"ახალი გეოპოლიტიკა ენერგეტიკის სფეროში" - რუსეთისა და საუდის არაბეთის დაპირისპირება, ჩინეთი "კლიმატური დიპლომატიის" ლიდერი? - კვირის პალიტრა

"ახალი გეოპოლიტიკა ენერგეტიკის სფეროში" - რუსეთისა და საუდის არაბეთის დაპირისპირება, ჩინეთი "კლიმატური დიპლომატიის" ლიდერი?

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ "ფორინ პოლისმა" (Foreign Policy) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "ახალი გეოპოლიტიკა ენერგეტიკის სფეროში", სადაც მიმოხილულია 2020 წლის განმავლობაში მსოფლიო ენერგეტიკის, ბუნების დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში მომხდარი მოვლენები და ამ კონტექსტში დასახელებულია ხუთი მნიშვნელოვანი პუბლიკაცია ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების თემაზე (ავტორი - ქით ჯონსონი). გთავაზობთ "ფორინ პოლისში" გამოქვეყნებულ სტატიას:

"მიმდინარე წელი იმით დაიწყო, რომ კლიმატური ცვლილებების უარმყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყველაფერი გააკეთა კლიმატური კრიზისის გასაღრმავებლად - აშშ-ის არქტიკულ ზონაში მდებარე ბუნებრივ ნაკრძალში ყველასთვის უსარგებლო საბურღი სამუშაოებისთვის ნებართვა გასცა... ხოლო ეს წელი იმით მთავრდება, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ "მწვანე რევოლუცია" (ბუნების დაცვა) თავისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის ცენტრში იქნება.

2020 წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა: ეცემოდა ნავთობის ფასები კორონავირუსის პანდემიის გამო, საფრთხე ექმნებოდა ახალ ალიანსებს და ძველ რეალობებს - ზანზარებდა არა მარტო 60-წლიანი ნავთობის კარტელის ფუნდამენტი, არამედ - თვით თანამედროვე ეკონომიკის საფუძვლები. და ამ ყველაფრის შუაგულში მყოფი ჩინეთი - მსოფლიოში ბუნების ყველაზე დიდი გამჭუჭყიანებელი - კლიმატური ცვლილებებთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი და შორსმიმავალი დაპირებით გამოვიდა. ინდოეთი კი, რომელიც ენერგეტიკულ სექტორში წესრიგის დამყარებას არ ჩქარობს, მოულოდნელად "მწვანე ენერგეტიკის" მხარდამჭერი გახდა.

ეს წელი, სულ ცოტა, რევოლუციური იყო ენერგეტიკისა და კლიმატური ცვლილებების სფეროში.

გაზაფხულზე მსოფლიოს ნავთობმომპოვებელი ქვეყნები წარუმატებლად ცდილობდნენ მასშტაბური პანდემიის დაძლევას, რომელიც ის-ის იყო სიჩქარეს კრეფდა. რუსეთი და საუდის არაბეთი, რომლებმაც მსოფლიოს ენერგეტიკული ბაზრების გასაკონტროლებლად სრულიად მოულოდნელად ალიანსი შექმნეს, ასევე მოულოდნელად ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათმა კონფლიქტმა არა მარტო დასცა ნავთობის ფასები, არამედ - რუსეთსაც გაუქრო შანსები, ახლო აღმოსავლეთის ნავთობით მდიდარ ქვეყნებზე ცივი ომისდროინდელი გავლენა აღედგინა.

შემდეგ კი ჩინეთმა, ამერიკის პასიურობის ფონზე, მისი ადგილი დაიკავა და კლიმატურ დიპლომატიაში ლიდერობა მიისაკუთრა, იმავდროულად - პირობა დადო, 2060 წლისთვის თავისი გამონაბოლქვი ნულამდე შეამციროს. ამჟამად, პირველად ისტორიაში, ჩვენი პლანეტა თავის მზერას მიმართავს განვითარებადი სამყაროსადმი და იმედი აქვს, რომ როგორმე მოძებნის გამოსავალს კლიმატის ცვლილების გამო შექმნილი საგანგებო სიტუაციიდან. სხვათა შორის, ინდოეთი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და ბევრი სასიამოვნოდ გააკვირვა - ამ სახელმწიფომ უარი განაცხადა ქვანახშირის გამოყენებაზე და გადაწყვიტა ენერგიის განახლებადი წყაროებით ისარგებლოს.

ახლა ბურთი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის - ჯო ბაიდენის "სათამაშო მინდორზეა". მან პირობა დადო, შეამციროს მიწის წიაღიდან სათბობის მოპოვება და თანამდებობა შესთავაზა ყოფილ სახელმწიფო მდივანს - ჯონ ქერის, რათა ამ უკანასკნელმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას უხელმძღვანელოს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მალე ნავთობმოპოვების დასასრული დადგება, მაგრამ ნავთობით გაჟღენთილ ჩვენს პოლიტიკას ამოსუნთქვის საშუალებას კი მისცემს.

ვერ ვიტყვით, რომ სამომავლოდ ახალ ენერგეტიკულ წყაროებზე გადასვლა რბილად და უპრობლემოდ განხორციელდება. არ უნდა გაგვიკვირდეს და უნდა ველოდოთ იმას, რომ გავლენის გაძლიერებას შეეცდებიან ის ქვეყნები, რომლებსაც სხვებისთვის სანატრელი ნედლეული აქვთ, ვთქვათ, ჩინეთი, თავისი იშვიათი მიწა-მინერალების საბადოებით. ნავთობის მქონე სახელმწიფოებს ჯერ გააჟრჟოლებთ, შემდეგ კი ენერგოსფეროს გარდაქმნას დაიწყებენ. განახლებადი ენერგეტიკის წყაროებით სარგებლობა შეცვლის იმ ბრძოლის ხასიათს, რასაც ქვეყნები ენერგორესურსების მისაკუთრებისთვის ეწევიან და შესაძლოა, ეს ბრძოლა კიდეც დასრულდეს. ენერგეტიკის სფეროს გეოპოლიტიკა, რომელიც 150 წლის წინ, პენსილვანიაში "შავი შადრევნის" ამოხეთქვის შემდეგ უპირატესობით სარგებლობს, ალბათ, დრეიკის ჭაბურღილივით გამოიფიტება.

აი, მიმდინარე წლის 5 საუკეთესო პუბლიკაცია ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების თემაზე:

პირველი - "რუსეთი ნავთობის ომსაც აგებს და ახლო აღმოსავლეთისაც" (ავტორი - სტივენ კუკი, 9 აპრილი, 2020 წელი).

ანოტაცია: "მიმდინარე წელს, როცა პანდემიის გამო ნავთობის მოპოვებას გლობალური მოთხოვნის შემცირება ემუქრებოდა, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC) თავგანწირულ ბრძოლაში ჩაება. საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების შემცირებას ითხოვდა, რუსეთს კი არ სურდა, რომ ამერიკელი ნავთობმომპოვებლებისთვის სულის ამოსუნთქვის საშუალება მიეცა. საბოლოოდ, ნავთობის ორი გიგანტი ერთმანეთს წაეკიდა, რასაც სხვა ნავთობმომპოვებელი ქვეყნებისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვა. სტატიის ავტორი სტივენ კუკი იმასაც წერს, თუ როგორ წააგო რუსეთმა ნავთობის ბაზარზე დაწყებული ფასების ომი და რა გრძელვადიან გავლენას მოახდენდა აღნიშნული ფაქტი მოსკოვის ახლო აღმოსავლურ პოლიტიკაში.

მეორე - "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლიმატისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში" (ავტორი - ადამ თუზი, 17 ოქტომბერი, 2020 წელი)

ანოტაცია: იმ დროს, როცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან გავიდა, ჩინეთმა ოფიციალურად გადაწყვიტა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ შეტევა და განაცხადა, რომ 2060 წლისთვის, ეკონომიკური განვითარების წყალობით, ნულამდე დაიყვანს თავის მრავალწლიან დამოკიდებულებას წიაღისეულ სათბობზე. ამ მიზნების მიღწევამდე ჩინეთი ჯერ კიდევ შორსაა, დასავლეთის ქვეყნები კი მავნე გამონაბოლქვების შემცირებას შედარებით იოლად ახერხებენ. სტატიის ავტორი ადამ თუზი განმარტავს, თუ რატომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი ჩინეთის სენსაციური განცხადება მავნე გამონაბოლქვის შემცირების კუთხით და როგორ ცვლის საგანგაშო პერსპექტივას პეკინის ნაბიჯი.

მესამე - "სიურპრიზი! ინდოეთის დიდი ნახტომი სუფთა ენერგეტიკასთან შესახვედრად" (ავტორი - ვივეკ ვადჰვა, 22 ოქტომბერი, 2020 წელი)

ანოტაცია: რამდენიმე წლის წინ ინდოეთი, შეიძლება ითქვას, "ფეხებითა და ხელებით" იყო მომხრე ქვანახშირით სარგებლობაზე და უარს აცხადებდა, ჩაბმულიყო გლობალური დათბობის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში. ჩინეთის მსგავსად, ინდოეთი უპირატესობას ანიჭებდა ეკონომიკურ ზრდას და ამისთვის მავნე, მაგრამ ენერგიის იაფი წყაროებით სარგებლობას ამჯობინებდა. მაგრამ იმის შემდეგ, რაც ქვეყნის საზოგადოებამ აღშფოთება გამოხატა ჰაერის გაჭუჭყიანების გამო, აგრეთვე, იმ ტექნოლოგიური მიღწევების წყალობითაც, რომელთა შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ქარისა და მზის ენერგიის ღირებულება, ინდოეთი უეცრად გადაიქცა სუფთა ენერგეტიკის მხარდამჭერ სახელმწიფოდ.

მეოთხე - "ნავთობის ბატონობის დასასრული" (ავტორი - ედუარდო კამპანელა, 29 ოქტომბერი, 2020 წელი)

ანოტაცია: სანამ რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საბურღ სამუშაოთა ინტენსივობის ზრდაზე ლაპარაკობდა, დემოკრატები ითხოვდნენ, რომ შეწყვეტილიყო ნავთობის მოპოვება დედამიწის ენერგოშემცველი ქანების ჰიდროაფეთქებების მეშვეობით [იგულისხმება ფიქლის გაზის ამოღების ტექნოლოგია]. ახლახან არჩეული პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი მსგავს დაპირებებში მაინცდამაინც რადიკალური არ არის, როგორც ზოგიერთი მისი კოლეგა, თუმცა იგი აცხადებს, რომ აშშ-ის ენერგეტიკაში სიმძიმის ცენტრს შეცვლის. ჯო ბაიდენის გამარჯვება, სავარაუდოდ, იმასაც ნიშნავს, რომ ნავთობის ბატონობის დრო დასრულდება, მაგრამ ამისთვის პრეზიდენტს "ახალი მწვანე კურსის" გამოცხადება მოუწევს.

მეხუთე - "ყველაფერი, რასაც თქვენ კლიმატური ცვლილებების გეოპოლიტიკაზე ფიქრობთ, არასწორია" (ავტორი - ჯეისონ ბორდოფი. 5 ოქტომბერი, 2020 წელი)

ანოტაცია: ენერგეტიკისა და კლიმატის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იმაში გამოიხატება, რომ კლიმატის დაცვისთვის ბრძოლა გავლენას მოახდენს ენერგეტიკის გეოპოლიტიკაზე. ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, როგორც ნავთობი და გაზი, ასევე, მათი გამკონტროლებლებიც განსაზღვრავდნენ იმას, თუ ვინ გაიმარჯვებდა ომსა და მშვიდობას შორის ბრძოლაში. მაგრამ დღეს სუფთა ენერგეტიკისკენ საერთაშორისო სწრაფვას გეოპოლიტიკური რუკის შეცვლა შეუძლია. ამასთან, ენერგეტიკის სფეროს ახალი გეოპოლიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ წარსულთან სრული წყვეტა მოხდება. ეს იქნება "ძველი და ახალი ენერგეტიკის" რაღაც ჰიბრიდი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში იარსებებს. ნავთობის სახელმწიფოები მთელი ძალით შეეცდებიან გავლენის შენარჩუნებას, მაგრამ საბოლოოდ ახალი ტექნოლოგიები გადაწყვეტს, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ