რა შეიცვლება სამხრეთ კავკასიაში ნახიჩევანი-მეგრი-ბაქოს რკინიგზის ამუშავებით და ვის მოუტანს ის სარგებელს - რას წერს შვეიცარიის პრესა - კვირის პალიტრა

რა შეიცვლება სამხრეთ კავკასიაში ნახიჩევანი-მეგრი-ბაქოს რკინიგზის ამუშავებით და ვის მოუტანს ის სარგებელს - რას წერს შვეიცარიის პრესა

შვეიცარიის გერმანულენოვან გაზეთ "ნოიე ციურჰერ ცაიტუნგში" (Neue Zürcher Zeitung) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "რკინიგზის გახსნა სამხრეთ კავკასიის აყვავებას უზრუნველყოფს". მასში განხილულია ნახიჩევან-ბაქოს მარშრუტის მქონე რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობა და მისი სავარაუდო შედეგები (ავტორი - მარკუს აკერეტი). გთავაზობთ პუბლიკაციის თარგმანს შემოკლებით:

"ქალაქ მეგრის რკინიგზის სადგური, რომელიც სომხეთის სამხრეთ ნაწილში, მდინარე არაქსის ნაპირზე მდებარეობს, სრულიად დანგრეულ-გაძარცვულია. ფოტოსურათებზე ასახულია სადგურის ინფრასტრუქტურა - ვაგზლის შენობა ფიცრებით არის აჭედილი, მიტოვებულია, ფოლადის ლიანდაგი, თუ ის კიდევ სადმეა შემორჩენილი, დაჟანგულია და ბალახით არის დაფარული. მოკლედ, რკინიგზა, რომელიც 1942 წლიდან მოქმედებდა და 30 წლის განმავლობაში აკავშირებდა ნახიჩევანის ავტონომიას "დიდ მიწასთან" - აზერბაიჯანთან, სომხეთის მცირე ნაწილზე - ქალაქ მეგრზე ტრანზიტით, დღეს მთლიანად დემონტირებულია. 1992 წელს აქ უკანასკნელმა სწრაფმა სამგზავრო მატარებელმა - "ერევანი-ბაქომ" გაიარა და მას შემდეგ მოძრაობა შეწყდა. 11 იანვარს კი, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად, ამ მარშრუტის აღდგენაზე იმსჯელეს და რკინიგზის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს", - ნათქვამია სტატიაში.

"მთიანი ყარაბაღის ომის წარმატებით დასრულების შემდეგ ილჰამ ალიევი ამ რკინიგზის განბლოკვას ცდილობს, რომ ნახიჩევანთან კავშირი აღადგინოს, პოტენციურად კი - თურქეთთანაც. ანკარა უკვე იწყებს რკინიგზის მშენებლობას იმ ვიწრო მონაკვეთზე, რომლითაც თურქეთი ნახიჩევანს ესაზღვრება", - წერს ავტორი და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ რკინიგზას ახასიათებს:

"იმ რთულ და ძვირად ღირებულ რკინიგზას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის, სომხეთს გვერდს უქცევს და ყარსისკენ მიემართება, მიზნად ჰქონდა, აზერბაიჯანი თავის ავტონომიასთან დაეკავშირებინა (შორი შემოვლითი გზით), ახლა კი ბაქოს შეუძლია [ახალქალაქი-ყარსის] რკინიგზით სარგებლობაზე ნაწილობრივ უარი თქვას, თუ ნახიჩევან-მეგრი-ბაქოს რკინიგზა აღდგება", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

"ამ სატრანსპორტო გზის გახსნით სომხეთიც მოიგებს. 30 წელია, ეს ქვეყანა ორი - თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან ბლოკადაში იმყოფება, მას გასასვლელი მხოლოდ ჩრდილოეთით - საქართველოსთან და სამხრეთით - ირანთან აქვს. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა პერიოდში სომხეთიდან ნახიჩევანის გავლით ტვირთები ირანში გადიოდა, ჯულფის რკინგზის მეშვეობით.

ამავე დროს, სომხეთში რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. მოძრაობის გახსნა იმას ნიშნავს, რომ იმ აზერბაიჯანელებმა, რომლებიც ბაქოდან ნახიჩევანში მატარებლით წასვლას დააპირებენ, სომხეთის ტერიტორიაზე ტრანზიტით უნდა გაიარონ. სომხებს კი აზერბაიჯანელები სძულთ. მართალია, მათ რუსი მესაზღვრეები დაიცავენ, მაგრამ - მაინც. ასევე, სომხები შიშობენ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული პრეტენზიების გამო, ვაითუ, ირანთან საზღვარზე მდებარე მეგრის დერეფანი დაჰკარგონ.

თუ სატრანსპორტო გზების აღდგენაში წარმატებული გარღვევა მოხდება, მაშინ მოსალოდნელია მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის ცვლილება - გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური თვალსაზრისით. პერსპექტივა ასეთია: ა) რუსეთი და სომხეთი ერთმანეთს საქართველოს გვერდის აქცევით დაუკავშირდებიან, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტის მეშვეობით; ბ) აზერბაიჯანი არ იქნება საქართველოზე დამოკიდებული თურქეთისა და ევროპის სარკინიგზო ქსელთან დასაკავშირებლად; გ) თურქეთი მიიღებს პირდაპირ გასასვლელს კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიისკენ; დ) რკინიგზის ამუშავება სასარგებლო იქნება, აგრეთვე, სხვა გარე მოთამაშეებისთვისაც, მაგალითად, ჩინეთისთვის, რომელიც აბრეშუმის ახალი გზის პროექტს ახორციელებს", - ნათქვამია სტატიის დასასრულს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ