დონალდ ტრამპმა 15 პირი სრულად შეიწყალა, მათ შორის, საკუთარი საარჩევნო კამპანიის ყოფილი მრჩეველი ჯორჯ პაპადოპოლოსი
დონალდ ტრამპმა 15 პირი სრულად შეიწყალა, მათ შორის, საკუთარი საარჩევნო კამპანიის ყოფილი მრჩეველი ჯორჯ პაპადოპოლოსი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი საარჩევნო კამპანიის ყოფილი მრჩეველი ჯორჯ პაპადოპოლოსი, რომელმაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანაშაული აღიარა, სრულად შეიწყალა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პაპადოპოლოსმა 2017 წელს აღიარა, რომ მან FBI-ს აგენტებთან იცრუა იმ ადამიანებთან საკუთარი კონტაქტების შესახებ, რომლებსაც რუს მაღალჩინოსნებთან კავშირი ჰქონდათ.

აშშ-ის ყოფილი სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამოძიებას ხელმძღვანელობდა, ანგარიშში აღნიშნული იყო,
რომ "ბრალდებულის დანაშაული სერიოზული იყო და ზიანი მიაყენა მთავრობის გამოძიებას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ."

თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პაპადოპოლოსს ბრალი "პროცესთან დაკავშირებულ დანაშაულში" ედებოდა და დონალდ ტრამპის მიერ მინიჭებული შეწყალება მიულერის გუნდის არასწორ ქმედებას გამოასწორებს.

"დღევანდელი შეწყალება ხელს უწყობს
ზიანის გამოსწორებას, რაც მიულერის გუნდმა ამდენ ადამიანს მიაყენა",- აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

დონალდ ტრამპმა, საერთო ჯამში, წინასაშობაო შეწყალების ფარგლებში 15 პირი, მათ შორის ორი ყოფილი რესპუბლიკელი დეპუტატი, სრულად შეიწყალა, კიდევ 5 პირს კი სასჯელი მთლიანად ან ნაწილობრივ შეუმსუბუქდა.

შეგახსენებთ, ნოემბრის ბოლოს დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი ყოფილი მრჩეველი, მაიკლ ფლინი შეიწყალა. მაიკლ ფლინი ერთ-ერთი პირველი იყო, ვის წინააღმდეგაც ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის გუნდსა და რუსეთს შორის შესაძლო გარიგების თაობაზე აშშ-ში გამოძიება ჩატარდა. 2017 წელს ის აშშ-ში რუსეთის ყოფილ ელჩთან ურთიერთობების თაობაზე FBI-სთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო დამნაშავედ ცნეს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები