"სტალინი, პუტინი და... თოვლის პაპა: რატომ აკრძალეს და შემდეგ ისევ დაუშვეს საჩუქრები "დედ მოროზ"-ისაგან?"
"სტალინი, პუტინი და... თოვლის პაპა: რატომ აკრძალეს და შემდეგ ისევ დაუშვეს საჩუქრები "დედ მოროზ"-ისაგან?"
ამერიკულ ჟურნალ "თაიმ"-ში (Time) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "სტალინი, პუტინი და... თოვლის პაპა: რატომ აკრძალეს და შემდეგ ისევ დაუშვეს საჩუქრები კეთილი თეთრწვერიანი "დედ მოროზ"-ისაგან?", რომელშიც რუსეთში და მსოფლიოში თოვლის პაპასთან და სანტა კლაუსთან დაკავშირებული ისტორია და თანამედროვე დამოკიდებულებაა გადმოცემული.
გთავაზობთ პუბლიკაციის მცირედ შემოკლებულ ვერსიას:

"კეთილ წვეროსან კაცს, რომელიც ბავშვებს დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში საჩუქრებს ურიგებს ხოლმე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სახელი აქვს. დასავლური ჩასუქებული წითელ ქურთუკში და შარვალში გამოწყობილი სანტა-კლაუსისაგან განსხვავებით,
რუსული "დედ მოროზი" (თოვლის პაპა) უფრო მოხდენილად გამოიყურება თავისი ჯადოქრული ტალღისებრი წვერით. მას აცვია გრძელი შუბა, რომლებიც სხვადასხვა ფერში გადადის, უფრო ხშირად კი ლურჯ და თეთრ ფერებში. თოვლის პაპას ეხმარებიან არა ელფები, არამედ მისი მშვენიერი შვილიშვილი ფიფქია. მის მარხილში ირმები კი არ არის შებმული, არამედ
სამი თეთრი ცხენი.... მაგრამ რუსულ სანტა-კლაუსს თავისი დასავლელი კოლეგისაგან განასხვავებს არა იმდენად ცალკეული ატრიბუტები, რამდენადაც მღელვარე საუკუნე, რომლის გადატანაც მას მოუწია. რუსულმა "დედ მოროზმა" საკუთარ თავზე გამოსცადა ძალადობრივი საზოგადოებრივ-პოლიტიკური რევოლუცია, რომლის შედეგად იგი საყვარელი პერსონაჟიდან აკრძალულ ძირგამომთხრელ ელემენტად გადაიქცა, შემდეგ ისევ გახდა პოზიტიური პიროვნება, თანაც უკვე როგორც რუსული სულის ჭეშმარიტი გამომხატველი.

რელიგიურ-წარმართულ მითოლოგიური პერსონაჟის - თოვლის პაპისა და მისი პატარა შვილიშვილის - ფიფქიასადმი სიძულვილი 1922 წლიდან დაიწყო, როცა საბჭოთა კავშირი შეიქმნა. ახალი კომუნისტური რეჟიმის პირობებში, რომელიც სოციალური თანასწორობის იდეას ეფუძნებოდა, რელიგია აიკრძალა, რადგან ის მშრომელთა კლასის ბურჟუაზიულ მჩაგვრელ ინსტრუმენტად ითვლებოდა. 1928 წლისათვის "დედ მოროზი" უკვე კულაკებისა და სამღვდელოების მხარდამჭერ პერსონაჟად მონათლეს და საერთოდ აკრძალეს. ასევე აიკრძალა ქრისტეშობის დღესასწაული, რომელსაც რუსეთში და ზოგიერთ აღმოსავლეთევროპულ ქვეყანაში, იულიუსის კალენდრის მიხედვით, შვიდ იანვარს აღნიშნავდნენ. ყველას, ვინც კი აკრძალვას დაარღვევდა, პატიმრობა ელოდა.

1935 წელს საბჭოთა დიქტატორმა იოსებ სტალინმა გადაწყვიტა თოვლის პაპა ხალხისთვის დაებრუნებინა - "თავისი პოპულარობისა და ქვეყნის სტაბილურობის განსამტკიცებლად", როგორც ამას აშშ-ის კენტუკის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი მაიკლ პატრონე ამბობს. მისი თქმით, უკვე უკან იყო დარჩენილი 1929-1932 წლების კოლექტივიზაცია, რომლის შედეგად უამრავი გლეხი - კოლმეურნეობებში გაწევრიანების მოწინააღმდეგეები - ბანაკებში გაგზავნეს, შემდეგ კი შიმშილობაც დაიწყო... აი, ასეთ ფონზე ბელადმა იოსებ სტალინმა აკრძალვა გააუქმა, მაგრამ მხოლოდ ახალი წლის საზეიმოდ, რათა მას რელიგიური მნიშვნელობა არ ჰქონოდა და გასცა განკარგულება, რომ საბჭოთა თოვლის პაპას საბჭოთა ბავშვებისათვის საჩუქრები პირველი იანვრის დილით მიეტანა. სტალინმა ასევე აღადგინა ქუჩებსა და სახლებში საახალხწლო ნაძვის ხის დადგმის ტრადიცია, ანუ ის, რაც ადრე "მავნედ" და "ბურჟუაზიულ გადმონაშთად" იყო შერაცხული, "მშვენიერად" და "კეთილად" იქცა. "ამხანაგებო, ცხოვრება გაუმჯობესდა და უფრო ხალისიანი გახდა", - თქვა სტალინმა 1935 წელს და მოსახლეობას ცხოვრების დონის მატება აღუთქვა.

თოვლის პაპა არა მხოლოდ ბავშვებს ასაჩუქრებდა, არამედ პროკომუნისტური პროპაგანდის გამავრცელებელიც იყო: 1949 წელს აშშ-ის საინფორმაციო სააგენტო "ესოშეითედ პრესი" წერდა, რომ ბავშვებთან შეხვედრებს თოვლის პაპა ასეთი კითხვით ამთავრებდა: "აბა, ბავშვებო, ვის უნდა ვუთხრათ მადლობა ასეთი კარგი და ბედნიერი ცხოვრებისათვის?", რომელზეც ბავშვები ერთხმად პასუხობდნენ: "სტალინს". მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელ კინოქრონიკაში ცხოვრება ოპტიმისტურად და უზრუნველად იყო ასახული, სინამდვილეში მოქალაქეთა ყოფა არ უმჯობესდებოდა, ყველაფერი სახელმწიფო პროპაგანდას ემორჩილებოდა.

1960-იან წლებში, როცა აშშ და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს კოსმოსის ათვისებაში ეჯიბრებოდნენ, ღია ბარათებზე და პლაკატებზე რაკეტაში მჯდომ თოვლის პაპას და ფიფქიას ხატავდნენ.

რასაკვირველია, სანტა კლაუსისა და "დედ მოროზის" თემით ამერიკელი ჩინოვნიკებიც სარგებლობდნენ. 1966 წელს სენატორმა ჯოზეფ მაკარტმა, ამერიკულ სკოლებში 1962 წლიდან ძალაში შესული ლოცვების აკრძალვასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობა ამ აკრძალვით ხელს უწყობს ცინიზმის გავრცელებას - ისეთისა, როგორიც საბჭოთა კავშირშია, სადაც "სანტა კლაუსი" "დედ მოროზით" შეცვალეს: "განა ეს ამერიკელ ბავშვებს მოეწონებათ და ისინი უფრო კარგად მოიქცევიან?".

როცა 1989 წელს ევროპაში კომუნიზმი დამარცხდა, ზოგიერთ პოსტსოციალისტურ ქვეყანაში (ადრე საბჭოთა კავშირის სატელიტები რომ იყვნენ), თოვლის პაპა დაიჩაგრა: იგი რუსულ თავსმოხვეულ პერსონაჟად ჩათვალეს და თავიანთი ტრადიციული ეროვნული "სანტა კლაუსები" აღადგინეს.

1990-იან წლებში, როცა ახალ კაპიტალისტურ რუსეთში დასავლეთის კულტრურული გავლენა იჭრებოდა, მასთან ერთად კი "კოკა-კოლის" ბოთლიანი "სანტა-კლაუსი", თავის მხრივ "დედ მოროზმა" ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა - 1998 წელს რუსეთში დაიწყო ვოლოგდის ოლქის ქალაქ ველიკი უსტიუგის ფართო რეკლამირება, სადაც "თოვლის პაპის სახლი" ააშენეს. "დედ მოროზის" რეზიდენცია, 12 ოთახით, წლის განმავლობაში თითქმის 250 ათას სტუმარს მასპინძლობს. იქვეა მაღაზიები, სადაც სპორტული ინვენტარი და საახალწლო საჩუქრები იყიდება. სხვათა შორის, "დედ მოროზს" მოსკოვშიც აქვს "ფილიალი", ფიფქიასთან ერთად ხშირად მონაწილეობს საახალწლო კონცერტებში, ტელეგადაცემებში და სარეკლამო რგოლებში.

თანამედროვე რუსეთში თოვლის პაპა დღემდე პოპულარულ პერსონაჟად რჩება, რომელიც საჩუქრებს უხვად არიგებს, ახალი წელი კი ზამთრის ხალისიან დღესასწაულად. აშკარაა, რომ "დედ მოროზსა" და მის დასავლელ "კოლეგას - "სანტა კლაუსს" შორის, რომელიც რუსებს "თვითმარქვიად" მიაჩნიათ, გარკვეული კონკურენცია არსებობს..

2008 წელს რუსეთის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რომელიც საბჭოურ ნოსტალგიას განიცდიდა და რომელმაც რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან სახელმწიფოს დაახლოება გამოაცხადა, ველიკი უსტიუგში მდებარე "დედ მოროზის" ხის სახლს ეწვია, იმავე წელს კი მოსკოვის იმდროინდელმა მერმა იური ლუჟკოვმა, რომელიც "დედ მოროზს" დედაქალაქის ქუჩებში აცილებდა, განაცხადა: "შეხედეთ ჩვენს ბუმბერაზ, ლამაზ და კეთილ დედ მოროზს! განა მასთან პატარა სანტა კლაუსის შედარება შეიძლება?". ბორის გრიზლოვმა, რომელიც მაშინ სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი იყო, აღნიშნა: "ვერავინ ვერასოდეს ვერ წაგვართმევს ჩვენს "დედ მოროზს" - ვერანაირი სანტა-კლაუსები და სხვა თვითმარქვიები".

ზოგიერთი რუსს ძალიან მგრძნობიარე დამოკიდებულება აქვთ ტრადიციულ რუსულ პერსონაჟთან და სურვილს ამჟღავნებენ დაიცვან იგი დასავლური კულტურის გავლენისაგან. ახლახან ციმბირის ქალაქ ტომსკში მცხოვრებმა ბიზნესმენმა დენის ამოსოვმა კომპანია "კოკა კოლა"-სგან 30 მილიონი რუბლის კომპენსაცია მოითხოვა - თავს რატომ გვახვევთ დასავლური "სანტა კლაუსის" სახეს რუსულ რეკლამაშიო. მან ვლადიმერ პუტინს და კულტურის სამინისტროსაც მიმართა თხოვნით, რომ რუსეთში "სანტა კლაუსის" პროპაგანდა შეიზღუდოს.
"მიმდინარეობს ადამიანის ცნობიერებაზე ზემოქმედება, ღირებულებების შეცვლა - თითქოსდა ბედნიერება მხოლოდ "კოკა-კოლას" და სანტა კლაუსს მოაქვს, ამით კი რუსული ტრადიციები და საუკუნეობრივი ისტორია იკარგება", - წერს დენის ამოსოვი სოციალურ ქსელში. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ


მამუკა
27 დეკემბერი 2020 18:15
მე ვფიქრობ თოვლის ბაბუა და გინდ სანტა თავისუფალი უნდა იყოს კომერციული ინტერესებისგან(კოლას ვგულისხმობ) და პოლიტიკური აგიტაციისგან და მათი სახეებისგან,რომ ბავშვისთვის თოვლის ბაბუა ასოცირდებოდეს მხოლოდ კეთილ მოხუცთან, რომელსაც უყვარს ბავშვები და სხვასთან არაფერთან.

რუბრიკის სხვა სიახლეები