითარება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში შესვლით. ძლიერი რუსეთი მშვიდობის სიმბოლოს წარმოადგენს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არამედ მთელ დედამიწაზე". (...)

"რაც შეეხება ტერიტორიულ-გეოგრაფიულ ფაქტორს ეროვნული უსაფრთხოებისათვის, აქ ჩვენთვის საკმაოდ ბევრი საგანგაშო მომენტია. ოთხი ქვეყნიდან, რომლებთანაც სომხეთს საზღვარი აქვს, თურქეთი და აზერბაიჯანი ღიად მტრულ სახელმწიფოებს წარმოადგენენ. (...)

სომხეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობა, სამწუხაროდ, დაფუძნებულია არამარტო ორ ხალხს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე, არამედ - ბევრადაა განპირობებული მნიშვნელოვანი ტერიტორიულ-გეოგრაფიული, სამხედრო-სტრატეგიული, პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორებით, რომელიც გავლენას ახდენს თვით საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზეც.

ერთი მხრივ - ნავთობსადენი "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი", მაგისტრალური გაზსადენი "ბაქო-თბილისი-ერზურუმი" (სამხრეთკავკასიური მილსადენი), მეორე მხრივ - რკინიგზა "ბაქო-თბილისი-ყარსი" და სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ქსელს აერთიანებს. აქვე უნდა ვახსენოთ თურქეთის ეკონომიკური გავლენა საქართველოზე, განსაკუთრებით კი, თურქული კაპიტალის გაძლიერება აჭარაში. პარალელურად, მხედველობაში უნდა გვქონდეს საქართველოს სწრაფვა ნატოში გაწევრების მიზნით, თბილის-მოსკოვის ურთიერთობის რთული ხასიათი (აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" გამო), რაც, უეჭველია, მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სამხედრო-სტრატეგიულ ფაქტორებს წარმოადგენს და, როგორც უკვე ვთქვით, გავლენას ახდენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დონეზე". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ