"მოხერხებული დიქტატორები: ავტორიტარული რეჟიმები პანდემიას თავისი ინტერესებისთვის იყენებენ" - რას წერს ბრიტანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"მოხერხებული დიქტატორები: ავტორიტარული რეჟიმები პანდემიას თავისი ინტერესებისთვის იყენებენ" - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

ბრიტანულმა გაზეთმა "დეილი ტელეგრაფმა" (The Daily Telegraph) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "დიქტატორები დასავლეთის დემოკრატიულ ლიდერებზე უფრო მოხერხებულები არიან: ავტორიტარული რეჟიმები პანდემიას თავისი ინტერესებისთვის იყენებენ" (ავტორი - კონ კაფლინი). გთავაზობთ პუბლიკაციის თარგმანს:

"დასავლური სამყაროს დიდ ნაწილს 2020 წელი დაამახსოვრდება წლად, როცა დემოკრატიულმა მთავრობებმა ხელთ არსებული ყველა რესურსი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მიმართეს. მათი მცდელობა მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობდა, მაგრამ დასავლეთისგან განსხვავებით, შედარებით უფრო ავტორიტარულმა რეჟიმებმა ამ კრიზისით სარგებლობის შესაძლებლობა დაინახეს. ისინი ცდილობენ, რომ მსოფლიო ბალანსი თავის სასარგებლოდ შეცვალონ. ასეთი სახელმწიფოებია რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი.

ვნახოთ, ამას წინათ რა აღმაშფოთებლად მოიქცა რუსეთი: მოსკოვმა, კიბერშეტევის მიზნით, თავისი შესანიშნავი შესაძლებლობები გამოიყენა, რათა დასავლური ფარმაცევტული კომპანიებისა მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსეთმა, ზესაიდუმლო ინფორმაციის ხელში ჩასაგდებად, მასშტაბური კიბერთავდასხმა მოახდინა აშშ-ის მთავრობაზეც.

მართალია, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არ სურდა ამ შეტევის მასშტაბების საჯაროდ განხილვა, მაგრამ "ჭირმა თავი არ დამალა": გაირკვა, რომ რუსი ჰაკერები აშშ-ის მთავრობის რიგ საკვანძო ქსელებში შეიჭრნენ. დაზარალებულ უწყებებს შორის აღმოჩნდა ფინანსთა და ვაჭრობის სამინისტროები, სადაც რუსებმა ელექტრონული ფოსტების სისტემებშიც შეაღწიეს. მოხდარ კიბერშეტევას ექსპერტები ყველაზე მასშტაბურად მიიჩნევენ იმ თავდასხმებიდან, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდა ამერიკის ფედერალური მთავრობის მიმართ.

უფრო მეტიც - ეს კიბერშეტევა განხორციელდა რუსეთის სულ უფრო აგრესიული მოქმედების ფონზე, რომელსაც კრემლი განსაკუთრებით ევროპის მიმართებით ავლენს. დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალი ნიკ კარტერი თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის წინაშე თავის ყოველწლიურ გამოსვლაში ამბობდა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედება გამოიხატება ჩრდილოეთის, ბალტიისა და შავი ზღვის სამხედრო ფლოტების ათეულობით საბრძოლო ხომალდის წინა ხაზზე გამოყვანაში. ნიკ კარტერმა მიმდინარე თვეში მოსკოვის მიერ მოწყობილ საზღვაო ოპერაციებს "ბრიტანეთისა და ირლანდიის ნაპირებთან განხორციელებული ძალის დემონსტრაცია" უწოდა.

ვლადიმერ პუტინის სურვილი, რომ მტრებს გაუსწორდეს, მხოლოდ საზღვარგარეთელ მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში არ გამოიხატება. იმ საკმაოდ მოხერხებულმა გამოძიებამ, რომელიც რუსული ოპოზიციის ლიდერმა ალექსი ნავალნიმ საგამოძიებო საიტ Bellingcat-თან ერთად ჩაატარა, ცხადყო, რომ მოსკოვის ფედერალური სადაზვერვო სამსახური, რომელიც უშუალოდ ვლადიმერ პუტინს ექვემდებარება, ნავალნის მოკვლას მომწამლავი ნივთიერების - "ნოვიჩოკის" მეშვეობით ცდილობდა.

ჩინეთი კიდევ ერთი ავტორიტარული სახელმწიფოა, რომელმაც პანდემია საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოიყენა. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის დასაწყისში პეკინი ქალაქ უხანში კორონავირუს "კოვიდ-19"-ის პირველი აფეთქების ფაქტის დამალვას შეეცადა, რისთვისაც მან საერთაშორისო ოსტრაკიზმი (შერისხვა) დაიმსახურა, დღეს კი ჩინეთი საკმაოდ მომძლავრებულია და თავს უფლებას აძლევს,  2020 წლის განმავლობაში პირველად ავიამზიდი, დამრტყმელ საზღვაო ჯგუფთან ერთად, ტაივანის სრუტეში გაგზავნოს, რაც ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში დაძაბულობას გაზრდის.

სხვათა შორის, თურქეთმაც, რომლის ისლამისტურმა რეჟიმმა პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის ლიდერობით,  ათეისტური ოპოზიციური ჯგუფების წინააღმდეგ რეპრესიები გაამკაცრა, პანდემიის გამო მსოფლიოში "ჩამომდგარი სიჩუმით"ისარგებლა და "კუნთებით თამაში" დაიწყო როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე - ხმელთაშუა ზღვისპირეთში. სამხრეთ კავკასიაში რეჯეფ ერდოღანმა სომხეთთან სადავო ტერიტორიის - მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ შეტევის დროს აზერბაიჯანს სამხედრო დახმარება აღმოუჩინა, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ აკვატორიაში კი, კვიპროსის ნაპირებთან ბუნებრივი გაზის ჭაბურღილის პროვოკაციული ბურღვა დაიწყო, რითაც ევროკავშირის რისხვა გამოიწვია.

აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც დასავლურ ალიანსში გაჩნდა, ხელს არ უწყობს იმას, რომ დემოკრატიულმა ძალებმა წინააღმდეგობა ჯეროვან დონეზე გაუწიონ მთელ მსოფლიოში გაძლიერებულ ავტორიტარიზმს. დიახ, ბევრ შემთხვევაში დაძაბულობა, რომელიც ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში შეიმჩნევა, შეიძლება დონალდ ტრამპს დავაბრალოთ, მაგრამ  თვით ევროპელ ლიდერებს შორისაც აშკარად ჩანს მნიშვნელოვანი უთანხმოება. ამას ადასტურებს ევროკავშირის ლიდერთა სამწუხარო რეაქცია დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენის მიმართ.

ევროპელი ლიდერები მუდამ მოუწოდებენ, რომ ვირუსთან ბრძოლაში ყველამ ძალები უნდა გავაერთიანოთო, მაგრამ მათი მზადყოფნა დრაკონული ზომების მისაღებად ბრიტანელების წინააღმდეგ, თანაც ასეთ რთულ დროს, ევროპული ერთიანობის კონცეფციას სასაცილოდ ხდის. ევროკავშირის უფრო ხისტად განწყობილი წევრები იმასაც აცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთს მკაცრი შეზღუდვები უნდა დაუწესდეს, თითქმის ბლოკადის ტოლფასი.

ჯო ბაიდენი ამბობს, რომ  პრეზიდენტის უფლებამოვალეობის შესრულების დაწყებისას, მომდევნო თვეში, მისი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი იქნება ის, რომ იგი წინააღმდეგობას გაუწევს ავტორიტარიზმის ტალღას, რომელმაც უკვე თითქმის მთელი პლანეტა მოიცვა. ამისთვის მას სურს კავშირების აღორძინება საკვანძო დემოკრატიულ მოკავშირეებთან, რათა ბარიერები შეუქმნას რუსეთის, ჩინეთისა და თურქეთის მცდელობებს.

მაგრამ ჯო ბაიდენის იმედები და მიზნები - ავტორიტარიზმთან საბრძოლველად შექმნას ეფექტიანი კოალიცია, შეიძლება განუხორციელებელი დარჩეს: ქვეყნები, რომლებიც, იდეის თანახმად, აშშ-ის მოკავშირეები უნდა იყვნენ, მზად არიან, მათთვის მომგებიან სიტუაციაში, სადაც რაღაც სარგებელს შეიძლება გამორჩენ, გვერდზე მოისროლონ ურთიერთთანამშრომლობის პრინციპი. ამგვარ დასაძრახი ქცევის მქონე ადამიანად წარმოგვიდგება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მისი თანხმობა დიდი ბრიტანეთის მიმართ მკაცრ დამოკიდებულებაზე, თანაც ინგლისელებისთვის ამ რთულ მომენტში, როცა ისინი მკაცრ იზოლაციაში არიან, იმაზე მეტყველებს, რომ ემანუელ მაკრონს მათი მდგომარეობა არ ადარდებს.

ავტოკრატები და დიქტატორები ხედავენ ევროპული ქვეყნების ასეთ მორალს და, ბუნებრივია, ამგვარ ფაქტებს "ხელიდან არ გაუშვებენ". მათ ხომ იციან, რომ, თუ დასავლური დემოკრატიული ალიანსი აღორძინდება, ამით სწორედ დიქტატორები დაზარალდებიან. ჰოდა, ვიდრე თავისუფალი სამყაროს ლიდერებს შორის ღრმა უთანხმოება არსებობს, ავტორიტარიზმის წინსვლის შემკავებელი და მასთან შემბრძოლებელი არავინ ჩანს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ