"ტრამპის მოქმედების "წყალობით" ამერიკა ანარქიამ მოიცვა, ფეხქვეშ ითელება ქვეყანა და მისი კანონები" - როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია აშშ-ს მოვლენებს - კვირის პალიტრა

"ტრამპის მოქმედების "წყალობით" ამერიკა ანარქიამ მოიცვა, ფეხქვეშ ითელება ქვეყანა და მისი კანონები" - როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია აშშ-ს მოვლენებს

ვაშინგტონში მომხდარმა დრამატულმა მოვლენებმა, რომლებიც უპრეცედენტოა აშშ-ის ისტორიაში - როცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის (კონგრესის) დაკავებას შეეცადნენ, მსოფლიო საზოგადოება შოკში ჩააგდო. საერთაშორისო მასმედია - მემარჯვენეც და მემარცხენეც, მომხდარს "დემოკრატიაზე თავდასხმას" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი წამსვლელი პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის უდიდეს შეცდომას წარმოადგენს. გთავაზობთ ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის "ბი-ბი-სი"-ს რუსული სამსახურის (BBC Russian) მიერ მომზადებულ მსოფლიო პრესის მიმოხილვას:

ბრიტანული გაზეთი "თაიმსი" (Times) ისტორიულ მომენტებს იხსენებს და წერს, რომ აშშ-ის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი, რომელმაც 1797 წელს ნებაყოფლობით დათმო თავისი თანამდებობა ორი ვადის შემდეგ, თუმცა იგი ვალდებული არ იყო. კონტიტუციის 22-ე შესწორება, რომელიც პრეზიდენტობას მხოლოდ ორი ვადით განსაზღვრავს, 1951 წელს იქნა მიღებული.

მიუხედავად იმისა, ჯორჯ ვაშინგტონს პრეზიდენტობაზე უარის გამო აკრიტიკებდნენ, მან არ მოისურვა მონარქი ყოფილიყო, 200 წლის შემდეგ მისი გადაწყვეტილება პირველი პრეზიდენტის უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება აშშ-ის დემოკრატიის ჩამოყალიბების პროცესში. მისი მმართველობის დროს ასევე გადაწყდა, რომ პოლიტიკურ მოვლენებში მთავარი კანონის უზენაესობაა და არა ძალადობრივი პროტესტები.

"თაიმ"-ის აზრით, დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტის ორივე ტესტში "ჩაიჭრა": მან ვერ შეძლო პოსტის ნებაყოფლობით და ფაქიზად დატოვება და იმის ნაცვლად, რომ ძალადობრივი პროტესტი შეეჩერებინა, იგი მომხრეებს, პირიქით, აქეზებდა. კი, შემდეგ იგი მიხვდა შეცდომას და აქციის მონაწილეებს დამშვიდებისაკენ მოუწოდა, მაგრამ უკვე გვიან იყო. და თუ ჯორჯ ვაშინგტონი ამერიკელებს ახსოვთ ძლიერი ლიდერის საქმიანობის შედეგით და მისაბაძი ქცევით, დონალდ ტრამპს დაიმახსოვრებენ როგორც ვალდებულების დამრღვევს და იმ ქვეყნის ძლიერების დამსუსტებელს, რომელსაც იგი მთელი ძალითა და უნარით უნდა მომსახურებოდა. (წყარო)

"გარდიანი" (The Guardian) თვლის, რომ დონალდ ტრამპმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა - მის მიზანს ჯო ბაიდენის იურიდიულად გაპრეზიდენტების ჩაშლა წარმოადგენდა. ამით არჩეული პრეზიდენტის დელეგიტიმაცია მოხდებოდა და ახალი ადმინისტრაციის როლი შესუსტდებოდა.

"დემოკრატია - ეს შეთანხმებების სისტემაა, რომელიც გულისხმობს ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებას და იმ შედეგის პატივისცემას, როგორიც არ უნდა იყოს ის. ქმედება, რომელიც კაპიტოლიუმზე (კონგრესთან და კონგრესში) ვნახეთ, ავტორირიტარული ხასიათისაა. ეს არის ადამიანების ერთი ჯგუფის ძალადობა მეორეზე - მათი დამორჩილების მიზნით, - ვარაუდობს "გარდიანი". (წყარო)

"ინდეფენდენტი" (The Independent) წერს, რომ დონალდ ტრამპმა ერთხელ სინანულით თქვა, რომ "ამერიკა მესამე სამყაროს ქვეყნად გადაიქცაო", ახლა კი თვითონ შეუწყო ხელი ისეთი მოვლენების პროვოცირებას, რომელთა მიხედვით, აშშ მართლაც მესამე სამყაროს ქვეყნის ასოცირებას იწვევს.

სხვათა შორის, როცა ქუჩაში მღელვარება დაიწყო და ტრამპის წაქეზებით გაავებული ადამიანები კონგრესისაკენ დაიძრნენ, კაპიტოლიუმის შიგნით კანონმდებლებმა ისტორიული მომენტები გაიხსენეს - თუ როგორ შეუტიეს ბოლშევიკებმა 1917 წელს "ზამთრის სასახლეს", რომელიც ფაქტიურად დაუცველი იყო, მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი იცავდა. ასე მოხდა კონგრესის შემთხვევაშიც. სხვაობა 1917 წლისა და 2021 წლის მოვლენებში მხოლოდ ის იყო, რომ ტრამპისტები, ლენინისტებისგან განსხვავებით, კონგრესის მარმარილოს სვეტებთან მობილური ტელეფონებით "სელფს" იღებდნენ. (წყარო)

ამერიკული "ნიუ-იორკ თაიმსი" (The New York Times) წერს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა, რომელიც თავიდანვე მწვავე უთანხმოებით, ინტრიგებით, სკანდალებით და შეთქმულების თეორიებით იყო გამსჭვალული, მთავრდება იმით, რომ გაავებული ბრბო, რომელსაც დამარცხებული, მაგრამ ჯერ კიდევ ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფი პრეზიდენტი მეთაურობს, კაპიტოლიუმზე იერიშს აწყობს და მის ოკუპირებას ახდენს. ისე ხდება, თითქოსდა ამერიკა ტიპიური ავტორიტარული სახელმწიფოა...

მსოფლიო 2021 წლის 6 იანვარს დაიმახსოვრებს როგორც ერთ-ერთ ყველაზე შავ დღეს აშშ-ის ისტორიაში. იმის ნაცვლად, რომ ეს დღე ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის სიმბოლო გამხდარიყო, 6 იანვარი ბოროტების დღე გახდა, როცა პრეზიდენტი თვითონ აქეზებს მომხრეებს - კონგრესში შეიჭერით, კარი შეანგრიეთ და ფანჯრები ჩალეწეთო...

ვაშინგტონში - ამერიკული დემოკრატიის ციტადელში - მსგავსი ფაქტის წარმოდგენა შეუძლებელი იყო და ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: პოლიციელები მოიერიშეების წინააღმდეგ იარაღს იყენებენ, უშვებენ ცრემლმდენ გაზს, შეშინებული კანონმდებლები კი კაბინეტებში იკეტებიან და იმალებიან... ექსტრემისტები სენატში ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის ტრიბუნაზე ადიან, ზოგი კი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაგიდას უსხდებიან... არანაკლებ საგანგაშოა სიტყვები, რომლებიც მოვლენების გადმოცემისას ვსარგებლობთ: გადატრიალება, აჯანყება, ქვეყნისთვის ძირის გამოთხრა... უკვე დაიწყეს აშშ-ის შედარება "ბანანის რესპუბლიკასთან" უცხოეთის სახელმწიფოების დედაქალაქებში კი შეშფოთებას გამოხატავენ... დონალდ ტრამპმა, როცა იგი პრეზიდენტი გახდა, პირობა დადო, რომ დაპირისპირებას ბოლოს მოუღებდა, ახლა კი პირიქიტ ხდება, თანაც უარესი სახით - იმ შენობასთან, სადაც მან ფიცი მიიღო... (წყარო)

ამერიკულმა ტელეარხმა "ფოქს ნიუს"-მა (Fox News TV), რომელიც მემარჯვენე შეხედულებებით გამოირჩევა და გარკვეულწილად მხარს უჭერდა დონალდ ტრამპს, ამჯერად მის მოქმედებას - კონგრესზე შტურმს - გამართლება ვერ მოუძებნა. პოლიტიკურმა მიმომხილველმა დეროი მერდოკმა მომხდარ ამბებს საბოტაჟის გასაოცარი აქტი უწოდა: "ამ იდიოტებმა ჩვენი ცხოვრება, ვისაც დონალდ ტრამპის მიერ გატარებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა მოგვწონდა, კიდევ უფრო გაართულეს თავიანთი უკანონო მოქმედებით", აღნიშნა მან. "ახლა ის ყველაფერი კარგი, რაც პრეზიდენტმა გააკეთა - ხელფასების უპრეცედენტო მომატება აშშ-ის ისტორიაში, სიღარიბის ყველაზე დაბალი დონე, "ისლამური სახელმწიფოს" განადგურება და კოვიდსაწინააღმდეგო ორი ვაქცინის შექმნა სულ რაღაც ცხრა თვეში, წყალმა წაიღო. ახლა ჩვენ გვეუბნებიან - "თქვენ ისეთი დეგენერატი ლიდერი გყავთ, რომლის მომხრეებმა კაპიტპოლიუმს შეუტიეს?" (წყარო)

გერმანული "ზიუდდოიჩე ცაიტუნგი" (Süddeutsche Zeitung) წერს, რომ დონალდ ტრამპის მოქმედების "წყალობით" ამერიკა ანარქიამ მოიცვა, ფეხქვეშ ითელება ქვეყანა და მისი კანონები. "დადგა დრო, რომ ამ კაცს პასუხი მოეთხოვოს. იგი შეურაცხყოფას აყენებს ამერიკას და ამერიკელ ხალხს, ანადგურებს დემოკრატიას, ადამიანებს გადატრიალებისაკენ მოუწოდებს. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მსგავსი მოქმედება - სახელმწიფო გადატრიალებისაკენ მოწოდება - მკაცრად ისჯება. დონალდ ტრამპმა ამისთვის პასუხი უნდა აგოს.

2021 წლის 6 იანვარს აშშ-ის ავტორიტეტი მკვეთრად დაეცა, ქვეყანას დიდი იმიჯური ზიანი მიადგა. თუმცა ამ მოვლენებს ერთი დადებითი ასპექტიც აქვს: ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დონალდ ტრამპის სიგიჟეს დაეთანხმება, პრეზიდენტთან ერთად უნდა წავიდეს. ტრამპისტებმა საკუთარ ლიდერს "დათვური სამსახური" გაუწიეს: ფაქტობრივად, იგი თეთრი სახლიდან თვითონვე ვადამდე გამოაგდეს. დონალდ ტრამპმა ექვს იანვარს პრეზიდენტობა დაასრულა, მას ახლა ხელბორკილები უნდა დაადონ, - ვარაუდობს გაზეთი. (წყარო)

ესპანური "ელ პაისი" (El Pais) თვლის, რომ ტრამპისტებმა მსოფლიოს დემოკრატიულ პრინციპებს დიდი დარტყმა მიაყენეს. დონალდ ტრამპი უკიდურესად უპასუხისმგებლოდ და სამარცხვინოდ მოიქცა. მან ეჭვქვეშ დააყენა არჩევნების შედეგები რაიმე რაციონალური ახსნა-განმარტების გარეშე და როგორც აშკარა ხდება, მან უმძიმესი ჭრილობა მიაყენა ამერიკულ საზოგადოებას. ჩვენ ახლა იძულებულები ვართ ვიფიქროთ არა მხოლოდ იმ რადიკალებზე, რომლებიც კონგრესში შევარდნენ და იქაურობა მილეწ-მოლეწეს, არამედ იმ მილიონობით ადამიანზეც, რომლებმაც ამ უღირსი პრეზიდენტის თავხედური სიცრუის გამო დემოკრატიის მიმართ რწმენა დაკარგეს.

ამერიკას რწმენის აღსადგენად წინ ურთულესი პერიოდი ელოდება. ჯოზეფ ბაიდენი, მისი გამოცდილებისა და განწყობის გათვალისწინებით, ალბათ, ამ საკითხის მოსაგვარებლად ყველაზე მიზანშეწონილ ფიგურას წარმოადგენს. ამერიკული საზოგადოებისადმი მიყენებული ზიანი უდიდესია. დემოკრატიულად მოაზროვნე მოსახლეობას დღეს ერთიანობა ჭირდება, რომ ანტიდემოკრატიული ვირუსის, სახელად "დონალდ ტრამპის" იზოლირება მოახდინოს. (წყარო)

როგორც ისრაელის გაზეთი "ჰაარეცი" (Haaretz) აღნიშნავს, ტრამპს პრეზიდენტობის დროს საკმაოდ ბევრი წარუმატებლობა ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა წარმატებებიც... თუმცა საბოლოო ჯამში მას მხოლოდ ორი მოვლენით დაიმახსოვრებენ: პირველი - რაც მისი პრეზიდენტობის პირველ წელს მოხდა და მეორე - რაც გუშინ, მისი პრეზიდენტობის ბოლო წელს განხორციელდა.

პირველია 2017 წლის ზაფხულში, ვირჯინიის შტატში მომხდარი ულტრამემარჯვენეთა (ნეონაცისტთა) მიტინგი, როცა მან თქვა, რომ ისინი კარგი ადამიანები არიანო, ხოლო მეორე - სამარცხვინო უკანონო ქმედება, რომლის მიზანს ხელისუფლების ძალადობრივი შენარჩუნება წარმოადგენდა - ხელი შეშლოდა კონგრესის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებას. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ