"2020 და 2021: ექვსი საკვანძო სიტყვა რუსულ დიპლომატიაში" - რას წერს ჩინური გამოცემა? - კვირის პალიტრა

"2020 და 2021: ექვსი საკვანძო სიტყვა რუსულ დიპლომატიაში" - რას წერს ჩინური გამოცემა?

ჩინური გამოცემა The Paper-ში ("澎湃新闻") გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - "2020 და 2021: ექვსი საკვანძო სიტყვა რუსულ დიპლომატიაში" გაანალიზებულია გასული 2020 წლის რუსული პოლიტიკის ტენდენციები (ავტორი - გუ ჰუეი, შანხაის საზოგადოებრივ საქმეთა აკადემიაში არსებული საერთაშორისო პრობლემების კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი).

"რუსეთში ძველი წლის ბოლოს და ახალი წლის დასაწყისში შედეგების შეჯამება ტრადიციულ "სავალდებულო პროცედურას" წარმოადგენს. გასულ 2020 წელს რუსული დიპლომატიის წინაშე ბევრი ამოცანა იდგა, რომელთა ნაწილი არ შესრულებულა, ნაწილი კი - შესრულდა, მაგრამ - არადამაკმაყოფილებლად. ასე რომ, 2021 წელი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისთვის ისევ სავსეა გამოწვევებით, გამოცდებით და პრობლემებით", - წერს ჩინური გამოცემა. ავტორი, აჯამებს რა გასული წლის მოვლენებს, აღნიშნავს, რომ 2020 წლის განმავლობაში რუსული დიპლომატიის მთავარ სიტყვებს "გადადება", "შეკავება" და "იმედგაცრუება//გულგატეხილობა" წარმოადგენდა.

"გადადება" რასაკვირველია, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2020 წლის დასაწყისში პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინზე დიდ იმედებს ამყარებდა. მან მართლაც დიდი მუშაობა გასწია, მაგრამ კორონავირუსმა, ისევე, როგორც მსოფლიოს, რუსეთსაც დიდი ზიანი მიაყენა - ნეგატიურად იმოქმედა პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, დიპლომატიაზე... მთავრობამ რესურსები პანდემიასთან ბრძოლისკენ გადაისროლა და სხვა, დაგეგმილი პროექტები გადადო. მოკლედ, ტერმინი "გადადება" რუსეთში ერთობ ფართოდ გამოსაყენებელ სიტყვად იქცა: გადაიდო საკონსტიტუციო რეფერენდუმის დაგეგმილი თარიღი, ასევე, გადაიდო ფაშისტურ გერმანიასთან ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებული სამხედრო აღლუმი, ტრადიციული ეკონომიკური ფორუმების დრო, "ბრიკს"-ისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციების სამიტი.

"შეკავება" გასულ წელს რუსეთში პოპულარული იყო ლოზუნგი "კორონავირუსის ეპიდემიის შეკავება". ეპიდემიის შესაკავებლად მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებია აუცილებელი, მაგრამ კორონავირუსმა ფინანსების წარმომქნელი რუსული ეკონომიკა მოკლე დროში მნიშვნელოვნად დააზარალა, მიუხედავად იმისა, რომ ამასწინანდელ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, პამდემიის პერიოდში ეკონომიკური მაჩვენებლები რუსეთს უფრო კარგი აქვს, ვიდრე აშშ-ისა და ევროპასო. თუ გავიხსენებთ შარშანდელ იანვარში სახელმწიფო სათათბიროსადმი პრეზიდენტის მიმართვას, სადაც აცხადებდა, რომ 2021 წლისთვის რუსეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი მსოფლიოს საშუალო დონეს გადააჭარბებსო, დღეს იგი სინანულით თავს გაიქნევდა. "თავშეკავებით" გამოირჩეოდა რუსული დიპლომატიაც - მაგალითად, ბელარუსთან მიმართებით, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებით (მთიანი ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით).

"გულგატეხილობა" რუსულ მასმედიასა და საზოგადოებაში სიტყვების - "გადადება-შეკავების" ხშირ გამოყენებას მოჰყვა სიტყვების - "იმედგაცრუების", "გულგატეხილობისა" და "რწმენის დაკარგვის" ხშირად წარმოთქმა, რამაც, თავის მხრივ, საზოგადოებაში იგივე ნეგატიური ფონი გამოიწვია. რუსეთის მოქალაქეებს იმედი გაუცრუვდათ, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი ურთიერთთანამშრომლობას შეძლებდნენ. ვლადიმერ პუტინმა დააყოვნა თავისი რეაქცია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე, რაც, როგორც ჩანს, ერთგვარი ინდიკატორი იყო, რომ მას იმედი გაუცრუვდა - აირჩიეს არა დონალდ ტრამპი, არამედ - ჯოზეფ ბაიდენი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც საბჭოთა კავშირს ებრძოდა, ასევე გააგრძელებს ბრძოლას მის მემკვიდრე რუსეთთან.

რაც შეეხება 2021 წელს: თუ გავითვალისწინებთ ვლადიმერ პუტინის ამასწინანდელ პრესკონფერენციაზე დასმულ საგარეო პოლიტიკურ საკითხებს და იმას, რაც რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს გენერალურმა დირექტორმა ანდრეი კორტუნოვმა დაწერა თავის სტატიაში ("14 პრაქტიკული ამოცანა რუსული დიპლომატიისთვის 2021 წელს"),  მიმდინარე წელს რუსული დიპლომატიის მთავარი სიტყვები იქნება "გაგრძელება", "კორექტირება" და "გამოწვევა".

"გაგრძელება" რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ-ისთან დადებული "სტრატეგიული შემტევითი შეიარაღების შეზღუდვისა და შემცირების ხელშეკრულების" მოქმედების ვადის გაგრძელებას. თუ ეს არ მოხდება, მაშინ დიდი ზიანი მიადგება არა მხოლოდ შეიარაღებაზე კონტროლის სისტემას, არამედ - საერთოდ რუსეთ-ამერიკულ ურთიერთობას და რუსეთის, როგორც მსხვილი პოლიტიკური მოთამაშის სტატუსს. გარდა ამისა, 2021 წელს 20 წელი უსრულდება რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დადებულ მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც პროლონგაციას ითხოვს. რა თქმა უნდა, რუსეთ-აშშ-ის ხისტი დაპირისპირების ფონზე, მოსკოვისთვის აუცილებელი ხდება ჩინეთთან დადებული მეგობრობის პაქტის მოქმედების ვადის გაგრძელება.

"კორექტირება" 2021 წლის განმავლობაში რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება პერიფერიული დიპლომატიის იდეებისა და გეგმების კორექტირება-შესწორება. გავიდა 10 წელი მას შემდეგ, რაც "ევრაზიული ეკონომიკური კავშირი" შეიქმნა. მოსკოვის სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციამ თავისი თავდაპირველი მისიის შესრულება ვერ შეძლო. ასევე, 20 წელი უსრულდება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას, 30 წელი - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ). დღეს რუსეთის პერიფერიული დიპლომატია ძალიან განსხვავდება 20 და 30 წლის წინ არსებული ვითარებისგან. ეს გარემოება მოსკოვს უნდა ახსოვდეს და, შესაბამისად, თავისი მოქმედების კორექტირება უნდა განახორციელოს. სხვაგვარად მომავალში, რომელიც ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული, კრემლს მრავალი პრობლემა გაუჩნდება. ბელარუსში, უკრაინის აღმოსავლეთსა და მთიან ყარაბაღში, სადაც, ერთი შეხედვით, თითქოს პრობლემები მეტ-ნაკლებად მოგვარდა, არაა გამორიცხული, სიტუაცია ისევ გაუარესდეს (ამის სიმპტომები უკვე ჩანს). ახლადგაჩენილი პრობლემების გადაწყვეტა ვლადიმერ პუტინისთვის და რუსული დიპლომატიისთვის კიდევ უფრო ძნელი იქნება.

"გამოწვევა" რუსეთის დიპლომატიის კორექტირება, აშკარაა, რომ გამოწვევებისდა მიხედვით განხორციელდება. როგორი იქნება ამერიკასთან ურთიერთობა? არის თუ არა საფრთხის მომტანი ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა? რას მოუტანს რუსეთს აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებით გაჩენილი გამოწვევა? ჯო ბაიდენის მმართველობის სტილი დონალდ ტრამპის სტილისგან ძალიან განსხვავდება, შესაბამისად, მოსკოვს მოუწევს თავისი მეთოდებისა და სტრატეგიის შეცვლა. აშშ-ის ახალი პრეზიდენტი უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენას, რომელსაც დონალდ ტრამპმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. რუსეთისთვის დღეს ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის გეგმის რეალიზება, ამერიკა კი მას ხელს უშლის. ბოლო დროს რუსეთმა აშშ-ისთან ჭიდილში გარკვეულ პოზიტიურ შედეგებს მიაღწია, გაზსადენის პროექტის რეალიზება ისევ გრძელდება, მაგრამ თუ კრემლი თავის გაზის კოზირებს (გერმანიის მხარდაჭერით) ვერ გამოიყენებს და უმოკლეს ვადაში ვერ შეძლებს მილსადენის მშენებლობის დასრულებას, მაშინ აშშ-ისთან მეტოქეობა გაუჭირდება.

გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთში [და კავკასიაში] იზრდება თურქეთის სტრატეგიული ამბიციები. როგორ უნდა შენარჩუნდეს  რუსეთის ინტერესებსა და მისი პარტნიორების ინტერესებს შორის ბალანსი? - ეს სერიოზული საკითხია, რომელიც მოსკოვმა 2021 წელს უნდა გადაწყვიტოს. დიახ, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ ერდოღანი ძალიან შეაქო და მას "სიტყვის ერთგული კაცი" უწოდა, მაგრამ სახელმწიფოთა ინტერესების შესათავსებლად ქება საკმარისი არ არის. რუსეთს მოუწევს, ყურადღება მიაქციოს რეგიონული გამოწვევების სპექტრში ირანსაც, რომელიც ბოლო ხანებში კრემლისგან დამოუკიდებლად ცდილობს საკუთარი პოლიტიკის გატარებას. მოკლედ, მოსკოვისთვის 2021 წელი რთული იქნება - ევრაზიული კონკურენცია კრემლს ახალი პრობლემებით ემუქრება. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ