"ტრამპი წარუმატებელი ლიდერია, ის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე ცუდი პრეზიდენტი" - კვირის პალიტრა

"ტრამპი წარუმატებელი ლიდერია, ის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე ცუდი პრეზიდენტი"

ჰოლივუდის მსახიობი და კალიფორნიის შტატის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრას "კრისტალნახტს", ანუ დამსხვრეული ვიტრინების ღამეს ადარებს, როდესაც ნაცისტებმა ებრაელები დაარბიეს.

"ოთხშაბათი იყო დამსხვრეული ვიტრინების დღე სწორედ აქ, შეერთებულ შტატებში. მათ არა მხოლოდ იმ შენობის კარებები ჩაამსხვრიეს, რომელიც ამერიკული დემოკრატიის სახლია, მათ გათელეს ის პრინციპები, რაზედაც ჩვენი ქვეყანაა დაფუძნებული," - განაცხადა შვარცნეგერმა "ტვიტერში" გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი წარუმატებელი ლიდერია, რომელიც ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტის სახელით შევა.

"პრეზიდენტ ტრამპს სურდა, არჩევნების, სამართლიანი არჩევნების შედეგების გაუქმება. მან საზოგადოება ტყუილებით შეცდომაში შეიყვანა და მე ვიცი, სად მივყავართ ასეთ ტყუილებს. პრეზიდენტი ტრამპი წარუმატებელი ლიდერია, ის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე ცუდი პრეზიდენტი," - აღნიშნა კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა.

შეგახსენებთ, 6 იანვარს, ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. სამართალდამცავებმა წესრიგი რამდენიმე საათში აღადგინეს, თუმცა არეულობას 5 ადამიანის, მათ შორის ერთი პოლიციელის, სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"