"მწვანე ზონაზე თავდასხმა ტერორისტული აქტია" - კვირის პალიტრა

"მწვანე ზონაზე თავდასხმა ტერორისტული აქტია"

ერაყის პრეზიდენტი ბარჰამ სალეჰი ბაღდადის ე.წ. "მწვანე ზონაში" კვირას განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას "ტერორისტულ აქტად" აფასებს.

"მწვანე ზონაზე თავდასხმა ტერორისტული აქტია, რომელიც საფრთხეს უქმნის უდანაშაულო მოქალაქეების სიცოცხლეს, უსაფრთხოებას და მათ საკუთრებას, ეს წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტსა და სახელმწიფოს პრესტიჟის შენარჩუნების ძალისხმევაზე თავდასხმას", - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტის თქმით, დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმა "ძირს უთხრის ერაყის საერთაშორისო რეპუტაციას და მის საგარეო ურთიერთობებს."

ცნობისათვის, გუშინ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ე.წ. "მწვანე ზონაში" რვა რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ერთი ერაყელი ჯარისკაცი დაშავდა. რაკეტების უმრავლესობა აშშ-ის საელჩოს შენობასთან ახლოს დაეცა, რის შედეგადაც რამდენიმე შენობა და მანქანა დაზიანდა. ერაყში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.

"ინტერპრესნიუსი"