"სამარცხვინო იყო ის კადრები, ტრამპის პოლიტიკამ საზოგადოების გახლეჩა გამოიწვია" - როგორ აფასებენ აშშ-ის მოვლენებს ქართველი ექსპერტები - კვირის პალიტრა

"სამარცხვინო იყო ის კადრები, ტრამპის პოლიტიკამ საზოგადოების გახლეჩა გამოიწვია" - როგორ აფასებენ აშშ-ის მოვლენებს ქართველი ექსპერტები

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეიჭრნენ. კაპიტოლიუმში შეკრებილ კანონმდებლებს ამერიკის 46-ე, არჩეული პრეზიდენტის - ჯო ბაიდენის გამარჯვება უნდა დაემტკიცებინათ. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ამერიკელებმა შენობაში შეღწევა შეძლეს, რასაც პოლიციის მხრიდან რეაგირება და დაპირისპირება მოჰყვა. დარბევის დროს ოთხი ადამიანი პოლიციელების ტყვიამ იმსხვერპლა... რამდენიმესაათიანი ქაოსის შემდეგ, სენატმა მუშაობა გააგრძელა და პრეზიდენტად ბაიდენი დაამტკიცა, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს გაიმართება.

ფაქტია, რომ ამერიკის ისტორიას მსგავსი მოვლენა არ ახსოვს. ერთნი ამ ფაქტს დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებენ, მეორენი კი, პროცესების ასე განვითარებას ტრამპის ხისტ პოლიტიკას მიაწერენ, რამაც პოლარიზაციასა და საზოგადოების გახლეჩას შეუწყო ხელი.

თეონა აქუბარდია, ექსპერტი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში:

- საბედნიეროდ, ეს პროცესი დემოკრატიის გამარჯვებით დასრულდა და ბაიდენი უკვე დამტკიცებულია. რა თქმა უნდა, საკმაოდ შემაშფოთებელი და გასაოცარი იყო კაპიტოლიუმში შეჭრა. ეს ყველაფერი იყო იმის გაგრძელება, რასაც ტრამპი ახორციელებდა ამ წლების განმავლობაში. სამარცხვინო იყო არა მარტო ის კადრები, რაც ვნახეთ, არამედ ის, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ქვეყანაში, რომელიც არის დემოკრატიის საუკეთესო მაგალითი მსოფლიოში. შესაბამისად, ნამდვილად შემაშფოთებელი იყო ყველაფერი და იგი შეიძლება სამარცხვინო ლაქად დარჩეს ამერიკის ისტორიას. ეს ამბები დასრულებულია და ბაიდენი კონგრესის მიერ აღიარებულია. რაც მოხდა,  გამოწვევა იქნება ახალი პრეზიდენტისთვის, რათა ეს ლაქა ჩამოირეცხოს და  აშშ-ში დემოკრატიაკიდევ უფრო  განმტკიცდეს. ვიცით, რომ არიან ავტორიტარული ქვეყნები, რომლებისთვისაც დემოკრატია არ არის საუკეთესო მმართველობის სტილი და ისინი, შესაბამისად, მუდმივად ცდილობენ, დემოკრატია შეარყიონ. აშშ-ის მხრიდან ჩინეთი და რუსეთი აღიარებულია მტრულად განწყობილ ქვეყნებად, ამასთან ერთად, პუტინი ჰიბრიდული ომის ელემენტებით - კიბერთავდასხმებით, საინფორმაციო ომის გამოყენებით და ა.შ. ცდილობს, შეარყიოს დემოკრატია და დემოკრატიული ინსტიტუტები. ტრამპის არჩევის დღიდან მოყოლებული, მუდმივად იყო კითხვის ნიშნები, ხომ არ ჰქონდა მას კავშირები რუსეთთან? ასევე, ხომ არ ერეოდა რუსეთი ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებში? არა ერთი ფაქტი არსებობს, მათ შორის - ბოლო კიბერთავდასხმა შეერთებულ შტატებზე...

სამწუხაროდ, რაც ვნახეთ, ავტორიტარული ქვეყნებისთვის ნამდვილად საჩუქარი შეიძლება იყოს. ისინი კიდევ ერთხელ ეცდებიან, ყველაფერი იმის დასამტკიცებლად გამოიყენონ, რომ დემოკრატია არ არის მმართველობის საუკეთესო ფორმა. თუმცა, ერთი მხრივ, ნამდვილად მაქვს რწმენა და, მეორე მხრივ, ობიექტური მაჩვენებლები იმისა, რომ ამერიკა ამ გამოწვევას გაუძლებს. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ დემოკრატიას სჭირდება მუდმივი მზრუნველობა, არაფერი არ არის ნაჩუქარი და დემოკრატიას სჭირდება მოფრთხილება, გაძლიერება. ამერიკა იქნება იმის საუკეთესო მაგალითი, რომ დემოკრატიის დაცვა აუცილებელია. ამ კრიზისიდან ამერიკა უფრო გაძლიერებული უნდა გამოვიდეს, რადგან პრეზიდენტ ბაიდენის ძირითადი გზავნილი იყო, რომ აუცილებელია ერის გამთლიანება. ტრამპმა პოლარიზაცია დათესა, მისმა პოლიტიკამ საზოგადოების გახლეჩა გამოიწვია და ახლა აუცილებელია ერის გამთლიანება, ისევე, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ამერიკაში დემოკრატიული ინსტიტუტები რომ არ ყოფილიყო, ის ნამდვილად ვერ გაუძლებდა იმ რყევებს, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობასა და მოღვაწეობას მოჰყვა.

თენგიზ ფხალაძე, ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში:

- კაპიტოლიუმის შენობაში შევარდნა პოლარიზაციის შედეგია. თავისთავად ცხადია, ეს არის ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დიდი სისუსტე და მისი კრახი, იმიტომ, რომ პრეზიდენტი, მით უმეტეს - დემოკრატიული სამყაროს ლიდერი, ასე არ უნდა იქცეოდეს. ტრამპმა ხელი შეუწყო საზოგადოების პოლარიზაციას და დააგვიანა რეაგირება - მხოლოდ 10-15 საათის მერე მოუწოდა მის მომხრეებს, სახლში დარჩენილიყვნენ. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ქვეყნის ლიდერი კრიზისის დროს. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც გუშინდელმა დღემ დაგვანახა, ის არის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ბალანსისა და წონასწორობის დაცვას სახელმწიფოში. გუშინ ამერიკული დემოკრატია და სახელმწიფო სწორედ ამან გადაარჩინა. ჩვენ ვნახეთ, რა მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები - ეს შეეხება კონგრესის პალატას, უშუალოდ, ვიცეპრეზიდენტ პენსს, რომელმაც უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფო განცხადებები გააკეთა, ვნახეთ მაიკ პომპეოს განცხადებაც... გამოჩნდა, რაოდენ ძლიერია ადგილობრივი ხელისუფლება - მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვაშინგტონის მერმაც. გუშინდელმა დღემ გვაჩვენა, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ბალანსი და რამდენად სერიოზული მეხამრიდის როლს ასრულებს იგი ამგვარ კრიზისებში. არ შემიძლია, არ აღვნიშნო არჩეული პრეზიდენტის - ჯო ბაიდენის მიმართვა, რომელიც საერთო ეროვნული იდეის მატარებელი იყო და რომელსაც ჰქონდა გამაერთიანებელი ხასიათი, რაც ასეთ პროცესებში ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია. სენატმა უკვე დაამტკიცა ბაიდენი და 20 იანვარს შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია. როცა სახელმწიფო ინსტიტუტები გამართულია, ასეთი კრიზისის გადალახვა იოლად ხდება. აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ კრიზისი შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში დაიწყოს, მაგრამ მთავარია, როგორ გამოვა იგი ამგვარი კრიზისიდან. ამერიკა ყოველთვის ახერხებდა კრიზისიდან იმაზე უფრო ძლიერი გამოსულიყო, ვიდრე მანამდე იყო. ეს იქნება ბაიდენის ადმინისტრაციის ყველაზე დიდი გამოწვევა და დარწმუნებული ვარ, ამერიკული დემოკრატია კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო.

(სპეციალურად საიტისთვის)