რატომ ასამართლებს უკრაინის პროკურატურა სტალინსა და ბერიას და რას აცხადებს "დიდი ბელადის" "უფლებადამცველი" - რას წერს რუსული მედია? - კვირის პალიტრა

რატომ ასამართლებს უკრაინის პროკურატურა სტალინსა და ბერიას და რას აცხადებს "დიდი ბელადის" "უფლებადამცველი" - რას წერს რუსული მედია?

"უკრაინის პროკურატურა ეჭვობს, რომ სტალინი ცოცხალია" - ასე აფასებს რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია" უკრაინაში, იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ დაგეგმილ სასამართლო პროცესს. გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარს.

"ზოგადად, გარდაცვლილთა სასამართლო პროცესი მსოფლიო ისტორიაში პირველი პრეცედენტი არ არის. 897 წელს რომში გაიმართა პროცესი, რომელსაც "გვამის სინოდს" უწოდებენ. მაშინ, პაპმა- სტეფანე VI- მ სასამართლო პროცესი მისი წინამორბედის, ცხრა თვით ადრე გარდაცვლილი ფორმოსოსის წინააღმდეგ გამართა. სასამართლო პროცესი ჩატარდა ყველა ფორმალობის დაცვით: ნახევრად გახრწნილი გვამი დასვეს ბრალდებულის სკამზე და "დაკითხეს" კიდეც. (გარდაცვლილზე პასუხისმგებლობა მისმა " ადვოკატმა "- დიაკონმა აიღო, რომელიც გვამის გვერდით იჯდა). სასამართლომ გვამს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა და მდინარე ტიბრში გადააგდეს.

2010 წლის იანვარში, კიევში დაიწყეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სსრკ-სა და უკრაინის სსრ-ს დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ლიდერებზე, რომლებიც ბრალდებულნი იყვნენ 1930-იანი წლების შიმშილობის ორგანიზებაში, რასაც უკრაინაში "ჰოლოდომორს" უწოდებენ.

ვიქტორ იუშენკოს სურდა ისტორიაში შესვლა, როგორც სტალინის დამსჯელი. ამიტომ, სასამართლო პროცესები სწრაფად გაიმართა. პირველად მომხდარი "გვამის სინოდისგან" განსხვავებით, ამჯერად ბრალდებული (და მათი სხეულებიც) პროცესს არ ესწრებოდნენ. ასევე არ იყვნენ წარმოდგენილნი ადვოკატები" - წერს "რია ნოვოსტი".

ინფორმაციის თანახმად, პირველივე სხდომაზე, პროკურორმა 250 ტომის შესასწავლად ოთხდღიანი ვადა მოითხოვა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს. მეორე დილით სასამართლომ განაჩენი გამოაქვეყნა.

"ახლა კი უკრაინა სტალინსა და ბერიას წინააღმდეგ, მესამე სასამართლო პროცესის - "გვამის სინოდი 3"-ის გამეორებას გეგმავს. საქმე 1944 წელს ყირიმელი თათრების დეპორტაციას ეხება. ამჟამინდელ მთავრობას უფრო მეტი დრო აქვს, ვიდრე იუშჩენკოს ჰქონდა, ამიტომ პროცესი უფრო ხანგრძლივი იქნება",- ვკითხულობთ სტატიაში.

"სისხლის სამართალწარმოება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 442-ე მუხლით ("გენოციდი"), 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. 2017 წლის 18 მაისს უკრაინის პროკურატურამ ეჭვი ორ ბრალდებულზე, იოსებ სტალინზე (ჯუღაშვილი) და ლავრენტი ბერიაზე მიიტანა.

რამდენიმე დღის შემდეგ, უკრაინის სამთავრობო გაზეთში, იმავე პროკურატურამ ისიც კი გამოაცხადა, რომ მან ამ ეჭვების შესახებ ზემოთ აღნიშნულ პირებს შეატყობინა. როგორ მოახერხა მან ამის გაკეთება, საიდუმლოდ რჩება...

მეორე დღეს იურიდიული დახმარების ცენტრმა კიევში "ბრალდებულებს" უფასო იურიდიული დახმარება დაუნიშა. სტალინსა და ბერიას ეყოლებათ საკუთარი "ადვოკატები", რომლებიც გარდაცვლილებზე ისაუბრებენ.

სტალინის "უფლებადამცველის", ანდრი დომანსკის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, უკრაინის საგამოძიებო უწყებამ საბჭოთა კავშირის ლიდერის გარდაცვალების შესახებ არ იცის. " საქმის მასალებში არ გვაქვს მისი გარდაცვალების მოწმობა, შესაძლოა ის ცოცხალი რჩება გამოძიებისთვის" - წერს "რია ნოვოსტი".

ამავე ადვოკატის განცხადებით, პირის გარდაცვალების შემდეგ სასამართლო პროცესის წარმოება მისთვის პირველი შემთხვევა არ არის.

"როგორც ხედავთ, იურისტიც კი და არა მხოლოდ გამომძიებლები აღიარებენ, რომ სტალინი უფრო ცოცხალია, ვიდრე ყველა ცოცხალი",- ამბობს დომანსკი. (წყარო)

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა