"ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს ცხოვრებას გაურთულებს" - რას პროგნოზირებს გერმანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს ცხოვრებას გაურთულებს" - რას პროგნოზირებს გერმანული გამოცემა?

გერმანულმა რადიოსადგურმა "დოიჩე ველემ" (Deutsche Welle) გამოაქვეყნა პოლიტიკური მიმომხილველის მიოდრაგ შორიჩის სტატია სათაურით "ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს ცხოვრებას გაურთულებს", რომელშიც განხილულია აშშ-ის (დასავლეთის) და რუსეთის პერსპექტიული ურთიერთობები და მოცემულია რუსეთის მოქმედების პროგნოზები. "2020 წლის ბოლოს რუსეთი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველაზე ღრმა საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა: მოსკოვი "ნაჩხუბარია" თითქმის ყველა თავის ევროპელ მეზობელთან, ბელარუსის დიქტატორის - ალექსანდრე ლუკაშენკოს გარდა.

ამერიკელებისა და ევროპელების უმრავლესობა რომ რუსებს არ ენდობა, ეს ისტორიული წანამძღვრებითაა განპირობებული, განსაკუთრებით - რუსული საგარეო პოლიტიკის გამო, რომელიც "იმპერიული და ავანტიურისტულია" - სწორედ ასე ახასიათებს რუსულ დიპლომატიას აშშ-ის მომავალი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს და გააფართოვებს.

გაუძლებს მოსკოვი დასავლეთის ახალ შეტევას? ფაქტია, რომ რუსეთი წლითიწლობით სულ უფრო სუსტდება. კრემლმა ბოლო რამდენიმე წელი "ქარს გაატანა": ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული "ეკონომიკის მოდერნიზაცია" არ დაწყებულა, რუსული ბანკებისა და კომპანიების შემოსავლები თანდათან დნება. ქვეყანა ჯერ ისევ ნედლეულის ექსპორტით მიღებულ შემოსავლებზე ცხოვრობს, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები საზღვარგარეთ გარბიან.

რეალური ხელფასი რამდენიმე წელია, მცირდება, ქვეყნიდან მილიარდობით დოლარი საზღვარგარეთ გადის, უცხოური ინვესტიციების მოცულობა კლებულობს. მთავრობა რეკლამას უკეთებს რუსეთის არმიის სამხედრო აღჭურვილობას, იარაღს, რუსი ჯარისკაცების "გმირობას" სირიაში, ლიბიაში, უკრაინაში... მაგრამ ჩვეულებრივი რუსი მოქალაქისთვის ეს ყველაფერი ვერაფერი ნუგეშისცემაა: სახელისუფებო მასმედიაში პატრიოტული პროპაგანდით პურს ვერ იყიდი და შიმშილს ვერ დაიკმაყოფილებ.

კრემლი თავის პოლიტიკას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეცლის, თუ ამას აიძულებენ. შესაბამისად, აშშ და ევროპა რუსეთთან მრავალწლიანი კონფრონტაციისთვის ემზადებიან. რა თქმა უნდა, არის საკითხები, სადაც რუსეთისა და დასავლეთის თანამშრომლობა აუცილებელია - მაგალითად, ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმთან, ირანთან ბირთვული გარიგების განახლების ან კლიმატის ცვლილებების საკითხებში, მაგრამ ძირითადი იდეა - რუსეთი როგორც დასავლეთის მოწინააღმდეგე - უცვლელი რჩება.

მოსკოვს პეკინი სჭირდება - ჩინეთის იმედით

რას გააკეთებს რუსეთი? ეკონომიკური მიზეზების გამო, რუსეთი სულ უფრო მეტად დაეყრდნობა ჩინეთს, თანაც მოსკოვ-პეკინის კავშირში როლები მკაფიოდ იქნება განსაზღვრული: ერთ მხარეზეა ჩინეთი - ეკონომიკური გიგანტი, მეორეზე კი - რუსეთი, მისი, უკვე დასუსტებული, უმცროსი პარტნიორი.

რუსეთის სამხედრო ძლიერება საგარეო პოლიტიკაში მაინცდამაინც ბევრს არაფერს ცვლის. ამჟამად ნატო რუსეთზე ბევრად უფრო მძლავრია. მით უმეტეს, რომ ჯო ბაიდენს განზრახული აქვს მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროკავშირის ქვეყნებთან.

მოსკოვი იზოლაციაში იმყოფება, მაგრამ ისე იქცევა, თითქოს ყველაფერი წესრიგში ჰქონდეს და ასაღელვებელიც არაფერი აქვს. ასეთი შთაბეჭდილება დატოვა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ყოველწლიურმა პრესკონფერენციამ. როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტს დიდი ხანია, რეალობასთან კავშირი აქვს გაწყვეტილი.

უშეცდომო არც ჯოზეფ ბაიდენი არის

როგორც ცნობილია, თანამედროვე მსოფლიოში ამა თუ იმ ქვეყნის გავლენა, პირველ რიგში, მისი ეკონომიკური პოტენციალით განისაზღვრება. აი, ამით კი რუსეთი ვერ დაიკვეხნის.

რა თქმა უნდა, დასავლეთის სახელმწიფოების ეკონომიკაც საკმაოდ დაზარალდა კორონავირუსის პანდემიით, მაგრამ როგორც კი პანდემია დასრულდება, დასავლეთში მკვეთრი ეკონომიკური აღმავლობა დაიწყება. დღეს ამერიკას და ევროპას ინფლაციის არ ეშინიათ - მათ შეუძლიათ იმდენი დოლარი და ევრო დაბეჭდონ, რამდენიც სურთ: ყველაფრის მიუხედავად, მსოფლიოში მათი ეკონომიკური ძლიერებისადმი ნდობა კვლავ შენარჩუნებულია.

იმავდროულად ისიც უნდა ითქვას, რომ ჯოზეფ ბაიდენი, რომელიც ადრე სენატორიც იყო და ვიცეპრეზიდენტიც, ბევრი არასწორი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა: საკმარისია, გავიხსენოთ აშშ-ის სამხედრო შეჭრა ლიბიაში, ერაყში და სხვა მომენტები. საერთოდ, დემოკრატიულ პარტიაში ჯო ბაიდენს ყოველთვის "საგარეოპოლიტიკურ ქორად" მიიჩნევდნენ, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ, როცა უკვე ოფიციალურად გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, მას შესაძლებლობა ექნება დაშვებული შეცდომები გაკვეთილად ჩათვალოს და დასკვნები გააკეთოს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ