"ლუკაშენკო მუდმივად აცხადებს, რომ ქალი ვერასოდეს გახდება პრეზიდენტი" - თეთრი კაბებით და ყვავილებით: როგორ გახდნენ ქალები ბელარუსში პროტესტის მთავარი ძალა - კვირის პალიტრა

"ლუკაშენკო მუდმივად აცხადებს, რომ ქალი ვერასოდეს გახდება პრეზიდენტი" - თეთრი კაბებით და ყვავილებით: როგორ გახდნენ ქალები ბელარუსში პროტესტის მთავარი ძალა

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის "ბი-ბი-სი"-ს რუსული სამსახურის (BBC Russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით "თეთრი კაბებით და ყვავილებით: როგორ გახდნენ ქალები ბელარუსში პროტესტის მთავარი ძალა", რომელშიც ნაჩვენებია ქალების როლი მინსკში და ქვეყნის სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებში. გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს.

ბელარუსში 2020 წლის აქციების ძირითადი მონაწილეები ქალები გახდნენ. ასე იმიტომ მოხდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო შორს დგას ფემინიზმის იდეებისგან და მრავალჯერ უთქვამს, რომ ქალს, უბრალოდ, ქვეყნის ხელმძღვანელობა არ შეუძლიაო. საერთოდ კი, წლის შედეგების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ პროტესტანტი ქალებისა და მამაკაცების უფლებები ერთ რამეში მართლაც გათანაბრდა: მათ ერთნაირად ურტყამენ და იჭერენ. ბელარუსულ ტრენდს თავიდანვე ჰქონდა გარკვეული საფუძველი: ოპოზიციიდან პრეზიდენტობის ერთობლივ კანდიდატად სვეტლანა ტიხანოვსკაია სრულიად შემთხვევით გახდა, მას თავდაპირველად კანდიდატის როლში თავისის დაპატიმრებული ქმრის ჩანაცვლება უნდოდა.

ქალთა ტრიუმვირატი მარია კოლესნიკოვას (დაპატიმრებულია), ვერონიკა ცეპკალოსა და სვეტლანა ტიხანოვსკაიას (ორივე ემიგრაციაშია) შემადგენლობით საზოგადოების მოთხოვნის სიმბოლოს წარმოადგენდა, რათა ხელისუფლება განახლებულიყო - იმ ხელისუფლებისა, რომელსაც უკვე 26 წელია ალექსანდრე ლუკაშენკო მეთაურობს.

თეთრკაბიანი და ყვავილებიანი ქალები ცალკე აქციებით გამოდიოდნენ და ამით თავიანთი მოქმედების მშვიდობიან ხასიათის დემონსტრირებას ახდენდნენ. ქალები მამაკაცებს წრეში იქცევდნენ და ამით პოლიციას მათი დაკავების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. თუმცა პოლიციისათვის ქალს და კაცს მნიშვნელობა არ ჰქონდა - მათ ერთნაირად უსწორდებოდნენ, განსაკუთრებით ქალ ჟურნალისტებს. იმ 157 ადამიანიდან, რომლებიც ბელარუსში პოლიტპატიმრად არიან აღიარებულნი, 23 ქალია, - ნათქვამია სტატიაში. ვერონიკა ცეპკალო, სვეტლანა ტიხანოვსკაია და მარია კოლესნიკოვა

ოლღა: "ბელარუსში ყველა საკუთარ ოჯახშია ჩაკეტილი"

ბელარუსი ქალის, მინსკის მცხოვრების ოლღას (გვარი არ არის დასახელებული, მისი უსაფრთხოების მიზნით) თავგადასავალი იმ დღიდან, როცა მან საპროტესტო აქციებში მონაწილეობა დაიწყო: "2020 წლამდე საერთოდ არ ვიყავი დაკავებული პოლიტიკით და არჩევნებზეც კი არ დავდიოდი, საკუთარ ოჯახებში ვიყავით ჩაკეტილი და ვერ ვამჩნევდით იმას, თუ როგორ მართავდა ქვეყანას იმპერატორი ლუკაშენკო", - ამბობს ოლღა. მისი აზრით, მიზეზს იმისას, რომ ბელარუსები ამდენ ხანს ჩუმად იყვნენ და ხმას არ იმაღლებდნენ "ბატკას" წინააღმდეგ, სიღარიბეა: მცირე ხელფასები, მაღალპროცენტიანი საბანკო კრედიტები (წლიური 30-40%). "მეზობლები ერთმანეთს არც კი ველაპარაკებოდით, ყველანი თავჩაღუნულები დავდიოდით და ირგვლივ ვერავის ვამჩნევდით".

ოლღა მინსკში საპროტესტო მიტინგის დროს მილიციის "ომონ"-მა (განსაკუთრებული დანიშნულების რაზმმა) დააკავა და თავის არე დაუზიანა. ოლღა საკანში ჩასვეს და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაუშვეს, სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩენიათ. როცა ექიმთან მივიდა, მას ტვინის შერყევა და კონტუზია დაუდგინეს. იმავე დღეს ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილეების წინააღმდეგ წაყენებული იქნება ბრალდება მასობრივი უწესრიგობების მოწყობის შესახებ. ოლღამ დაუყონებლივ შეკრიბა აუცილებელი ნივთები და ლიტვაში წავიდა.

ალექსანდრა: "ჩაგვსვეს რწყილებიან საკანში, კანალიზაციის გარეშე"

ჟურნალისტი ალექსანდრა კვიტკევიჩი საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. იგი დაკავების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ისეთ საკანში იჯდა, სადაც საშინელი ანტისანიტარია იყო გამეფებული. მასთან ერთად იყო ოლღა ხიჟენკოვა, მოდელი "მის ბელარუსი-2008", რომელიც პოლიციამ დააკავა და 15 დღე-ღამით იზოლატორში ჩასვა.

"საკანში კანალიზაცია მოშლილი იყო და ვენტილაცია არ მუშაობდა. ჭუჭყიან ლეიბზე და ბალიშზე ტილები და რწყილები დაფუთფუთობდნენ. ცუდი პირობების გამო პროტესტი რომ განვაცხადეთ, ზედამხედველები დაგვცინოდნენ - "თუ არ მოგწონთ, სახლში მჯდარიყავით და აქ არ მოხვდებოდითო", - ჰყვება ალექსანდრა.

ნადეჟდა: "ომონ"-ელები ქალებს მკაცრად უსწორდებიან"

"დღეს ბელარუსში ყველა მოაზროვნე ადამიანს მძიმე პირობებში უხდება ცხოვრება - არ აქვს მნიშვნელობა, ქალი იქნება თუ კაცი", - ამბობს ბი-ბი-სი"-ს კორესპონდენტთან საუბარში თარჯიმანი ნადეჟდა (იგი თავის გვარს არ ამხელს საკუთარი უსაფრთხოების გამო), - აქციებში მონაწილეობისთვის სამსახურს ქალიც დაკარგავს და კაციც, მაგრამ ქალი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ექცევა. სამწუხაროდ, ბელარუსში ბევრი გენდერული სტერეოტიპია გავრცელებული. ალექსანდრე ლუკაშენკო მუდმივად აცხადებს, რომ ქალი ვერასოდეს გახდება ქვეყნის პრეზიდენტი".

ნადეჟდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პოლიტიკურად აქტიური არ ყოფილა, მას თავისი მცირე ბიზნესი ჰქონდა და საქმით იყო დაკავებული. მის პროექტს პრეზიდენტობის კანდიდატის ვიქტორ ბაბარიკოს ვაჟი ხელმძღვანელობდა. როცა ბაბარიკო დააკავეს, პროექტიც დაიხურა, საბანკო ანგარიშები გაიყინა. ნადეჟდა ცუდ დღეში ჩავარდა. ერთ დღეს მასთან მეგობარი მივიდა და ქუჩაში საპროტესტო აქციაზე ყვავილების დარიგება სთხოვა. შემდეგ ქალებიც შეიკრიბნენ და ყვავილებით ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გასვლა თვითონვე გადაწყვიტეს. ასე გახდა ნადეჟდა აქციების მონაწილე.

ამჟამად ბელარუსში ქალთა აქციები შეწყვეტილია, მილიცია მძლავრობს, "ომონის" თვალი ყველგან სწვდება: "ომონელები" ისეთი ადამიანები არიან, რომლებსაც არავითარი ემპათია და გრძნობები არ გააჩნიათ. ისინი ძაღლებივით არიან გაწრთვნილები ბრძანების შესასრულებლად. არ ვიცი, ვინ მიდის "ომონ"-ში სამსახურისთვის, ალბათ, უპატრონო ბავშვთა სახლებში აღზრდილები, რომლებიც მშობლების მზრუნველობას მოკლებულნი იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, მათ არანაირი ლმობიერება და თანაგრძნობა არ გამოუხატავთ", - ამბობს ნადეჟდა.

ქრისტინა: "მგონია, რომ საკონცენტრაციო ბანაკში ვარ"

ერთ-ერთი გამომცემლობის კორექტორი (და პოეტი) ქრისტინა, რომელიც თავის გვარს ასევე არ ასახელებს, ამბობს, რომ აქციებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როცა მილიციის "ომონ"-მა პირველი მსხვერპლი - მეწარმე ალექსანდრე ტარაიკოვსკი შეიწირა (2020 წლის 10 აგვისტოს). ქრისტინა, სხვა ქალებთან ერთად, მისი მკვლელობის ადგილზე მივიდა პლაკატით ხელში - "ამის პატიება არ შეიძლება". მას 18 წლის ძმა ჰყავს, ის მიტინგებში არ მონაწილეობს, მაგრამ ქრისტინას მაინც ეშინია, რომ ვაითუ მილიციამ მის გამო დააკავოს.

"ამჟამად ქუჩაში ხშირად ვეღარ გამოვდივარ - დაზამთრდა, სიცივეებია და თანაც კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო. აგვისტოდან ყოველდღე ვმონაწილეობდი... ბოლო პერიოდში "ომონი" სულ უფრო მკაცრი და დაუნდობელი ხდება, ქალებისა და ახალგაზრდა გოგონების მიმართაც. მათ ისე ექცევიან, როგორც ცხოველებს", - ამბობს ქრისტინა.

იყო შემთხვევები, რომ თვითონ ქრისტინა იდგა შეიარაღებული "ომონ"-ელისა და ძაღლების წინ - ისე როგორც საკონცენტრაციო ბანაკში.

"ახლა საზღვრები უკვე დახურულია, საზღვარგარეთ იშვიათად თუ ვინმე შეძლებს წასვლას... ამიტომ მე სულ უფრო მეტად ვგრძნობ თავს საკონცენტრაციო ბანაკში, - ჰყვება ქრისტინა. "საშინელებაა იმაზე ფიქრი, თუ როგორ ვიცხოვრებთ მორიგი გამკაცრების შემდეგ... ძალიან ემოციური გავხდი, სახლში რომ მოვდივარ, აღარაფრის გაკეთება არ შემიძლია. რთული დილემის წინაშე ვდგავარ: რა უფრო მთავარია - ჩემი თვითგადარჩენა თუ პროტესტებში მონაწილეობა... მეჩვენება, რომ ამ მსოფლიოს ქალები უფრო კარგად მოუვლიდნენ, არ იქნებოდა ძალმომრეობა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი - ომი ისტორიულად ჯერ არცერთ ქალს არ დაუწყიაო. და რაც უფრო მეტი ქალი იქნება პოლიტიკაში, მით ნაკლები ძალადობა იქნება - ფიზიკური, ემოციური და შეიძლება სექსუალურიც", - ვარაუდობს ქრიტინა.

მაგრამ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ასე არ ფიქრობენ. "ქალების ადგილი პოლიტიკაში არ არისო" - ჯერ კიდევ ალექსანდრე ლუკაშენკომდე ამბობდა ამას ცენტრალური საარჩევნო კომისიის უცვლელი თავმჯდომარე ლიდია ერმოშინა. იგი ქალების მონაწილეობას საპროტესტო აქციებში "სამარცხვინოდ" მიიჩნევს და მათ ურჩევს, რომ "უმჯობესია სახლში იჯდეთ და ბორშჩი მოამზადოთ, ვიდრე ქუჩებსა და მოედნებზე დაწანწალებდეთ".

"ჩვენს ქვეყანაში (მანამდე კი საბჭოთა კავშირში) მამაკაცების ავტორიტარული და ტოტალიტარული მმართველობის დიდი ისტორია გვაქვს. ალბათ, ამგვარი სისტემის შეცვლა მხოლოდ ქალს თუ შეუძლია", - ამბობს ქრისტინა, - "როცა სვეტლანა ტიხანოვსკაია, მარია კოლესნიკოვა და ვერონიკა ცეპკალო გაერთიანდნენ, ამან ძალიან დიდი ემოციები გამოიწვია. სამმა ქალმა 15 წუთში შეძლო მოლაპარაკება, ანუ მათ ის განახორციელეს, რასაც ჩვენი ტრადიციული ოპოზიცია 26 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ